ღირსნი მამანი, რომელნი მოისრნენ სარკინოსთაგან სინასა და რაითს: საბა, ისაია, მოსე და მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნე, პროკლე, ისააკი, აპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსები და ილია

მოიხსენიება 14 იანვარს (ახალი სტილით: 27 იანვარს)
ღირსი მამები, სინასა და რაითში მოწყვეტილნი მოღვაწეობდნენ სინას მთაზე და მის მახლობლად, მეწამული ზღვის ნაპირას მდებარე რაითის სავანეში -"ქუაბთა და მთათა და ნაპრალთა ქუეყანისათა". ბერები საოცრად თავშეკავებული, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდნენ: მთელი კვირის მანძილზე მდუმარებაში იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან ფარულად მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საერთოდ არ ღებულობდნენ. "და იყვნეს იგინი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყჳთელ იყვნეს და ჴორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა”.

312 წელს, ქრისტეშობიდან მესამე დღეს სინას მონასტერს სარკინოზები დაეცნენ და საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს. ტაძრის მახლობლად მყოფმა ბერებმა კოშკს შეაფარეს თავი და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შეწევნას. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულებს და "აჩვენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაჲ კუამოდა, და ცეცხლი აღიწეოდა ვიდრე ცადმდე.” სარკინოზები საოცარმა სახილველმა დააფრთხო და გაიქცნენ, "ზოგი აქლემებისა მათისაჲ და საჭურველისა მათისაჲ დაყარეს შიშისაგან ".

მეორე დღეს ცოცხლად გადარჩენილმა მონაზვნებმა იწყეს "სლვად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა". 38 მოკლული ჰპოვეს, ორიც - მძიმედ დაჭრილი. საშინელი სახილველი იყო მოხუცი, ღვაწლმოსილი ბერების ცხედრები: "რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუაჲ ყოვლადვე ორად განკუეთილ იდვა. და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცჳვნებულ იყვნეს, და სხუაჲ ჴელით და ფერჴით დაჭრილი იდვა, ვითარცა ჴუნდი”. იმედოვნებდნენ, რომ დაჭრილთაგან ერთი – ამბა საბა გადარჩებოდა, მაგრამ თავად იგი ძლიერ წუხდა ამის გამო, "ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაჲ მე, რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისაჲ და ვერ შევედ მას შინა”. ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, არ განეშორებინა იმ წმიდა მამებისგან, რომლებიც მისი სახელისათვის სიკვდილის ღირსნი შეიქნენ. ღმერთმა წყალობით მოხედა ბერს და წმიდათა მოწყვეტიდან ოთხი დღის შემდეგ მისი სულიც შეივედრა. "და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხჳ მათი რიცხჳსაებრ წმიდათა ორმეოცთაჲსა”.

როგორც გაირკვა, სწორედ ამ დღეს საშინელი სისხლისღვრა გაჩაღებულა რაითშიც. რაითის მონასტერს ზღვიდან თავს დაესხნენ არაბთა ტომები – აბაშები, "რიცხჳ მათი ვითარ სამას კაც”. ამ დროს მონასტერში ორასამდე ერისკაცი იმყოფებოდა ოჯახით, ისინი აღსდგნენ ცოლ-შვილისა და სავანის ბერების დასაცავად, მაგრამ ვერას გახდნენ – ბრძოლაში გამოცდილმა და რაოდენობითაც აღმატებულმა მტერმა დაამარცხა და "წარტყუენეს ყრმები და დედები მათ თანა ".

ამის შემდეგ უღმრთოებმა ტაძარს თავშეფარებულ ბერებამდეც მიაღწიეს: "ვითარცა მჴეცნი მძჳნვარენი რბიოდეს და ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და უშუერითა". მონასტრის წინამძღვარმა –პავლემ განამტკიცა ძმები, შემდეგ კი საკურთხევლისკენ პირმიქცეულმა ზეცად აღაპყრო ხელები და უფალს შემწეობა სთხოვა.

ამასობაში უღმრთოებმა ტაძრის კარებთან მჯდომი იერემია შეიპყრეს და წინამძღვრის ჩვენება მოსთხოვეს. "არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი" - მტკიცედ უპასუხა ბერმა. უსჯულოებმა ხელ-ფეხი შეუკრეს "და დაადგინეს იგი შიშუველი და ესრეთ ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ჴორცნი მისნი”. წმიდა იერემია არც განძრეულა, სიხარულით და მადლობით დაითმინა სატანჯველი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

როცა ეს პავლემ იხილა, გამოეყო ძმებს და განაცხადა: "აჰა, ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ”. უსჯულოებმა ახლა მას მიჰმართეს ცემით და გადამალული განძის ჩაბარება მოსთხოვეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიიღებდნენ, ერთმა მათგანმა მახვილით თავი გაუპო წმიდანს "და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდისა ტანჯვისა”.

ამის შემდეგ მეომრები ღრიალით შეიჭრნენ ტაძარში და დაერივნენ წმიდა მამებს: "იწყეს ცემად მათთა მახჳლითა, ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუეთეს და რომელნიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახჳლითა ნაწლევნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მჴარსა ეხეთქნა და ორად განეპო, ვიდრე მკერდამდე, ვიდრემდის ესრეთ მოწყვიდნეს წმიდანი იგი მამანი".

უღმრთოებს ძლიერ მოეწონათ ამბა სოლომონის ვაჟი, თხუთმეტი წლის სერგი და გადაწყვიტეს, თან წაეყვანათ იგი. როცა ყრმამ იხილა, რომ "არა მოჰკლავენ მას მოყუასთავე თჳსთა თანა და ეგულების წარყვანებაჲ მისი მათ თანა”, ჯერ მწარედ ატირდა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა, განაგდო შიში, "აღიღო მახჳლი ერთი მათგანისაჲ და უხეთქნა მჴარსა ოდენ ჰაბაშისასა” - სიკვდილის მაძიებელს მტრის განრისხება სურდა. მიაღწია კიდეც თავისას: "ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახჳლითა”.

როცა ხოცვა – ჟლეტისაგან მოიცალეს, ბარბაროსებმა ტაძრისა და სენაკების ჩხრეკა დაიწყეს – განძს ეძიებდნენ. "არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაჲ აქუნდა წმიდათა მათ ქვეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფასე და სიხარული წარუვალი ქრისტეს მიერ უფლისა ჩვენისა”. უსჯულოების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა – მათ ტყვედ წასხმული ქალები და ბავშვებიც დახოცეს, მაგრამ თვითონაც საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს – მოყვასთა დასახმარებლად მოსულ ქრისტიანთა ლაშქარს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.

ამ დღეს აღსრულებული მამები "მონანი იყვნეს. ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულისა სასუფეველისა მისისასა. ვევედრნეთ წმიდათა მათ, რაჲთა ითხოვონ ჩუენთჳს შეწევნაჲ".

სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღგვიწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა (ხს. 12 ნოემბერს) მოგვითხრო.

სინასა და რაითის მონასტრებში ამ დღეებში გაბრწყინებული წმიდანებიდან მხოლოდ რამოდენიმეს სახელია ცნობილი: საბა, ისაია, მოსე, მოწაფე მისი მოსე, იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნი, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსები და ილია.

src="http://sibrdzne.ge/lightbox/js/lightbox.js">