ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 

მოციქული ფილიპე - შვიდ დიაკონთაგანი

მოიხსენიება 11 ოქტომბერს (ახალი სტილით: 24 ოქტომბერს)
წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას. მისი ქადაგებით მოექცა გრძნეული სიმონი, რომელმაც "ნათელ-იღო და იყო დადგრომილ ფილიპეს თანა" (საქმე; 8,13).

უფლის ანგელოზის მინიშნებით წმიდა მოციქული იერუსალიმიდან ღაზისკენ მიმავალ გზას დაადგა, აქ შეხვდა ინდოეთის დედოფლის კარისკაცს, საჭურისს, "რომელი იყო ყოველსა ზედა საფასესა მისსა" და მონათლა (საქმე, 8, 26-39). ამის შემდეგ "სულმან უფლისამან წარიტაცა ფილიპე" და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ღაზის მახლობლად მდებარე ქალაქ აზოტში აღმოჩნდა. იგი "მიმოვიდოდა და ახარებდა ყოველსა მას ქალაქებსა ვიდრე მოსლვადმდე მისა კესარიად" (საქმე; 8,40). კესარიაში ნეტარმა რამდენიმე ხანი დაჰყო საკუთარ სახლში, შემდეგ კი იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.

წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მის ოთხ ასულს, რომლებიც კეთილმსახურებით და ქალწულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, უფალმა წინასწარმეტყველების ნიჭი მიმადლა (საქმე, 21, 8-9). ერთი მათგანი - ერმიონია (ხს. 4 სექტემბერს) მოწამეობრივად აღესრულა.

წმიდა ფილიპე მოციქული - შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან - ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება (ხს. 14 ნოემბერს).

0_28