ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე
 

მღვდელმოწამე ბაბილა დიდი - ანტიოქიის ეპისკოპოსი და მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა

მოიხსენიება 4 სექტემბერს (ახალი სტილით: 17 სექტემბერს)
წმიდა მღვდელმოწამე ბაბილა დიდი, ანტიოქიის ეპისკოპოსი, მასთან სამნი ყრმანი: ურბანოსი, პრილიდიანე, ეპოლონი და დედა მათი ქრისტოდულა მესამე საუკუნეში, ქრისტიანთა სასტიკი დევნის დროს ეწამნენ.

[]ერთხელ, უღმრთო იმპერატორმა - ერთი ცნობით - დეკიუსმა (249-251), სხვა წყაროებით - ნუმერიანემ (283-284), საძაგელი კერპთმსახურების შემდეგ საღვთო ლიტურგიაზე დასწრება და ტაძარში თავისი შესვლით მისი შეგინება გადაწყვიტა. როცა ამის შესახებ მწირველს - ღვთისმოშიშ მღვდელმთავარ ბაბილას აუწყეს, იგი წინ აღუდგა უსჯულო ხელისუფალს, "მარჯუენითა თჳსითა სცა მკერდსა მისსა და ესრეთ დააყენა იგი ეკლესიად შესლვისაგან". მტარვალს სურდა, იქვე ეძია შური წმიდანზე, მაგრამ შემოკრებილ ქრისტიანთა სიმრავლის აღშფოთებას დაერიდა, "აღჳრ-ასხნა ბოროტსა მას კადნიერებასა თჳსსა" და სასახლეში გაბრუნდა.

მეორე დღეს იმპერატორმა ბრძანა, ცეცხლისთვის მიეცათ ქრისტიანთა ტაძარი, ეპისკოპოსი ბაბილა კი მისთვის მიეგვარათ. უსჯულო მეფის კითხვაზე, ვისი იმედით გაბედეო ჩემი ღირსების შეურაცხყოფა და ტაძარში არშეშვება, ნეტარმა მამამ მიუგო: "ქუეყანასა ზედა არა ვისითა სასოებითა ვყავ ესე, გარნა ზეცისა მეუფისაჲთა, რომელმან-იგი მწყემსად თჳსთა ცხოვართა დამადგინა და მგლისა მიმართ მომავალისა ძილად უდებებით არა მიტევებს. ამისთჳსცა არა თუ მეფესა ვაგინე, რამეთუ ამისი ქმნაჲ გარეგან არს შჯულისა და არა მშორობელ სიბორგილისა, არამედ სიწმიდისა შეგინებად შემავალი და განმცდელი დავაყენე".

იმპერატორმა წმიდა მღვდელმთავარს მოსთხოვა, თაყვანი ეცა კერპებისთვის და ამით გამოესყიდა დანაშაული; წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით დასჯით დაემუქრა. მაგრამ, როცა დარწმუნდა, რომ მარტვილის სიმტკიცე შეურყეველი იყო, მხედართმთავარს უბრძანა, ბორკილები დაედო წმიდა მამისთვის, ქალაქში, "შორის თეატრონისა და ყოველთა სახილველისა" ეტარებინა და ასე მიეყვანა საპყრობილეში. მტარვალი იმედოვნებდა, რომ წმიდანი ბრბოსგან აბუჩად აგდებას ვერ აიტანდა. პირველმა თავად დაუწყო დაცინვა: როგორ გშვენისო ეს საკვრელები და ბორკილები, "რამეთუ თჳს-ეყვიან იგინი მოხუცებულებრსა მაგას შენსა განშუენებით მოძრაობასა!" ნეტარმა ბაბილამ უპასუხა: "შენ სამე კიცხევით და ლიქნით იტყჳ სიტყუათა მათ, ხოლო მე ესოდენ განვშუენდები ამათ მიერ, ვიდრეღა არცა თუ შენ, ჵ მეფე, ყუავილოვნებითა მაგით და პორფირითა და გჳრგჳნისა ბრწყინვალებითა".

წმიდა ეპისკოპოსს თან ახლდა სამი ყრმა, "მოხუცებულნი სიბრძნითა გონებისაითა, რომელნი - იგი მოსწრაფებით ისწავებდეს ღმრთისმსახურებასა". მათ განსაცდელის უმძიმეს წუთებშიც არ ისურვეს მოძღვრის დატოვება. როცა იმპერატორმა ბავშვების ვინაობა იკითხა, ბაბილამ უპასუხა: ესენი ჩემი სულიერი შვილები არიან, თუ მათ გამოცდი, მაშინ სცნობ, "თუ ვითარნი არიან თესლნი სიტყუათა ჩემთანი და უფროჲსღა მათისა მის ჩუენდა მომცემელისა ღმრთისანი". მტარვალის წინაშე წარმდგარმა ყრმებმა და მათმა დედამ - ქრისტეს ერთგულმა მხევალმა ქრისტოდულამ მართლაც საოცარი სიმტკიცე გამოიჩინეს. როცა თვითმპყრობელმა ვერანაირი ღონისძიებით ვერ შეძლო წმიდანთა ცდუნება და ქრისტეს უარყოფაზე დაყოლიება, ბრძანა, იმდენ ალაგას დაესერათ მათი სხეული, რამდენი წლისაც იყო თითოეული. ყრმათაგან უფროსს თორმეტი ჭრილობა მიაყენეს, შუათანას - ათი, ნაბოლარას კი - შვიდი. იმპერატორმა ქრისტეს ტარიგთა ახოვნება რომ იხილა, მათთვის თავების მოკვეთის განკარგულება გასცა.

0_28