ერთმა მართალმა მეუდაბნოემ შეამჩნია, რომ ერთი მისი სნეული მოწაფე ხშირი ამოოხვრით მოუთმენლობას გამოხატავდა, უთხრა: "ნუ სულმოკლეობ, შვილო ჩემო! შენი სხეული, რომელიც სნეულებით არის ტანჯული, შეიძლება, შენი სულისთვის მაცხოვნებელ მკურნალად იქცეს. თუ შენი საქმეებით რკინას ჰგავხარ, ტანჯვის ცეცხლი ჟანგისგან განგწმენდს, ხოლო თუ ოქრო ხარ, მაშინ ეს ცეცხლი შენს სათნოებებს მეტ ბრწყინვალებას მიანიჭებს".
ალექსანდრე მაკედონელს მოახსენეს, რომ ერთ-ერთი მეომარი უწესრიგოდ და უღირსად იქცეოდა.მეფემ მისი მოყვანა ბრძანა. როდესაც მეომარი ალექსანდრე დიდის წინაშე წარსდგა, მეფემ ჰკითხა:-რა გქვია შენ?-ალექსანდრე, - უპასუხა მეომარმა.ამის გამგონე მეფემ უყვირა:-შეიცვალე სახელი, ან იცხოვრე ისე, როგორც ამ სახელს ეკადრება.ყოველი ჩვენგანი ხომ ქრისტიანია, მაგრამ ვცხოვრობთ კი ისე, როგორც ამ სახელს შეჰფერის?
ერთმა ძმამ ბერს კითხა: "როგორ მოვიქცე მამაო? სამარცხვინო ზრახვები მანადგურებენ". ბერმა მიუგო: - "როდესაც დედას სურს, რომ ბავშვი ძუძუს მოსწყვიტოს, მწარე ზღვის ხახვს ისვამს. ბავშვი, ჩვეულებისამებრ, მივარდება ძუძუს, მაგრამ სიმწრის გამო სწრაფად განაგდებს. "ასევე, შენც, თუ გსურს, შენი ზრახვები სიმწარით დაფარე". ძმამ კვლავ ჰკითხა: "როგორი სიმწარით უნდა დავფარო?" "სიკვდილის ხსოვნით და მომავალი ცხოვრების სატანჯველზე ფიქრით". - უპასუხა ბერმა.
ერთხელ ერთი მღვდელი ვნახე, რომელიც გვნათლავდა სამშობლოში. წმინდა კაცი იყო. ქალწულებას იმარხავდა. მრავალ მოწყალებას გასცემდა. და ძილში მეუბნება: "სანამ ცოცხალი ვიყავი, მეგონა, რომ მხოლოდ ლიტურღიას ამოჰყავს სულები ჯოჯოხეთიდან, მაგრამ ახლა, რაც მოვკვდი, ცხადლივ დავინახე, რომ ლოცვებიც, რომლებსაც თქვენ აღავლენთ, იხსნიან დატანჯულ სულებს". ამრიგად, არ შეწყვიტოთ ლოცვა სულთათვის. რადგან მოწყალე ღმერთი მიზეზსა და საბაბს ეძებს, რომ სული აცხონოს
ერთხელ მამა მაკარი ტბიდან თავის სენაკში ბრუნდებოდა. მას პალმის ტოტები მიჰქონდა და გზად ცელით ხელში ეშმაკი შეხვდა. დემონმა მოინდომა მაკარისთვის დაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო და უთხრა:-ძალა შენია, მაგარი, მე უძლური ვარ შენ წინაშე; რასაც შენ აკეთებ, იმას ვაკეთებ მეც: შენ მარხულობ, მე საერთოდ არ ვჭამ. შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს; მხოლოდ ერთი რამით მამარცხებ.-რით? - ჰკითხა მაკარიმ.-სიმდაბლით, - უპასუხა ეშმაკმა, - აი, რატომ ვარ უძლური შენს წინაშე.
ერთხელ მამები მამა ანტონთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმიდა მამას მათი გამოცდა სურდა; ამიტომ წმიდა წერილიდან ერთ-ერთი გამონათქვამი შეარჩია და თითოეულს სათითაოდ ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ის. ყველა საკუთარი შეხედულებისამებრ პასუხობდა, ბერი კი თითოეულს ეუბნებოდა:-არა, ვერ მიმხვდარხარ!ბოლოს მამა იოსებს ჰკითხა:-შენ რას იტყვი ამ გამონათქვამზე?-არ ვიცი, - უპასუხა იოსებმა.მამა ანტონმა კი დასძინა:-მამა იოსები სწორ გზას ადგას, როცა ამბობს, არ ვიციო.
ერთი სათნოთმოყვარე კაცი ოცი წლის მანძილზე მუდმივად კითხულობდა ბიბლიას, ამასთან, არც სამსახურეობრივ, არც ლიტერატურულ საქმიანობას არ იკლებდა. ერთხელ ჰკითხეს მას, ნუთუ არ მობეზრდა, ერთიდაიგივეს გამუდმებით კითხვა. ვინ გითხრათ, - უპასუხა მან, რომ ეს ერთიდაიგივეა. მე დღითიდღე ახალ-ახალს აღმოვაჩენ წმინდა წერილში, რაღაც ისეთს, რაც უწინ არ შემიმჩნევია, და ღმერთია მოწამე, რომ ჩვენი დროის ადამიანს მათუსალასავით რომ ეცხოვრა, მაშინაც ვერ წაიკითხავდა ამ წიგნს ბოლომდე, თუნდაც ბოლომდე ეკითხა იგი".
ერთ სულიერ მონაზონს პირდაპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: "თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნებით, სწორედ ეს დამარწმუნებს, რომ არაწმიდა ვყოფილვარ; რადგან "ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე" (იგავ. 16,5). ამგვარად, ახლა ან განმშორდით, რომ თავი დიდებულ ადამიანად ჩავთვალო, ან მაქეთ და თქვენი საშუალებით უდიდეს სიმდაბლეს მოვიპოვებ". ისინი განაცვიფრა მისმა სიბრძნემ და დამარცხებულნი მაშინათვე გაუჩინარდნენ
ერთ მონაზონს, რომელსაც ამ წმიდა სათნოების შეძენა სურდა, ეშმაკები მიეძალნენ და მის გულში თავის ქება ჩანერგეს. ამ ნეტარმე კი, კეთილი საშუალება მონახა მის დასაძლევად: თავისი სენაკის კეთელზე მან ჩამოწერა დიდი და მაღალი სათნოებების სახელები, როგორიცაა სრული სიყვარული, ანგელოზებრივი სიმდაბლე, წმიდა ლოცვა, გამოუთქმელი სიწმიდე და სხვა ამის მსგავსნი. როდესაც აზრები ქებას დაუწყებდნენ მას, იტყოდა: ვიჩქარო სამხილებელში მისვლა! მივიდოდა, სათნოებათა სახელებს წაიკითხავდა და საკუთარ თავს ეუბნებოდა: ჰოი საბრალოვ, ეს ყველაფერი რომ შეგეძინა, მაშინაც კი ჯერაც შორს იქნებოდი ღვთისგან, არც ერთი ამათგანი ჯერაც რომ არ შეგიძენია, როგორღა ამპარტავნდები?!
-აქ რატომ დგახარ და ტირიხარ? - ჰკითხა ღირსმა ნიფონტმა ერთ ჭაბუკს, რომელიც საროსკიპოს კარებთან იდგა და მწარედ ტიროდა.-მე უფლის ანგელოზი ვარ, - მიუგო ჭაბუკმა, - მოვლენილი ცათაგან იმ ადამიანის მფარველად, რომელიც ბოროტად ცხოვრობს და აი, უკვე რამდენიმე დღეა, ამ საძაგელ სახლში დამღუპველ ცოდვას მისცემია. აქ იმიტომ ვდგავარ, რომ არ ძალმიძს, მივუახლოვდე და შევეწიო მძიმე, შეუნანებელ ცოდვილს; ცრემლსაც იმის გამო ვღვრი, რომ სინანულის გზაზე მისი დაყენების იმედი აღარა მაქვს