ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
522. რადგან თქვენ აღნიშნეთ, დაავადებული სხეული სწორი კვებით უნდა ვასაზრდოვოთო, ესე იგი, თქვენ მირჩევთ, რომ განვეშორო იმას, რაც მავნებს?
თუ ადამიანი საზიანო საჭმელებისაგან თავს კეთილგონივრულად შეიკავებს, ეს ცოდვა არაა. ხოლო ვინც ყველაფერს, რაც შეხვდება, ღვთის გულისათვის, განურჩევლად ჭამს და არ ზრუნავს სხეულის დაზიანებაზე, ასეთი ადამიანი პირველს აღემატება, თუ რა თქმა უნდა, ქედმაღლობის ვნებით არ იძარცვება. საერთოდ, უნდა ვუფრთხილდეთ, რაღაც ვნებით არ შევჭამოთ, რამეთუ ეს უკვე მარცხია და საზიანო უფროა, ვიდრე სასარგებლო. ჯანმრთელობა და სხეულის ტანჯვა ღმერთზეა დამოკიდებული, რომელმაც თქვა: „მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან“ (რჯლ. 32, 39). მაშასადამე, თუ ღვთისთვის სათნოა, ჯანმრთელობა ექიმის მეშვეობით გვეგზავნება, ანდა უფლის ერთი სიტყვით. ტანჯვის ხანგრძლივობაც ღვთის განჭვრეტის საქმეა, და ამიტომ მათ, რომელთაც ღმერთს საკუთარი თავი სრულად მიანდეს, აღარ ზრუნავენ არაფერზე. ღმერთი იმას უგზავნის, რაც მას ესათნოება და რაც მათთვის სასარგებლოა. მაშასადამე, ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც შეუძლია ან, უფრო კარგად თუ ვიტყვით, როგორც სწამს.
523. ამიხსენი, რას ნიშნავს: „როგორც სწამს“?
თუკი ღმერთმა მართალთათვის ყველანაირი საჭმელი აკურთხა და განსწმიდა, მაშინ ადამიანმა რაც შეხვდება ან რასაც შესთავაზებენ, მადლიერებით უნდა ჭამოს, და ოდნავადაც არ უნდა დაეჭვდეს (1 ტიმ. 4,4), რამეთუ ნაკურთხი და წმინდა არავის ვნებს; მას მხოლოდ საკუთარი სინდისი და ეჭვი თუ დააზიანებს, რამეთუ როდესაც ის ფიქრობს, რომ საჭმელი საზიანოა, მაშინ მერყევი რწმენის გამო ზიანდება და სნეულებაც უძლიერდება. და თუ სწამს იმისი, „ვინც მოჰვლიდა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის“ (მათე 4, 23), მაშინ იმაშიც დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მას, ხორციელ სნეულებებთან ერთად, ადამიანის სულიერი სნეულებების განკურნების ძალაც აქვს. ხოლო თუ ეჭვობს, მაშინ არ გაეკაროს იმას, რაც მას აზიანებს, და საკუთარი თავი იმისათვის განიკითხოს, რომ ვერ იტვირთა ეს, აზრმა დაამარცხა და მტკიცე რწმენა არ აღმოაჩნდა. მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც მან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ საჭმელი ვნებით არ შეჭამოს, რამეთუ სხვაგვარად სულსაც დაიზიანებს და სხეულსაც.
524. თუკი ვინმეს სწამს, რომ არ დაზიანდება, მაგრამ ავადმყოფობას მაინც შეიგრძნობს, რა უნდა იფიქროს, ურწმუნოებაში რომ არ ჩავარდეს?
თუ ადამიანი რწმენით შეჭამს და ავადმყოფობას იგრძნობს, მაშინ ის ეჭვს არ უნდა აჰყვეს, ვინაიდან ღმერთმა იცის, რომ ავადმყოფობა მას მრავალი სულიერი ვნებისაგან იხსნის, და ამიტომ ასეთ ტანჯვაში ტოვებს. მაშინ მან მოციქულის სიტყვა გაიხსენოს, რომელიც ამბობს: „რაჟამს მოვუძლურდე, მაშინ განვძლიერდები“ (2 კორ. 12, 10) და ნუ იფიქრებს, რომ ეს მას თითქოსდა მავნე საკვებისაგან დაემართა. არამედ ეს ღვთის დაშვებაა; ვინაიდან, მას ისიც რომ ეჭამა, რაც კარგი და სასარგებლო ჩანს, ღვთის ნების გარეშე, მაინც ვერ მოუტანდა სარგებელს.
525. თუკი რწმენაა საჭირო, მაშინ აბბა ისაიამ რატომ თქვა: როდესაც ტრაპეზზე შემოთავაზებული საჭმელი შენთვის საზიანოა, აიძულე თავი და არ შეჭამო ის. ე.ი. რწმენის მიუხედავად ის ზიანდებოდა?
აბბა ისაიამ ეს იმ სქოლასტიკოსს უთხრა, რომელიც სხეულით ჯანმრთელი იყო და ყველაფრის ჭამა შეეძლო, რომ მას პირადი ნება მოეკვეთა. დაე, უფალმა შეგიწყალოს და გაგაძლიეროს, შვილო!
image
 
თემატური კითხვები
04 დეკემბერს (ძვ. სტ. 21 ნოემბერს) არის ხსენება:
0_28