image

თემა: სინანული

ღმერთის ხსენება სულთქმას ბადებს. გონზე მოსვლის საშუალებას არ აძლევს ეშმაკი ცოდვილებს და მათ სინანულის სისასტიკეს წარმოუდგენს. ხოლო სინანული, ხედავს რა მის გაიძვერობას, ალერსით მიეახლება(ცოდვილებს) და ეუბნება: "ოღონდ კი ღმერთი ახსენეთ და მე ვიშრომებ თქვენს ნაცვლად. გონებაში გამოისახეთ მისი გულმოწყალება და მე ვიქნები თქვენი შუამდგომელი. სინანულის ერთი ჩუმი სულთქმა გამაგონეთ ცოდვილებო, და ღვთის მსახურებად გაქცევთ". თუ ცოდვილი სინანულით ოხრავს, ოხვრასთან ერთად განთავისუფლდება ტვირთისაგან, რომელიც მას გველმა (ბოროტმა სულმა) აჰკიდა; ცოდვის ტვირთისაგან შემსუბუქების შემდეგ კი გონება უმეცრების წყვდიადსაც დააღწევს თავს. მისი სულიერი თვალი განათლდება და სინანული ადრე წარუძღვება სულს ცხონებისკენ.
    მაშინ ცოდვილი არა მარტო სულთქვამს, არამედ, დიდი მწუხარებით სავსე, სინანულის ცრემლსაც მოიწურავს. რატომ? იმიტომ, რომ ღმერთთან მრავალჟამს განშორების შემდეგ სული კვლავ დაუბრუნდება თავის მამას; და მას ცრემლი სდის, რადგან, ბოლოსდაბოლოს, იხილა მშობელი. ის ცრემლს ღვრის და ღმერთს თავისკენ დრეკს, სასოობს მამის სათნოებას; და ამგვარად განიწმინდება ცოდვებისგან, რომელთა ჩადენისკენაც მას გველი უბიძგებდა. განა არ გსმენიათ დავითის მიერ თქმული: "დავბანო მარად ღამე ცხედარი ჩემი" (ფსალმ. 6,7)? მაგრამ ის ჯერ ოხრავდა და მერე ტიროდა. დაგიმოწმებ მთელი ბუნებითაც, რომ ჯერ ქარი ამოვარდება და მერე წვიმს; ჯერ ქუხს, მერე კი ღრუბლებისგან წვიმის წვეთები წარმოიქმნება.
    არსებობს უხმო სულთქმაც, როგორც წმინდა პავლე ამბობს: "თვით იგი სული მეოხ არს ჩვენთვის სულთქუმითა მით უსიტყუელითა" (რომ. 8,26). ღმერთის ხსოვნა სულთქმას ბადებს ცოდვილის სულში. დავითი ამბობს: "მოვიხსენე ღმრთისაი და ვიხარე" (ფსალმ. 76,4). ასეა: ხარობენ მონანულები, რადგან სინანულის მეშვეობით გველის ბორკილებისგან გათავისუფლდნენ.
    ცოდვითი სიბრმავე ყოველგვარ საკვრელზე უარესია. ის ბორკილზე, მხედველობის დაზიანებაზე საზარელია, რადგან ცოდვის ხუნდებით შებორკილი სული ნათლისთვის შეუღწევ საპყრობილეში - წყვდიადში მყოფობს, და ვერ ხედავს თავის უმეცრებას. ფსალმუნში წერია აგრეთვე: "არა ცნეს, არცა გულისხმა-ჰყვეს და ბნელსა შინა ვლენან" (ფსალმ. 81.5). ასეა, უმეცრება საპყრობილეა და მარჯვედ აბრკოლებს სულს. პავლე მოციქული ამბობს: "ღმერთმან მიხსნნა ჩუენ ხელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა" (კოლ. 1,13), რადგან კაცობრიობა თითქოს ბნელში იყო ჩამწყვდეული ღმრთეების უმეცრების გამო.
    დავითი ოხრავდა და ცრემლით ალტობდა თავის სარეცელს, რადგან მრუშობით იყო შემწიკვლული; მაგრამ უსჯულო კავშირით შებილწული საწოლი მან ცრემლით განბანა. იგი ამბობს: "დავშუერი მე სულთქუმითა ჩემითა" (ფსალმ. 6.7); სულთქმით დაშვრომა კი ცრემლის წყაროა; სულთმით დაშვრომა გულის ტკივილია. მაშასადამე, უეჭველია, რომ ცრემლიც მრავლდება სულთქმისაგან, რომელიც მას წინ უძღვის
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები