თემა: სიცრუე


საძაგელ უფლისა ბაგენი მტყუანი (იგ. 12, 22). ნუ ეტყუით ერთი ერთს (კოლ. 3, 9).

მეფე სოლომონ ბრძენი ამბობს: „უფალსა სძაგს ბაგენი მტყუარნი, ე. ი. უფალსა სძულს მატყუარა, ტყუილის მოლაპარაკე. „ღმერთო წარწყმინდე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუესა“, ევედრება მეფე დავითი ღმერთს ერთს თავის ფსალმუნში (5, 5). იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: მატყუარა კაცი გარდა რისხვისა ვერას დაიმსახურებს ღვთის წინაშეო. "ყოველთა მატყუართა ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუნწუბითა მოტყინარესა", (განცხ. 21, 8). რადგანაც ასეთი სასტიკი სასჯელი მოელის ტყუილის მთქმელსა, პავლე მოციქული გვარიგებს: "ნუ უტყუით ერთი ერთსა" (კოლ. 3, 9), არამედ შეიმოსეთ სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისათა. (ეფ. 4, 24). როგორც ღვთისაგან არის დევნული მატყუარა, ისე კაცისაგან არის მოძულებული. რისთვის ამბობენ ტყუილს?! ხშირად და უმეტეს ნაწილად იმისთვის, რომ რაიმე სარგებლობა მიიღონ. მაგრამ სამაგიეროდ ერთი ათად აგებენ. შეიძლება ერთხელ-ორჯელ ვინმე მოატყუო და მით ისარგებლო, მაგრამ როდესაც შეგიტყობენ (და რომ შეგიტყობენ მასში ეჭვი ნუ გაქვს: ტყუილს გრძელი კუდი აქვს, ფეხები კი მოკლე), დაჰკარგავ ყოველივე ნდობას საზოგადოების თვალში. ტყუილს კი არა, მართალსაც აღარ დაგიჯერებენ, ბევრიც რომ ეცადო, აღარ დაგერწმუნებიან და ამაზედ დიდი სასჯელი რაღა იქნება. ამბობენ, ტყუილის თქმა არ არის საძრახისი, თუ ხუმრობითაა და არა ბოროტ-განზრახვითო. როდესაც ხუმრობით ტყუის კაცი, არ უნდა დაემდუვრო, საწყენად არ უნდა მიიღოვო. კარგი და პატიოსანი! მაგრამ ამ ხუმრობით გამოთქმულმა სიცრუემ რომ ისეთი ვნება მოუტანოს (ასედაც ხდება ხშირად) კაცს, როგორც ბოროტ-განზრახვით ნათქვამმა ტყუილმა, მაშინ რაღა ხუმრობა იქნება. ყმაწვილი რომ ხუმრობაში დანით დაგჭრის, განა ჭრილობისაგან ტკივილს არ იგრძნობ? როგორ ფიქრობთ, მტერმა მოსისხლემ რომ დაგჭრას, ტკივილს ჭრილობისაგან უფრო იგრძნობ მაშინ, თუ ერთნაირად საგრძნობელი იქნება? ტკივილი ჭრილობისაგან, ყმაწვილისაგან იქნება იგი ხუმრობით, თუ მტრისაგან ბოროტ-განზრახვით, ორივე შემთხვევაში ერთნაირია. ზოგიერთნი არამც თუ ამართლებენ ხუმრობით, ოხუმჯობით ტყუილის მთქმელს, არამედ საჭიროდაც ხდიან ხანდახან ითქვას ტყუილი, რადგან სიმართლის თქმა ზოგიერთ შემთხვევაში დაღუპავს კაცს და ტყუილი კი დაიხსნის მას. ამბობენ, მიზანი როდესაც კარგია, როდესაც კაცს სურს სარგებლობა მოუტანოს მოყვასს, არავითარიმე ცოდვა არ არისო. კაცმა რომ კაცი დაიხსნას სასჯელისაგან, დაღუპვისაგან, განა ცოდვად უნდა ჩაეთვალოს მას ის, რა ცუდი საშვალებაც უნდა იხმაროს ამ შემთხვევაშიო? გვეკითხებიან ესენი. ასე რომ ვიფიქროთ, ნახევარი თუ არა, მესამედი მაინც არის ნათქვამი ტყუილისა, ყოველთვის გამართლებული და შეწყნარებული უნდა იქნეს მიზანი როცა კარგია, მის მისახწევად საშვალებაც კარგი და შესაფერი უნდა იქნეს ხმარებული, წინააღმდეგ შემთხვევაში თვით მიზანი კარგავს თვისს კარგ დანიშნულებას, რაკი მის მისახწევად ვხმარობთ უზნეო, კაცის ღირსებათა დამამცირებელ საშვალებათა. გარდა ამისა, კაცის დახსნა სასჯელისაგან კარგია მაშინ, როდესაც ის მართალია, დანაშაულობა არ მიუძღვის. ამ შემთხვევაში ყოველი ჩვენგანი მოვალეა დაეხმაროს, სიტყვით იქნება თუ საქმით, სიმართლე აღადგინოს, მართალი კაცი გაამართლოს, რომ ცილისწამების მსხვერპლად არ გახდეს. მაგრამ როდესაც ვიცით, რომ კაცი დამნაშავეა და ჩვენ ვცდილობთ მის გამართლებას, ჩვენ ვსცოდავთ საზოგადოების წინაშე; მავნებელი წევრი საზოგადოებისა ყოველთვის დასჯილი უნდა იქნეს, ჩვენ კი მხარს ვუჭერთ, საზოგადოების ინტერესზე მაღლა ერთი კაცის სარგებლობას ვაყენებთ, ერთ კაცს მეტს პატივს ვსცემთ, ვინემ მთელს საზოგადოებას. ჩვენი ქცევით სარგებლობას კი არა, ზარალის და ვნების მეტს ვერას მოვუტანთ არამც თუ საზოგადოებას, არამედ იმ პირთაც, ვის ბოროტ-მოქმედებასაც ხელს ვაფარებთ. კარგი, გაამართლე თუ გინდა ქურდი კაცი, როგორ გგონიათ, ის აღარ მოიპარავს? მეტსაც იქმს, უფრო გათამამდება. იმედი ექნება, თუ ერთხელ გავმართლდი, მეორედაც მოვახერხებო. ამისათვის გასწორების მაგიერ, კიდევ უფრო ბოროტმოქმედი გახდება და ამნაირათ როგორც თვით ქურდი არის დამნაშავე თვისს ცუდ მიმართულებაში, ისე მისი შემწე-დამხმარენი, ანუ, რომ უკეთ ვსთქვათ, დამღუპველნი. ხანდისხან ტყუილს ადგილს აძლევენ იმ შემთხვევაშიაც კი, როდესაც სარგებლობის მაგიერ კაცს სულის დაღუპვის მეტი არა მოელის რა. ვსთქვათ, ვინმე ძლიერ ავად არის, ნათესავები და ნაცნობები დარწმუნებულნი არიან, დიდი-დიდი ორი სამი დღე კიდევ გაგრძელდეს მისი სიცოცხლე. ამ შემთხვევაში ქრისტიანული მოვალეობა მოითხოვს, უკანასკნელად აღსარება ათქმევინონ და წმინდა საიდუმლო მიაღებინონ. მაგრამ რას ვხედავთ უმეტეს ნაწილად? შეეშინდება ზიარება რომ გავუხსენოთ, დღეს მოვუსწრაფებთო. პირიქით ურჩევენ, ნუ ეზიარები, საზიარებელი რა გიშავს, ჯერ კიდევ დიდხანს იცოცხლებო და ამით უნდათ ანუგეშონ, მაგრამ ამასობაში დალევს სულს და ზიარების ღირსი ვერ გახდება. ვინ არის ამაში დამნაშავე? ის, ვინც ტყუილად ანუგეშებდა, ვინც ფიქრობდა, მოყვრულად ვექცევიო და პირველ მტრად კი გაუხდა. ამინ.
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
28 მარტს არის ხსენება:
მოწამენი ფილექტიმონი, გორდიანე-გრიგორი და ცოლი მისი ანატოლია და შვილნი მათნი: თეოდოსია, სებასტიანე-მარიანე, რუსიანე და მარჩბივთა შვილთა მაისთა, მცველისა დიოსი და მისთანა რვათა მესაპყრობილეთა მცველთა, სხელიქიოსი და მისთანა ორნი კერპის ხელოვანნი, ათინოგენი, (234-244) (ძვ. სტ. 15 მარტს)