თემა: ლოცვა,  ნათლისღება,  რწმენა


ღმერთი ისმენს სარწმუნოებით წარმოთქმულ ლოცვას.

ერთხელ მამები ვენახს სხლავდნენ: ხმელ რტოებს (რქას) აცლიდნენ და ღობის გადაღმა ყრიდნენ. წმიდა ტიხონმა გასხლული რქები შეკრიბა, თავის ხილნარში ჩარგო და ღმერთს სარწმუნოებით შესთხოვა, მისი ვენახისთვის ოთხნაირი მოწყალება გარდამოევლინა: პირველი, რომ ვაზის ხმელ ნასხლავს გაეხარა, ფესვები მოემაგრებინა და გაზრდილიყო; მეორე ის, რომ ვენახი სავსე და მშვენიერი ყოფილიყო; მესამე, რომ ყურძენი ტკბილი და მარგებელი გამოსულიყო; მეოთხე კი ის, რომ მისი ვენახის მტევნები სხვათა ვენახებზე ადრე დამწიფებულიყო.
    მეორე დღეს ტიხონი თავისი ვენახის სანახავად წავიდა და იხილა, რომ მასზედ კურთხევა უფლისა გარდამოსულიყო: ყველა ნასხლავი რქა განედლებულიყო, ფესვი გაედგა და ზრდა დაეწყო. იმავე წელს ღვთივკურთხეულმა ვენახმა დიდძალი ყურძენი მოისხა და მაშინ, როდესაც ყველა ვენახის ნაყოფი ისრიმად იყო, წმიდა ტიხონის ყურძენი უკვე მწიფდა და მეტად გემრიელი და ჯანმრთელობისთვის საამო იყო. ყურძენს სასწაულებრივი ძალა არ მოჰკლებია არც ტიხონის სიცოხხლეში და არც მისი სიკვდილის შემდეგ. საკვირველი ყურძნისგან დაყენებულ ღვინოს უმეტესწილად ზედაშედ ხმარობდნენ - აი, მშვენიერი მაგალითი იმისა, თუ როგორ ისმენს უფალი სარწმუნოებით წარმოთქმულ ლოცვას!
    მაგრამ, ქრისტიანენო, გულისხმაჰყავით ამ ამბიდან არა ნაკლებ მნიშვნეოვანი რამ: კერძოდ ის, რომ თქვენ ხართ წევრნი ეკლესიისა, თქვენ ხართ რტონი იმ ვენახისა, რომელიც დანერგა მარჯვენამან უფლისამან. თქვენ, მოკლებულნი ჭეშმარიტებას, ხმელნი იშვებით დედის მუცლიდან, მაგრამ წმიდა ნათლისღება, ღვთაებრივი მირონი და ჯვარი უფლისა სიცოცხლესა და ძლიერებას განიჭებთ, მაშინ მთელი ეკლესია ლოცულობს თქვენთვის, რათა ფესვი გაიდგათ და ქრისტეს მორწმუნეებად აღიზარდოთ, კეთილი საქმეებით აღივსოთ, იყოთ დამამშვიდებელნი არა მარტო თქვენი სახლეულებისა, არამედ ქრისტიანეთა მთელი საზოგადოებისა. თქვენი ქველმოქმედებით დაატკბეთ უბედურებით გამწარებულ მოყვასთა ცხოვრება, შეეწიეთ სნეულთა განკურნებას, ააყვავეთ თქვენში სარწმუნოება, კეთილმსახურება და ძმათმოყვარეობა! მაშინ იქნებით "ვითარცა ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა, რომელმან გამოიღოს ნაყოფი თვისი ჟამსა თვისსა და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ და რაოდენიცა არა ჰყოს, წარემართოს მას" (ფს. 1, 30).
    ყოველსა, რაოდენსა ითხოვდით ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქვენ" (მათე 21, 22; მარკ. 11, 21)
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები