ღირსი იოანე განდეგილი

მოიხსენიება 19 ივნისს (ახალი სტილით: 2 ივლისს)
ღირსი იოანე განდეგილი პალესტინაში, იერუსალიმის მახლობლად მოღვაწეობდა. ერთადერთი, რაც უპოვარ მოსაგრეს გააჩნდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი იყო. წმიდა მამა ხშირად მოგზაურობდა იერუსალიმისა და სინას მთის წმიდა ადგილების მოსალოცად. მღვიმიდან გასვლის წინ იგი ღვთისმშობელს გამოსთხოვდა კურთხევას და ხატთან ანთებულ კანდელს ტოვებდა. ერთი, ზოგჯერ კი ექვსი თვის შემდეგაც უკან მობრუნებულ მამას კანდელი ყოველთვის ჩაუმქრალი და ზეთით სავსე ხვდებოდა.

ერთხელ, ვიწრო ბილიკზე ბერს ლომი შემოხვდა, გაქცევაც შეუძლებელი იყო და გვერდის ავლაც. მაშინ თვითონ ნადირთა მეფემ მოიდრიკა ქედი წმიდანის წინაშე: უკანა თათებზე დამდგარი ფრთხილად აეკრა კლდეს და მოწიწებით გაატარა განდეგილი.

ღირსი იოანე განდეგილი VI საუკუნეში გარდაიცვალა ღრმა მოხუცებულობაში.