ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 

ღირსი ევფროსინე

მოიხსენიება 11 სექტემბერს (ახალი სტილით: 24 სექტემბერს)
ღირსი ევფროსინე ალექსანდრიელი V საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ალექსანდრიაში. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი მშობლების ერთადერთი ასული იყო. ქალწულს დედა ადრე გარდაეცვალა და მისი აღზრდის მთელი სიმძიმე მამას - პაფნუტის დააწვა. ღრმადმორწმუნე, კეთილმსახური ქრისტიანი - პაფნუტი ხშირად დადიოდა ხოლმე მონასტერში და სულიერებაში მეტად წარმატებულ მის იღუმენს რჩევა-დარიგებებს ეკითხებოდა. როცა ევფროსინეს თვრამეტი წელი შეუსრულდა, მამამ მისი გათხოვება გადაწყვიტა და კვლავ სავანეს მიაშურა, რომ წმიდა ბერისგან კურთხევა ეთხოვა ასულის ქორწინებაზე. წინასწარცნობის მადლით დაჯილდოებული მოსაგრე გაესაუბრა ევფროსინეს და ასე დალოცა: "ღმერთმან უმჯობესი სულისა შენისაჲ ყავნ, შვილო, და შიშისა მისისა მიმართ განგამტკიცენ და ღირს-გყვენ განმზადებულთა კეთილთა სათნოთა მისთათჳს".
ქალწულმა ღვთის განგებულებით უდაბნოდან ალექსანდრიაში ჩასული ერთი ბერის მიერ ფარულად შეიმოსა მონაზვნური სქიმა, მაგრამ შიშობდა, რომ დედათა მონასტერში მამა მიაგნებდა, ამიტომ ბერ იზმარაგდის სახელით მამათა სავანეს მიაშურა. იღუმენმა ახალმოსული "საღმრთოთა შინა ბრძენ" და უვნებლობას მიწევნულ მამა აღაპის მორჩილებაში განაწესა. მოძღვარმა ევფროსინეს უბრძანა, სენაკში დაყუდებით ეღვაწა. მასთან მისვლის ნება მხოლოდ მამა აღაპის ჰქონდა. წმიდანი კიდევ უფრო ფიცხელ ღვაწლს შეუდგა: "შრომათა შრომანი და მარხვასა მარხვაჲ და პირველთა მღჳძარებათა უმეტესნი მღჳძარებანი დასძინნა".
ევფროსინეს მამას - პაფნუტის თავზარი დასცა ასულის გაუჩინარებამ. დიდხანს ამაოდ ეძია შვილი. მწუხარებით შეპყრობილმა, მოუხშირა მონასტერში სიარულს. აქ იგი იღუმენთან და ბერებთან საუბარში პოულობდა ნუგეშს. წმიდანმა საიდუმლო მშობელს მხოლოდ მიცვალების წინ გაუმჟღავნა.
წმიდა დედა პატივით დაფლეს მამათა სასაფლაოზე. მის სენაკში კი დამკვიდრდა მამამისი - პაფნუტი, რომელმაც მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიებს დაურიგა და დიდხანს მოსაგრეობდა საცხოვნებელი მადლის მოსაგებად.
ნეტარი ევფროსინე 15 თებერვალსაც იხსენიება მამასთან - წმიდა პაფნუტისთან ერთად.

0_28