თუ გვსურს მივიღოთ მადლი ღვთისა, გავაქარვოთ რისხვა ღვთისა და კაცთა. თუ დაგჩაგრა ვინმემ გულფიცხელობით, თუ გაგინა ვინმემ, მწარე სიტყვა გითხრა, გული გაიმაგრე, ანუ, რომელიც უმჯობესი იქნება და სათნო ღვთისა, უპასუხე: „მართალია, მაგრამ თუ ისეთი ვარ, როგორც შენ ამბობ, მომიტევე“. ათასში ერთხელ არ მოხდება, თითქმის არ შეიძლება, რომ შენს დამჩაგვრელს, მაგინებელს არ შერცხვეს, არ შეიკდიმოს და არ მოინანოს. შენ იფიქრებ: „როგორ შეიძლება ასე მოქცევა! თუ ასე მოვიქცევი, მაშინ ყოველი კაცი დამჩაგრავს, ცხოვრება აღარ შემეძლება ქვეყანაზედ“. არა, ძმაო! ამას შენ იმისთვის ჰფიქრობ, რომ ცუდი, შეცდომილი აზრი გაქვს ადამიანის ხასიათზედ. ვინ იქნება ისეთი მხეცი, რომ, მხედველი ამისთანა შენი სიმშვიდისა, სიწყნარისა, არ შერცხვეს და არ შეინანოს. თუნდა სრულიად მხეცი იყოს შენი მოპირდაპირე, მაშინაც ძლიერ შესწუხდება მით, რომ მის ცუდს სიტყვას მოქმედება არა აქვს შენზედ სრულიად. როგორც ძაღლის ყეფას მიმავალი კაცი, ისე ყურადღებას შენ არ აძლევ მის სიტყვას. ის შეგატყობს, რომ შენი სულგრძელება აღემატება მის სულმოკლეობას და ამისთვის შერცხვება. ამისთანა უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანე. აკი თქმულ არს: „რომელმან გცეს შენ ყვრიმალსა შენსა მარჯვენესა, მიუპყარ მას ერთ კერძოცა“ (მათ. 5.39). შენ უნდა იყო სულგრძელი, მომთმენი, გონიერი. ამას გვამცნებს ჩვენ სახარება. სული და ხასიათი ქრისტიანისა უნდა იყოს აღვსებული მშვიდობითა, სიწყნარითა, სიყვარულითა.
link