ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 
image
ავტორი: ილია II

სიყვარული ყველას სჭირდება

სააღდგომო ეპისტოლე - 1998

"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მთ.16,18)

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე ღვთივკურთხეულ შვილებს

ქრისტემიერ საყვარელნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო –
    აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტეს აღდგომისა – სიცოცხლის მომნიჭებელმა უფალმა შემუსრა ჯოჯოხეთი და დაამარცხა სიკვდილი.
    ქრისტე აღდგა!
    გიხაროდეთ, დადგა ჟამი ზეიმისა!
    აღდგომა ქრისტესი არის საფუძველი ჩვენი რწმენისა და სიყვარულისა; იგია იმედი და სასოება ჩვენი, რადგან მისი მადლით მოვიპოვებთ მარადიულ ნეტარებას; ამიტომაც გულმხურვალედ ვუგალობთ უფალს: "პასექმა სამოთხის კარი განგვიღო ჩვენ"...
    დღეს უფრო ნათლად ვაცნობიერებთ წმ. პავლე მოციქულის სიტყვების აზრს: "იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით, რწმენით, მხნედ იყავით და განძლიერდით" (1კორ. 16,18).
    ამ განცდით, ლოცვითა და სულიერი შრომით, მადლობა ღმერთს, განვვლეთ დიდი მარხვა – ჟამი სინანულისა. წმინდა ანდრია კრიტელის დიდი კანონის კითხვისას ჩვენს თვალწინ თითქოს გაცოცხლდა დაუღალავი ღვაწლისა და სინანულის შესანიშნავი მაგალითები და დიდებული ადამიანები; უწინარესად კი – ღირსი იოანე კიბისაღმწერელი, რომელმაც გვიჩვენა სულიერი კიბე, ამაო მიწიერი ყოფიდან ჩვენი ამამაღლებელი და ზეცად აღმყვანებელი, და წმ. მარიამ ეგვიპტელი – უეჭველი მაგალითი იმისა, თუ ჭეშმარიტ სინანულს როგორ შეუძლია ფერისცვალება და განბრწყინვება ცოდვით დამძიმებული ადამიანისა.
    ჭეშმარიტი სინანული სულიერი განწმენდისა და ამაღლების ხანგრძლივი პროცესის შედეგია; ეს არ არის ერთი და ორი დღის, ან თუნდაც რამდენიმე თვის შრომა; არამედ იგია ღვაწლი მთელი ცხოვრებისა. მაგალითისათვის მოვიტან ნაწყვეტს ღირსი სისოი დიდის ცხოვრებიდან.
    მან დაუღალავი ლოცვითა და ასკეტური ცხოვრებით ისეთ სიწმინდეს მიაღწია, რომ გარდაცვლილთ მკვდრეთით აღადგენდა. როდესაც მოაწია ამქვეყნიდან მისი გასვლის ჟამმა, შეიკრიბნენ ბერები, რათა გამომშვიდობებოდნენ მოძღვარს. მათ იხილეს წმინდანი განბრწყინვებული სახით, რომელიც უკვე ზეციურ სამყაროს უმზერდა და ამბობდა: "აი, მოვიდნენ, მოვიდნენ... წინასწარმეტყველნი, ღირსნი მამანი... მოვიდნენ მოციქულნი"...
    მოწაფეებმა ჰკითხეს: აბბა (მოძღვარო), ვისთან საუბრობ? მან უპასუხა: "ანგელოზები მოვიდნენ, რათა წამიყვანონ და მე ვთხოვ, რომ ცოტა დრო კიდევ მომცენ სინანულისათვის".
    ბერებმა უთხრეს, რომ მას არ სჭირდებოდა სინანულისათვის ზრუნვა. მან კი მიუგო: "მე არ ვიცი, შევუდექი კი ამ გზას საერთოდ?"
    უცებ წმინდანს სახე გაუცისკროვნდა და აღმოხდა: აი, უფალი ბრძანებს: "მომართვით მე ჭურჭელი რჩეული უდაბნოდან".
    ამის თქმისთანავე მისი სული სხეულს გაეყარა, ელვასავით გაკვეთა და გაანათა სივრცე და დატოვა ეს დროებითი მიწიერი სამყოფელი. ბერები შიშით უმზერდნენ აღსასრულს დიდი მოძღვრისა.
    ყოველი ადამიანი მოწოდებულია, რათა თავის თავთან ყოველდღიური შრომით მიაღწიოს სულიერ და ინტელექტუალურ სრულყოფას.
    სულიერება მხოლოდ სულიწმინდის წყალობით ეძლევა ამა თუ იმ პიროვნებას და "სნეულთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი" ღვთაებრივი მადლი მხოლოდ ეკლესიაში აღსრულებულ საიდუმლოთა ძალით მიენიჭება მას.
    სწორედ სულის მიერ და სულით ცოცხლობს ეკლესია. ამიტომაც, ვინც ეკლესიას განუდგება, განუდგება თვით სულიწმინდას, ხდება ღვთისმბრძოლი და მგმობელი. შედეგი კი ყოველივე ამისა არის მარადიული სიკვდილი.
    სულიწმინდის მადლს მთელი სისავსით ატარებს მართლმადიდებელი ეკლესია. მართლმადიდებლობა არის ადამიანური გონებით შეურყვნელი უფლისმიერი სწავლება რწმენისა და სარწმუნოებრივი ცხოვრების შესახებ, რომელიც ჩვენ უშუალოდ წმიდა მოციქულთაგან გადმოგვეცა.
    მართლმადიდებლობა ერთადერთია და შეუცვლელი, რადგან იგია მომცველი და მემკვიდრე ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ტრადიციისა.
    მართლმადიდებლობა მისტიური სხეულია მაცხოვრისა. "შემოქმედმა ყველაფერი ფეხქვეშ დაუმორჩილა ქრისტეს და მისცა მთავრობა ყოველი ეკლესიისა, რომელიც არის მისი სხეული" (ეფ.1,22-23), წერს პავლე მოციქული.
    ნამდვილი მართლმადიდებელი ის კი არ არის, რომელიც მხოლოდ აზროვნებს მართლმადიდებლურად, არამედ ის, ვინც კიდევაც აზროვნებს და კიდევაც ცხოვრობს ამ წესით. მხოლოდ ასეთი პიროვნება შეიმოსება სულიწმიდის მადლით, რადგან მაცხოვრის სწავლება არ არის განყენებული რომელიმე ფილოსოფიური ნააზრევი, არამედ სული და სიცოცხლე. "სიტყვები, რომლებსაც თქვენ გეუბნებით, სული არის და სიცოცხლე" (ინ. 6,63), - ბრძანებს უფალი.
    როგორ ვიცხოვროთ სწორად?
    ყოფნა-არყოფნის მარადიული კითხვა აღელვებდა ადამიანებს საუკუნეთა წინაც, აღელვებს დღესაც და ასევე იქნება, ალბათ, მომავალშიც. ურწმუნონი ფიქრობენ, თითქოს ჩვენი არსებობა შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, რითაც ისინი აზრს უკარგავენ მიწიერ ყოფას და უსულო, უღვთო და უგულო ცხოვრებისათვის წირავენ ადამიანებს.
    ჩვენთვის, მართლმადიდებელ ქრისტიანთათვის კი, სიცოცხლე არის წყალობა უფლისა. იგია ყოვლისმიმტევებელი და ყოვლისმომცველი სიყვარულის გამოვლინება და ამასთან ღვთისადმი ჩვენი რწმენის, იმედისა და ერთგულების გამოცდა. სიცოცხლე არის მომზადება მარადიული ნეტარებისთვის, ეს არის მდგომარეობა, როცა გეძლევა საშუალება, იგრძნო ღმერთი შენში და შენი თავი – ღმერთში.
    მაგრამ პიროვნებამ ამას რომ მიაღწიოს, უფლის მცნებებზე დაყრდნობილი ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი ცხოვრება უნდა ჰქონდეს. მაცხოვარი გვარიგებს: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" - ეს არის პირველი და უმთავრესი მცნება და მეორე, მსგავსი ამისი: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მთ. 22, 37-40). ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი. დიახ, ქრისტიანობა სიყვარულია. სადაც არ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება და სიყვარული, იქ არც ღმერთია. სიყვარული მადლია ღვთისა და იგი მიეცემა მას, ვინც ღირსია მისი.
    ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის სიყვარული, ისევე, როგორც არ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის არსი ღვთისა. ერთი კია, იმისათვის, რომ აღორძინდეს სიყვარული, აუცილებელია, სულ მცირე, ორთა კავშირი მაინც, რადგან როცა ერთი გასცემს ამ გრძნობას, მეორემ უნდა მიიღოს იგი და თვითონაც აღივსოს საპასუხო განცდით.
    სიყვარული სხვისთვის ცხოვრებაა, იგი მზადყოფნაა მოყვასისადმი არამარტო თანადგომის, არამედ თავგანწირვისთვისაც. სახარებაში ვკითხულობთ: "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისთვის" (ინ. 15,13).
    სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს: არის სიყვარული ღვთისა, სიყვარული სამშობლოსი, სიყვარული მშობლებისა და ოჯახისა, სიყვარული მამაკაცისა და ქალისა, შვილებისა, სიყვარული მეგობრებისა და მოყვასისა...
    სიყვარული ყველას სჭირდება; თითოეულ ჩვენგანს, ალბათ, არაერთხელ განუცდია მარტოობის სიმძიმე და განსაცდელის სიმწარე. პიროვნებას ზოგჯერ სულის დამთრგუნველი ისეთი სიცარიელე მოიცავს, რომ სასოწარკვეთილობამდე მისული გულგატეხილობა ეუფლება.
    სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, სავსეა ადამიანური მწუხარებით. მწუხარებას, რა თქმა უნდა, თავისი სახესხვაობებიც აქვს. მაგ., უნუგეშო სულიერი ტკივილი ძირითადად ურწმუნოებისა, არასულიერობისა და შინაგანი სიცარიელის შედეგია.
    სტატისტიკა მოწმობს, რომ სხვებთან შედარებით ეკონომიკურად ძლიერ და ცივილიზებულ ქვეყნებში უფრო მეტად ჭარბობს სულით დაავადებულთა და სულიერი გადახრების მქონეთა რიცხვი, ასევე ბევრია თვითმკვლელთა რაოდენობა ახალგაზრდებში, რადგან ასეთ საზოგადოებაში მცხოვრები ადამიანები ძირითადად ოდენ მატერიალური ყოფით იფარგლებიან და ბედნიერებას ეძებენ იქ, სადაც იგი საერთოდ არ არის.
    სამწუხაროდ, თვითმკვლელობის ფაქტები ბოლო დროს ჩვენშიც გახშირდა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევხებივარ ამ საკითხს, კვლავაც მინდა, ყურადღება მასზე შევაჩერო.
    ადამიანს, რომელიც ასეთ ცოდვას სჩადის, სრულიად დაკარგული აქვს რწმენა და იმედი ღვთისა. ეს დანაშაული იმდენად დიდია, რომ, საეკლესიო კანონების მიხედვით, თვითმკვლელისათვის ლოცვაც კი აკრძალულია.
    ის ვინც ამ საშინელ ნაბიჯს დგამს, გმობს სულიწმიდას და უმძიმეს დანაშაულს სჩადის საკუთარი თავისა და სულის წინაშე. იგი ფიქრობს, თითქოს ამ გზით განთავისუფლდება იმ წამებისგან, რაც მას მიწიერ ყოფაში ერგო; ავიწყდება კი, რომ თავს წირავს გაცილებით უფრო საშინელი და თანაც მარადიული სატანჯველისთვის, რომლისგანაც მას უკვე ვეღარავინ იხსნის.
    როგორი ტკივილიც არ უნდა შეგხვდეთ ცხოვრებაში, გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდინოთ ეს დანაშაული, რადგანაც ნებისმიერი მიწიერი განსაცდელის ჟამს გამოსავალის პოვნა მაინც არის შესაძლებელი, თვითმკვლელის შველა კი არავის ძალუძს.
    თვითმკვლელობის მსგავსი ცოდვაა ლოთობა და ნარკომანია, რომელთაც პიროვნებები სრულ გადაგვარებამდე მიჰყავთ. თანამედროვე ყოფისათვის დამახასიათებელი ეს ორი სენი განსაკუთრებით საშიშია მცირერიცხოვანი ერებისათვის.
    ექიმების, ფსიქოლოგების, მოძღვრების დაკვირვებით, წინასწარგანზრახვით არავინ ხდება არც ლოთი და არც ნარკომანი, არამედ ისინი თანდათან ყალიბდებიან ასეთებად.
    ზოგიერთებს მოსწონთ თავაშვებულობა, სხვებს სურთ, იყვნენ უფრო ემოციურნი, ახალგაზრდების ნაწილი ინეტერესის მსხვერპლი ხდება, ნაწილი კი – სხვათა ბოროტგანზრახვისა.
    სამწუხაროდ, სიმთვრალის დროს ბევრნი ისეთ ცოდვას სჩადიან, რომლის გამოსწორებაც შემდეგ თითქმის შეუძლებელია. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ლოთები ნარკომანობას იწყებენ და პირიქით, "გამოსწორებული" ნარკომანები – ლოთდებიან. ლოთიც და ნარკომანიც, რომელიც თავს ხელში ვერ აიყვანს, და ვერ დაძლევს ამ მომაკვდინებელ ცოდვას, დაკარგული პიროვნებაა როგორც ოჯახისათვის, ისე საზოგადოებისა და ქვეყნისათვის.
    ლოთის ან ნარკომანის ოჯახი, როგორც წესი, არამყარია. ამგვარი მშობლების შვილები შეუძლებელია არ იყვნენ დაღდასმულნი.
    ასეთმა პიროვნებებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა და იფიქრონ ხვალინდელ დღეზე. ბოროტის ჩაგონებით მათ ხშირად გულგატეხილობა ეუფლებათ და გამოსწორების იმედი ეკარგებათ, რაც დიდი შეცდომაა.
    აუცილებელია, მათ დაიჯერონ, რომ სწორ გზაზე დადგომა არასოდეს არ არის გვიან, შეიგნონ და დაინახონ თავიანთი ცხოვრების დამღუპველი შედეგი, გადაწყვიტონ მისგან განთავისუფლება და გულით სთხოვონ უფალს შემწეობა. ეკლესიაში მრავალი ადამიანია ისეთი, რომელთაც ღვთის დახმარებით შეძლეს ამ სენისაგან თავის დაღწევა და ნორმალური ოჯახური ცხოვრების აღდგენა.
    ვიმეორებთ, უფალი შეგეწევათ, მთავარია გადაწყვეტილების მიღება.
    საერთოდ, ოჯახის პრობლემა მეტად მტკივნეული საკითხია. ცოლ-ქმრობა სიმძიმეც არის და ნეტარებაც. მოციქული პავლე რომ ბრძანებს: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2), უპირველეს ყოვლისა, მეუღლეთა ურთიერთვალდებულებებს გულისხმობს.
    როდესაც კაცი და ქალი კანონიერად, ეკლესიურად ქორწინდებიან, ერთმანეთის სამყაროს თანაზიარნი ხდებიან. ისინი სწავლობენ, როგორ დაუთმონ, როგორ შეეგუონ და შეეთვისონ ერთმანეთს სიყვარულის საფუძველზე; ბავშვები კიდევ უფრო ამყარებენ ცოლ-ქმრულ კავშირს.
    საერთოდ, ადამიანები ეგოისტები არიან, მაგრამ მშობლების სიყვარულს საოცარი თვისება აქვს: როგორც დედას, ისე მამას სურს, შვილები მათზე უკეთესები იყვნენ, მათზე გონიერები და ჯანმრთელები და მიაღწიონ იმას, რასაც თვითონ ვერ მიაღწიეს.
    თავის მხრივ ბავშვებიც ამქვეყნად ყველაზე კარგებად მშობლებს მიიჩნევენ და ამიტომაც ბაძავენ მათ. დედ-მამის რწმენა, სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, წესიერება და კულტურა დიდ გავლენას ახდენს პატარებზე.
    ტრადიციულ ოჯახში ყოველთვის წესრიგია. აქ უფროსები შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობენ, ამასთან, ოჯახის ყოველ წევრს თავისი ფუნქცია, სახე და მოვალეობა აქვს.
    კარგი დიასახლისისათვის მთავარი ოჯახური ბედნიერებაა. ქალი, უპირველეს ყოვლისა, მოსიყვარულე მეუღლე და მზრუნველი დედაა, რომელიც, შვილებს ეკლესიურად და სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით ზრდის.
    რა მშვენიერია ქალი, რომელიც გამოირჩევა ღვთისმოშიშებით, სინაზით, სათნოებით, პატიოსნებით, შრომისმოყვარეობით, სიფაქიზით, მზრუნველობით, კეთილგონიერებით. ასეთი ადამიანი სიკეთეს უხვად გასცემს და გარშემომყოფებზეც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს.
    მამაკაცი ბუნებით ლიდერია და ესწრაფვის იყოს წინამძღოლი ოჯახისა. მამაკაცური ძალა ძლიერია და მიზანდასახული. მამაკაცი უნდა გრძნობდეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე. მან ყოველგვარ მიწიერზე მაღლა, უფლის შემდეგ, სამშობლო უნდა დააყენოს და მისი დაცვის მოთხოვნილება უნდა ჰქონდეს, გაჭირვების შემთხვევაში კი – მისთვის თავდადება უნდა შეეძლოს. ასეთი ადამიანები წარსულშიც მრავლად იყვნენ და ჩვენს დროშიც მრავლად არიან.
    გავიხსენოთ თუნდაც 300 არაგველი, ბერი თევდორე, ცოტნე დადიანი, ცხრა ძმა ხერხეულიძე, გავიხსენოთ სულ ახლახანს აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში დაღუპული ჩვენი შვილები. მათ ხომ სამშობლოსთვის დაუნანებლად გაწირეს თავი. ან თუნდაც ის აფხაზები და ოსები, რომელნიც შეეწირნენ ამ ომსა და ქართველებთან ერთად მსხვერპლნი გახდნენ მესამე ძალის მზაკვრობისა.
    მტრის და ნებისმიერი პრობლემის წინაშე უშიშრობა და კეთილგონიერება – აი, მთავარი და ძირითადი თვისება ღირსეული კაცისა. ნამდვილი მამაკაცი არის ძლიერი, გამბედავი, გონიერი, ნებისყოფიანი, სამართლიანი პიროვნება.
    ამგვარი გოგონებისა და ვაჟების აღზრდას სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.
    მართალია, საქართველო დღეს მრავალი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, სულიერი და სხვა პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ უმთავრესი საზრუნავი მაინც ჩვენი ბავშვების სწორი აღზრდაა, რადგან ოჯახის კეთილდღეობა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაა.
    და მაინც, ვის უნდა დაეკისროს მთავარი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის ფორმირებაზე?
    ამ საქმის მხოლოდ მშობლებზე მინდობა არ იქნება სწორი, რადგან ისინი ხშირად სამსახურით არიან დაკავებულნი და სათანადოდ ვერ იცლიან შვილებისათვის. ვერც მხოლოდ სკოლა აიღებს ამ ტვირთს.
    ვფიქრობ, ყველაზე ეფექტურია სამი ძალის – ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის შეთანხმებული მოქმედება. უნდა შეიქმნას ავტორიტეტული კომისია და გამოიკვეთოს თითოეულის პასუხისმგებლობა და მოვალეობა. დამღუპველი იქნება შედეგი, თუ აღზრდის პროგრამა და მოქმედება არ იქნება შეთანხმებული ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის.
    განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა შეიმუშაოს პროგრამა ჩვენი მომავალი თაობის სულიერი, ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარებისა. სკოლადამთავრებული ახალგაზრდა მომზადებული უნდა იყოს როგორც ოჯახური ცხოვრებისათვის, ისე საზოგადოებრივი პრობლემების გადასალახად.
    იგივე ითქმის სპეციალური და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებზეც. სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფრით ვერ ვთავისუფლდებით ძველი სტერეოტიპებისა და სტანდარტებისაგან. განათლების პროგრამების შემუშავება კი დაუშვებელია ანთროპოლოგიის, ლოგიკის, ფსიქოლოგიის, სოცილური ფილოსოფიის გაუთვალისწინებლად. ცნობილი ფსიქოლოგი ალექსი ლეონტიევი XX ს-ის განათლებას ახასიათებდა, როგორც სულის გაღატაკების პროცესს ინფორმაციით გამდიდრების ხარჯზე. იგივე მდგომარეობაა დღესაც.
    მთავარი ის კი არ არის, თუ რა რაოდენობის საგანს ვასწავლით ახალგაზრდას, არამედ ის, თუ რა შედეგს მოგვცემს ჩვენს მიერ მიცემული ცოდნა, როგორ წაადგება ის ყმაწვილის სულიერ თუ პრაქტიკულ ცხოვრებას. ამიტომაც ვიმეორებ, აუცილებელია დაიძლიოს ზღვარი ოჯახს, ეკლესიას, კულტურასა და განათლებას შორის.
    კულტურა და განათლება პარალელურ წრფეთა მსგავსი კი არ არის, არამედ ხშირად თანხვედრი ცნებებია. კულტურისა და განათლების კავშირი ბუნებრივად ბადებს ეკლესიასა და ოჯახთან ურთიერთობის აუცილებელ მოთხოვნილებას. მხოლოდ ასეთ გარემოში შეიძლება აღიზარდოს ჰარმონიულად განვითარებული პიროვნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ადამიანს სრულფასოვანი წარმოდგენა სამყაროზე და გამოუმუშავდება უნარი კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებისა.
    ყველა ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როდესაც კაცობრიობა დგას ახალი ათასწლეულის წინაშე. ვფიქრობ, როგორც მსოფლიო საზოგადოებამ, ისე საქართველომაც უკვე გადაიტანა ძველი ნგრევისა და ახალი შენების დაწყების მტკივნეული პროცესი; სხვადასხვა რევოლუციური წამოწყება, კოლექტივიზაციის პერიოდი, "განვითარებული სოციალიზმის ხანა" თუ სურვილი კომუნიზმის მშენებლობისა, - იყო მხოლოდ სისხლიანი და ავადმყოფური გამოვლინებანი ურწმუნო, უსულო საზოგადოებისა, რომელიც, ვითომცდა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, სრულიად უარყოფდა პიროვნების ინდივიდუალობას.
    მართალია, ამ პერიოდმა განვლო, მაგრამ დრომ ახალი სნეულებანი და პრობლემები მოიტანა, რომელთა დაძლევაც ასევე აუცილებელია.
    თუ ჩვენ სერიოზულად არ მოვეკიდებით რელიგიურ-ზნეობრივ საკითხებს, თუ ჩვენ ხალხს არ დავუბრუნებთ მართლმადიდებელ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ვერაფრით გავარღვევთ ჩაკეტილ წრეს და ვერ შევძლებთ ადამიანების და აქედან გამომდინარე მთელი ერის სულიერ განახლებასა და გადარჩენას.
    ესაა რეალობა, რომელსაც ვერსად გავექცევით.
    ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ არ გვმართებს გატაცება მხოლოდ დასავლეთის ან აღმოსავლეთის, თუნდაც ჩრდილოეთის ან სამხრეთის კულტურით. არამედ ერთგულნი უნდა დავრჩეთ ჩვენი ტრადიციის, ჩვენი სულიერი და მატერიალური ღირებულებების. "ჩვენ ჩვენი უნდა ვშვათ მყოობადი", - როგორც ბრძანებდა დიდი ილია. ამასთან, უნდა შევინარჩუნოთ საუკეთესო ურთიერთობები ყველასთან, მივიღოთ მათგან ის, რაც ჩვენთვის სასურველია და უხვად გავიღოთ ის, რაც მათ სჭირდებათ და რისი გაცემაც შეგვიძლია.
    საქართველომ დროის გამოცდას რომ გაუძლოს, აუცილებელია ერის მთლიანობა, ერთსულოვნება, ურთიერთთანადგომა და ერთი მიზნისაკენ სწრაფვა. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ სადაც ადგილი აქვს სიძულვილსა და მტრობას, შურსა და გაუტანლობას, იქ ბოროტი მძლავრობს.
    სიყვარულის მქადაგებელი წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ბნელშია აქამომდე" (I ინ. 2,9). "ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; ხოლო თქვენ იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არა აქვს საუკუნო სიცოცხლე" (I ინ. 3,15). "თუ ვინმე იტყვის, რომ უყვარს ღმერთი, მაგრამ სძულს თავისი ძმა, ცრუა, რადგან თუ არ უყვარს თავისი ძმა, რომელსაც ხედავს, როგორღა შეიყვარებს ღმერთს, რომელსაც ვერ ხედავს?" (I ინ. 4,20).
    "საყვარელნო, გიყვარდეთ ერთმანეთი, ვინაიდან სიყვარული ღმრთისაგან არის და ყველა, ვისაც უყვარს, ღმრთისაგან შობილია და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, მან ვერ შეიცნო ღმერთი იმიტომ, რომ ღმერთი სიყვარულია" (I ინ. 4, 7-8).
    მართალია, ძნელია, შეიყვარო ის, ვინც ტკივილი მოგაყენა, შეურაცხგყო, ცილი დაგწამა, ან გაგიმეტა, მაგრამ ფაქტია, უეჭველად დამღუპველი გზით მიდის ის, ვინც შუღლს კიდევ უფრო აღრმავებს, ვინც ურთიერთდაპირისპირებას ამწვავებს და მტრობას აძლიერებს, ვინც არ აკვირდება და არ მუშაობს საკუთარ გრძნობებზე, გულსა და გონებაზე, რათა უარყოფითი დამოკიდებულება და ემოციები დადებითით შეცვალოს.
    მე მივმართავ მთელ ჩვენს ერს, საქართველოს მოსახლეობას, გადადგით ნაბიჯები ერთმანეთისა და ღვთისაკენ. ეცადეთ ყოველ თქვენს მოქმედებას სიყვარული ედოს საფუძვლად, რათა იყოთ მსახური უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა.
    თუ ჭეშმარიტად გვსურს ქრისტიანის სახელი გვერქვას, შევეცადოთ, მტერიც შევიყვაროთ. სიყვარული ის ერთადერთი იარაღია, რომლითაც ბოროტება დაიძლევა და განქარდება. ამიტომაც ბრძანებს მაცხოვარი: "გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი, კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის, რათა იყოთ თქვენ შვილნი მამის თქვენის ზეციერისა" (მთ. 5, 44-45).
    ქრისტესმიერი სიყვარულით მივმართავ ჩვენს განდგომილ იმ სასულიერო და საერო პირებსაც, რომელნიც თავიანთი გაუთვალისწინებლობით მოსწყდნენ დედა ეკლესიას და ნებსით თუ უნებლიეთ ჩვენი ეკლესიისა თუ ჩვენი ქვეყნის მტრის იარაღად იქცნენ. თქვენ კარგად იცით წმინდა მამების გაფრთხილება, რომ განყოფის და დაპირისპირების ცოდვას ადამიანი მოწამეობრივი სისხლითაც ვერ ჩამოირეცხს. დრო აჩქარებულად მიდის. შეიძლება ცოტა ხანში სინანულიც კი გვიან იყოს. ჩვენ მამაშვილური სიყვარულით მივიღებთ ყველა დაკარგულ ცხოვარს, ვითარცა უძღებ შვილს.
    ამასთან, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება მართლმადიდებელი, რადგან მასშია ჭეშმარიტება. ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის "ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე" (I ტიმ. 3,15). შევთხოვ შემოქმედს, ყველანი ერთად ვიყოთ უფალში და ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში.
    ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ პასექის ბრწყინვალე დღესასწაულს. დაე, აღდგომილმა მაცხოვარმა სიყვარულით შეკრას და შეაერთოს სრულიად საქართველო, რათა ერთად ვადიდოთ შემოქმედი და გავიხაროთ, რომ "ღამე იგი მიიწურა და მოახლოვდა დღე"...
    "მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურველით" (რომ. 13,12).
    ძმანო და დანო, გიხაროდეთ,
    ქრისტე აღდგა!
    ჭეშმარიტად აღდგა!
    პასექი ქრისტესი
    19 აპრილი, 1998 წ.
image
 
თემატური კითხვები
06 აგვისტოს (ძვ. სტ. 24 ივლისს) არის ხსენება:
0_28