ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
რითი დავიწყოთ ლოცვა?
აუცილებელია ლოცვისათვის მომზადება, იმის გაცნობიერება, თუ ვინა ხარ შენ და ვისთან მოგელის საუბარი. ბიბლიაში წერია: "არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა" (გამოსვლა 20, 7) . სინას მთაზე მოცემული ეს მცნება ყოველი ლოცვის გარდაუვალი პირობაა, უამისოდ ლოცვა უქმისმეტყველებად იქცევა. ლოცვისათვის მომზადება კი ნიშნავს, რომ უნდა მოვწყვიტოთ გონება მიწას, სული ღმერთისკენ მივმართოთ, ვიფიქროთ ღვთის დიდებულებაზე, მის აღთქმებზე, კაცის გონებაზე აღმატებულნი, გამოუთქმელნი და დაფარულნი რომ არიან; საკუთარ სულზე, როგორც ღვთის ხატზე, სულზე, რომელიც ღვთისაგან დატევების ღრმა უფსკრულშია დანთქმული; ცოდვებზე, რომლებითაც ისე ვართ გაჟღენთილნი, როგორც ღრუბლის ფორები - წყლით, და ეს ცოდვები ისე ხრავენ ჩვენს ბუნებას, როგორც ჟანგი - რკინას, ისინი ადამიანს ანგელოზის მსგავსი არსებიდან ერთ მუჭა მტვრად აქცევენ, ზეციური ღვინით სავსე, მოელვარე ჭურჭლიდან - ჩირქით სავსე თასად.
    ცოდვებისა და ვნებების გამო ჩვენ ღმერთი უარვყავით; მაგრამ მან, თავად სიყვარულმა, კი არ უარგვყო ჩვენ, არამედ აიღო ჩვენი ცოდვები, ცხონების გზა გვიჩვენა და დაკარგული სამოთხე დაგვიბრუნა.
    მადლობა უთხარი ღმერთს სიტყვის ნიჭისთვის და ლოცვის ნიჭისთვის, რომლებიც ყოველ არსს შორის ერთადერთს - ადამიანს მიეცა.
    იფიქრე იმაზე, რომ ღმერთი, რომელიც ყოველივეშია და ყოველივეს განაგებს, ისმენს შენს ლოცვას, უფრო სწორად, შენი სულის ხმას; რომ ის, ვინც შექმნა მთელი სამყარო, შენ ისე გიგდებს ყურს, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ თქვენ ორნი არსებობდეთ.
    უფალმა იტვირთა შენი ცოდვები, შენ კი მისი მცნებების შესრულება უნდა იტვირთო, რომლებსაც ღვთის მადლი მსუბუქ ტვირთად და ტკბილ უღლად აქცევს. უფალი განიჭებს ცხონებას, გაძლევს რა ცხონების საშუალებას, მაგრამ არ გართმევს თავისუფალ ნებას, შენ კი ამ ნებას ცოდვების გასამრავლებლად იყენებ! დღევანდელი დღე და დღევანდელი ლოცვა უფალმა ცხონებისათვის მოგცა, ეს დღე იქნება უკანასკნელიც აღმოჩნდეს შენთვის, ეს ლოცვა კი - შენი ცხოვრების დასასრული - წიგნის ბოლო გვერდივით... და თუ დღეს უგულებელყოფ ლოცვას, ღვთის მადლი მიგატოვებს და მაშინ ლოცვა აღარ მოგინდება: მისი არსებობაც კი დაგავიწყდება.
    წარმოიდგინე, რომ შენ ხარ სასიკვდილოდ მსჯავრდადებული ტუსაღი, რომელიც დილეგშია ჩაგდებული და სასჯელს მოელის. სიკვდილი გარდაუვალი ჩანს. და ამ დროს ერთ-ერთი შენი მეგობარი ჩუმად მოუახლოვდა შენს ხაროს, თოკი ჩამოგიგდო და ჩაგჩურჩულა: "სასწრაფოდ ჩაეჭიდე ამ თოკს, ხელი არ გაუშვა და მე ამოგიყვანო".
    ცოდვილი უხილავად უკვე ამ ცხოვრებაში იმყოფება დილეგში, რომელშიც თვითონ ჩაიგდო თავი ცოდვების გამო. ლოცვა ის მხსნელი თოკია, რომელსაც მას შეუძლია ჩაეჭიდოს და თავისუფლება მოიპოვოს. ადამიანი ისე უნდა ლოცულობდეს, თითქოს დაძაბული ყურადღებით ებღაუჭებაო არა თოკს, არამედ ლოცვის სიტყვებს; ხელით კი არა, გულით უნდა იჭერდეს ამ სიტყვებს. იგი გონებით უნდა შეუერთდეს ლოცვას, მისმა სულმა უნდა მოიცვას ლოცვა და, იმავე დროს, ლოცვის მეშვეობით იპოვოს თავისი სული.
არის კი ამისათვის საკმარისი მხოლოდ ადამიანის ძალისხმევა?
არა. ადამიანი უნდა ლოცულობდეს ლოცვის მოსაპოვებლად: უნდა ევედროს ღმერთს შეწევნას, შესთხოვოს მას ლოცვის კურთხევა, მისი ძალების განმტკიცება, რადგან ღვთის მადლის გარეშე კაცს არაფერი შეუძლია, ცოდვის გარდა; მეტიც, მას რაიმე კეთილის, ცხონების მომნიჭებელის მოფიქრებაც კი არ ძალუძს.
მაშ, რაღაში მდგომარეობს ადამიანის ღვაწლი, მისი მონაწილეობა თავისი ცხონების საქმეში?
იმაში, რომ საკუთარი ნებით დაჰყვეს ღვთის მადლის მოქმედებას.
image image
 


26 ივნისს (ახალი სტილით: 09 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28