მოციქული აკვილა - სამოცდაათთაგანი

მოიხსენიება 14 ივლისს (ახალი სტილით: 27 ივლისს)
წმიდა მოციქული აკვილა, სამოცდაათთაგანი იყო "ჰურიაჲ... პონტოელი ნათესავით" და მეუღლესთან, პრისკილასთან ერთად ქალაქ რომში ცხოვრობდა. იმპერატორ კლავდიუსის (41-54) ზეობისას ყველა ებრაელი გააძევეს დედაქალაქიდან და აკვილაც მეუღლითურთ იძულებული გახდა, დაეტოვებინა იქაურობა. ისინი კორინთოში დასახლდნენ. მალე აქ ათენიდან მოციქული პავლე ჩავიდა სახარების საქადაგებლად, გაეცნო აკვილას და "რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა" - კარვების დამზადებით ირჩენდნენ თავს (საქმე; 18,3).

პავლეს ხელით ნათელღებული აკვილა და პრისკილა მისი ერთგული მოწაფეები გახდნენ და თან ახლდნენ წმიდანს ეფესოში მოგზაურობისას. როცა მოახლოებული სულთმოფენობის დღესასწაულზე დასასწრებად ნეტარი მოციქული იერუსალიმში გაემგზავრა, თავისი არყოფნისას ეფესოში სახარების სწავლება ღვთისმოყვარე ცოლ-ქმარს მიანდო. სწორედ ამ დროს ჩავიდა ქალაქში "ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით". სულით მდუღარე და "სიტყუა-მეცნიერი" მქადაგებელი შესაკრებელსა შორის "ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი". აკვილამ და პრისკილამ შეიტყვეს ამის შესახებ, "მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ" (საქმე; 18, 24-27).

კლავდიუს კეისრის სიკვდილის შემდეგ ებრაელებს კვლავ დართეს იტალიაში ცხოვრების ნება და წმიდა მეუღლეებიც რომს დაუბრუნდნენ. პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ასე იგონებს ერთგულ მოწაფეებს: "კითხვაჲ არქუთ პრისკილას და აკვილას, თანა-შემწეთა ჩემთა ქრისტე იესუჲს მიერ, რომელთა - იგი სულისა ჩემისათჳს ქედნი მათნი წარუპყრნეს, რომელთადა არა მე ხოლო მადლიერ ვარ, არამედ ყოველნი ეკლესიანი წარმართთანი, და სახლად-სახლად კრებულნი მათნი" (რომ.; 16, 3-5). რომში აკვილა დიდხანს არ დარჩენილა: პავლე მოციქულმა იგი ასიის ეპისკოპოსად დაადგინა. წმიდანი იღვწოდა ასიაში, აქაიასა და ჰერაკლიაში; მოციქულებრივ საქმიანობაში მას დაუცხრომლად შეეწეოდა წმიდა პრისკილაც. ქრისტეს ერთგულ მსახურებს უსჯულოებმა წამებით ამოხადეს სული. მათი უხრწნელი ნაწილების უმეტესობა რომშია დაცული.