image
image
23
24
25
26
27
image
image
Loading..
image

თემა: გმობის ზრახვები,  ამპარტავნება,  სიმდაბლე

წმიდაო მამაო, ა,ბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვენებს "სიმდაბლოთ ვამარცხებთ და არა - ამპარტავნებით". ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?!არა. ვნებათა არად ჩაგდება ამპარტავნებაა, თვითდაჯერებულობა და რაც ყველაზე უარესია - თვითგამართლება. ანუ - შენ თავს იმართლებ და "უარყოფ" შენს ვნებას, თითქოს ამბობდე: - "ეს ჩემი ვნება არ არის, მას ჩემთან არანაირი კავშირი არა აქვს". - და არ იღვწი, რომ მისგან გათავისუფლდე. ხოლო გმობის გულისსიტყვები მართლაც უნდა უგულებელსვყოთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ნამდვილად ეშმაკისგან მოდის.ხოლო თუ ადამიანი სხვებს აჩვენებ თავს, თითქოს რაღაც ვნებით იყოს შეპყრობილი, მაგალითად, საკუთარ თავს ნაყროვანად წარმოაჩენს; ამის გამო იგი ეშმაკის დასაცინი გახდება?ამ შემთხვევაში ეს "კეთილი თვალთმაქცობა იქნება", მაგრამ ის ეშმაკისაგან დასაცინი არ იქნება. ეს შენ დასცინი ეშმაკს, როდესაც ის გმობის აზრებს გაწვდის, შენ კი ამ დროს საეკლესიო საგალობელს გალობ.
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები

წმიდაო მამაო, მსმენია, რომ იტალიასთან ომის დროს ბერძნები ცდილობდნენ, ჯერ მოწინააღმდეგის სიმაგრეების გაენადგურებინათ და შეტევაზე მერე გადასულიყვნენ.ამგვარივე საშუალებებით მოქმედებს ეშმაკი. ანუ, იმ მოწინააღმდეგის მსგავსად, რომელიც თვითმფრინავიდან უშენს ყუმბარებს მტრის სიმაგრეებს, რათა გაანადგუროს ისინი, შემდეგ კი საარტილერიო შეტევას წამოიწყებს. ეშმაკი ჯერ ზრახვებით დაცხრილავს ადამიანის გულს, შემდეგ კი პირდაპირ ესხმის მას თავს. ეშმაკი თავს ისე არ დაესხმის კაცს, თუ თავდაპირველად მის ზრახვებს არ გარყვნის, კეთილი ზრახვები ხომ იცავს ადამიანს, ისინი მისი "სანგარია".

"მემარცხენე" ზრახვა - ეს უცხო სხეულია და ადამიანი მის მოშორებას უნდა ცდილობდეს. თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია, ამ ბრძოლაში ჩაებას, თავს ვერავინ გაიმართლებს იმით, რომ სუსტია და ბრძოლის ძალა არა შესწევს. კეთილი განზრახვა ხომ წერაქვი ან ურო არ არის, რომ სუსტი ადამიანი მას ვერ მოერიოს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელები უკანკალებს. ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი კეთილად დავინახო. რატომ უნდა მივაქციო ყურადღება რაღაც სიმახინჯეებს?! სინამდვილეში ხომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანი ასე თვითრჯულობის გამო კი არ იქცევა, არამედ საგანგებოდ იმისათვის, რომ თავი დაიმდაბლოს.
წმიდაო მამაო, მე კი სულ "მემარცხენედ" "მიმუშავებს" გონება და ეს ძალიან მაწუხებს. ბრძოლით კი ვიბრძვი, მაგრამ "მარჯვნივ მობრუნება" არ შემიძლია.თუ შენ გაწუხებს ისინი და მათ განდევნას ცდილობ, ეს უკვე გარკვეული წინსვლაა. თუ წარმატების მიღწევა გსურს, მაშინ, როდესაც მაცდური "მემარცხენე" აზრებით გესხმის თავს, გიბიძგებს, რომ მისკენ შებრუნდე, ამ დროს საჭე მთელი ძალით შემოატრიალე საწინააღმდეგო მიმართულებით, მტერს კი ნურავითარ ყურადღებას ნუ მიაქცევ. სცადე, რომ საკუთარ თავში დანერგო კეთილი აზრები, როგორც უფროსი, ისე უმცროსი დების მიმართ, რომლებიც საკუთარი შინაგანი ღვაწლით არიან დაკავებულნი. ეშმაკი ხომ იმისთვის რყვნის შენს აზროვნებას, რომ შენი სულიერი ზრდა შეჩერდეს. საკუთარი ზრახვები რომ არ გიშლიდნენ ხელს, წინ გიგანტური სულიერი ნაბიჯებით ივლიდი. მთელი სულიერი ცხოვრება ზრახვებზეა დამოკიდებული. ზრახვებზეა დამოკიდებული წარმატებები სულიერ ცხოვრებაში.
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები,  კეთილი ზრახვები

წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ორი ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას სრულიად განსხვავებულად უცქერს?და განა ყველა თვალი ერთნაირად მკაფიოდ ხედავს?! იმისათვის, რომ ყოველივე მკაფიოდ და სუფთად დაინახო, ძალიან ჯანმრთელი სულიერი თვალი უნდა გქონდეს. თუ სულიერი თვალი ჯანმრთელია, ადამიანი შინაგან სისუფთავეს ფლობს.და რატომ ხდება, წმიდაო მამაო, რომ ერთსა და იმავე მოვლენას ერთი ადამიანი წყალობად თვლის, მეორე კი -უბედურებად?ყოველი ადამიანი ამათუიმ მოვლენას თავისი პორადი ზრახვების მიხედვით განმარტავს. ნებისმიერ მოვლენასა თუ გამოვლინებას შესაძლოა, შევხედოთ როგორც ცუდი, ასევე - კარგი მხრიდან. ოდესღაც ასეთი რამ შევიტყვე: ერთი მონასტრის გარშემო მშენებლობა წამოიწყეს, ნელ-ნელა ირგვლივ უამრავი ნაგებობა წამოიმართა და თანდათანობით მონასტერი საერო შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდა. მწუხრის მსახურება აქ შუაღამისას აღესრულებოდა - ცისკართან ერთად. ღვთისმსახურებაზე ერის ადამიანებიც დადიოდნენ შემოგარენიდან. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთ დამწყებ ბერს მსახურებაზე წასვლისას სენაკის კარის დაკეტვა დაავიწყდა და მასში ვიღაც ქალი შევიდა. როდესაც ბერმა ამის შესახებ შეიტყო, საშინლად ღელდა: "ეს რა უბედურებაა, სენაკი შებილწულია, ყველაფერი დამთავრდა, დავიღუპე"! ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მან სპირტის ფლაკონს დაავლო ხელი, იატაკზე წამოაქცია და ცეცხლი წაუკიდა. "იატაკის დეზინფექცია"! ცოტაც და მთელი მონასტერი დაიწვებოდა. სენაკის იატაკი კი დაწვა მან, მაგრამ ვერ დაწვა საკუთარი ზრახვები. არადა, სწორედ მათი დაწვა მართებდა, იმიტომ, რომ ბოროტება ზრახვებში იმალებოდა. კეთილი ზრახვები რომ აემუშავებინა, ბერი საკუთარ თავს ეტყოდა, რომ ქალი მის სენაკში ღვთისმოსაური განზრახვით შევიდა, კურთხევის, მონაზვნური მადლის მისაღებად. ამით ეს ბერი სულიერად შეიცვლებოდა და განადიდებდა ღმერთს.

ადამიანის სულიერი მდგომარეობა მისი ზრახვების ხარისხის მიხედვით იცნობა. ადამიანები საგნებსა და მოვლენებზე იმისდამიხედვით მსჯელობენ, რაც თვითონ აქვთ თავში. როდესაც სულიერება არ გააჩნიათ, მცდარი დასკვნები გამოაქვთ და სხვების მიმართ უსამართლონი არიან. მაგალითად, ვისაც სურს, რომ მის მიერ გაღებული მოწყალება საიდუმლოდ დარჩეს და ამიტომ ღამით აღასრულებს ამ ღვაწლს, იგი ღამით ქუჩაში გამვლელ ხალხზე ცუდად არასოდეს იფიქრებს. ხოლო ის, ვინც ღამეებს ცოდვის ქმნაში ატარებს, თუ ღამე დაგვიანებულ გამვლელს შენიშნავს, იტყვის: "ეჰ, ეს პირუტყვი, სად დაეხეტებოდა მთელი ღამე"?! იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილების მიხედვით მსჯელობს. ანდა მაგალითად, თუ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი ზემო სართულიდან კაკუნს გაიგონებს, გაეხარდება: მეტანიებს აღასრულებენო, ხოლო იგი, ვისაც ბოროტი ზრახვები აქვს, ბოროტად ჩაიბუტბუტებს: "მთელი ღამე გამათენებინეს"! ერთნი გალობის ხმაზე სიხარულით აივსებიან, მეორენი კი განაწყენდებიან: - ეს რა სიმღერებს გაჰკივიანო.

გახსოვთ, როგორი დამოკიდებულებები გამოხატა ქრისტეს მიმართ ორმა მასთან ერთდ ჯვარცმულმა ავაზაკმა?! ორივემ იხილა ჯვარზე მიმსწვალული ქრისტე, ორივე გრძნობდა, როგორ შეიძრა მიწა, ორივე ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა! და ამ დროს რას იზრახავდა ერთი და რას - მეორე?! პირველი, რომელიც მის მარჯვნივ ეკიდა, გმობდა ქრისტეს და და ამბობდა: "შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა". მეორე - მარცხნივ ჯვარცმული - ამგვარად აღირებდა: "ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარაი უჯერო ქმნა". პირველი მარადიულ სატანჯველში წავიდა, მეორე კი - ცხონდა.
link
image

თემა: კეთილი ზრახვები,  ბოროტი ზრახვები,  სულიერი ბრძოლა

წმიდაო მამაო, კეთილი ზრახვები თავისთავად მოდის თუ უნდა შევიმუშავოთ იგი?ისინი უნდა გამოიმუშავოთ. საკუთარ თავს უნდა დააკვირდეთ, გააკონტროლოთ ის. როდესაც მტერი ცუდ, ბოროტ ზრახვებს მოგიტანს, უნდა ეცადო, განდევნო და კარგი, კეთილი ზრახვებით შეცვალო. თუ ამგვარად იღვაწებ, თავადვე შეიმუშავებ საკუთარ შინაგან განწყობილებას და კეთილად აქცევ მას. მაშინ, როდესაც შენს კეთილ განწყობას ნახავს, ღმერთი გულმოწყალებით გადმოგხედავს და დაგეხმარება, რის შედეგადაც ავი ზრახვები შენში ადგილს ვეღარ იპოვიან. ისინი წავლენ და კეთილი ზრახვები შენს არსებაში უკვე სრულიად ბუნებრივად დაიმკვიდრებენ ადგილს. ამგვარად, კეთილ ჩვევებს გამოიმუშავებ, გულში კი სიკეთე დამკვიდრდება. და მაშინ კი შესძლებ შენს შინაგან ტაძარში მიიღო ზეციური სტუმარი - ქრისტე. თუმცა ეს ერთი-ორი დღის საქმე როდია, საჭიროა დრო და განუწყვეტელი ბრძოლა იმისათვის, რომ სული გამარჯვების გვირგვინით შეიმკოს. როდესაც ეს აღესრულება, მაშინ ბრძოლა საბოლოოდ დამთავრდება. თავითავად ბრძოლა ხომ საკუთარი ზომაგადასული შინაგანი განხეთქილების გამოვლინებაა, რომლითაც მტერი სარგებლობს.წმიდაო მამაო, ესე იგი, კეთილად მზრახველმა ადამიანებმა ამ მდგომარეობას ბრძოლით მიაღწიეს?ეს თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ზოგს სულიერი ცხოვრების დასაწყისშივე კეთილი ზრახვები აქვს და წინ მიიწევს, სხვები, თავდაპირველად კეთილი ზრახვები რომ ჰქონდათ, სიფხიზლეს კარგავენ და "მემარცხენე" ზრახვებით იძლევიან. სხვებს თავდაპირველად კი აქვთ "მემარცხენე" ზრახვები, მაგრამ საკუთარ თავს დიდი სიფრთხილით ეპყრობიან, ახსოვთ, რამდენჯერ დაუცდათ ფეხი და ამიტომ საკუთარ თავს უნდობლობას უცხადებენ, შედეგად კეთილ ზრახვებს მოიხვეჭენ. ერთსა და იმავე ადამიანს შესაძლოა, ზრახვების ნახევარი კეთილი ჰქონდეს და ნახევარი - ბოროტი. ზოგში შესაძლოა, კეთილმა ზრახვებმა გაიმარჯვონ, ზოგში - ბოროტმა. მაგალითად, ადამიანი ბერობას აპირებს. იმისდამიხედვით, თუ რა მდგომარეობასა და პირობებში ცხოვრობდა იგი ერში, მას სხვადასხვაგვარი კეთილი და ბოროტი ზრახვები ექნება: შესაძლოა, ათი, ოცი, ან სულაც სამოცდაათი პროცენტი მისი ზრახვებისა "მემარცხენე" იყოს. სულიერი შრომის და საკუთარი თავის კონტროლის დაწყებისთანავე ასეთი ადამიანი ბოროტი ზრახვების განდევნასა და კეთილის შემუშავებას ცდილობს. ამ მცდელობის განმავლობაში, იგი გარკვეული ხნის შემდეგ აღწევს იმას, რომ მხოლოდ კეთილი ზრახვები აქვს. ბოროტი ზრახვების განსადევნად საჭირო დროის ხანგრძლივობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდხანს ატარებდა იგი ბოროტ ზრახვებს ერში. ეგარკვეული პერიოის შემდეგ კეთილი ზრახვები ასევე თანდათანობით ქრება და ადამიანს რაღაცნაირი სიცარიელის გრძნობა იპყრობს, ამ ეტაპზე მას აღარც კეთილი და აღარც ბოროტი ზრახვები აღარ აქვს და ამ მდგომარეობას მის არსებაში გარკვეული შფოთი შემოაქვს. ასეთ მდგომარეობაში მყოფი იგი იწყებს კითხვების დასმას: - "რა არის ეს? რა ხდება ახლა? თავდაპირველად ბოროტი ზრახვები მქონდა, მაგრამ მათ დამტოვეს, ადგილი კეთილ ზრახვებს დაუთმეს, ახლა კი საერთოდ აღარანაირი ზრახვები აღარ მაქვს, - არც ცუდი და არც კარგი - კარგი". ყოველივე ამის შემდეგ კი დაცარიელებულ გონებას საღმრთო მადლი ავსებს და საღმრთო განათლება მოდის.წმიდაო მამაო, და რას ნიშნავს ეს - საღმრთო მადლით აღვსება?იმ ადამიანისათვის, ვისაც ვარკვლავიც კი არ უნახავს, ძალიან ძნელია ახსნა იმის, - მზე რანაირია, ვინმეს მზე დაახლოებით მაინც რომ წარმოადგენინო, ამისთვის მას ვარსკვლავი მაინც უნდა ჰქონდეს ნანახი.წმიდაო მამაო, როგორ მიიღწევა თქვენს მიერ აღწერილი სიცარიელის განცდა?ამაში ეხმარება სულიერი საკითხავები, განუწყვეტელი ლოცვა, მდუმარება, ღვთისმოსაური ღვაწლი - ასკეზი. ადამიანი, რომელიც მხურვალედ იბრძვის ბოროტი ზრახვების წინააღმდეგ, შეძლებს, გაცილებით უკეთეს მდგომარეობას მიაღწიოს, ვიდრე ის, ვიდრე ის, ვისაც ბოროტი ზრახვები თითქმის არ ჰქონია. ანუ, ისეთმა ადამიანმა, რომელსაც მოღვაწეობის დასაწყისში ოთხმოცდათი ბოროტი და ათი კეთილი ზრახვა ჰქონდა, შესაძლოა, მოიპოვოს უმეტესად აღმატებული სულიერი მდგომარეობა, ვიდრე იმან, ვისაც ოთხმოცდაათი კეთილი და ათი ბოროტი ზრახვა ჰქონდა.
link
image

თემა: კეთილი ზრახვები,  მონაზონთათვის

წმიდაო მამაო, როდესაც მონასტერში რაიმე უწესობა, უწესრიგობა ხდება, აზრი აქვს დამნაშავის ძებას?პირველ რიგში ჯობს, ის გამოიკვლიო, თვითონ შენ ხომ არ ხარ დამნაშავე. ეს ყველაზე კარგი იქნება.მაგრამ, წმიდაო მამაო, თუ სხვები თვითონ მაძლევენ მიზეზს, რომ დამნაშავედ ისინი ჩავთვალო?შენ თვითონ რამდენჯერ მიგიცია მათთვი ასეთი მიზეზი? როდესაც კარგად გაიაზრებ, მიხვდები, რომ მომხდარისადმი ასეთი დამოკიდებულება შეცდომაა.ხოლო თუკი იფიქრებ: "როგორც ჩანს, მთელი ეს უწესრიგობა ამა და ამ დის გამო მოხდა". ეს იმას ნიშნავს, რომ "მემარცხენე" ზრახვებს იღებ?დარწმუნებული ხარ, რომ და ნამდვილად დამნაშავეა?არა, მაგრამ ასეთი რამ მას ადრეც გაუკეთებია.თუ დარწმუნებული არა ხარ, ჩანს ეს "მემარცხენე" ზრახვაა. გარდა ამისა, ეს და ნამდვილად დამნაშავე რომც იყოს, ვინ იცის როგორ და რატომ მოიქცა იგი სწორედ ამგვარად?!წმიდაო მამაო, მაგრამ, თუკი მე ვხედავ, რომ ესა თუ ის და გარკვეული სახის ვნებით არის შეპყრობილი?შენ რა იღუმენია ხარ?! ეს იღუმენია აგებს თქვენზე პასუხს და ამიტომ მოვალეა, თქვენს ვნებებს ადევნოს თვალყური.თქვენ კი რატომ აკვირდებით და იკვლევთ ერთმანეთის ვნებებს?! თქვენ საკუთარ თავზე მუშაობა ჯერაც ვერ ისწავლეთ: ხოლო, თუ გინდათ სწავლა, ნუღარ ეძიებთ, რას აკეთებენ სხვები და ყველაფერი, რასაც მათში დაინახავთ, კეთილი ზრახვების შესაბამისად მიიღეთ. კეთილი ზრახვა საკუთარ თავში სიყვარულს შეიცავს. ის განაიარაღებს ადამიანს და შენდამი კეთილად განაწყობს. გახსოვთ, ის მონაზვნები, ყაჩაღი წმიდა მამად მიიჩნიეს?! როდესაც ბოლოს და ბოლოს ის ყველაფერში გამოტყდა, მათ ჩათვალეს, რომ იგი ქრისტესთვის სულელი იყო და თავს ყაჩაღად ასაღებდა და ამის შემდეგ მისდამი პატივისცემა გააორმაგეს. საბოლოოდ კი მონაზვნებმა ეს ყაჩაღიც გადაარჩინეს და მისი თანამზრახველებიც.წმიდაო მამაო, მაშინ - თუ და მატყუებს?მაგრამ, თუ იგი შენი მიზეზით გახდა იძულებული, რომ ტყუილი ეთქვა?! ან იქნებ რაღაც დაავიწყდა და მისი ნათქვამი სულაც არ არის ტყუილი. მაგალითად, მესტუმრე ეკითხება მზარეულს, ცოტა სალათი ხომ არ გაქვსო, ის უარობს, მესტუმრემ კი დანამდვილებით იცის, რომ აქვს. თუკი მესტუმრეს კეთილი ზრახვები არ აქვს, იტყვის: "აი, ჩერჩეტი"! ხოლო თუ მას აქვს კეთილი ზრახვები, ასე იფიქრებს: "საწყალი, ამდენი საქმისაგან გადაიღალა და დაავიწყდა, რომ სალათი დარჩა". ან იქნებ ამგვარად გაამართლოს და: "შესაძლოა, გადაწყვიტა, სალათი რაიმე უფრო მნიშვნელოვანი შემთხვევისთვის შეინახოს". შენ კი ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სულიერ სისაღეს ხარ მოკლებული. ასე რომ არ იყოს, არაწმინდასაც კი წმინდად მიიჩნევდი. ერთნაირად შეხედავდი ხეების ნაყოფსაც და ნაკელსაც, რადგანაც ნაკელმა ხეების ნოყიერებას შეუწყო ხელი.

კეთილი ზრახვების მქონე სულიერად ჯანმრთელია და ბოროტებასაც სიკეთედ აღიქვამს. მახსოვს, ოკუპაციის დროს ძლიერი ორგანიზმის მქონე ბავშვებს ორივე ლოყა მჭადით ჰქონდათ გამოტენილი და ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ, ხოლო მდიდარი ოჯახების ბავშვები ხორბლის პურს ჭამდნენ, ნაღების კარააქს ატანდნენ და მაინც ავადმყოფობდნენ, იმიტომ, რომ სუსტი ორგანიზმი ჰქონდათ. სულიერ ცხოვრებაშიც სწორედ ასეთი ვითარებაა. მაგალითად, ავიღოთ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი. მას ვინმემ უსამართლოდაც რომ გაარტყას, იტყვის: "ღმერთმა ჩემი ძველი ცოდვების აღსახოცად დაუშვა, დიდება ღმერთს"! ხოლო თუკი ადამიანს კეთილი ზრახვა არ აქვს, მისი მოფერებაც რომ მოინდომო, იფიქრებს, რომ ხელი დასარტყმელად ასწიე. დააკვირდით მთვრალებს: ბოროტი ადამიანი სიმთვრალეში ყველაფერს ამტვრევს. ხოლო თუ მთვრალს კეთილი გული აქვს, ტირის და ყველას ყველაფერს შეუნდობს. ერთი ასეთი გულკეთილი რომ დათვრა, აბურტყუნდა: "შენ მე მეგობრულად არ მიყურებ... კარგი... მე კი შენ ოქროში ჩაგსვამ"!..
link
image

თემა: ბოროტი ზრახვები,  სულიერი ბრძოლა

წმინდაო მამაო, რატომაა, რომ მონასტერში სხვადასხვაგვარი ცუდი ზრახვები მისაფრდებიან, მაშინ, როდესაც ერში ამისთანა რამ არ მემართება? მე თვითონ ვაძლევ ვაძლევ მათ ამის ნებას?არა, შე ჩერჩეტო, გაუშვი, მოვიდნენ და წავიდნენ, განა თვითმფრინავები მონასტრის თავზე რომ დაფრენენ და სიმშვიდეს გირღვევენ, ამის ნებართვას შენგან იღებენ? იგივე ხდება ზრახვებთან დაკავშირებით. ამ ზრახვებს ეშმაკი ჩაგაგონებს, იმედს ნუ დაკარგავ, ისინი გადამფრენ ფრინველებს გვანან, რომლებიც ცაში მოფრთხიალენი მეტად წარმტაცად გამოიყურებიან, შენ კი პირდაღებული უცქერ და ტკბები. თუმცა, როდესაც ეს ფრინველები ძირს დაეშვებიან, შენს სახლში ბუდეს გაიკეთებენ და ბარტყებს გამოჩეკენ, მთელ სახლს აბინძურებენ.მაშ, რატომაა, წმიდაო მამაო, რომ ასეთი აზრები მომდის თავში?ეს ეშმაკი მუშაობს, მაგრამ თვით შენშიც არის რაღაც მღვრიე ნალექი, რომლის გაწმენდაც ჯერაც არ დაგიწყია. მაგრამ თუ ამ ზრახვებს არ მიიღებ, არც პასუხისმგებლობას კისრულობ. მიუშვი ძაღლები, დაე, გიყეფონ და ქვას ნუ დაუშენ მათ, რადგან ვიდრე მათთვის ქვის სროლას არ შეწყვეტ, არც ისინი შეწყვეტენ ყეფას, მერე კი ამ ბევრი ქვისაგან თავისთვის "მონასტერს" ან სახლს ააშენებენ, - რამდენადაც ამისთვის სამშენებლო მასალა ეყოფად. ბოლოს უკვე შენთვის აღარ იქნება ადვილი მათი აშენებულს დანგრევა.წმიდაო მამაო, როდის ხდება შერიგება ზრახვებთან?როდესაც მათ კარამელივით წოვ. შეეცადე, რომ მათით არ დატკბე, დიახ - მათით, გაქედან შაქრის მინანქრით რომ არიან დაფარულნი, ხოლო, შიგნიდან - მწარე შხამით სავსენი, თორემ შედეგად მწარე იმედგაცრუებას მიიღებ. ადამიანებისაგან ჩვენში დანერგილი ავი ზრახვები დიდი მღელვარების მიზეზი ნუ გახდება. მსგავსი ზრახვები ხომ მხოლოდ ანგელოზებისა და სრულყოფილებამდე ამაღლებული ადამიანებისთვის არის უცხო. მღელვარება მაშინაა გამართლებული, როდესაც ადამიანი მოასწორებს თავისი გულის ნაწილს და ამ აეროდრომზე მიიღებს "ვეტმფრენებს", ანუ - ეშმაკებს. თუკი ასეთი რამ მოხდა, საჭიროა დაუყოვნებლივ აღსარება, აეროდრომის გადახვნა და იქ ნოყიერი ხეების დარგვა, რათა გული კვლავ სამოთხის ბაღად გადაიქცეს.
link
image

თემა: საკუთარი თავის გამტყუნება,  საკუთარი თავის მართლება

წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ მაშინაც კი, როდესაც საკუთარ სულიერ სისუსტეს ვგრძნობ, მაინც თავის მართლებას ვცდილობ?სწორედ იმიტომ იმართლებ თავს, რომ შენი სულიერი სისუსტე კარგად ვერ გიგრძვნია. რომ გეგრძნო, თავს აღარ გაიმართლებდი. ჩვენ, საკუთარი თავის მოყვარულ ხალხს ხომ სირთულეები არ გვიყვარს. ხშირად გვინდა ხოლმე, რომ ისე გავმდიდრდეთ, რომ თითი თითზე არ დავაკაროთ. ის მაინც უნდა გავაცნობიეროთ, რომ საგნებთან ამგვარი დამოკიდებულებით ჩვენ ორივე ფეხით ვკოჭლობთ. ამის შეცნობამ კი უფრო დაგვამდაბლოს. მაგრამ სად იპოვი?! ჩვენ ხომ არც ღვაწლი და არც საკუთარი უძლურების შეცნობის ნატამალი არ გაგვაჩნია.შეიძლება თავს იმართლებდეს ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის შეცნობას, გამოძიებას ცდილობს?ვინც სწორად შეიმეცნებს საკუთარ თავს, ის თავს ვერ გაიმართლებს. აბა, შეხედე, ხდება, რომ ზოგიერთი ჭკვიანი ადამიანი ბოლოსდაბოლოს საშინელ სისულელეს ჩაიდენს, ეს იმის გამო ხდება, რომ მას უფრო მოხერხებულად მოწყობის სურვილი უჩნდება. "როგორ მოვეწყო უფრო მოხერხებულად, როგორ მოვიქცე, რომ უკეთესად ვიგრძნო თავი"?! - ფიქრობს იგი.წმიდაო მამაო, ვინც თავს იმართლებს, ის სულიერ ცხოვრებაში საკუთარ დაცემებს ვერ ამჩნევს?ეშმაკი ასეთ ადამიანს ატყუებს ყოველგვარ საქმეში, რასა უნდა აკეთებდეს იგი; და ეს ადამიანი ყოველგვარ საკუთარ მოქმედებას გამართლებას უძებნის. ის ამართლებს თავის თვითნებობას, სიჯიუტეს, ეგოიზმს, სიცრუეს.მაგრამ თუკი ასეთი ადამიანი, როგორც სარკეში ისე შეაფასებს საკუთარ თავს წმიდა მამათა თხზულებებისა და განსაკუთრებით - წმიდა წერილის მიხედვით, განა ეს მას არ უშველის?იმ ადამიანს, ვინც სწორად აზროვნებს, წმიდა მამათა წიგნები და წმიდა წერილი ყოველგვარ პრობლემას გადაუჭრის. მას გარკვევით და აშკარად ესმის წაკითხულის აზრი. მაგრამ თუკი ადამიანი სულიერ ღვაწლს შედგომილიარ არის და მისი სული არ განწმენდილა, მაშინ მას წმიდა წერილიც ვერ უშველის, რადგანაც წაკითხული უკუღმა ესმის. მისთვის უმჯობესია, თუ საკუთარ ზრახვებს მოძღვარს ეტყვის და წაკითხულის განმარტებას თავად არ შეეცდება. მაგალითად, როდესაც ძველ აღთქმას კითხულობს, ასეთმა ადამიანმა შესაძლოა, ბევრი რამ მზაკვრული სულით განმარტოს და (სულიერი) ინფექციით დაავადდეს. შევნიშნე, რომ ზოგიერთი სულიერ წიგნებში წაკითხულს ისე განმარტავს, როგორც თვითონ აწყობს. მიზეზი ის კი არ არის, რომ მათ წარმოსახვა არ ყოფნით, ანდა - წაკითხულის აზრს სწორად ვერ იგებენ, არა... ასე იმიტომ განმარტავენ, რომ თავი იმართლონ. საშინელი საქმეა! ამასთან, ისიც შევნიშნე, რომ ეს ხალხი ხშირად ვერც იმ სულიერ დარიგებებსა და და რჩევებს იღებს სწორად, რასაც სულიერი ადამიანები აძლევენ. მაგალითად, მსურს, რომ მათი ყურადღება რაღაცას მივაპყრო, ამისათვის რაიმე შემთხვევას ვუამბობ და კონკრეტულ საკითხს ვუსვამ ხაზს. მაგრამ ისინი სიტყვას მაწყვეტინებენ და ცდილობენ, მასში აღმოაჩინონ რაღაც "სხვა", რითაც რომელიმე საკუთარ ქმედებასა თუ შეცდომას გაამართლებენ. ანუ ყოველივე ამას საკუთარი ვნებების გასამართლებლად აკეთებენ. როდესაც ვუამბობ ვინმეს შესახებ, ვინც საკუთარი უყურადღებობის გამო უკიდურეს დაცემამდე მივიდა, ისინი მოისმენენ ამ ისტორიას, არც კი დაუფიქრდებიან მას და იტყვიან: "თუკი ასეთ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არსებობენ, აბა, ჩვენ ქების მეტს რას ვიმსახურებთ"! ასე იმართლებენ თავს ისინი. თავის გასამართლებელს ეშმაკი ყოველთვის მოძებნის.
link
image

თემა: საკუთარი თავის მართლება

წმიდაო მამაო, რატომაა, რომ ზოგიერთ ადამიანს ნებისმიერ, მისთვის ნათქვამ სიტყვასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო აზრი უჩნდება?ეჰ, ისეთ ადამიანთან საუბარი, რომელსაც თავისმართლება ჩვევად აქვს გადაქცეული, საშინელი საქმეა! ეს იგივეა, რომ ეშმაკეულს ელაპარაკო. ღმერთმა შემინდოს, მაგრამ მათ, ვინც თავს იმართლებენ, თვით ეშმაკი ჰყავთ "მოძღვრად". ესენი საშინლად გატანჯული ადამიანები არიან, საკუთარ თავში სიმშვიდეს ვერ ამკვიდრებენ. მათ თავისმართლება მეცნიერებად აქციეს. ანუ, იმ ქურდის მსგავსად, რომელიც მთელ ღამეს თვალს არ ხუჭავს და რაღაცის მოპარვის საშუალებას ეძებს, ასეთი ადამიანები გამუდმებით საკუთარი ცოდვების გასამართლების საშუალებებს ეძებენ. სხვა ადამიანი იმაზე თუ ფიქრობს, როგორ დაიმდაბლოს თავი, ან რომელი კეთილი საქმე აკეთოს, ისინი პირიქით, საწინააღმდეგოს მოიფიქრებენ ხოლმე - რაიმე საშუალებას იმის გასამართლებლად, რასაც გამართლება არა აქვს. ისინი ნამდვილი ადვოკატები ხდებიან! მათი გადარწმუნება ისევე შეუძლებელია, როგორც - ეშმაკის. იცით, როგორ გამაწამა ერთმა ასეთმა ადამიანმა! - "ის, რასაც შენ აკეთებ, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, - ვარწმუნებდი მას - არის საგნები, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება, შენ მთლად წახვედი ხელიდან, შენ უნდა იქცეოდე ასე და ასე"! - მაგრამ ის ყოველთვის პოულობდა თავის გასამართლებელს და ყოველ ჩემს სიტყვაზე - პასუხს. საუბრის ბოლოს კი გამომიცხადა: - "ასე რომ, შენ ვერ მიპასუხე, როგორ უნდა მოვიქცე"! - "ჩემო ოქრო, - შევაწყვეტინე მაშინ, - აბა, ამდენ ხანს რას ვარჩევდით?! ჩვენ ხომ შენს შეცდომებზე ვლაპარაკობდით; იმაზე, რომ იქ არ მიხვედი, სადაც საჭირო იყო, მაგრამ შენ ხომ გაუჩერებლად თავსიმართლებ?!მთელი სამი საათის განმავლობაში, რაც ჩვენ ვსაუბრობთ, ქანცი გამაცალე! გამაგიჟე! განა არ გითხარი რა გჭირდება"?! აი, ასეა, ადამიანს შესაბამის მაგალითებს მოუტან, უხსნი, რომ ისეთი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, როგორიც მას აქვს, სატანური ეგოიზმია; აფრთხილებ, რომ ეს ეშმაკეული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება და თუკი არ შეიცვლება, დაღუპვა ელის და ყოველივე ამის შემდეგ იგი ისევ აცხადებს, რომ შენ მას მაინც ვერ უთხარი ის, თუ რა უნდა გააკეთოს. არა, მართლა! განა აქ წონასწორობას არ დაკარგავ?! თუკი ადამიანს არაფერი ადარდებს, ასეთ შემთხვევაში ის არც კი აღელდება. რაც უნდა მოხდეს, მისთვის ყველაფერი ცხოვრებისეული წვრილმანია. მაგრამ თუ განურჩეველი არა ხარ, ასეთ დროს უბრალოდ აეთქდები. არა, მაინც ბედნიერები არიან ის ადამიანები, ვისაც ყოველივე ამასთან არაფერი ესაქმებათ!თუმცა, წმიდაო მამაო, თქვენ ხომ არანაირი გარემოების მიმართ არ გსურთ გულგრილი დარჩეთ?!ჩემო ძმაო, გულგრილი ტყუილუბრალოდ ხომ მაინც არ იხარჯება?! იმ ადამიანისათვის ნამდვილად ღირს ტანჯვა, ვისაც სტკივა! აქ კი, რა?! - მისთვის იქანცები, ამდენ რამეს ეუბნები, ბოლოს კი გამოგიცხადებს: "არ მეუბნები, რა უნდა გავაკეთო"! და იმას ამართლებს, რისი გამართლებაც შეუძლებელია. ამგვარად, იგი ადამიანისაგან დემონად გადაიქცევა! რა საშინელებაა! ის რომ იმაზე მაინც ფიქრობდეს, რა შრომა გასწიე მის დასახმარებლად, ცოტა მაინც შეიცვლებოდა, იმაზე უკვე აღარაფერს ვემბობ, რა განიცადე, როგორ შეგტკივა მასზე გული! მაგრა რა?! ის ხედავს, როგორ განიცდი, ხედავს, როგორ გიჟდები, იტანჯები და ყოველივე ამაზა თვალს ხუჭავს!
link
image

თემა: სიმდაბლე

ნეტარ არს კაცი, ვინც მდაბალ მიწას დაემსგავსა; მიწას, რომელსაც თუმც ყველა თელავს, მაგრამ ყველას მაინც სიყვარულით ტვირთულობს და სათუთად ასაზრდოებს – ვით მზრუნველი დედა, სხეულისათვის რომ ნივთიერება მოუცია ჩვენი შექმნისას. იგი სიხარულ... იხილეთ სრულად
link
image

თემა: სალოსობა,  თვალთმაქცობა

წმიდაო მამაო, რამდენი განდეგილია წმიდა მთაზე?არ ვიცი, ამბბობენ, რომ - შვიდი. ბოლო წლებში მოღვაწეობისათვის, წყნარი, მშვიდი ადგილის მონახვა მეტად გაჭირდა. ამიტომ, ვიდრე წმიდა მთაზე მარტოდცხოვრებულთა მონასტრები კიდევ არსებობდა, ზოგიერთი ბერი ახერხებდა, რომ მოღვაწეობისათვის გარკვეული პირობები მოენახა. მაგალითად, გარკვეული ხნით, რომელიმე ადგილას მოღვაწეობის შემდეგ ისინი ბოლოს იტყოდნენ: "არა, აქ რაღაც ისე ვერ ვარ, წავალ და რომელიმე მარტოდცხოვრბულთა მონასტერში ვიშრომებ, ფულს დავაგროვებ". გარშემომყოფები იჯერებდნენ, რასაც ის ამბობდა. მოღვაწე გადადიოდა მარტოდცხოვრებულთა მონასტერში, იქ სამი-ოთხი თვე იმუშავებდა, მერე კი ხელფასის სერიულ მომატებას ითხოვდა, როდესაც ამაზე უარს ეტყოდნენ, იგი ამბობდა: "ასე მუშაობა კარგს არაფერს მომიტანს, მივდივარ"! აიღებდა ცოტაოდენ ორცხობილას, წავიდოდა მონასტრიდან, რომელიმე გამოქვაბულს შეაფარებდა თავს და მოღვაწეობას დაიწყებდა. მონასტერში დარჩენილებს კი ექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ მან სხვაგან იშოვა სამუშაო, როდესაც მათ ჰკითხვდნენ - ესა და ეს მამა სად არისო, ისინი მიუგებდნენ: "დიახ, აქ იყო, მაგრამ რა წუნია აღმოჩნდა! აქ ფულის დასაგროვებლად მოვიდა, ხელფასის მომატებას ითხოვდა, წარმოიდგინეთ ბერი და - ფულის მომატებას ითხოვს! აბა რა ბერი ის იყო"?! - მოღვაწე კი ამგვარად ორმაგ სარგებელს იღებდა: მოღვაწეობისა და ცრუ ბრალდების მეშვეობით. ამას ემატებოდნენ ქურდებიც, რომლებიც, როდესაც შეიტყობდნენ, რომ მას ფული ჰქონდა, გამოქვაბულში მიუცვივდებოდნენ, სცემდნენ, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ.წმიდაო მამაო, მაგრამ თუკი და საკუთარ თავს მალავს, მის სათნოებებს როგორღა მივბაძო?ის რა, შენი აზრით მთლად სულელია, რომ საკუთარ თავს არ მალავდეს?! უდიდეს ღვაწლს წმიდანები სათნოებათა მოსახვეჭად კი არ აღასრულებდნენ, არამედ - მის დასაფარავად. იცით, რას აკეთედბდნენ ქრისტესთვის სულელნი?! თავდაპირველად ისინი გაურბოდნენ ამ სოფლის თვალთმაქცბას და სახარებისეული ჭეშმარიტების სფეროში შედიოდნენ, მაგრამ მათთვის ესეც ცოტა იყო და უფრო შორს მიდიოდნენ - წმიდა თვალთმაქცობისაკენ - ქრისტეს სიყვარულისათვის. ამის შემდეგ მათ უკვე აღარ აინტერესებდათ არც ის, რას გაუკეთებდნენ; არც ის, მათზე რას იტყოდნენ. მაგრამ ამისთვის უდიდესი სიმდაბლეა საჭირო. და ნახეთ: თუ ერის ადამიანს რაიმე უსიამოვნოს ეტყვი, ის განაწყენდება; თუ რაღაცის გამო არ შეაქებ, გაბრაზდება; მაშინ, როცა ქრისტეს მიერ სულელებს უხაროდათ, რომ ხალხს მათზე ცუდი აზრი ჰქონდა. ძველ დროში არსებბდნენ ადამიანები, რომლებიც თავს ეშმაკეულებად აჩვენებდნენ, - იმის სურვილით, რომ სათნოებები დაეფარათ და საკუთარი თავის შესახებ ყოველგვარი კეთილი აზრი გაენადგურებინათ სხვების თვალში. ფილოთეოსის მონასტერში რომ ვცხოვრობდი, იმ დროს, როდესაც ის მარტოდცხოვრებულთა იყო, იქ ერთი ბერი ვნახე, რომელიც ადრე ვიგლის მონასტერში მოღვაწეობდა; როდესაც დარწმუნდა, რომ იქაური მამები ხედავდნენ მის ასკეტურ ღვაწლს და სულიერ წარმატებას, მან მოძღვრისგან კურთხევა აიღო და იქაურობა დატოვა. "ესღა მაკლდა, ყელში ამომივიდა ეს დაობებული ორცხობილა, წავალ ერთ-ერთ მონასტერში, სადაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იკვებებიან, იქ ხორცსაც კი ჭამენ და ადამიანუ8რად ვიცხოვრებ! გიჟი კი არ ვარ, აქ დავრჩე"! ასე გადავიდა იგი ფილოთეოსის მონასტერში და იქ თავს ეშმაკეულად აჩვენებდა. როდესაც მისმა სულიერმა ძმებმა გაიგეს, რომ იგი "შეპყრობილი" გახდა, ერთმანეთში ალაპარაკდნენ: "საწყალი, შეპყრობილი გამხდარა, აბა რა! მოსალოდნელიც იყო, აქედან გაიქცა, წარმოგიდგენიათ, დაობებული ორცხობილა მობეზრდა. ხორცის ჭამა მოინდომა". ხოლო ეს "შეპყრობილი"?! აი, იგი რას აკეთებდა: ფილოთეოსში ოცდახუთი წელი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში არც საჭმელი მოუმზადებია თავისთვის და არც დასაძინებლად დაწოლილა. მთელი ღამეების განმავლობაში მონასტრის დერეფნებში ფანრით დადიოდა და ძილს ებრძოდა. როდესაც უკიდურესად გადაიქანცებოდა, მოღვაწე ცოტა ხნით შეჩერდებოდა და მიეყრდნობოდა კედელს, მაგრამ როგორც კი ძილი მოერეოდა, იგი ხტოდა და ჩურჩულით იესოს ლოცვას იმეორებდა: "უფალო, იესო ქრისტე..." შემდეგ კი ლოცვას გონებაში - უხმოდ განაგრძობდა, მაგრამ დროდადრო ბაგიდან ხმამაღალი ლოცვა დასცდებოდა ხოლმე და ის სხვებსაც ესმოდათ. სხვა ბერებს შორის რომ მოხვდებოდა, მოღვაწე სთხოვდა მათ: "ილოცე, ილოცე, რომ ეშმაკი განვიდეს ჩემგან"! ერთხელ ერთმა თხუთმეტი წლის ყმაწვილმა ბერმა მითხრა მასზე: - "რა უნდა ამ შეპყრობილს"? - "ასე ნუ ამბობ, ამ ადამიანმა ცოტა სათნოებები როდი მოიხვეჭა და შეპყრობილად მხოლოდ თავს აჩვენებს". - მივუგე მე. შედეგად ეს ახალგაზრდა ბერი მას მოკძალებით ექცეოდა. ხოლო როდესაც მოღვაწე გარდაიცვალა, მის ხელში ნახეს ქაღალდის ნაგლეჯი, რომელზედაც მონასტრის ძმების სახელები იყო ჩამოწერილი. თითოეული ბერის სახელის გასწვრივ ბერს რაიმე ზედმეტი სახელი მიეწერა; ეს მან იმისათვის გააკეთა, რომ სიკვდილის შემდეგაც კი გაენადგურებინა უმცირესი კეთილი აზრი, რომელიც შესაძლოა, მაინც არსებობდა მის შესახებ. შემდეგ მისმა ნაწილებმა კეთილსურნელება გამოსცეს. ხედავ რა მოხდა?! მას თავის დაფარვა სურდა, მაგრამ საღმრთო მადლმა სხვათა წინაშე განაცხადა იგი.

ამიტომ ადამიანზე იმის მიხედვით ნუ შევიქმნით აზრს, რაც გარედან ჩანს. რადგანაც მიხვედრა იმისა, თუ რა იმალება მასში, ჩვენს ძალებს აღემატება.
link
image
image
23
24
25
26
27
image
image