image
ავტორი: ილია II

თემა: აღდგომა


სააღდგომო ეპისტოლე - 1993

ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის ღვთივკურთხეულნო შვილნო:

"აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან
    და დამონებულ ხართ სიმართლესა" (რომ. 6,18)

ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძენო და ასულნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ივერიის წმიდა მიწის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,

გ ი ხ ა რ ო დ ე თ

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

აღდგა დაკარგული ერთობა ღმერთთან, აღდგა სასოება და იმედი კაცთა, აღმობრწყინდა მზე სიმართლისა და გამოჩნდა გზა მარადიული ნეტარებისა; მდიდართ და გლახაკთ, ბრძენთ და უსწავლელთ, ხანდაზმულთა და ყრმათ, - ყველას უხმობს უფალი სიხარულის ტრაპეზზე, რათა მიაგოს თითოეულს ღირსებისაებრ მათისა. "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი" (რომ. 4,7).
    
    ვინ არის ღირსი ამ მადლისა, ასეთი მოწყალებისა? - ის, ვისაც ესმის ამქვეყნიური ცხოვრების არსი, ვინც სიტყვით და საქმით შეძლებისამებრ ადიდებს ჭეშმარიტ ღმერთს და აცნობიერებს თვის მისიას ამ წუთისოფელში.
    
    ყოველ ადამიანს საკუთარი იდეა, საკუთარი მისწრაფება აქვს, რომლის განხორციელებისთვისაც იგი იღვწის, მაგრამ არსებობს ყველასათვის საერთო იდეაც - ეს არის სწრაფვა ამაღლებისაკენ, ღვთის მსგავსებისაკენ.
    
    რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს კაცი, უმთავრესი მისთვის შემოქმედთან მიახლების სურვილი უნდა იყოს. ბიბლიაში ვკითხულობთ, ყოვლადწმიდა სამებამ ადამიანის შექმნა რომ გადაწყვიტა, ბრძანა: "ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბადება 1,26). მაშასადამე, რადგანაც ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, სწრაფვა სრულყოფისაკენ, პირველსახის ანუ ღვთისაკენ იმთავითვე მის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებად იქცა. ამიტომაც სურვილი განვითარებისა და წინსვლისა თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჭეშმარიტი ამაღლება და ჩვენი ყოველი მოქმედებაც აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს.
    
    იდეა უნდა ჰქონდეს ერსაც: მას ცხადად და გარკვეულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული საუკუნეთა მანძილზე უპირველესად რას ემსახურა. ჩვენი ხალხის ისტორია გვაფიქრებინებს, რომ ღვთისკენ სწრაფვის ძირითად იდეას, უპირველეს ყოვლისა, მოყვასის სიყვარულით ვახორციელებდით და მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც ვახორციელებთ. ეს სიყვარული ადუღაბებს და ამთლიანებს სრულიად საქართველოს.
    
    ალბათ ესაა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ წარსულშიც და ახლაც შინაური თუ გარეშე მტერი არ მოგვკლებია - ბოროტი ძალა ებრძვის სიყვარულის მატარებელ ერს, რათა ეს ნიჭი დააკარგვინოს, რადგან იცის, მიზნის მიღწევის შემთხვევაში, უფალს განგვაშორებს; ამიტომაც ამ მადლს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ღმერთთან და ერთმანეთთან სიყვარულის წყალობით გავერთიანდეთ.
    
    უფალი ადამიანს თავისუფალი არჩევნის უფლებას აძლევს: პიროვნება თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რას ემსახუროს: ცოდვას თუ სიკეთეს, ბოროტებას თუ სიყვარულს. სასუფეველი ღვთისა იძულებით მოიპოვება, რადგან ცოდვასთან ბრძოლით და მასზე გამარჯვებით ხდება ადამიანისა და ღვთის ნების შეერთება - სინერგია, რაც არის საფუძველი პიროვნების გადარჩენისა.
    
    გზის არჩევისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გულს, რადგან აქ იბადება როგორც ბოროტი ისე კეთილი ზრახვანი. თუ გული სუფთაა და სავსეა რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ მას შეუძლია სხვისი სიხარულისა და ტკივილის გაზიარება, იქ მადლი განმრავლდება და იგი სულიწმიდის სავანედ იქცევა; ასეთი გული ადვილად სძლევს მიწიერ საცდურს, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს ბიწიერების ჭაობში ჩვენს დანთქმას.
    
    მაგრამ როგორ განვიწმინდოთ გული ცოდვათაგან?
    
    უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისწავლოთ სამართლიანი განსჯა საკუთარი თავისა. ჩვენს სულში ორი "მე" უნდა განვასხვავოთ და ყოველ ჩვენს საქციელსა და გულისმიერ ზრახვას სხვისი თვალითაც შევხედოთ.
    
    წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "ჩვენში ორი გონია. ერთი კეთილია და შედეგია ყოველივე მშვენიერისა, მეორე კი - დაცემული და მდაბალ ვნებათა მსახური. ერთი გონება ნათლისაკენ ისწრაფვის და სურს თაყვანი სცეს ქრისტეს, ხოლო მეორე, ხორცის და სისხლის გონება, ჰქრის ბნელსა შინა და მზად არის ტყვე იქმნას ბელიარისა".
    
    ხოლო წმ. ისააკ ასური ბრძანებს: "ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს თვის უძლურებას, რამეთუ ამის ცოდნა ხდება საწინდარი კეთილწარმატებისა".
    
    ასეთი ადამიანი განკითხვის ცოდვისაგან თავისუფლდება, თავმდაბლობით იმოსება და ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ივსება. ხოლო "სიყვარულმან მოყვასსა თვისსა ბოროტი არა უყვის" (რომ. 13,10).
    
    მაგრამ არიან პიროვნებანი, რომელნიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და თავის მდაბალ "მეს" ეგოისტურ მოთხოვნილებებს ემონებიან. მათთვის გაუგებარია შეგონება: "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს".
    
    ასევე არიან პიროვნებანი, ბოროტის ქმნის სურვილით შეპყრობილნი, ღვარძლით აღვსილნი, რომელნიც ირგვლივ სიძულვილს თესენ, და სხვაშიც მხოლოდ ბოროტებას ხედავენ. გავიხსენოთ ერთდროს კეთილი მეფე საული, შურის და ეჭვის ნიადაგზე ისე დაეცა, წმ. დავით წინასწარმეტყველის მოკვლა სურდა, თუმც მხოლოდ მისი ფსალმუნები კურნავდა მის სულს.
    
    ასეთი ადამიანები სიყვარულის ნაკლულევანების გამო იტანჯებიან. მათ, მართალია, ხშირად მწუხარება მოაქვთ მოყვასისათვის, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს მტრობენ, რადგან სულიერი სიხარულისთვის სიცოცხლეშივე მკვდარნი არიან, იმქვეყნად კი უცილობელ სატანჯველს იმზადებენ.
    
    ბოროტთა სიბოროტე უნდა გვძულდეს, მაგრამ ქმნილება ღვთისა უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. უცოდველი არავინ არის, დაცემის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, სურვილი გვქონდეს გამოსწორებისა, ღვთის გზით სვლისა.
    
    ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს - ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება ღმერთს დაშორებული სულიც. ამიტომაც ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი.
    
    ბოლო დროს მრავალი უარყოფითი თვისებისა და ემოციის გამოვლენის მოწმენი გავხდით. ეკონომიკურმა გაჭირვებამ ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა და ზოგიერთში მომავლის სერიოზული შიში დაბადა. ხშირად გვესმის სიტყვები: "კატასტროფული მდგომარეობა", "რა გვეშველება?" არადა ვუწყით, "რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ - სასოებასა" (რომ. 5,3-4).
    
    ამასთან სიტუაციას სწორად ვერ ვაფასებთ. გვეგონა იმპერიიდან გამოსვლისას ხალიჩებს დაგვიფენდნენ. მოსალოდნელი კი, ახლანდელთან შედარებით, უფრო უარესი მდგომარეობა იყო.
    
    "რა გვეშველება?" - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი.
    
    პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა.
    
    ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი? ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია?
    
    ერის ზნეობრივ სახეს ყოველთვის რჩეულნი წარმოაჩენდნენ. მადლობა ღმერთს, ასეთი შვილები ჰყავს ჩვენს სამშობლოს. ჩვენ ამასთან მოწმენი ვართ იმისა, თუ რამდენი ახალგაზრდა უანგაროდ ეწირება საქართველოს მიწა-წყალის დაცვას აფხაზეთში, რაც ერის სულიერი პოტენციალის გამოვლინებაა.
    
    ორასი წელია საქართველოსთვის არ გვიბრძოლია. ამ ომმა გაგვახსენა, რომ სამშობლო მხოლოდ კი არ გვაძლევს, მსხვერპლსაც ითხოვს ჩვენგან. დღეს მრავალი ჭაბუკი რწმენითა და მამულის წინაშე ზნეობრივი ვალის კარნახით იბრძვის. მართალია, დიდია ქვეყნის მთლიანობისათვის თავდადებულთა რიცხვი, მაგრამ გვჯერა, ღვთისა და ერის წინაშე დამსახურებისთვის ისინი სასუფევლის ღირსნი გახდებიან და ქართველთა ზეციურ მხედრიონს შეუერთდებიან.
    
    ჩვენ პატივს მივაგებთ იმ აფხაზ ახალგაზრდებსაც, რომელნიც, თითქოს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის რწმენით დაეცნენ, სინამდვილეში კი გარეშე ძალების ბოროტი ზრახვების მსხვერპლნი გახდნენ.
    
    დრო კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს მტყუანს და მართალს. ისტორია, კაცობრიობის გამოცდილება ადამიანებს ბევრს ასწავლის, მხოლოდ უგუნურნი ქმნიან აწმყოს წარსულის გაუთვალისწინებლად. რა სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ასეთი პიროვნებები თავისი მიწიერი ვერაგი მიზნების განხორციელებისათვის ასეულობით ადამიანის დაღუპვას ახერხებენ.
    
    ჩვენ საქართველოს ხვალინდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა კავშირი გვექნება მეზობელ ქვეყნებთან, საერთოდ გარე სამყაროსთან. ურთიერთობები ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული, რაც მაღალ დიპლომატიასა და სულიერობას მოითხოვს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხშირად ვინც კამათში იმარჯვებს, მეგობრებს კარგავს. ამიტომ სხვა ქვეყნებთან შეხებისას წონასწორობის დაცვა გვმართებს.
    
    რაც შეეხება ჩვენი ცხოვრების წესს, ვფიქრობთ, ვიდრე ადამიანები არ მოიპოვებენ შინაგან თავისუფლებას, ანუ არ განშორდებიან ცოდვას, დემოკრატიის ცხოვრებაში განხორციელება არ მოხერხდება და იგი მხოლოდ ლოზუნგად დარჩება.
    
    ერის სულიერი ამაღლების საქმეში დიდი როლი ეკისრება ინტელიგენციას. ჩვენ ამ მხრივ ნამდვილად გვყავს ისეთი ძალა, რომელიც შეძლებს ხალხს გაუძღვეს, ოღონდ აუცილებელია ეკლესიასთან მისი დაკავშირება, რათა ამპარტავნებამ და თვითდაჯერებამ არ იმძლავროს მასში.
    
    დღეს გვიკვირს მათი, ვინც ადრე კერპებს სცემდა თაყვანს; და განა უფრო მეტად საწყალობელი არ არის ის "ბრძენი", რომელიც თავის შემოსაზღვრულ გონებას კერპად აქცევს და მხოლოდ მისგან ისმენს "ჭეშმარიტებას". გონიერება რწმენის გარეშე სუსტი ხელჯოხია, რომელიც აუცილებლად გადატყდება.
    
    ინტელიგენციამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენს ხელოვნებას, პრესას, ლიტერატურას, განსაკუთრებით კი რადიოსა და ტელევიზიას.
    
    უნდა აიკრძალოს ამორალური და ე.წ. ძალადობის ფილმების ჩვენება. საზოგადოებაში ისედაც დიდი უარყოფითი მუხტია დაგროვილი, ეს კი უფრო აძლიერებს ამგვარ ემოციებს და ადამიანურ ურთიერთობებს ძაბავს.
    
    ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა მივმართოთ, რათა დავიბრუნოთ ნამდვილი სარწმუნოება, და ამპარტავნებისაგან განთავისუფლებულებმა ავაღორძინოთ ჭეშმარიტი სიყვარული.
    
    სათნოებათა შორის ყველაზე ადვილად განსახორციელებელი მოწყალების გაცემაა. დღეს როდესაც ძალიან ბევრს უჭირს, მრავალი შესაძლებლობაა სიკეთის ქმნისა. მწყურვალისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც უფლის წინაშე დიდად შერაცხილია.
    
    შეეწიე გაჭირვებულს, თუ გსურს, ღმერთი შენც შეგეწიოს, მიანიჭე მოყვასს დროებითი სიხარული, თუ გსურს მარადიული ნეტარების ღირსი გახდე, გაუნაწილე ქვეყნიური სიკეთე სხვებს, თუ გინდა რომ ზეციურ მადლს ეზიარო.
    
    შევსთხოვ ღმერთს, ღვთაებრივი სიყვარულის უშრეტი წყაროდან გარდამოიღვაროს ჩვენს გაციებულ გულებში რწმენა, სასოება, მშვიდობა და სიყვარული, რათა შეურცხვენლად შევხვდეთ დღეს მსოფლიო სიხარულის დღესასწაულს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა.
    
    "სადა არს ძლევაჲ შენი, სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო" (ოსია 13,14)?!
    
    სიკვდილი დაემხო, ჯოჯოხეთი შეიმუსრა.
    
    

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !


    
    

გ ი ხ ა რ ო დ ე თ.


    
    აღდგომა ქრისტესი,
    თბილისი. 1993 წ.