მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

მოიხსენიება 9 დეკემბერს (ახალი სტილით: 22 დეკემბერს)
მუცლადღება მართალი ანას მიერ ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დედა - ანა ლევიტელთა ტომის ჩამომავლის, ბეთლემელი მღვდლის - ნათანის ასული იყო. იგი გალილეის მკვიდრს, მართალ იოაკიმეს მიათხოვეს. მეუღლეები ოცი წელი ცხოვრობდნენ უშვილოდ და რადგანაც იუდეველთა მაშინდელი შეხედულების მიხედვით უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა, მათ მწუხარებას საზღვარი არ ჰქონდა - ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს ნაყოფის მინიჭებას. ბოლოს ღმერთმა შეისმინა წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა და ანგელოზის პირით იოაკიმესა და ანას ახარა ჩასახვა ასულისა, "რომლისა მიერ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი".

"დღესასწაულობს დღეს ყოველი სოფელი ანას მუცლად ღებას, საღმრთოდ აღსრულებულსა, რამეთუ ამან გვიშვა ზესთა სიტყვისა, მშობელი იგი სიტყვისა", - ნათქვამია დღესასწაულის კონდაკში (იხ. 25 ივლისის და 9 სექტემბრის საკითხავებში).