image

თემა: საკუთარი ნების უარყოფა,  წუთისოფლის უარყოფა

577. ვიცი, აზრების შესახებ შენს სიწმინდეს შეკითხვები რომ დავუსვა, ეს ჩემს შესაძლებლობებს აღემატება; მაგრამ რადგან მოვისმინე, ღვთაებრივი ხმა: „არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან“ (ლუკა 5, 31), და ვხედავ რა, რომ ბოროტი საქმეებით და ფიქრებით დამძიმებული ვარ, საკუთარ თავს შენი წყალობის მორევში ვაგდებ, მის იმედად, ვინც თქვა: „ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს!“ (ეზეკ. 33, 11), რათა შენი მეშვეობით მისგან მოვისმინო: „შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!“ (მათე 9, 2). სანამ რაიმეს გკითხავთ, ვიცი და მრწამს, რომ ღმერთმა სულიწმინდით მოგანიჭათ მადლი, იმისა, იცოდეთ თუ რა მსურს, ან როგორი აზრების შესახებ უნდა გკითხოთ; მაგრამ, რადგან ვუსმენ წინასწარმეტყველის ნათქვამს: „გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო“ (ის. 43, 26), ამიტომ მეც წერილობით გიხსნით და გთხოვთ, არ უგულებელმყოთ მე უბადრუკი, არამედ მიიღეთ ჩემისთანა ცოდვილისაგან ეს ვედრება. ღმერთმა თავის სიკეთით თქვენ სიკვდილის წყვდიადისა და აჩრდილისაგან გამოყვანისა და ჭეშმარიტი ნათლისაკენ დამოძღვრის ხელმწიფება მოგანიჭათ. მიბრძანეთ, როგორ მოვიქცე? ყველაფერი, ყოველგვარი ზრუნვის გარეშე მივატოვო, თუ ჯერ საქმეები მოვაგვარო და შემდეგ წავიდე, რომ შემდგომში, ოდესღაც საზრუნავები არ შემხვდეს, რომლებიც წუხილს და შფოთიან აზრებს აღმიძრავენ და სულიერ და კეთილ ნაყოფებს მოაშთობენ. თუ თქვენ საკუთრების წინასწარ განაწილებას განმისაზღვრავთ, მაშინ, თუ შეიძლება, მომწერეთ, უნდა ვიზრუნო თუ არა ჩემი მცირედი სავარგულების გაყიდვაზე; და გამოითხოვეთ ღვთისაგან ჩემთვის დახმარება. იმიტომ კი არ გეკითხებით, რომ ჩემი ძალებით თქვენი მცნების შესრულებას შევძლებ, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ლოცვების იმედი მაქვს და კიდევ იმისა, რომ თქვენ არა მარტო მიბრძანებთ, არამედ დამეხმარებით კიდეც. მრწამს, თუ თქვენ ღმერთს ჩემთვის შეევედრებით, რათა იგი კეთილ და სასარგებლო საქმეში შემეწიოს და მის აღსასრულებლად ძალა მომცეს, მაშინ ის არ უგულებელყოფს თქვენს თხოვნას; მხოლოდ ამის გამო ვკადნიერდები მე უძლური.
ჩემო შვილო! ახლა ბოროტი ჟამია. ეს ცხადია, და ვინც სოდომელი ლოთის მსგავსად გაქცევას შეძლებს, ის გადარჩება, რამეთუ წერილის მოწმობით: „ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას“ (1 იოანე 5, 19) და ის მის წიაღში მყოფთ ყოველმხრივ თავის მსგავსებად გარდააქცევს. ისინი, ვინც მიწიერებს შეერივნენ, თავადაც გამიწიერდნენ, ხოლო მათგან განდგომილნი მიწიდან ამაღლდნენ და, ამიტომ, ცხადია, ზეციურნი გახდნენ. ხოლო ჩვენ, შეჩვენებულები კი იმასაც ვერ ვხვდებით, რომ ღვთის გულისათვის არ გვინდა მივატოვოთ ის, რისი მიტოვებაც სიკვდილის ჟამს უნებურად მოგვიწევს.
    შვილო! ღვთის ბრძანება ასეთია, ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა განუდგეს ყველაფერს, ვინაიდან იმ ჭაბუკს, რომელიც მას მიეახლა და სთხოვდა და ეუბნებოდა: „მეც მოგდევდე შენ, უფალო, ხოლო პირველად მიბრძანე მე ჯმნაი სახლეულთა ჩემთაგან“, მან უთხრა: „არავინ დასდვის ხელი სახვნელსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა“ (ლუკა 9, 61-62). მეორესაც ასევე უთხრა: „აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა“ (ლუკა 9, 60); „რომელსა უყუარდეს მამაი, ანუ დედაი უფროის ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს“ (მათე 10, 37). კიდევ გვიბრძანა, რომ: „გვძულდეს სული თვისი“ (იონ. 12, 25). როგორ შეძლებს ვინმე საკუთარი სულის მოძულებას, თუ ღვთის წინაშე ყველაფერში საკუთარ ნებას არ უარყოფს და არ იტყვის: „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათე 26, 39); და თუ ამას გადაჭრით ამბობ, მაშინ მისი ნებისაებრ ყველაფერი უნდა მიატოვო და მას შეუდგე (მათე 19, 27). მაგრამ, თუ ვერ ვტოვებთ, რა ვქნათ? რადგან, სისუსტის გამო, ამ საზომისათვის არ მიგვიღწევია, ამიტომ ქედი მოვიხაროთ, ჩვენი უძლურება ვაღიაროთ და საკუთრების გასანაწილებლად დავრჩეთ. მაგრამ ქედმაღლობას ნუ დავიწყებთ, რომ თითქოს რაიმე სიკეთეს ვაკეთებთ, არამედ თავი იმად მივიჩნიოთ, ვინც ავადმყოფის შესაფერისად იქცევა, ვინაიდან ერთი დარტყმით ბორკილებს ის ამსხვრევს, ვინც სოფელს მთლიანად განუდგება. ამიტომ შენ, ჩემო შვილო როგორც უძლურმა და არა სრულყოფილმა ჯანმრთელმა, შენი საკუთრების საქმეები წინასწარ მოაგვარე, არა გაყიდვის, არამედ შენი მოხუცის დაწყნარების მიზნით, თორემ სხვაგვარად ეს საქმე ხაფანგის სამსახურს გაგიწევს. მაშასადამე, ამ საკითხში ისეთი თადარიგი დაიჭირე, როგორც ძმამ - იოანემ გიპასუხა. რაც შეეხება მიწების გაყიდვას, იმედი ღმერთზე დაამყარე და ის იზრუნებს შენზე და ყველაფერს მოგიგვარებს; არ დაგავიწყდეს, რომ დღე და ღამე ევედრო მას: „ჩემო მეუფეო, შენი ნებისამებრ წარმიმართე ეს გზა, ჩემი სიკეთისა და სარგებლისთვის“; რამეთუ მან ყველა ადამიანზე უკეთესად იცის, საპყრობილის წყვდიადიდან ნუგეშით როგორ გამოგვიყვანოს (ვგულისხმობ ამაო წთისოფლის ნივთების ტყვეობიდან). ასე რომ, დაე ნუ მოგიუძლურდება გული, რამეთუ მრწამს ჩემი ღმრთისა, რომ გნახავ ჩემს ნაკვალევზე შედგომილს და ღვთისადმი ნაყოფების შემწირველს.
image
 
თემატური კითხვები