ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
550. იმავე დიდი ბერისაგან, ძმას, რომელიც საერთო საცხოვრებელში სადურგლო სამუშაოებს ეწეოდა, სხვადასხვა აზრების გამო ბრძოლები ჰქონდა და ასე ფიქრობდა: აქ ყოფნას მცირედი სარგებელიც არ მოაქვს ჩემთვის, და მე ვერანაირი შემწეობა ვერ მივიღე ჩემი სულისთვის.
ძმაო! ჩვენ თავად არ გვსურს მძიმე დღეებისა და ბოროტი წუხილისაგან განთავისუფლება. ღმერთმა ადამიანებს ორი ნიჭი მისცა, რომელთა მეშვეობითაც მათ ცხონება და ძველი ადამიანის ყველა ვნებებისაგან თავის დაღწევა შეუძლიათ. ესაა სიმდაბლე და მორჩილება, მაგრამ ჩვენ არ ვისწრაფვით მათკენ, არც მათში ყოფნა და არც მათით ხელმძღვანელობა გვსურს, რათა დახმარება მივიღოთ; რათა ბოროტებას თავი დავაღწიოთ და უდიდეს ექიმს, იესოს მივეჯაჭვოთ, რომელსაც შეუძლია ვნებების ანთებისაგან ჩვენი განკურნება. რატომ აგროვებ ყველანაირ ბოროტებას შენს საგანძურში? რატომ შფოთავ და დარდობ? შეწყვიტე მრისხანება, გაღიზიანება და შური. შეიგნე, რომ ასეთები საზიზღარნი არიან, და არა ღირსეულნი. არსად გადაუხვიო სიმართლის გზიდან, სიმდაბლითა და მორჩილებისათვის ქედი მოიხარე და წყალობას მიიღებ. თუ სიმდაბლით და მორჩილებით აღასრულებ იმას, რასაც მამებისაგან ისმენ, მაშინ ღმერთი თავის შეწევნას არა მარტო იმ საქმეში გამოგიგზავნის, რომელშიც ახლა ვარჯიშობ, არამედ ყველაფერს ისე მოგიგვარებს, რომ ყველაფერში წარემატები, რამეთუ ის იცავს მის მოშიშებს და მფარველობს მათ გზას. რატომ ხარ უკმაყოფილო? რატომ კამათობ? თუ ღვთისნიერ მოთმინებას მუდმივად შეინარჩუნებ, მოწყალე ღმერთი დაგეხმარება. მოკვდი, გულფიცხელო, ყველა ადამიანისთვის. უთხარი შენს აზრს: „ვინ ვარ მე? - მტვერი და ნაცარი (დაბ. 18, 27) და ძაღლი“ (მათე 15, 27). უთხარი საკუთარ თავს: „მე საერთოდ არაფერს წარმოვადგენ“. რატომ უმზადებ საკუთარ თავს სიკვდილს და ღვთისა არ გეშინია? როგორ არ გრცხვენია როდესაც ამბობ: „მე აქ შემწეობა არ მიმიღიაო?“ იცოდე, სატანა გულს გიბნელებს და უმადურობამდე მიჰყავხარ იმ აზრით, რომ შენ ამ წმინდა ადგილზე არანაირ სარგებელს არ იღებ. ო, უგუნურო ადამიანო! შენ რომ ღვთის ხელი და აქ მყოფი წმინდანების ლოცვები არ გიფარავდეს, მაშინ სად იქნებოდი ახლა, თუ არა გარესკნელის წყვდიადში! სად მიიღებდი ამდენ სარგებელს? - არსად. მაგრამ ეშმაკი, რომელსაც სურს, რომ წმინდანებთან გულწრფელ კავშირს, მათ მფარველობას და მათგან მიღებულ სარგებელს მოგწყვიტოს, დასაღუპავად სასიკვდილო თესლს გითესავს, რათა მთლიანად ჭეშმარიტების მტრების ხელში ჩავარდე და შეძლონ ტარიგის დაგლეჯა, რაშიც შენს სულს ვგულისხმობ. ნუ ანსხვავებ, ამცირებ და დასცინი სხვებს, რადგან შენ თვითონ ვარდები მტრის მახეში და შფოთდები; მტრები გაძევებენ წყნარი და მშვიდი გარემოდან, მუდმივი კეთილდღეობიდან, გონიერებიდან და ყოველგვარი სიკეთიდან და გაზიანებენ. მიატოვე ისინი, ჩემს სიტყვებს შეუდექი და მეც ვატარებ შენს ტვირთს; ამით შენც დახმარებას და წყალობას მიიღებ და იხსნი შენს სულს. ძმაო! იოლი არაა ცხონება. საკუთარი თავი აიძულე და ნუ იტყვი: „რა არის ის? რისთვისაა ეს? (ზირ. 39, 22) რატომ მეც არა მაქვს სხვებივით?“. არამედ შენს მცირდ ხელსაქმეში გულმოდგინედ და ღვთის შიშით იშრომე და ამისთვის მცირედ საზღაურს როდი მიიღებ. ნუ მიეცემი უსასოობას, რამეთუ ეს ეშმაკს ახარებს. დაე, არ დაუშვას ღმერთმა, რომ მან გაიხაროს, არამედ უფრო მალე, ის ატირდეს შენი ცხონების გამო, ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ, რომელსაც უკუნისამდე შვენის დიდება, ამინ.
image
 
თემატური კითხვები
0_28