ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 

ღირსი ბარლაამ და იოდასაფი - ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი

მოიხსენიება 19 ნოემბერს (ახალი სტილით: 2 დეკემბერს)
ღირსი ბარლაამი (ბალაჰვარი) და იოასაფი (იოდასაფი) - ინდოეთის მეფის ძე და მამა მისი აბენესი. ინდოეთში წმიდა თომა მოციქულმა იქადაგა ქრისტიანული სარწმუნოება და დააარსა წმინდა ეკლესია, მაგრამ ქვეყანა მაინც ძირითადად წარმართული აზროვნების ტყვეობაში დარჩა. IV საუკუნეში ინდოეთს წარმართი მეფე აბენესი მართავდა. იგი დიდხანს იტანჯებოდა უშვილობით, მაგრამ ბოლოს ყოვლადსახიერმა უფალმა მემკვიდრე მიანიჭა. გახარებულმა აბენესმა ახალშობილ ყრმას იოასაფი (იოდასაფი) დაარქვა, კიდევ უფრო ადიდა წარმართული ღმერთები და ვარსკვლავთმრიცხველებს, ფილოსოფოსებსა და მისნებს მოუწოდა, "რათა აუწყონ, თუ რა წინა-უც ძესა მისსა". შემოკრებილთაგან უბრძნესმა ხელმწიფეს აუწყა, რომ იოასაფი მამისთვის საძულველ ქრისტეს სჯულს მიიღებდა. ეს რომ ესმა, აბენესს სიხარული მწუხარებად გადაექცა, ბრძანა, სამ დღეში ყველა ქრისტიანს დაეტოვებინა მისი სამეფო.
თავისი ძისთვის ხელმწიფემ ააგო სასახლე, სადაც განკერძოებულად უნდა აღეზარდათ ისე, რომ მაცხოვრისა და მისი სწავლების შესახებ ერთი სიტყვაც არ გაეგონა. როცა იოასაფი წამოიზარდა, მამას სასახლიდან გასვლისა და ქვეყნის მოხილვის ნებართვა სთხოვა და აბენესმაც შეუსრულა გულისწადილი. მაშინ იოასაფმა შეიტყო, რომ არსებობს ტანჯვა, სნეულება, სიბერე და სიკვდილი, სცნო, "რომ არღარა ჰამო არს ცხორება ესე საწუთროისა" და მტანჯველ ფიქრებს მიეცა.
ამ დროს შორეულ უდაბნოში მოღვაწეობდა ღვთივგაბრძნობილი ბერი ბარლაამი (ბალაჰვარი), რომელსაც უფალმა აუწყა, რომ ჭეშმარიტების არსზე ჩაფიქრებულ მეფისწულს სულიერი წინამძღვარი სჭირდებოდა. წმიდანმა დატოვა სამოღვაწეო ადგილი, ვაჭრის სამოსელი გადაიცვა, სასახლეში მივიდა და მეფისწულის გამზრდელს შეუთვალა: "მაქვს მე თვალი პატიოსანი და უკუეთუ გნებავს, მიიღე იგი მეფისა ძისათვის, რამეთუ ბრმათა აღუხილავს თვალთა და ყრუთა ასმენს, და უტყვთა ატყვებს, და უძლურთა ჰკურნებს და ნაკლულევანთა განამდიდრებს და მტერთა ზედა მძლე ჰყოფს, და ყოველსა საწადელსა გულისასა მოატყვებს". ღვთის ნებით, მან შეაღწია იოასაფთან და ჯერ იგავებით, შემდეგ კი წმიდა სახარებიდან და სამოციქულოდან მოხმობილი ადგილებით ქრისტიანული სწავლება განუმარტა. ბარლაამის შეგონებებიდან ჭაბუკმა გულისხმაყო, რომ ძვირფასი თვალი - მაცხოვრის სარწმუნოებაა, გულით მიიღო იგი და მოინათლა. წასვლის წინ წმიდა მოძღვარმა სულიერ შვილს დაუბარა: "დაუმარხე ღმერთსა სჯული მისი, რომელი მოგცა ჩემ მიერ. განეკრძალე, რათა არა გარდაჰხდე მცნებათა მისთა და შთაჰვარდე მთხრებლსა წარწყმედისასა". პასუხად კი მიიღო: "შენ მხადი ძედ მეფისა და არა ვარ ძე მეფისა, არამედ მონა და ძე მეუფისა უკვდავისა".
"ამიერითგან იწყო იოდასაფ მარხვად და ლოცვად ღმრთისა მიმართ. და რაჟამს კაცნი დაწვიან, მან იწყის ღამის თევად და ტირილითა და სულთქმითა აღასრულებდა ლოცვათა თვისთა".
როცა ძის გაქრისტიანება შეიტყო, აბენესი რისხვამ და მწუხარებამ შეიპყრო. მაშინ ერთ-ერთმა დიდებულმა მას აუწყა ჯადოსნის, ნაქორის შესახებ, რომელიც გარეგნულად ძლიერ ჰგავდა ბარლაამს და ურჩია, ის გამოეყენებინათ მეფის ძის წარმართობისკენ მისაბრუნებლად. მეფის მხედრებმა უდაბნოში ბარლაამის თანამოსაგრეები მოიძიეს, დახოცეს, ნაკუწ-ნაკუწ აჩეხეს და მათი ნაწილები გზაზე მიმოაბნიეს. ბარლაამის ნაცვლად, რომელსაც, ღვთის ნებით, ვერ მიაკვლიეს, მათ ქალაქში ნაქორი ჩაიყვანეს. ამის შემდეგ, აბენესის ბრძანებით, ქრისტიანები და წარმართები ერთმანეთს დაუპირისპირეს. კამათში ქრისტიანების მხრიდან იოასაფის გარდა, ბარლაამად საგონებელ ნაქორს უნდა მიეღო მონაწილეობა და თავი დამარცხებულად ეცნო. ღვთის განგებით, ქრისტიანულ სწავლებას გაცნობილმა ჯადოქარმა არა მარტო დაამარცხა წარმართები, არამედ წრფელი გულით ირწმუნა ქრისტე, შეინანა, მოინათლა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ.
ამის შემდეგ მეფემ მოუწოდა უმშვენიერეს ქალწულებს და იოასაფის ცოლობას დაჰპირდა მას, ვინც მის ცთუნებას შესძლებდა. ასულები "წინა უროკვიდეს და სტვირითა და ჩანგებითა ქებასა შეასხმიდეს" მეფის ძეს. წმინდანი ვნებების დასაცხრობლად სანთლის ალზე ადებდა ხელს და ტკივილისაგან შეწუხებული, ბრძნულად ამხელდა საკუთარ თავს: "ჰოი, იოდასაფ საწყალო, უკუეთუ ვერ დაუდგამ აწ ცეცხლსა შენსავე აღნთებულსა და კვალად დაშრეტადსა და მას საუკუნეთა ვითარ დაუდგნე ცეცხლსა დაუშრეტელსა და ვითარ მოითმენ ბნელსა მას გარესკნელსა

0_28