image
693. მეუფეო, როდესაც ჩვენ ღვთის რისხვას თავს ვარიდებთ, ამით ხომ არ ვაღიზიანებთ ღმერთს?
სრულყოფილნი თავს არ არიდებენ მას, იმიტომ რომ მთელ იმედს ღმერთზე ამყარებენ; მაგრამ ჩვენ, როგორც ხორციელებმა, რომლებიც კვლავ ვსაჭიროებთ მიწიერ ნივთებს, როგორც შემცოდეებმა, საკუთარი თავი განვიკითხოთ და ღვთის რისხვა ჩვენგან ლოცვით და ფსალმუნთა გალობით ავირიდოთ. ვევედროთ ღმერთს, რომ მან შეგვინდოს და მომავალში შევეცადოთ, მადლიერნი ვიყოთ. რამეთუ, მას შემდეგ, რაც ეს ჩაივლის, ჩვენი ცოდვების გამო, შეიძლება უარესი დაგვემართოს, რამეთუ სინანულის და წყალობის გარეშე შეუძლებელია ჩვენზე მოწეული უბედურებების შეჩერება. "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, - ამბობს წერილი, - რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5, 7). ამიტომ ნუ იტყვი: "რატომ გვირისხდება და გვსჯის ჩვენ ღმერთი, მაშინ როცა უნანელებს და მისი რისხვის უგულებელმყოფელებს უთმენს?" ღმერთი ჩვენ რისხვით იმიტომ გვემუქრება, რომ შევინანოთ; როდესაც მას ვიშორებთ, ის თავის სულგრძელებით გვითმენს, ელის რა ჩვენს მოქცევას; ხოლო თუ კვლავ იმ ცოდვაში დავრჩებით, მაშინ, თუმცა კი თავიდან ავიცილებთ ღვთის რისხვას, მაგრამ უფრო უარესი დაგვემართება და ჩვენზე წინასწარმეტყველის სიტყვა აღსრულდება: "ვმკურნალობდით ბაბილონს და არ განიკურნა" (ერ. 51, 9). მაშინ სხვას აღარაფერს უნდა მოველოდეთ, თუ არა მხოლოდ საუკუნო სატანჯველს, გარესკნელის წყვდიადს, დაუძინებელ მატლს და კბილების ღრჭენას.
image