image

თემა: სიმართლე

რატომ დევნის ჭეშმარიტ რწმენას, კეთილზნეობასა და სიმართლეს ეს სოფელი, თუკი ყოველივე ასე კარგად მოქმედებს ადამიანზე – ამკვიდრებს საზოგადოებაში ერთობას, ურთიერთსიყვარულს, კეთილ ჩვევებს, მშვიდობას, სიწყნარესა და წესრიგს? იმიტომ, რომ წუთისოფელი ბოროტებაშია ჩაფლული: „ადამიანებმა შეიყვარეს სიბოროტე უფროის სახიერებისა“ (ფს. 51.3). მაცხოვარმა ელეონის მთაზე ქადაგებისას დასახა ცხოვრების ორი გზა: ფართო და ვიწრო. „ვრცელ ბჭეს“ მივყავართ დაღუპვისაკენ და ამ გზაზე მრავალი მიდის. „ვიწრო ბჭეს“ კი მივყავართ მარადიული ნეტარებისკენ – ცხონებისაკენ. „ვიწრო ბჭე“ მოითხოვს ღვაწლს, მუდმივ სულიერ ბრძოლას ცოდვის წინააღმდეგ და აღსავსეა მრავალი დაბრკოლებით. ჩვენს წინააღმდეგ აღდგება ჩვენივე სხეული, პირველქმნილი ცოდვით წარყვნილი ჩვენი ბუნება, რომელსაც სულს უხუთავს ზრუნვა სულისა და ხორცის სიწმინდისათვის. აღდგება კაცთა მოდგმის მტერი, რომელსაც ეჯავრება ადამიანის ზრუნვა ცხოვნებისათვის. აღდგებიან გარშემომყოფი ადამიანებიც, რომლებსაც მორწმუნეთა კეთილი ცხოვრება საკუთარ უკეთურებათა სამხილებლად მიაჩნიათ. ყოველი ასეთი ამბოხი, განსაკუთრებით მათი მხრიდან, ვინც კარგი თვალით არ უყურებს მორწმუნეებს, მიმართულია უფლის წინააღმდეგ. ბოროტ, გარყვნილ ადამიანებს მუდამ სძაგდათ მართალნი, სდევნდიენნ მათ და ყოველთვის გააგრძელებენ მათ დევნას. მაცხოვრის ამაღლების შემდგომ, ხანგრძლივი დროის მანძილზე მეფობდა საშინელი დევნა ქრისტეს ერთგულთა და მიმდევართა. როგორც თავად უფალი ბრძანებს, ამ დევნას საფუძვლად სიმართლის სიძულვილი ედო, არა ზოგადად სიმართლისა – საზოგადოებრივი ცხოვრების, სამსახურებრივი, ყოფითი ურთიერთობების, არამედ ადამიანისათვის ყველაზე არსებითის – ქრისტესმიერი სიმართლისა. მხოლოდ ეს სიმართლე აკმაყოფილებს ადამიანის სულის ძირითად მოთხოვნებს და მხოლოდ მას ძალუძს ნამდვილი დახმარება.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები