image

თემა: ლოცვა

541. ძმამ მეორე ბერს იოანეს ჰკითხა: ჩემო მამაო, ღვთის გულისათვის ილოცე ჩემთვის და მითხარი: კარგია თუ არა, როდესაც მამებს ჩვენთვის ლოცვას მრავალჯერ ვთხოვთ, მაშინ როცა უკვე დაგვარწმუნეს, რომ ამას აკეთებენ? და ისე ხომ არ ჩანს, თითქოს ჩვენ როგორღაც ვაბრკოლებთ მათ?
ძმაო! მრავალჯერ მოგწერე ლოცვის შესახებ, რომ ღვთის მცნების თანახმად, ჩვენ ერთმანეთისთვის ლოცვა მოგვეთხოვება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას ვინმე გვთხოვს; ამიტომ, არ შეიძლება ჩვენი ძალისამებრ არ ვილოცოთ. მამებისთვის ლოცვების თხოვნა კი, რა თქმა უნდა, სასარგებლოა, რამეთუ ნათქვამია: „ულოცევდით ერთი-ერთსა“ (იაკ. 5, 16), და კიდევ: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენთა შინა არიან“ (ლუკა 5, 31). არ უნდა უგულებელვყოთ ეს და უნდა გვახსოვდეს სახარებიდან ქვრივის შეუპოვრობა, რომელიც მან უსამართლო მსაჯულის წინაშე გამოიჩინა. მიუხედავად იმისა, რომ: „მამამან ჩვენმან ზეცათამან იცის რაი იგი გვიხმს ჩუენ, ვიდრე თხოვადმდე“, მაინც არ გვითხრა - „...ნუ ითხოვთ. სანამ რაიმეს მთხოვთ, მე უკვე ვიცი, რა გსურთ თქვენო“, არამედ თქვა: „ითხოვდით და მოგეცეს თქუენ“ (მათე 7, 7) და ა.შ. თხოვნა ამიტომაცაა კარგი, რომ მისი აღთქმისაებრ კიდეც მივიღოთ. როდესაც ლოცვას ბერისაგან ითხოვ, უთხარი მას: „აბბა, ძლიერ ვიტანჯები და გთხოვ, როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ, ისე ილოცე ჩემთვის, რამეთუ მე ღვთის წყალობას ვსაჭიროებ“; და ღმერთი ისეთ წყალობას გამოიჩენს შენდამი, როგორც მას ესათნოება, რამეთუ მას კაცთმოყვარეობა ახასიათებს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები