ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 

მართალი ევდოკიმე კაბადოკიელი

მოიხსენიება 31 ივლისს (ახალი სტილით: 13 აგვისტოს)
მართალი ევდოკიმე, დიდგვაროვანი და კეთილმსახური მშობლების, ბასილისა და ევდოკიას ძე, იმპერატორ თეოფილეს (829-842) ზეობისას ცხოვრობდა კაბადოკიაში. მაცხოვრის მცნებების ერთგულებით აღზრდილი ჭაბუკი ღვთისმოშიშებით ატარებდა დღეებს და მოყვასის მსახურების მაგალითს იძლეოდა. მას უქორწინებლობის და უმანკოების აღთქმა ქონდა დადებული. კეთილკრძალული ცხოვრებისათვის იმპერატორმა ნეტარი ევდოკიმე ქარსიანის ოლქის მმართველად დანიშნა. ღმერთს მინდობილი ევდოკიმე თვინიერად და ერთგულად ეზიდებოდა თავის ჯვარს, კეთილად განაგებდა ხალხს, ზრუნავდა გლახაკებზე, ობლებსა და ქვრივებზე, იყო ჩაგრულთა ქომაგი და დამცველი; მისი პირადი ქრისტიანული ღვაწლი კი მხოლოდ უფლისათვის იყო ცნობილი.
უბიწო ცხოვრებით მართალი ევდოკიმე სათნოეყო ღმერთს და ღმერთმა იგი ოცდაცამეტი წლის ასაკში გაიყვანა წუთისოფლიდან. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე წმინდანმა ითხოვა, იმავე სამოსლით დაეკრძალათ, რომელშიც აღესრულებოდა. გარდაცვალების დღიდანვე მის ცხედართან სასწაულები და კურნებები აღესრულებოდა.
თვრამეტი თვის შემდეგ წმიდა ევდოკიმეს დედამ გადაწყვიტა შვილი კონსტანტინოპოლში გადაესვენებინა. საფლავის გახსნისას ნახეს, რომ ნეტარი ევდოკიმეს ცხედარს ხრწნილება არც მიჰკარებოდა; კეთილსურნელება იფრქვეოდა ირგვლივ. ქარსიანის მცხოვრებლებმა ვერ დათმეს მათთვის ძვირფასი სიწმინდე; მცირე ხნის შემდეგ მღვდელმონაზონმა იოსებმა, რომელიც ნეტარის საფლავთან მსახურობდა, მაინც გადაასვენა მისი წმინდა ცხედარი კონსტანტინოპოლში და ვერცხლის ლუსკუმაში ჩააბრძანა, ევდოკიმეს მშობლების მიერ აგებულ ღვთისმშობლის ტაძარში.

0_28