image

თემა: სიმდიდრე,  სიღარიბე,  ცხონება,  სიცრუე,  ამპარტავნება

უნდა ვიცოდეთ, რომ მდიდართაგან მცირედნი დაიმკვიდრებენ სასუფეველს, ღარიბთაგან კი – გაცილებით მეტნი. გულდასმით გამოიძიე და განიხილე დაბრკოლებანი ხსნის გზაზე სიმდიდრის მხრიდან და სიღარიბის მანკიერებანი – თუმცა, ერთიც და მეორეც თვით სიმდიდრესა და სიღარიბეზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მათზე, ვისაც წილად ხვდა სიმდიდრე და სიღარიბე. მოდით, მათი მთავარი მანკიერებები მაინც გავიგოთ. რომელი მანკიერებაა ყველაზე ახლოს სიღარიბესთან? სიცრუე. რომელია დამახასიათებელი სიმდიდრისათვის? ამპარტავნება, რომელიც ყველა ბიწიერების მშობელია, რომლის გამოც ეშმა იქცა ეშმად, ვინც მანამდე ასეთი არ იყო. და კვლავ, "ძირი არს ყოველთა ბოროტთაი ვერცხლის მოყვარებაი", ( Iტიმ. 6,10). მაგრამ ვინ უფრო ახლოა ამ ძირთან ბოროტებისა – მდიდარი თუ ღარიბი? ცხადია, მდიდარი, რამეთუ რაც უფრო დიდი სიმდიდრის მფლობელია ადამიანი, მით მეტი სიმდიდრე სურს. და ისევ, პატივმოყვარეობა ახშობს უამრავ სათნოებას; ხოლო მდიდარი პატივმოყვარეობის საუფლოს მახლობლად მკვიდრობს. მაგრამ რატომ არ ამბობ არაფერს, მეტყვი შენ, ღარიბის წუხილსა და შეჭირვებაზე? იმიტომ, რომ ამას ერთნაირად იზიარებს როგორც მდიდარი, ისე ღარიბი, და პირველი კიდევ უფრო მეტადაც, ასე, რომ, უბედურებანი, რომლებიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ ღარიბთა კუთვნილებაა, საერთოა ღარიბისთვისაც და მდიდრისთვისაც, მდიდრის უბედურება კი მხოლოდ მას თრგუნავს. მაგრამ რას იტყვი იმაზე, მკითხავთ თქვენ, რომ ღარიბი აუცილებლის უკმარისობის გამო მრავალ ბოროტებას სჩადის? ვიტყვი იმას, რომ ღარიბთაგან არავინ იქმს იმდენ ბოროტებას თავისი სიღარიბის გამო, რამდენსაც მდიდარი უფრო მეტი სიმდიდრის წადილისა და იმის შიშის გამო, არ დაკარგოს ის, რასაც ფლობს, რამეთუ, იმდენად ღარიბს კი არ სურს ყველაზე აუცილებელი თავისთვის, რამდენადაც მდიდარს სურს გადამეტებული. ღარიბს იმდენი ძალა და საშუალებაც არ გააჩნია ბოროტების ჩასადენად, რამდენიც მდიდარს. ამრიგად, თუკი მდიდარს უფრო მეტადაც სურს ბოროტების ჩადენა და უმეტესადაც ძალუძს, ცხადია, რომ იგი სწორედაც უფრო მეტ ბოროტ საქმეებს სჩადის, და უფრო მძიმესაც. ღარიბს იმდენად არ ეშინია შიმშილის, რამდენადაც მდიდარი ძრწის, რათა არ დაკარგოს თავისი განძეული და იტანჯება იმისგან, რომ ჯერ კიდევ ვერ დაეუფლა მთელი მსოფლიოს სიმდიდრეს. ამგვარად, ასე ახლო მყოფს პატივმოყვარეობასთან, ამპარტავნებასთან, ერცხლისმოყვარეობასთან, რომელიც არის ძირი ყოველი ბოროტებისა, ცხონების რა იმედი შეიძლება ჰქონდეს მდიდარს, თუკი თავის თავში უმეტეს და აღმატებულ კეთილგონიერებას არ წარმოაჩენს? როგორ გაბედავს "იწრო" გზაზე შედგომას და როგორ ივლის ამ გზაზე?
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები