ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
მოძღვარი: პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულიერი ბრძოლა [გვ. 49]
თემა:

კეთილი ზრახვები,  ბოროტი ზრახვები,  სულიერი ბრძოლა

წმიდაო მამაო, კეთილი ზრახვები თავისთავად მოდის თუ უნდა შევიმუშავოთ იგი?
ისინი უნდა გამოიმუშავოთ. საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, გააკონტროლოთ ის. როდესაც მტერი ცუდ, ბოროტ ზრახვებს მოგიტანს, უნდა ეცადო, განდევნო და კარგი, კეთილი ზრახვებით შეცვალო. თუ ამგვარად იღვაწებ, თავადვე შეიმუშავებ საკუთარ შინაგან განწყობილებას და კეთილად აქცევ მას. მაშინ, როდესაც შენს კეთილ განწყობას ნახავს, ღმერთი გულმოწყალებით გადმოგხედავს და დაგეხმარება, რის შედეგადაც ავი ზრახვები შენში ადგილს ვეღარ იპოვიან. ისინი წავლენ და კეთილი ზრახვები შენს არსებაში უკვე სრულიად ბუნებრივად დაიმკვიდრებენ ადგილს. ამგვარად, კეთილ ჩვევებს გამოიმუშავებ, გულში კი სიკეთე დამკვიდრდება. და მაშინ კი შესძლებ შენს შინაგან ტაძარში მიიღო ზეციური სტუმარი - ქრისტე. თუმცა ეს ერთი-ორი დღის საქმე როდია, საჭიროა დრო და განუწყვეტელი ბრძოლა იმისათვის, რომ სული გამარჯვების გვირგვინით შეიმკოს. როდესაც ეს აღესრულება, მაშინ ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდება. თავითავად ბრძოლა ხომ საკუთარი ზომაგადასული შინაგანი განხეთქილების გამოვლინებაა, რომლითაც მტერი სარგებლობს.
წმიდაო მამაო, ესე იგი, კეთილად მზრახველმა ადამიანებმა ამ მდგომარეობას ბრძოლით მიაღწიეს?
ეს თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგს სულიერი ცხოვრების დასაწყისშივე კეთილი ზრახვები აქვს და წინ მიიწევს, სხვები, თავდაპირველად კეთილი ზრახვები რომ ჰქონდათ, სიფხიზლეს კარგავენ და "მემარცხენე" ზრახვებით იძლევიან. სხვებს თავდაპირველად კი აქვთ "მემარცხენე" ზრახვები, მაგრამ საკუთარ თავს დიდი სიფრთხილით ეპყრობიან, ახსოვთ, რამდენჯერ დაუცდათ ფეხი და ამიტომ საკუთარ თავს უნდობლობას უცხადებენ, შედეგად კეთილ ზრახვებს მოიხვეჭენ. ერთსა და იმავე ადამიანს შესაძლოა, ზრახვების ნახევარი კეთილი ჰქონდეს და ნახევარი - ბოროტი. ზოგში შესაძლოა, კეთილმა ზრახვებმა გაიმარჯვონ, ზოგში - ბოროტმა. მაგალითად, ადამიანი ბერობას აპირებს. იმისდამიხედვით, თუ რა მდგომარეობასა და პირობებში ცხოვრობდა იგი ერში, მას სხვადასხვაგვარი კეთილი და ბოროტი ზრახვები ექნება: შესაძლოა, ათი, ოცი, ან სულაც სამოცდაათი პროცენტი მისი ზრახვებისა "მემარცხენე" იყოს. სულიერი შრომის და საკუთარი თავის კონტროლის დაწყებისთანავე ასეთი ადამიანი ბოროტი ზრახვების განდევნასა და კეთილის შემუშავებას ცდილობს. ამ მცდელობის განმავლობაში, იგი გარკვეული ხნის შემდეგ აღწევს იმას, რომ მხოლოდ კეთილი ზრახვები აქვს. ბოროტი ზრახვების განსადევნად საჭირო დროის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდხანს ატარებდა იგი ბოროტ ზრახვებს ერში. ეგარკვეული პერიოის შემდეგ კეთილი ზრახვები ასევე თანდათანობით ქრება და ადამიანს რაღაცნაირი სიცარიელის გრძნობა იპყრობს, ამ ეტაპზე მას აღარც კეთილი და აღარც ბოროტი ზრახვები აღარ აქვს და ამ მდგომარეობას მის არსებაში გარკვეული შფოთი შემოაქვს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი იგი იწყებს კითხვების დასმას: - "რა არის ეს? რა ხდება ახლა? თავდაპირველად ბოროტი ზრახვები მქონდა, მაგრამ მათ დამტოვეს, ადგილი კეთილ ზრახვებს დაუთმეს, ახლა კი საერთოდ აღარანაირი ზრახვები აღარ მაქვს, - არც ცუდი და არც კარგი - კარგი". ყოველივე ამის შემდეგ კი დაცარიელებულ გონებას საღმრთო მადლი ავსებს და საღმრთო განათლება მოდის.
წმიდაო მამაო, და რას ნიშნავს ეს - საღმრთო მადლით აღვსება?
იმ ადამიანისათვის, ვისაც ვარკვლავიც კი არ უნახავს, ძალიან ძნელია ახსნა იმის, - მზე რანაირია, ვინმეს მზე დაახლოებით მაინც რომ წარმოადგენინო, ამისთვის მას ვარსკვლავი მაინც უნდა ჰქონდეს ნანახი.
წმიდაო მამაო, როგორ მიიღწევა თქვენს მიერ აღწერილი სიცარიელის განცდა?
ამაში ეხმარება სულიერი საკითხავები, განუწყვეტელი ლოცვა, მდუმარება, ღვთისმოსაური ღვაწლი - ასკეზი. ადამიანი, რომელიც მხურვალედ იბრძვის ბოროტი ზრახვების წინააღმდეგ, შეძლებს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობას მიაღწიოს, ვიდრე ის, ვიდრე ის, ვისაც ბოროტი ზრახვები თითქმის არ ჰქონია. ანუ, ისეთმა ადამიანმა, რომელსაც მოღვაწეობის დასაწყისში ოთხმოცდათი ბოროტი და ათი კეთილი ზრახვა ჰქონდა, შესაძლოა, მოიპოვოს უმეტესად აღმატებული სულიერი მდგომარეობა, ვიდრე იმან, ვისაც ოთხმოცდაათი კეთილი და ათი ბოროტი ზრახვა ჰქონდა.
image
 



21 ივნისს (ახალი სტილით: 04 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28