|
|
|
|
 |
__
|
თემა: ახალი წელი
დამატების დრო: 24.07.2014
|
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ყოვლად სამღვდელო მწყემსმთავრებს, პატიოსან მღვდლებს, ღირსეულ მღვდელ-მონაზვნებს, ქრისტესმიერ დიაკვნებს, ყველა პატიოსან მსახურს ეკლესიისას. ჩვენი სამშობლოს მკვიდრთ და უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, კეთილმორწმუნე მთელ სამწყსოს ჩვენსას მშვიდობა თქვენ ყველას და მადლი ღვთიური დიდი სიყვარულისა, ქრისტესმიერო ჩემო შვილებო! ძველი წლის წასვლა და ახალი წლის მოსვლა ჩვენგან მოითხოვს ერთგვარ ანგარიშს, ღვთისა და ერის წინაშე. ჩვენც შევასრულოთ ეს მოთხოვნა შეძლებისამებრ. ძველი წლის წასვლით და ახალი წლის მოსვლით ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი ჩვენი დიდი მომავლისაკენ. მარჯვე იყო ეს ნაბიჯი გასული წლისა, მშვიდობა სუფევდა ჩვენს ხალხში და ჩვენს მიწა-წყალზე, საეკლესიო ზარების ხმა ისმოდა ყველგან. ქართველი ხალხი შრომობდა მედგრად სხვა ძმებთან ერთად და მოყვასთან ერთად, ოფლი აწვიმდა მიწას და დაზგებს, მაგრამ ეს ოფლი იყო არა ჭირის და იძულების, არამედ ლხენის, სიხარულისა და დოვლათის დაგროვებისა; ოფლი, რომელიც არჩეულ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯისათვის დაიღვარა. სკოლები და ინსტიტუტები ზრდიდნენ შვილებს ჩვენი ქვეყნისას, საზღვრებს იცავდნენ თავდასხმისგან ჩვენი შვილები, მეცნიერება მიიწევდა სინათლისაკენ, კეთდებოდა ყველაფერი ის, რაც სჭირდება ძმობას, სიყვარულს და აღმავლობას. ასეთი იყო ჩვენი ძველი კეთილი წელი. ახლა ადალი გვარგუნა ღმერთმა ნათლისამ და სასოებამ. კვლავ გველოდება გაზაფხული შრომისა და აყვავებისა. მე გისურვებთ ჩემო სულიერო შვილებო დიდ ძალოვნებას თქვენი სულისას და ხორცისას, რომ კიდევ მედგრად გადადგათ თქვენი მადლიანი და შეუპოვარი ნაბიჯი კაცობრიობის უკეთესი მომავლისაკენ. მე გისურვებთ ჩემო ღირსეულო თანამორწმუნენო და თანამემამულენო ნათელ გონიერებას, რომ თქვენი ფიქრი არ განშორდეს მშვიდობაზე ზრუნვას, ვინაიდან მშვიდობის გარეშე ოფლი კი არ იღვრება სასიცოცხლო დოვლათის დასაგროვებლად, არამედ სისხლი და მწუხარება ყოველივე იმის წარსაწყმედად, რაც გარჯისა და მშვიდობის წლებში იქნა დაგროვებული. უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, იესო ქრისტე, მშვიდობისა და სიყვარულის გზით მოგვიწოდებდა მუდამ სიარულს: "რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდეთ ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს" (იოანე 15,12-13). მე გისურვებთ, რომ მარად გულში გქონდეთ ეს "მცნებაჲ" ჩვენი ღმრთისა და მაცხოვრისა. მე შევთხოვ უფალს, რომ მწუხარება და შეშფოთება კი არ მოფენოდეს ჩვენს მშობლიურ მიწას ამ ახალ წელში, არამედ დიდი სათნოება, სარწმუნოება და სიყვარული. მე ვუსურვებ ჩვენს მხნე, სისხლსავსე ახალგაზრდობას, რომ მთელი აზრითა და მონდომებით გაჰყოლოდეს სწავლისა და განათლების გზებს და ბილიკებს, ვინაიდან უსწავლელისათვის ძნელი არის აზრის ამოცნობა იმ სისავსისა, რომელიც შექმნა შემოქმედმა თავისი განუზომელი ძლიერებითა და უკვდავი მარჯვენით, და რომელსაც დღეს ჩვენი მატერიალური სამყარო წარმოადგენს ჩვენთვის. მე ვუსურვებ ცხოვრების სარბიელზე გამოსულ ჩვენს ჭაბუკებსა და ქალიშვილებს, რომ მომავალ წელში შექმნან პატიოსნებითა და სიყვარულით აღსავსე ოჯახები, ნუ დავივიწყებთ, რომ სიყვარული პატიოსნების გარეშე არ არსებობს, და პატიოსნება უსიყვარულოდ ობლის ხვედრს იტანს; ოჯახის შექმნას კი ერთიც სჭირდება და მეორეც, სიყვარულიცა და პატიოსნებაც. მე ვუსურვებ ყველა მორწმუნესა და არა მორწმუნეს, რომ შრომა და ურთიერთსიყვარული ყოფილიყოს უპირველესი წყარო მათი ბედნიერებისა. ნუ დაივიწყებთ ჩემო საყვარელო, ქრისტესმიერო შვილებო, რომ სიამაყეს, სხვის დაჩაგვრასა და სიმდიდრის მოხვეჭას, განდიდება არ მოაქვს ადამიანისათვის "რამეთუ ეგევითარნი უფალსა ჩვენსა იესუ ქრისტესა არა ჰმონებენ, არამედ თჳსსა მუცელსა და ტკბილად მეტყუელებითა მით და კურთხევითა აცთუნიან გულნი უმანკოთანი" (I რომ. 16,18). თქვენ თავმდაბლობა განგადიდებთ, სიყვარულისა და ურთიერთ პატიების უმანკო გრძნობა აამაღლებს თქვენს სულებსა და პატიოსნებას. ესეც გახსოვდეთ, რომ პირველი მაგალითი თავმდაბლობისა და სიყვარულისა ადამიანებს მაცხოვარმა ჩვენმა უჩვენა, როდესაც თავისი ჯვარცმის წინა დღეს მასთან მყოფ მოწაფეებს ფეხები დაბანა. მე ღმერთსა ვთხოვ უცხოობაში მყოფ ჩვენს თანამემამულეთა სიცოცხლესა და ბედნიერებას. ვუსურვებ მათ, რომ მისცემოდეთ სურვილი და ღვთიური მადლი სამშობლოში დაბრუნებისა, ვინაიდან "სამშობლო, დედის ძუძუი არ გაიცვლების სხვაზედა" (რაფიელ ერისთავი). მაშ ამაღლდით რწმენით, სიკეთით და პატიოსნებით ჩვენი ერის ტკბილო შვილებო! შევსთხოვოთ უფალს, რომ მოიტანოს ახალმა წელმა ჩვენი ხალხისა და სამშობლოსათვის ახალი სიბრძნე და ენერგია, ახალი წინსვლა, ახალი დიდი ნაბიჯები უკეთესი მომავლისაკენ, ახალი წყაროები და ნაკადულები აღმავლობისა, ახალი ზვრები და ბაღნარები, ახალი სკოლები და განათლების კერები, ახალი სითბო, ახალი სიტკბო, ახალი სუნთქვა სასოებით და აღტაცებით. ღმერთი ხომ იცვლის ყველაფერს გარეშემოს როგორც სამოსს და თავად კი წლები არ აკლდება, ასევე თქვენც ახალ წელში ყველაფერი ძველი და უვარგისი, თქვენი შრომის შედეგად ახლით და უკეთესით შეგეცვალოთ, ჩემო საყვარელო სამწყსოვ, გაზრდილიყოთ, გამრავლებულიყოთ და წლები არასოდეს მოგკლებოდეთ ღვთის წმიდა სულით უკვდავებამონიჭებულებთ. დიდება და მზეგრძელობა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას; სარწმუნოების, შრომის, სიყვარულისა და სიკეთის გზით წინ უკვდავებისაკენ, ღვთისმშობლის ხვედრი ჩვენი კურთხეული მიწის შვილებო! "მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი თქვენ ყოველთა თანა. ამინ" (I რომ. 16,24). თბილისი 1978 წ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
 |
|
|
|
|
თემა: აღდგომა
დამატების დრო: 18.03.2013
|
ყოვლად სამღვდელო მღვდელთმთავართა, პატიოსან მოძღვართა, ღირსთა ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულ შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა ქრისტეს მიერ საყვარელო ღვთივგანბრძნობილო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, ღირსნო ბერ-მონოზონნო, ძვირფასო ძმანო და დანო - შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ, გილოცავთ დიდსა და სასიხარულო დღესასწაულს, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას, ამ ზეიმთა ზეიმს - პასექს მარადიულსა და საცხოვნებელს, და ვხმობ: ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! ეს საზეიმო მილოცვის სიტყვა გამოსახავს არსს ჩვენი რწმენისა, გამოსახავს ჩვენი სასოების სიმტკიცესა და უძლეველობას, უდიადეს ძალას ჩვენი საუკუნო სიყვარულისა. ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! მაშ, მიღებული და შეწყნარებულია ღვთის მიერ საცხოვნებელი მსხვერპლი და აღსრულებულია საიდუმლო კაცთა მოდგმის განოხსნისა. ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! გამოისყიდა უფალმა ის ქმნილება, რომელიც ყოველი მისი ქმნილების გვირგვინად შეიქმნა - ადამიანი, და რომელსაც ღვთისაგან მინიჭებული ჰქონდა პასუხისმგებლობა და თავისუფლება: მოვალეობა და უზენაესი ჯილდო. "რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას? დააკლე იგი მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ჰყავ იგი, და დაადგინე იგი ზედა ქმნულსა ხელთა შენთასა, ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერხთა მისთა" (ფსალძუნი 8,4-6). რა იდუმალება და ძლიერება იფარება ამ სიტყვებში საღვთისმეტყველო აზრისა და ქრისტიანული მოღვაწეობისათვის! ყოველი ეს ღვთივბოძებული ნიჭი ჩვენს წინაშე განუსაზღვრელ სივრცეს ხსნის სულიერი მოქალაქეობისა და სულიერი ღვაწლისათვის, ასეთი კურთხევა შესაძლებლად ხდის ჩვენს ზნეობრივ სრულყოფას, და კურთხეულია შემოქმედება, სწორედ მაშინ ხდება ჩვენთვის გასაგები ჩვენი აზროვნება, სიტყვა, გრძნობა და დაუოკებელი სწრაფვა პირველმიზეზისადმი. ყოველივე ეს კი შედეგია უსასრულო ღვთაებრივი სიყვარულისა. წმ. ბასილი დიდის სიტყვით, - ადამიანი არის ქმნილება, რომელმაც მიიღო ბრძანება განღმრთობისა, მაგრამ ეს ბრძანება ადამიანის თავისუფლებაზე ძალდატანება როდია, ადამიანმა, როგორც თავისუფალმა და პიროვნულმა არსებამ, შეიძლება მიიღოს ან უარყოს ბრძანება ღვთისა. იგი რჩება პიროვნული თავისუფლების გვირგვინით შემოსილი იმ შემთხვევაშიც კი, როცა ძალიან შორდება ღმერთს და მაშინაც, როცა თავისი ბუნებით ღვთის მსგავსებასაც კი კარგავს. ეს ნიშნავს, რომ ღვთის ხატება არავითარ შემთხვევაში არ ირღვევა ადამიანში (წმ. ბასილი დიდის სიტყვები, ჩვენთვის ცნობილ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის 43-ე სიტყვიდან. იხ. მოსკოვში 1844 წ. გამოცემული "წმ. მამების შრომები", ნაწ. IV,გვ. 104-129). ღმერთო მრავალმოწყალეო, სიყვარულსა შენსა არა აქვს ზღვარი! როგორი ურთიერთდამოკიდებულება იყო დამყარებული ღმერთსა და ადამიანს შორის? ადამიანის სულს თავისი საზრდო უნდა ეპოვა ღმერთში, და ღვთით ეცხოვრა, ხოლო ადამიანის სხეული უნდა დაქვემდებარებოდა სულს, - ასეთი იყო ადამიანის უკვდავი ბუნების თავდაპირველი სახე. კარგავს რა ღმერთს, ადამიანის სული იწყებს საზრდოობას თავისივე ფიზიკური სხეულით, საიდანაც წარმოდგებიან ვნებები, ხოლო სხეული, რომელიც იძულებულია გარე სამყაროში - უსულო და მკვდარ მატერიაში - ეძიოს საზრდო, შედეგად მხოლოდ სიკვდილს პოულობს და ადამიანის სრულყოფა ირღვევა. დღეს, ვდღესასწაულობთ რა თქვენთან ერთად მსოფლიოს ერთერთ უდიდეს სასწაულს - ქრისტეს დიდებულ აღდგომას - რომელიც საწინდარია ჩვენი მომავალი სულიერი და ფიზიკური აღდგომისა, აღვავლენთ ლოცვებს უფლისა ყოვლისამპყრობელისა მიმართ, რათა მან განაახლოს ჩვენი სულიერი არსი და დაგვიბრუნოს პირველქმნილი ბუნება, რათა ჩვენი აღდგომა და განახლება დაიწყოს ჯერ კიდევ აქ - დედამიწაზე. როცა ვუერთდებით სიცოცხლის წყაროს - უფალს - მისი უკვდავი ხორცისა და სისხლის ზიარებით, ვხდებით ნაწილი მისი მარადიული და უკვდავი სხეულისა, რომელიც შეაერთებს თავის არსში ცოცხალთა და მკვდართა და წარმოქმნის ერთს, ქრისტეს წმიდა ეკლესიას. ღვთისა და კაცის ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა, ამაშია ჩვენი იმედი, "რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს" (2 კორ. 4,14). ეს ერთიანობა გვაიძულებს ვიფიქროთ ჩვენი ცხოვრების აზრსა და მიზანზე, რათა იგი არ დაემსგავსოს მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელიც საჭიროებს ისევ და ისევ ზევით აზიდვას, და რომლის შეჩერება და უკან დაბრუნება დიდ სულიერ დაძაბულობასა და სულიერ ტანჯვასთანაა დაკავშირებული. ღმერთი არის უმაღლესი იდეალი ყველა ჩვენი ზნეობრივი სწრაფვისა. ეს უზენაესი ძალა უდევს საფუძვლად და იგია შინაარსი და მისწრაფება ადამიანის მორალური ცხოვრებისა. ამგვარად, განახლებული ქრისტიანის მიზანი მტკიცე რწმენასთან ერთად, უნდა იყოს სიყვარული, კეთილმოქმედება, სულიერი სრულყოფა, რის შედეგადაც ადამიანი დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას აღწევს. ყოველივე ამის მიღწევა შესაძლებელია, თუ მოვუხმობთ მთელ ჩვენს ნებისყოფას და გავყვებით წმ. პეტრე მოციქულის სიტყვებს: "აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა" (2 პეტრე 3,18). ქრისტიანობა - ესაა რელიგია სრულყოფილი სიყვარულისა, მარადიული სიხარულისა და უხვი ღვთაებრივი ენერგიისა. გისურვებთ, გქონოდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული: სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული დედა სამშობლოსადმი, სიყვარული ჩვენი უკვდავი სულისადმი, სიყვარული მარადიული მომავალი სიცოცხლისადმი, სიყვარული სიკეთისა და ყოველივე იმის მიმართ, რაც კი ხელს შეუწყობს ჩვენს სულიერ თვალთა აღხილვასა და აღდგომას. ძვირფასო დებო და ძმებო, აღდგომილი უფალი ჩვენ ყველას გველოდება სიყვარულით გაშლილი ხელებით. ვიქმნეთ ღირსეულნი მისი ღვთაებრივი სიყვარულისა, რადგანაც "ვითარცა-იგი მამაი აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაი ჰნებავს, აცხოვნებს" (იოანე 5,21). სიხარულით მოდით და დატკბით ღვთაებრივი ტრაპეზის ზიარებით, ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე ! აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 1978 წელი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
 |
|
|
|
|
თემა: ახალი წელი
დამატების დრო: 24.07.2014
|
სრულიად საქართველოს ღვთივკურთხეულ შვილებს! უსასრულო ჟამთმდინარებას შეერთო მადლშემოსილი ძველი წელი და უფლის ნებით ზეგარდამოვიდა ქვეყნად ახალი, 1982 წელი. წარსულ წელს ქართველმა ერმა იაკობის ძალა გამოავლინა შრომაში, მეცნიერებაში, ტექნიკაში, სულიერ ცხოვრებაში ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისათვის, - მერმისი დღისათვის, რომლისთვისაც ბრძანებს მოციქული პავლე: ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ: დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით; დაეთესვის გინებით და აღდგების დიდებით; დაეთესვის უძლურებით და აღდგების ძლიერებით; დაეთესვის ჴორცი მშჳნვიერი და აღდგების ჴორცი სულიერი (1 კორ. 15,42-44). სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის მეცადინეობა ყოველი ჩვენგანის ვალია. რათა "ივერი აღდგეს ძლიერი და დადგეს ერად სხვა ერთა შორის. წმიდით საყდარით, ენით მდიდარით, სწავლისა შუქით განათებული!.." ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, როგორც სულიერს, ისე მატერიალურს, პირველყოვლისა, ეს ეხება ქართულ ენასაც. ძველქართული პოეზიის ბწყინვალე ძეგლის, "ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲს", ავტორი ღირსი მამა იოანე-ზოსიმე ამბობს: "და ესე ენაჲ მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქვიან". წმიდა ოთხთავის მიხედვით, ლაზარე მეგობარი იყო ქრისტესი. იგი მკვდრეთით აღადგინა მაცხოვარმა, ხოლო მის დებს, როგორც ძმის ჭირისუფლებს, სამარადისო ცხოვრება აღუთქვა. აზრი ნათელია, ღმრთის ნებით, ქართული ენა მკვდრეთით აღდგენილ წმიდა ლაზარესთან არის გაიგივებული, ხოლო მის ჭირისუფლად შერაცხულია მთელი ქართველი ერი, რომელიც ვალდებულია დღენიადაგ უფრთხილდებოდეს, ზრუნავდეს მისთვის, ვითარცა მართალი იოსები იფარავდა მტერთაგან ჩვილ ყრმას, მაცხოვარს ჩვენსას იესო ქრისტეს. მადლობა უფალს, ჩვენს კურთხეულ მიწა-წყალზე წინაპართა ნაკვალევი სანთლით საძებარი არა გვაქვს. მიწიერი საქართველოს მთა და ბარიდან 15 ათასზე მეტი ისტორიული ძეგლი შეღაღადებს ზეციურ საქართველოს! ქართველი კაცი სადაც ბარს დაჰკრავს, დღის სინათლეზე გარდასული დიდების უტყვი მოწმენი ამობრწყინდებიან. ყოველი მათგანის მდიდარ ისტორიას მხოლოდ ძუნწი წარწერა გვამცნობს. დგას ქართველი კაცი დიდებული ქართული ტაძრის წინაშე და რაოდენ სავალალოა, რომ მასზე ამოტვიფრულ წარწერას ვერ კითხულობს. სამწუხაროა, რომ დღეს ძველქართული (ასომთავრული და ნუსხა ხუცური) მხოლოდ ენათმეცნიერების საქმედ იქცა. გვახსოვდეს, ასომთავრული და ნუსხა-ხუცური დამწერლობის ხმარებიდან განდევნით ჩვენივე ნებით ვაშენებთ ყრუ კედელს წარსულსა და მომავალს შორის. თანამედროვე ქართველი კაცისათვის თანდათან უცხო და გაუგებარი ხდება უძველესი ქართული გამოცემები, თუმცა ისინი იმავე ღვთიური მადლით გასხივოსნებული, დინჯი და დარბაისლური ქართულით გვიამბობენ ერის გარდასული ცხოვრების ჭირსა და დალხინებას. ჯერ კიდევ მე-10 საუკუნეში ჩვენს დიდ წინაპრებს მთელი სიღრმით შეუცვნიათ მშობლიური ენის საღვთისმეტყველო ბუნება და რელიგიური ძალისხმევა: "დამარხულ არს ენა ქართული დღემდე მეორედ მოსლვისა საწამებლად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა". ღვთის შთაგონებით ასეთი განუზომელი მისია დააკისრეს ქართულ ენას ქრისტიანობის შესანიშნავმა აპოლოგეტებმა, რიაც ავალებს ყოველ ქართველს, უძველეს ანბანთა - ასომთავრულისა და ნუსხა ხუცურის ცოდნას. სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ხალხი პატრონობას უწევს ისტორიულ ძეგლებს, აღადგენს და მეორე სიცოცხლესაც უბრუნებს მათ. ამ ღვთიურ და ეროვნულ საქმეში გადამწყვეტი სიტყვა ახალგაზრდობას ეკუთვნის. კარგი იქნებოდა, თუ ასეთივე შემართებით დაეუფლებოდა იგი ძველქართულ დამწერლობას, რათა ყოველ ახალ ძეგლთან შეხვედრისას აღარ დაგვჭირდეს ენის სპეციალისტთა მოხმობა ტაძრისა და მონასტრის კარიბჭეზე აღბეჭდილი წარწერის ამოსაკითხად. ჩვენი სამეცნიერო დაწესებულებები სათანადო ყურადღებას უთმობენ ძველქართული დამწერლობის გავრცელების საქმეს, მაგრამ ქართული ანბანის ტაბულებისა და პარალელური ტექსტების გამოცემა არ მოგვცემს იმდენ სარგებლობას, რამდენსაც ძველი დამწერლობის თანმიმდევრული შესწავლა. ყოველმა საშუალო სკოლადამთავრებულმა უნდა იცოდეს ასომთავრული და ნუსხა ხუცური წერა-კითხვა. ამ საშვილიშვილო საქმეში დაუფასებელი დახმარების გაწევა შეუძლიათ ძველი ქართული ენის მასწავლებლებს. დღეს წმიდა ეკლესია ერთადერთი სავანეა, სადაც მოკრძალებით შეფარებულია და ყოველდღიურად იკითხება ძველქართული დამწერლობა, რამეთუ ყველა საეკლესიო წიგნი ხუცურადაა დაბეჭდილი. უფლის შემწეობით, ჩვენს ერში მორწმუნენი მრავლად არიან, მაგრამ ძველქართული დამწერლობის მცოდნენი მცირედნი: ქართველ მრევლში იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც შეეძლოს მედავითნეობა გაუწიოს მოძღვარს, რაც ბევრ დაბრკოლებას უქმნის წირვა-ლოცვის დაყენებას. ვთხოვ ქართველ მორწუნეთ, გამოიჩინონ სიბეჯითე და გულმოდგინება, შეისწავლონ ასომთავრული და ხუცური დამწერლობა. არ მოშალონ ხიდი - აკვედუკი, გადებული სახელოვან წარსულსა და ბედნიერ მომავალს შორის, როგორც ერთადერთი გზა, რომლითაც მოაღწია ჩვენამდე ენამ, რწმენამ და ქართველი კაცის გენიამ. ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია. იგი ფარად და მახვილად ეპყრა მოციქულთა სწორ წმიდა ნინოს, რომელმაც ქართველი ერი საბოლოოდ აზიარა ქრისტეს რწმენას. ძველქართულ ენაზე მეტყველებდნენ ქართველი წმიდანები; ღირსნი მამანი და დედანი, რომელთა ღვაწლი განუზომელია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსთვის, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ნათელყოფაში. საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულო შვილებო, გისურვებთ მზეგრძელობას სულიერებასა და ქრისტესმიერ სიყვარულს. შევთხოვ ქვეყნის შემოქმედს, ახალი წელი ყოფილიყოს საწინდარი მარადიული მშვიდობისა, რათა 2000 წელს ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს დედამიწაზე მოსვლის ოცსაუკუნოვან სიხარულს ჩვენი პლანეტა შეხვდეს აყვავებული და სვებედნიერი. ამ ახალმა წელმაც გაგიღოთ კარნი ახალ მიღწევათა, კვლავაც მშვიდობის მზის ქვეშ იფურჩქნებოდეს ერის ცხოვრება. ნეტარ იყვნენ მშჳდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ (მათე 5,9). სულგრძელ იყავით ყოველთა მიმართ; კეთილს უყოფდეთ ურთიერთს; სულსა ნუ დაივიწყებთ; ღმერთისა მიმართ ილოცვიდეთ; მარადის გიხაროდენ! ღმერთი თქვენთან არს ყოველთა დღეთა და უკუნითი უკნისამდე. ამინ! 1982 წელი, იანვარი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
 |
|
|
|
|
თემა: აღდგომა
დამატების დრო: 18.03.2013
|
ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, მოძღვართა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა (მათე 28,20) ძვირფასნო და ქრისტე იესოს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ამა სოფლის ამაოებათა დამტევებელნო პატიოსანნო ბერ-მონოზონნო, ხორციელნო და სულიერნო ძმანო და დანო, შვილნო საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიისანო, მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ! ჩვენ ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტეს, ჯვარცმულსა და აღდგომილს, რომელიც დღეს განსაკუთრებული ძალით მოგვმართავს თითოეულ ჩვენთაგანს, "იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამ. 2,10). მაინც რომელ რწმენაზე, რის ერთგულებაზეა აქ ლაპარაკი? უპირველეს ყოვლისა, ღვთიური საწყისის, ქვეყნიერებისა და სამყაროს მმართველი და მფარველი უმაღლესი გონების რწმენაზე, ქრისტიანის სახელის ერთგულებაზე, მშობელი ხალხის და მამულის ერთგულებაზე, იმ ჰუმანური პრინციპების ერთგულებაზე, რომელთაც წმიდა ეკლესია ქადაგებს. ყველას, ვინც ამ მაღალი იდეალების ერთგულნი ხართ და რომელნიც მიილტვით მათკენ, გულითადად გილოცავთ აღდგომას დაუსაბამო ლოგოსისას, რომელიც მორწმუნეთ "ცხოვრების გვირგვინით" ამკობს: ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! ამ სიტყვებშია ჭეშმარიტების გამარჯვება! ამ სიტყვებშია საიდუმლო ზეშთაგონება და სასიხარულო მოწოდება, სიყვარულის მისალმება და მშვიდობის წადილი! ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! ეს ორი სიტყვა მოიცავს ორთავე სიცოცხლეს, აერთებს ორივე სოფელს, აკავშირებს მიწას ზეცასთან, ქმნილებას - შემოქმედთან; ადამიანს - ღმერთთან! ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! ამ სასიხარულო და მადლიან სიტყვებს იმეორებდნენ ჩვენი დიდებული წინაპრები; ეს სიტყვები გადაეცემოდა ბაგიდან ბაგეს, თაობიდან - თაობას და ავსებდა ადამიანებს იმ სიხარულით, რომელიც მარადიული სიყვარულის წიაღიდან მომდინარეობს! პასექი ქრისტესი - ეს ის დღეა, როდესაც მორწმუნე ადამიანის უკვდავ სულს თვალთახედვა მიენიჭება და მის წინაშე წარმოჩინდება მანამდე უხილავი, მაგრამ მუდმივად საგრძნობი დაუსაბამო საწყისი, ესაა შეხვედრა ორი სამყაროსი - გარეგანისა და შინაგანისა, ამ სულიერი გაცისკროვნების დროს ადამიანის წინაშე თითქოსდა უსასრულობა გადაიშლება და მატერიალური სამყაროს მიღმა ის იწყებს სხვაგვარი სამყაროს ხილვას. ამ დღეს ადამიანი სრულად შეერწყმის მისთვის უჩვეულო სულიერ სამყაროს და შეიგრძნობს სრულ ჰარმონიას ღმერთთან! ღვთაებრივი ენერგიით მადლმოსილთ შესწევთ უნარი, გარდა მატერიალურისა, სხვა სამყაროც დაინახონ. ისინი ცხადად ხედავენ სიკვდილზე ქრისტეს გამარჯვების კანონზომიერებას. აღდგომილი ქრისტე არის განმათავისუფლებელი, მან იმისათვის დასდო თავი სასიკვდილოდ, იმისათვის დაჰყვა უხეში მატერიის ძალას, რომ ეს მრისხანე გამანადგურებელი სტიქია თავისი ღვთიური ძალით დაემარცხებინა! დიახ, ჩვენ გვწამს და აღვიარებთ ქრისტეს აღდგომილს! ანდა როგორ შეიძლება არ გვჯეროდეს ქრისტეს აღდგომა, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა მოციქული ქრისტეს აღდგომის ქადაგებისათვის ეწამა და არცერთ მათგანს სასიკვდილო წამების დროსაც კი არ შეუწყვეტია აღდგომილი ქრისტეს ქადაგება! აღდგომილი მაცხოვრისადმი რწმენისა და სიყვარულისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის დაათხიეს სისხლი ჩვენმა სახელოვანმა წამებულებმა, წმიდა დიდმოწამე გიორგიმ, არგვეთელმა თავადებმა დავითმა და კონსტანტინემ, ქართველმა მეფეებმა - არჩილმა, ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა და მრავალთა სხვათა. მთავარი, რაც ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოუტანა, არის ადამიანის შინაგანი გარდაქმნა, ახალი ქრისტესმიერი ცხოვრება, იესო ქრისტემ თავისი პიროვნებით ჩვენ დაგვანახა ღმერთი, ღმერთი, რომელიც ადამიანისთვის მახლობელი და ძვირფასი შეიქმნა და ამით მან ჩვენი ცხოვრება აზრით, სიხარულითა და სილამაზით აავსო! აღდგომილმა მაცხოვარმა განმაკურნებელი ბალზამით მოუშუშა რა ძველ სამყაროს ზნეობრივი ჭრილობები, იმედი მოუტანა გამოფიტულთ და სასოწარკვეთილთ. ქრისტეს აღდგომის ღვთაებრივი საიდუმლოს აღქმას ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ შინაგანი, სულიერი გამოცდილების მეშვეობით, სადაც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება რწმენასაც და ცოდნასაც. ცოდნა და რწმენა განუყრელადაა დაკავშირებული და ავსებს ურთიერთს. როგორც ამბობს ეკლესიის ცნობილი მასწავლებელი და ფილოსოფოსი კლიმენტი ალექსანდრიელი ( 215 წ.), "არ არსებობს ცოდნა, რომელიც დაკავშირებული არ იყოს რწმენასთან, ისევე როგორც არ არსებობს რწმენა, რომელიც დამოკიდებული არ იქნება ცოდნაზე" (კლიმენტი ალექსანდრიელი, "სტრომატა", წ.V, თ.I). ყოველი მეცნიერება, ამბობს ის, - დაფუძნებულია პირველსაწყისებზე, რომელნიც წარმოადგენენ თვალნათლივ ცხად ჭეშმარიტებებს - აქსიომებს. მათი დამტკიცება შეუძლებელია და ისინი მიიღებიან მხოლოდ რწმენით. უკეთუ ხილულ საგნებზე მეცნიერებას და ცოდნას საფუძვლად უდევს რწმენაზე დამყარებული დებულებები, მით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რწმენას იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უშუალო კავშირი აქვს უხილავთან და ღვთაებრივთან, რადგანაც მხოლოდ წმინდათა გულით შეუძლიათ იხილონ ღმერთი (მათე 5,8), და ზნეობრივი სრულყოფა კი თავისუფალი ნებისყოფის შედეგია, ამდენად, რელიგიური რწმენაც თავისუფლების შედეგად ჩაითვლება, მეორე მხრივ, თუ ცოდნა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაც, თავის მხრივ, მტკიცდება ცოდნით, რომლის გარეშე ის შეიძლება მყარი არ აღმოჩნდეს. კლიმენტი ალექსანდრიელი დაასკვნის: "უბრალო რწმენა ადამიანს ჰყოფს მონად, ხოლო რწმენა გააზრებული - მეგობრად ღვთისა". მთავარია, ჩვენ არ დავკარგოთ კავშირი მასთან, ვინც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის წყაროს. როგორც III საუკუნის მეცნიერი ორიგენე წერს, "ღმერთი არის უმაღლესი გონება და, ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა". ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რელიგიური გრძნობა ერთნაირად დამახასიათებელია როგორც გაუნათლებელი ადამიანებისათვის, ასევე თანამედროვე ცოდნის მწვერვალებზე მდგომი დიდი მეცნიერებისათვისაც. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობა ადამიანის უკვდავი სულის ნიჭის ნაყოფია. ცნობილმა ასტრონომმა კამილ ფლამარიონმა პარაფსიქოლოგიური მოვლენების გამოკვლევის შედეგად ოთხი მნიშვნელოვანი თეზისი ჩამოაყალიბ: 1) სული არსებობს სხეულისგან დამოუკიდებლად. 2) მას ახასიათებს მეცნიერების მიერ ჯერაც შეუცნობელი თვისებები. 3) მას აქვს მანძილზე მოქმედებისა და აღქმის უნარი. 4) მომავალი მზადდება წარსულით და სულს აქვს წინასწარგანჭვრეტის უნარი (კ. ფლამარიონი. "უცნობი ფსიქიური მოვლენები", ს. პ. ბ. 1852 წ.). ამგვარად, წარმოიშვა ცოდნის ისეთი ახალი სფერო, როგორიცაა პარაფსიქოლოგია, რომელიც მეცნიერებას უხილავ რეალობას უკავშირებს და მატერიალური სამყაროს მიღმა ხედვის შესაძლებლობას გვაძლევს. ვაცნობიერებთ რა ყოველივე ამას, მივდივართ დასკვნამდე, რომ ქრისტიანობა იყო და რჩება ჩვენთვის ერთადერთ ჭეშმარიტ ძალად. "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა" (პირველშეწირულის წირვა). რა იქნებოდა საქართველო ქრისტიანობის გარეშე?! ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას და ქრისტიანობამ გადაგვარჩინა ჩვენ! როგორც ამბობს ტერტულიანე, სული ჩვენი ბუნებით ქრისტიანია. დღეს ჩვენი მოზეიმე სულები ერთხმად უგალობენ და შესთხოვენ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს, მოგვმადლე ჩვენ, ზეციერო მოძღვარო, ჩვენი დიდი წინაპრების რწმენის ძალა, სასოების შეურყევლობა და მხურვალება მათი სიყვარულისა! მოგვმადლე ნიჭი, რომ ამქვეყნიურ ხმაურში გავიგონოთ მარადიულობის სიჩუმე და სიმშვიდე, რომ სამარადისოდ შეგიერთდეთ და ვიხაროთ შენთან! როდესაც წუთისოფლის ბნელ გზაზე დაღლილნი და გზააბნეულნი შევჩერდებით და აღარ გვეცოდინება საით წავიდეთ, მოგვმადლე ცხოვრებისეულ ქარიშხალში შენი ნათელი სახის ხილვა და შენი მშვიდი გამამხნევებელი ხმის გაგონება. "მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა"! დიახ, ჩვენთან, ჩვენს ხალხთანაა მაცხოვარი სამარადისოდ! გიხაროდეთ, რამეთუ ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე ! აღდგომა ქრისტესი, თბილისი, 1979 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
 |
|
|
|
|
თემა: აღდგომა
დამატების დრო: 20.03.2013
|
საქართველოს საპატრიარქოს ღვთივკურთხეულ სამწყსოს ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა (I იოანე 4,16). ღვთისმოყვარენო და ღვთისაგან რჩეულნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძენო და ასულნო ივერიის წმიდა სამოციქულო ეკლესიისანო, მკვიდრნო საქართველოისანო და მცხოვრებნო ჩვენი ძვირფასი სამშობლოს საზღვრებს გარეთ! მშვდობაჲ თქუენდა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუის მიერ (1 პეტრე 5,14). დღეს მე კვლავ გაუწყებთ თქვენ ყველას მარადიულ სიყვარულსა და სიხარულს: ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! უფალი მოგვმართავს ყოველ ჩვენგანს: ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ (მათე 7,7). მაცხოვარო ქვეყნისა, გევედრებით, აღადგინე ჩვენი სარწმუნოება, რომლითაც ცხოვრობდნენ და იმარჯვებდნენ ჩვენი დიდნი მამა-პაპანი; გვრწამს, რომ ჯვარს ეცვი და აღდეგ ჩვენთვის და ქვეყანა გამოიხსენ ცოდვებისაგან; შენ სძლიე უძლეველი და შენი აღდგომით მოგვმადლე საწყისი ახალი ცხოვრებისა, რომელიც აქ, დედამიწაზე, იწყება და საუკუნო სასუფეველში გრძელდება. ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! სასოებაო ქვეყნისა! შენ ხარ ჩვენი ერთადერთი იმედი, ჰქმენ კეთილსასწაულ და სძლიე ბოროტსა ამ სწრაფწარმავალ ქვეყანასა ზედა. გვჯერა, რომ შენ მოგვანიჭებ ძალას, რათა სულიერი აღმავლობის გზით ვიაროთ და მოგვცემ მხნეობას ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის. ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! თავად სიყვარულო და სიყვარულის მომნიჭებელო უფალო, ადამიანის დაგმანული გული შენი უზენაესი სიყვარულით აღავსე, რათა შევიგრძნოთ გულისტკივილნი მოყვასთა ჩვენთა და ვიყოთ მსხვერპლად შეწირულნი ადამიანთა საკეთილდღეოდ. პირველნი, რომელთაც აუწყეს ქვეყანას ქრისტეს აღდგომა, იყვნენ ანგელოზები. როცა მენელსაცხებლენი დედანი მივიდნენ მაცხოვრის საფლავთან, ანგელოზმა აუწყა მათ: ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ... აღდგა ვითარცა თქუა, მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი (მათე 28,5-6; მარკოზი 16,6; ლუკა 24,6); მენელსაცხებლენი სიხარულითა და თრთოლვით წამოვიდნენ და აუწყეს მოციქულებს: და ვითარ იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა, იესო შეემთხვა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! (მათე 28,8). როგორი აუწერელი სიხარული განიცადეს მათ იმჟამს. ისინი მიდიოდნენ, რათა ეხილათ უსულო გვამი მაცხოვრისა, ხოლო პოვეს მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტე. იესო ქრისტეს აღდგომა აუწყეს ქვეყანას აგრეთვე მოციქულებმა, რომელთაც მაცხოვარი არაერთხელ გამოეცხადა სიტყვებით: მშვიდობა თქვენთანა! განსაკუთრებით საყურადღებოა მოციქული თომას მოწმობა, რომელმაც თქვა: უკეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამშჭუალთაი და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა სამსჭუალთასა, და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არა სადა მრწმენეს (იოანე 20,25). მაცხოვარმა არ დასტოვა იგი ურწმუნოებაში და შეიწყალა. რვა დღის შემდგომ უფალი კვლავ გამოეცხადა მოციქულებს და უთხრა: "მშვიდობა თქვენთანა!" შემდეგ მიმართა მოციქულ თომას და ჰრქუა: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ (იოანე 20,27). თომა მოციქულმა მაშინღა უპასუხა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! (იოანე 20,28). იგივე დიალოგი გრძელდება დღეს ჩვენთან, თუმცა ტექნიკურ-მეცნიერული რევოლუციის ორომტრიალში ვიმყოფებით, ჩვენ გვწამს, რომ თანამედროვე ადამიანი, რომელსაც სურს ყველაფერი იცოდეს, საბოლოოდ მოიკრებს სულიერ ძალებს, მისთვის გაცხადდება დაფარული და მსგავსად თომა მოციქულისა შეღაღადებს: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! დიალოგი დაწყებულია, დაველოდოთ მის დამთავრებას... მეტად რთულია ის პრობლემები და სიტუაციები, რომლებიც წარმოიშვებიან ცხოვრებაში, მაგრამ მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ გვიჩვენა გამოსავალი - მისი მოძღვრების განხორციელება ადამიანთა ცხოვრებაში. ყველა მცნებას მოიცავს უკვდავი ნათქვამი: "შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (რომ. 13,19). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებდა და აწუხებს ქრისტიანს, ეს გახლავთ ადამიანის დამოკიდებულება ქვეყნისადმი. ალბათ საჭიროა, რაღაც საშუალოს გამონახვა. როცა მოციქული იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცაღა რაი არს სოფლისაი ამის. უკეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა (1 იოანე 2,15), იგი გულისხმობს იმ სიახლოვეს, რომელსაც მუდამ იჩენს ადამიანი ქვეყნისა და ცხოვრების მიმართ. მატერიალურთან მეტისმეტი სიახლოვე ადამიანს უხეშ მატერიალისტად ხდის, მხოლოდ იგოიზმსა და პირად კეთილდღეობას ცნობს. ჩვენ უფლება არ გვაქვს შევიძულოთ ქვეყანა, რამეთუ იგი ღმრთის ქმნილებაა, მაგრამ არც უნდა შევესისხლხორცოთ მას ბოლომდე, დაუდევრობამდე და გულგრილობამდე; ჩვენ გულში მუდამ უნდა ვატარებდეთ მიწასთან ინტერვალის გრძნობას, ჩვენ უნდა ვიდოდეთ არა მიწასა ზედა, არამედ მისგან ამაღლებულნი. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ დავივიწყებთ მარადიულ ფასეულობას. როცა წარსულს ვაანალიზებთ, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ქრისტიანობა არ აღმოცენდებოდა და არ აღორძინდებოდა, ადამიანს რომ ყური არ დაეგდო თავისი სულის ხმისათვის, და რომ მაცხოვარს ყოველივე ის არ მოემადლებინა, რაც მთავარია და აუცილებელი ადამიანისათვის. ქრისტიანობამ დაგვანახა, რომ იგი ზექვეყნიურია და ზებუნებრივი. მან შთაბერა ქვეყანას ახალი ენერგია, ახალი ცხოვრება ქრისტე იესოს მიერ, ცხოვრება, რომელმაც მოსდრიკა ცანი და შეუერთა დედამიწას. ქრისტიანობა თავისი არსით თეორია კი არ არის, არამედ სიცოცხლე, კავშირი ზეცასთან და რელიგიური გამოცდილება. ამ რელიგიას ვერ შეიცნობ მხოლოდ გარკვეული იდეების, დოგმატებისა და წესების შესწავლით. უკეთუ ადამიანის გულში რელიგიური მარცვალი ძევს, იგი ცხოვრების ხედ აღმოცენდება და კეთილ ნაყოფს მოგვცემს. ეს სულიერი ძალა, რომელიც იბადება პიროვნებაში, გარდაქმნის არა მარტო თვით პიროვნებას, არამედ გავლენას ახდენს მთელ სამყაროზე, ცვლის ქვეყნის ისტორიულ სახეს. ეს ღვთაებრივი ცეცხლია, არა შემმუსრველი, არამედ განმწმედელი და ახალი იმპულსის მიმცემი ქვეყნისათვის. ამის შესახებ მაცხოვარი ბრძანებს: ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაი მნებავს, რაითა აწვე აღეგზნეს (ლუკა, 12, 49). რას ვხედავთ სინამდვილეში? ადამიანი როგორღაც განშორდა ღმერთს, მაგრამ სულიერ ფასეულობას ვერავითარი მეცნიერება, ტექნიკა და სხვა რამ მატერიალური ვერ შეცვლის. დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას. შეძლებს თუ არა დაიმორჩილოს თავისი თავი და მის მიერ შექმნილი ტექნიკა. აღმოჩნდება თუ არა დაგროვილი ტექნიკა ადამიანისათვის საბოლოოდ კეთილდღეობის მიმცემი. ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ მეცნიერულად დასაბუთებულმა ტექნიკამ მოგვცა არნახული ძალაუფლება ბუნების ასათვისებლად და ეს ძალაუფლება უნდა იყოს გამოყენებული არა ადამიანის სულიერი დაუძლურების, არამედ მისი კეთილდღეობისათვის, ამ სიტყვის გლობალური გაგებით. დღევანდელ პირობებში მორწმუნენი მიილტვიან პირველი ქრისტიანების ამაღლებული სულიერობისაკენ, როცა უფალი ძალიან ახლოს იდგა ადამიანთან და ამ სიახლოვით მისი შინაგანი სამყარო აღვსილი იყო სიყვარულით და სიხარულით. ამგვარი სიახლოვე გვწყურია ჩვენ ყველას, მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვპოულობთ გზებს, ღმერთთან კავშირისათვის. ცნობილი ქრისტიანი აპოლოგეტი და მეცნიერი ტერტულიანე ერთ-ერთ ასეთ გზაზე მიგვანიშნებდა: სჯობია ადამიანმა ყური მიუგდოს თავისი სულის ხმას და მაშინ ჭეშმარიტი ღმერთი არ იქნება მისთვის უცნობი. სული რაც უფრო ახლოა ბუნებასთან, მით უფრო განწყობილია ქრისტიანული სარწმუნოების მისაღებად, რამეთუ ბუნება არის მასწავლებელი, ადამიანის სული - მოსწავლე, ღმერთი - მასწავლებლის მასწავლებელი. აქედან დასკვნა: რაც უფრო დავუახლოვდებით ღმერთს, მით უფრო დავუახლოვდებით ერთმანეთს. ადამიანს, რომელიც ახლოა ღმერთთან და მოყვასთან, არავითარი განსაცდელი არ აშინებს. ამის შესახებ ესაია წინასწარმეტყველის პირით უფალი გვეუბნება: წყალზე გადასვლისას, მე შენთანა ვარ; მდინარენი ვერ წაგლეკავენ შენ; შეხვალ ცეცხლსა შინა და არ დაიწვები და არცა ალი მოგეკიდება (ესაია 43,2). ბრწყინვალეა და საიდუმლო დღე ქრისტეს აღღგომისა. დღეს კვლავ აღდგა ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი სასოება და სიყვარული. აღდგა ჩვენი რწმენა, რწმენა შემოქმედისა, რომელიც არ გვტოვებს, რწმენა სიკეთისა, რწმენა ადამიანისა, რწმენა ჩვენი ფერისცვალებისა და აღდგომისა. განახლდა ჩვენი სასოება, იმედი, რომ კაცობრიობა კვლავ დაუბრუნდება ღმერთს და მარადიულ სულიერ საუნჯეს აითვისებს; აღდგა იმედი, რომ მოხდება ჩვენი განახლება, იმედი იმისა, რომ არ იქნება მტრობა და შიმშილი, და რომ გაიმარჯვებს ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გამობრწყინდა ჩვენში სამსახოვანი სიყვარული: სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამულისა და სიყვარული ადამიანისადმი. ქრისტეს აღდგომამ განახვნა ჩვენი გულები; მაშასადამე ქრისტე ჩვენთან არს! თქვენ ყოველთა, ახლობელთა თუ შორეულთა, საქართველოში და სამშობლოს გარეთ მცხოვრებთა, გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, დღესასწაულს ჩვენი სულიერი განახლებისა! იხარეთ ორსავე სოფელსა შინა! ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს (I იოანე 2,8). ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე ! პასექი ქრისტესი 1980, თბილისი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
 |
|
|
|
|
თემა: ახალი წელი
დამატების დრო: 12.08.2014
|
საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ხატოვანი გამოთქმით ახალი წელი მუდმივად მდინარე ნაკადია, რომელიც მარადიულობიდან მომდინარებს და მარადიულობასვე ერთვის. მარადიულობას შეუერთდა 1979 წელი და იგი იმავე მარადიულობის მიერ წარგზავნილმა კურთხეულმა 1980 წელმა შეცვალა. წმიდა წინასწარმეტყველი დავითი ამბობს: არა არიან თქუმულ არცა სიტყვა, რომელთა-იგი არა ესმა ხმაჲ მათი (ფსალმუნი 18,3). ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ დღეს თავისი საკუთარი სახე აქვს და მას შეუძლია მომდევნო დღეს რაღაც გადასცეს. მითუმეტეს, ამისი თქმა მთელი წლის შესახებ შეიძლება. თუკი ყოველ დღეს გააჩნია რაღაც ახალი, მითუმეტეს ახალს, მნიშვნელოვანს, სასარგებლოს გვაძლევს მთელი წელიწადი. ჩვენ სიხარულით ვეგებებით ახალ წელიწადს, მაგრამ ზოგიერთნი, ვინც შარშან ჩვენთან ერთად ეგებებოდნენ ახალ წელს, წავიდნენ მარადიულობაში - გადასახლდნენ ზეციურ საქართველოში. ყოველ ჩვენგანსაც იგივე გზა გველის. სასრული ყოფიერება იგივეობრივი არაა უსასრულო ყოფიერებისა. მიუხედავად ამისა, ყოველივეზე, რაც ეხება ღვთის ყოფიერებას, ჩვენ ძალგვიძს ვიმსჯელოთ მხოლოდ ხილული სამყაროს ჩვენთვის ცნობილ ყოფიერებასთან ანალოგიების მეშვეობით. აბსოლუტურ ყოფიერებასა და ხილულ სხეულებს შორის არსებითი განსხვავების მიუხედავად, რადგან ეს სხეულები ღვთის მიერაა შექმნილი, მათ შორის აუცილებელი ერთიანობა არსებობს. სწორედ აღნიშნული ერთიანობაა მეტაფიზიკური ანალოგიების საფუძველი. ჩვენ ვერასდროს ვერ მივაღწიეთ ღვთიური საწყისის პირდაპირსა და ადექვატურ გაგებას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ხილულ ყოფიერებასთან ანალოგიებზე დაფუძნებულ არაადეკვატურ გაგებას. ამიტომ იზრდება მნიშვნელობა საღმრთო წერილისა, როგორც ღვთაებრივი გამოცხადებისა, რომელიც ჩვენ მთელი სერიოზულობით და მოწიწებით უნდა შევისწავლოთ. ამგვარად ჩვენი რწმენა დაფუძნებულია როგორც საღმრთო წერილზე, ასევე ბუნების შეცნობაზე, რადგანაც გარემომცველი სამყაროს - ქმნილებების შეცნობა ლოგიკურ საფუძველს წარმოადგენს შემოქმედზე დასკვნების გასაკეთებლად. ჩვენ მივდივართ დასკვნამდე, რომ რწმენა და ცოდნა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, არ გამორიცხავს ურთიერთს, არამედ სწორი აღქმისას ავსებს ერთი-მეორეს. ისინი ანტიპოდები კი არა, ერთი ნაკადის ორი წყაროა, ერთი მიზნისკენ მიმავალი ორი გზაა. ჩვენს მეორე მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს სიყვარული. სიყვარული სიცოცხლის ენერგიაა; სადაც არის სიყვარული, იქ არის ღმერთი. ბრწყინვალედ ამბობს ამის შესახებ მოციქული პავლე: ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების, გინა თუ წანაწარმეტყუელებანი განქარდენ, ანუ თუ ენანი და-ვე-სცხრენ, გინა თუ მეცნიერებანი განქარდენ (I კორ. 13,1-8). რაღა თქმა უნდა, როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში ღვთიურ ძალასთან ერთად ადამიანის თავისუფალი ნებისყოფაც მონაწილეობს. ნებისყოფის თავისუფლება, რომელიც წარმოშობით აღცილებულია, თავის მხრივ ზნეობრიობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, სადაც არ არის თავისუფალი არჩევანი, ნებისყოფის თვითგამორკვევა, იქ არც ზნეობრიობაა. ნებისყოფის თავისუფლება გამოიხატება ზნეობრივ თვითგამორკვევაში, ზნეობრივი მოვალეობების თავისუფალ აღსრულებაში, იმ მოვალეობის აღსრულებაში, რომლის არსიც, თავის მხრივ, ზნეობრიობითაა განსაზღვრული. ეგოიზმი სიცოცხლის თანდაყოლილი თავისებურებაა. უმარტივესი მიკროორგანიზმებიდან ადამიანამდე ყველა ცოცხალი არსება თავის ინტერესებს იცავს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანმა განავითაროს ეს გრძნობა. თავდაცვის ინსტიქტი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს მოყვასისთვის დახმარების სურვილს. ჩვენი დღეები - ეს ფიჭებია, რომელნიც ფუტკრების მსგავსად, თაფლით უნდა ავავსოთ და ამ თაფლით სხვა ადამიანებმაც უნდა ისარგებლონ. ამგვარად შემდეგი საკითხი, რომელსაც მინდა საახალწლო ეპისტოლეში შევეხო, არის შრომა. ბრწყინვალედ აქვს ნათქვამი მოციქულ პავლეს: უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცაღა ჭამნ (2 თეს. 3,10). ბიოლოგიური კანონებიდან გამომდინარე უნდა გვახსოვდეს, რომ შრომა თავისთავად ცოცხალი მატერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილებაა. შრომა სჭირდება ადამიანს ნორმალური არსებობისათვის; სჭირდება ისევე, როგორც ჰაერი, საკვები, ძილი, ურთიერთობა... ზოგიერთი ადამიანი ოცნებობს: ნაკლები იმუშაოს და მეტი მიიღოს, მაგრამ დასვენებით რომ დატკბე, თავდაპირველად უნდა დაღლა იგრძნო. მოკლე სამუშაო დღე ბედნიერებაა მხოლოდ იმისთვის, ვისაც საკუთარი საქმიანობა არ აინტერესებს. ღმერთმა ადამიანი ისე შექმნა, რომ სულიერი მშვიდობის და თვითგამოხატვის მისაღწევად უნდა ვიშრომოთ იმ მიზნისათვის, რომელიც ამაღლებულად და აუცილებლად მიგვაჩნია. მუსიკოსი, მხატვარი, მღვდელი, მწერალი, მეცნიერი, ყოველი მშრომელი ადამიანი ძლიერ იტანჯება, თუ ის მოკლებულია საყვარელი საქმიანობის შესაძლებლობას. დაუშვებელია იყო დაბადებით უსაქმური და ბედნიერებას უმოქმედობაში ხედავდე. წმიდა მოციქული პეტრე შრომის მიზანს ადამიანების ურთიერთ სამსახურში ხედავს: კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი (I პეტრე 4,10). კანადელმა ექიმმა უილიამ ოსლერმა ასე განსაზღვრა შრომის როლი: "ეს პატარა სიტყვა გრანდიოზულია თავისი მნიშვნელობით... სულელს ის ჭკვიანად აქცევს, ჭკვიანს - ბრწყინვალედ, ბრწყინვალეს - შეუპოვრად და გაწონასწორებულად. ყმაწვილებისთვის მოაქვს იმედი, ზრდასრულთათვის - დაჯერებულობა, ხნიერთათვის - დასვენება. შრომას უნდა ვუმადლოდეთ ჩვენ მედიცინის მიღწევებს უკანასკნელი ოცდახუთი წლის მანძილზე; ეს მხოლოდ პროგრესის საზომი კი არაა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების მიღწევების საზომიცაა". ეს სიტყვა "შრომა", მაგრამ იმისათვის, რომ გწამდეს, გიყვარდეს და შრომობდე, აუცილებელია შინაგანი და გარეგანი მშვიდობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიგრძნობთ ჩვენ იმ სიხარულს, რომელსაც ყოველი ადამიანი ეძიებს და რომელზეც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს (ინ. 15,11). დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). მარადიულმა ლოგოსმა ჩვენს გულებში სიმართლის გრძნობა მოიტანა, რათა ჩვენ შეგვეძინა მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან. ჩვენ გვსურს, რომ მშვიდობამ დაისადგუროს ჩვენს გულებში, ჩვენს ოჯახებში, რომ მშვიდობამ გააცისკროვნოს დედამიწა და მოეფინოს მსოფლიოს სამარადჟამოდ. გარდა ჩვენი ფიზიკური ყოფიერებისა, რომელზეც ასე გაძლიერებულად ვფიქრობთ და ვზრუნავთ, არ უნდა დავივიწყოთ სულიერი ცხოვრებაც. ადამიანი მეტისმეტად გამიწიერდა, ამიტომ ის სულიერ შიმშილს გრძნობს. სულიერი ცხოვრება აუცილებელია; ზეცის ხმა ოდნავღა ესმის ჩვენს ასე სუსტად განვითარებულ სულიერ სმენას. ძალიან ნაზი, მგრძნობიერი გული უნდა გქონდეს, რომ ყოველდღიური შთაბეჭდილებების, ინფორმაციების, ცხოვრებისეული ამაოებისა და ვნებების ასეთ ორომტრიალში ზეცის ხმა, მარადიული დიდების და მარადიული სიხარულის მელოდიები მოისმინო. ვარსკვლავები ყოველთვის ბრწყინავენ უღრუბლო ცაზე, მაგრამ ჩვენ მათ ვერ ვხედავთ დღისით მზისაგან დაბრმავებულნი. ზუსტად ასევე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც. ჩვენ ძალიან მცირე ყურადღებას ვუთმობთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას, იშვიათად განვმარტოვდებით, ცოტას ვფიქრობთ. აუცილებელია განმარტოება, ფიქრი, ძიება საკუთარი სულის საპოვნელად, რათა ჩავიხედოთ საკუთარ გულში და ობიექტურად შევაფასოთ ჩვენი ცხოვრების დადებითი და უარყოფითი მხარეები. განმარტოება სავანეა, სასდაც ჩვენ შეგვიძლია განვიკურნოთ სულიერ სნეულებათაგან: განმარტოება და აზროვნება თითოეული ქრისტიანის სულიერი ზრდის პირობაა, მიუხედავად იმისა, თუ როგორი მდგომარეობა უკავია მას საზოგადოებაში. ყოველივე საუკეთესო განმარტოებისას იქმნება და იბადება. ჩვეულებრივად ახალ წელს ჩვენ უფრო მეტად მიწიერსა და დროებითზე ვფიქრობთ, ვიდრე მარადიულზე. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ გავიდა წელიწადი და ჩვენს მიწიერ აღსასრულს ერთი წლით მივუახლოვდით, მიწიერი ცხოვრება, ისედაც ხანმოკლე, კიდევ ერთი წლით შემცირდა. მიწიერი ცხოვრების ზღურბლთან მიახლოებისას არ უნდა დავივიწყოთ ის ფასეულობანი, რომლებიც სავალდებულოა ჩვენთვის მარადიულობაში. უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ ყოველმა ჩვენგანმა განვლილი წლის მანძილზე რა გააკეთა სამარადისო ცხოვრებისათვის მოსამზადებლად. დაე, ყველას უპასუხოს ამაზე მისმა შინაგანმა ხმამ. ყოველ ჩვენგანს სურს სულიერი ზრდა. რითი დავიწყოთ? მართალ ენუქზე ბიბლიაში ნათქვამია, რომ ის ყოველთვის ღვთის წინაშე ვიდოდა (შეს. 5,24) ე.ი. ის ყოველთვის შეიგრძნობდა ღვთის არსებობას და ღვთის ყოვლისგამომცდელ მზერას ყოველ წამს გრძნობდა, რაც მას ცოდვებისაგან იფარავდა და ღვთის მცნებათა შესასრულებლად განაწყობდა. ამითი უნდა დავიწყოთ ჩვენც - და ჩვენი ცხოვრებისეული გზა უვნებელი აღმოჩნდება. ამგვარი ფიქრებითა და გრძნობებით გილოცავთ ყველას, ძვირფასო შვილებო, ახალ, 1980 წელს, რომელიც გვჯერა, კურთხეული იქნება და ჩვენ, ყველას, სიხარულსა და ბედნიერებას მოგვიტანს. ყველას ღვთის მადლი შეგეწიოთ! ვისურვებ, რომ ჩვენს გულებში აღიბეჭდოს ქრისტე! ღვთისმშობლის წილხვედრს - ჩვენს საქართველოს აწ და მარადის ქრისტეს გზით ევლოს... ამინ! 1980 წ. თბილისი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
 |
|
|
|
|
თემა: ახალი წელი, სიყვარული
დამატების დრო: 24.07.2014
|
გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, და განამტკიცე ესე, რომელ დაასხა მარჯუენემან შენმან (მღვდელმთავრის კონდაკი). ქრისტეს მიერ საყვარელნო ჩვენო სულიერო შვილებო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ! მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა (კოლასელთა მიმართ, 1,3). მშვიდობით განვლო 1982 წელმა და კარს მოგვადგა ახალი წელი. ნამდვილად ბედნიერი იყო ჩვენი სამშობლოსათვის წარსული წელი. ყველაფერში იგრძნობოდა სულიერი აღმავლობა: შრომაში, სწავლაში, მეცნიერებაში, კულტურაში, ეკლესიაში, ცხოვრებაში, ღვთის მადლით მშვიდობა სუფევდა ჩვენს ქვეყანაში. საერთაშორისო დაძაბულობის ვითარებაში ხალხმა უფრო მეტად შეიგრძნო მშვიდობის ფასი. ბირთვული ომისა და ბირთვული იარაღის პრობლემა დღევანდელ პირობებში არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნების პრობლემასაც წარმოადგენს. საქართველოს უძველესი ეკლესია ყოველთვის მონაწილეობს მშვიდობის დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმებში და დიდი წვლილი შეაქვს ამ საქმეში. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ეკლესიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო 1982 წლის 10-14 მაისს მოსკოვში ჩატარებულ სამშვიდობო კონფერენციის მუშაობაში. ამ კონფერენციამ, რომელშიც მსოფლიოს თითქმის ყველა რელიგიის წარმომადგენელი მონაწილეობდა, გააერთიანა მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის მებრძოლი სხვადასხვა რელიგიის მიმდევარნი. უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის დაცვის ამ დიდ საქმეში მიღწეულია გარკვეული შედეგები. მსოფლიო პროგრესული კაცობრიობა დიდი მკაყოფილებით შეხვდა იმ ფაქტს, რომ ჩვენმა სახელმწიფომ მიიღო ვალდებულება, პირველმა არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი. მთავარი ის არის, რომ ჩვენ დღეს უფრო მეტად შევიგრძენით, თუ რა პასუხისმგებლობა გვაკისრია ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ჩვენდა სასიხარულოდ და საბედნიეროდ, ჩვენი ახალგაზრდობა დღეს ბევრს ფიქრობს არა მარტო დღევანდელზე და მატერიალურზე, არამედ ხვალინდელ დღეზე, მარადიულზე და ზემიწიერზე; სურს შეიცნოს, ვინ ვიყავით ჩვენ წარსულში, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ახალ წელს ყველას ბედნიერებას ვუსურვებთ, მაგრამ ხშირად არ ვფიქრობთ ამ სიტყვის შინაარსზე და თუ ვფიქრობთ, ვფიქრობთ ზერელედ. მრავალი ადამიანი თავის ბედნიერებას სხვადასხვა გარემოებას, სიმდიდრეს, მდგომარეობას, ცოდნას უკავშირებს, მაგრამ სულის სიმშვიდეს ვერ პოულობს. მაინც რა არის ბედნიერება? ეგებ სულაც არ არსებობს იგი, ეგებ ჩვენ თვითონ მოვიგონეთ? არა, ბედნიერება, ნეტარება ნამდვილად არსებობს; ეს არის ნაყოფი რწმენისა და სიყვარულისა. ბედნიერნი ვართ, როცა ჩვენთან არის ღმერთი, გვწამს და გვიყვარს უფალი, სამშობლო, მშობელი, ოჯახი, მოყვასი... სიყვარული ისეთივე მრავალმხრივი, უსაზღვრო და უნაპიროა, როგორც თვით უფალი. ამიტომაც ამბობს იოანე ღვთისმეტყველი: ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა (I იოანე 4,16). ადამიანებთან, საგნებთან, იდეებთან, ცნებებთან ხშირად ჭეშმარიტი სიყვარულის გაუცნობიერებლად ვამყარებთ კავშირს. სიყვარული ნიშნავს პირადის უარყოფას, ცხოვრებას მოყვასისათვის. ღმერთი სიყვარულია, ქრისტე მაგალითია სიყვარულისა, სული წმიდა - ძალი სიყვარულისა, ეკლესია - საგანძური და მფარველი მისი, ქრისტიანობა - სიყვარულის რელიგიაა, ქრისტიანი კი - ნიმუში სიყვარულისა. სახარების მთავარი თემა, ღვთისადმი ჩვენი რწმენის საფუძველი, უფლისა და მოყვასისადმი ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელი სიყვარულია. სრულყოფილი სიყვარული ორმხრივია: ღვთაებრივი ზეციდან ეფინება მიწას, ადამიანური კი მიწიდან უნდა მიისწრაფვოდეს ზეცისა და სხვა ადამიანებისაკენ. სიყვარული მარადიული, ნიადაგ განახლებული, ერთ ადამიანში დაუტევნელი ძალაა. იგი ბოლომდე ავსებს კაცის სულს, რათა შემდეგ გადმოიღვაროს და სხვათაც გაუნაწილდეს, როგორც ღვთიური მადლი და საზრდელი. სიყვარულს შესანიშნავი თვისება აქვს: სიყვარული ძლიერდება ჩვენში, თუ მას სხვას უხვად ვუნაწილებთ. ალბათ, არცერთ სხვა ენაში არ მოიძებნება სიყვარულის ისეთი სიღრმისეული გამოხატვა, როგორც ეს ქართულ სიტყვებშია: გენაცვალე, შენი ჭირიმე... ვინც რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობს, მისი ყოველი ნაბიჯი სიკეთითაა ნიშანდებული. რწმენა და სიყვარული აუცილებლად გვაჩვენებს გზას მოქმედებისათვის; იგი მტირალთან ტირის და მხიარულთან იცინის, იჩქარის სნეულთა, დავრდომილთა და მხცოვანთა, ქვრივთა და ობოლთა სანახავად და დასახმარებლად. ასეთისათვის არ არსებობს სხვისი გოლგოთა, სხვისი ტანჯვა-წამება, ეს ყველაფერი მისია, საკუთარია; სიყვარულისათვის უცხოა შიში. XIV საუკუნეში ქართლის მეფე გიორგი VII თათართა წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების შემდეგ თავი სამცხეს შეაფარა. მეფის ერთგულმა იოთამ ზედგენიძემ შეიტყო, რომ გიორგის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და ამის შესახებ მეფეს აცნობა. მაგრამ მან არ დაიჯერა. იოთამმა სთხოვა გიორგის, ნება დაერთო ღამე მეფის საწოლში დაწოლილიყო. დილით, როდესაც მეფე გიორგი თავის ოთახში შებრძანდა, იოთამ ზედგენიძე აკუწული დახვდა. საქართველოს ეკლესიამ ასეთი თავდადებული ერთგულებისა და სიყვარულისათვის იგი წმიდანად შერაცხა. მეორე მაგალითი: რამ აიძულა მღვდელი თევდორე წამებით დაესრულებინა სიცოცხლე, თუ არა ღვთის რწმენამ და მამულის დიდმა სიყვარულმა?! 1609 წელს, ლუარსაბ II მეფობის დროს, ოსმალთა ჯარი შეიჭრა ქართლში, რომელსაც სურდა გაეგო, სად იყო დაბანაკებული ქართველთა მეფე. სოფელ კველთაში მუსულმანებმა შეიპყრეს მღვდელი თევდორე და მეგზურობა უბრძანეს; დარწმუნებულნი იყვნენ, მოძღვარმა იცოდა ლუარსაბ II ადგილ-სამყოფელი. მამა თევდორე დათანხმდა გზის სწავლებას; სინამდვილეში კი მტერი სულ სხვა მიმართულებით გაიტყუა. ბოლოს ოსმალები მიხვდნენ თევდორეს განზრახვას და საშინელი წამებით მოკლეს იგი. თავისი თავგანწირული გმირობით მამა თევდორემ სიკვდილს გადაარჩინა მეფე ლუარსაბი, ხოლო ქართველთა ჯარს საშუალება მისცა მომზადებულნი დახვედროდნენ მომხვდურს. აი, რა არის ნამდვილი სიყვარული! მოციქულთა დროს მოძმის სიყვარული ბუნებრივი მოვლენა იყო. წმ. პავლე მოციქული თესალონიკის ეკლესიის მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში წერს: ხოლო ძმათმოყუარებისთჳს არა გჳხმს მიწერად თქუენდა, რამეთუ თქუენ თჳთ ღმრთივ სწავლულნი ხართ სიყუარულისათჳს ურთიერთარს (I თესალონიკელთა 4,9). მადლობჲ გჳღირს ღმრთისა მარადის თქუენთჳს, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს არს, რამეთუ უმეტესად აღორძნდების სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და განმრავლდების სიყუარული კაცად-კაცადისა თქუენისაჲ ურთიერთარს (2 თესალონიკელთა მიმართ 1,3). რწმენა ადამიანის სულისა და ღმრთის შინაგანი ერთობაა, ხოლო სიყვარული - ამისი გარეგნული გამოხატულება. სიცოცხლის აზრი სიყვარულისადმი მსახურებაშია. რწმენას მივყავართ ღმერთამდე, სიყვარული კი ადამიანებთან გვაახლოვებს. ოდითგანვე ბრძენნი ადამიანის ცხოვრების არსს მოყვასის ბედნიერებისათვის ზრუნვაში ხედავდნენ. გიყვარდეს მოყვასი და შენც უყვარდე სხვებს - უფლის მიერ ბოძებული დიდი ნიჭია. ასეთ დამიანს სარწმუნოება და სიყვარული კარნახობს, როგორ გამოძებნოს ურთიერთობის საშუალებები თვით ყველაზე გულქვა, კარჩაკეტილ, გულცივ, ყველაფრის მიმართ რწმენადაკარგულ, ადამიანებზე გულგატეხილ პიროვნებასთანაც კი. სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს გასცემს, იგი მხოლოდ თავისთვის ზრუნავს, და მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვეჭოს, მაინც ვერ დაკმაყოფილდება. სიყვარულის უარმყოფელნი თავიანთი კანონებით ცხოვრობენ: განსხვავებულია მათი შეხედულება საგანთა არსის, ცხოვრების აზრის, სიბრძნის, ზნეობის, ცოდვისა და მადლის შესახებ. ისინი ულმობელნი არიან სხვათა მიმართ და თავის ეგოცენტრიზმს ემსახურებიან მხოლოდ. ასეთები დაწვრილებით იძიებენ და უმოწყალოდ განიკითხავენ მოყვასის არა მარტო საქციელს, არამედ მისი სულის იდუმალ შრეებსაც და ცდილობენ, თვით ყველაზე სუფთა და ამაღლებულ მისწრაფებებშიც კი ჩრდილოვანი მხარეები დაინახონ. მათგან ამაოდ მოველით სიყვარულსა და თანაგრძნობას. შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და ჭეშმარიტი სიყვარული და ცხოვრება მოიპოვოს. ახალი ადამიანი რწმენითა და სიყვარულით უნდა აღიზარდოს. სულიწმიდის მადლით განახლებული პიროვნება შეძლებს გარემომცველ სულიერ და მატერიალურ სამყაროსთან ჰარმონიულად ცხოვრებას; მისთვის მთავარი იქნება თავად პროცესი მუდმივი განვითარებისა და სრულყოფისა. ბიბლიაში ვკითხულობთ: მიხედეთ პირველთა ზედა ნათესავთა და იხილეთ, ვის ჰრწმენა უფლისა და ჰრცხუენეს, ანუ ვინ ეგო შიშსა შინა მისსა და დაუტევა; ანუ ვინ ხადა მას, და უგულებელსყო იგი, რამეთუ მოწყალე არს უფალი, და მიუტევებს ცოდვასა და აცხოვნებს ჟამსა შინა ჭირისასა (ისო ზირაქი 2,10-11). ღვთისადმი რწმენითა და ხალხის სიყვარულით შენდებოდა, იწერებოდა და იქმნებოდა ყოველივე ღირებული და დიადი კაცობრიობის ცხოვრებაში. წმიდა პავლე მოციქულის თქმით, სიყვარული სულგრძელი და ტკბილია; მას არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ამპარტავნობს, არ ჩაიდენს უწესობას, არ ეძიებს თავისას, არ იცის განრისხება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტებისაკენ ისწრაფვის, ყველაფერს იტანს, ყველას უჯერებს, ყველას იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს (I კორინ. 13,4-7). ესაა ნამდვილი სიყვარული, ამაშია ადამიანის ბედნიერება! ასეთ დიდ და უძლეველ სიყვარულსა და ბედნიერებას გისურგებთ მეც, ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო; გისურვებთ, რომ ყველა გიყვარდეთ და თქვენც ყველას უყვარდეთ. მე უკვე მესმის კითხვა: ბოროტი კაცი როგორ შევიყვაროთ? ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც ჩვენ დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვითა და სინანულით განიწმიდოს და ანგელოზის მსგავსი გახდეს. გაუადვილე შენს მოყვასს ცხოვრება, გაჭირვებულს გაუწოდე ხელი: გამოიჩინე მეტი სიყვარული, მეტი თანაგრძნობა, მეტი მოთმინება, მეტი სულგრძელობა, ნიჭს გაუხსენით გზა. ბოლო წლებში ჩვენს სახელმწიფოში საფუძველი ჩაეყარა შესანიშნავ წამოწყებას, რომელსაც ეწოდება "ჩვენ ვეძებთ ტალანტებს". ასეთი მასობრივი ძიება უნდა იყოს ყველა დარგში. განსაკუთრებული მოვალეობა ამ მხრივ ეკისრებათ ჩვენს მეცნიერებს, პოეტებს, ხელოვნების მუშაკებსა და საერთოდ ყველა შეგნებულ ადამიანს. გილოცავთ ახალ წელს და შევთხოვ ყოვლის შემძლებელ ღმერთს, რომ ეს წელი ჩვენი ერისთვის მშვიდობიანი და ბედნიერი იყოს. ჩემი საახალწლო ეპისტოლე მინდა დავამთავრო დიდი მათემატიკოსის, ბლეზ პასკალის სიტყვებით: "მაცხოვრის გარეშე კაცი ყოველთვის ბიწიერებასა და უბედურებაში იქნება დანთქმული. მაცხოვრის წყალობით კაცი თავს აღწევს ბიწიერებას და უბედურებას. მასშია მთელი ჩვენი სიქველე და ბედნიერება. უმისოდ მხოლოდ ბიწიერებაა, უბედურება, ცთომა, წყვდიადი, სიკვდილი, უსასოება" (პასკალი, აზრები, თბ., 1981, გვ.402). ბედნიერია ღვთისმშობლის წილხვედრი ჩვენი სამშობლო, ბედნიერი ბრძანდებით თქვენ, ღვთისმორწმუნენო, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ! 1983 წელი, თბილისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
 |
|
|
|
|
თემა: შობა
დამატების დრო: 23.02.2013
|
საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულ, ღვთივკურთხეულ შვილს: ქრისტესმიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, დანო და ძმანო, ღვთისმშობლის საფარველით დაცული ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო, უცხოეთში მცხოვრებო თანამემამულენო. მოგვეახლა ბრწყინვალე დღესასწაული ქრისტეს შობისა, მაგრამ ამ დიდებულ ზეიმს საქართველო სევდიანი ხვდება. ძმათა სისხლისღვრით გამოწვეული ტკივილი ბოლომდე გაცნობიერებული არც არის. ტრაგედია მოხდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელ სწორ გზას ვერ ვიპოვით, თუ მოვლენებს მიუკერძოებლად არ გავაანალიზებთ და ყველასთვის სამწუხარო შედეგის მიზეზებს არ აღმოვფხვრით. საქართველოს ისტორიაში მოხდა მეტად სავალალო ფაქტი: ერი დაიყო. ქალაქებსა და სოფლებში, სამსახურებში მოსახლეობა დაუპირისპირდა ერთმანეთს: დაუპირისპირდნენ თაობები, ოჯახის წევრები... შექმნილმა მდგომარეობამ იმდენად იმოქმედა ხალხის ფსიქიკაზე, რომ მასა ეგზალტირებული და არაწმიდა ძალის მიერ ადვილად სამართავი გახდა. ადამიანები გაბოროტდნენ, გახშირდა ცილისწამება, მკვლელობა, კიდევ უფრო დაეცა ზნეობა, დადგა ჟამი განუკითხაობისა. მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება გამოვლინდა ეკლესიის მიმართაც. იმის ნაცვლად, რომ ეკლესია თვითონ დაეცვათ პოლიტიკისაგან და ამ მძიმე ჟამს ერის ერთობის, მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის აღევლინათ გულმხურვალე ლოცვა ღვთისადმი, მას დაპირისპირებულ მხარეთა შორის არჩევანის გაკეთება მოსთხოვეს. განა შეიძლება, ეკლესია დადგეს პოლიტიკის გამო ორად გახლეჩილი ერის რომელიმე მხარეს და თავისი მხარდაჭერით მისცეს მორალური უფლება ერის ერთ ნაწილს მეორის გასანადგურებლად? ჩვენს წინ რომ უცხო მტერი ყოფილიყო, პირველნი შევეგებებოდით მას, მაგრამ ჩვენს სამწყსოში, ჩვენს შვილებს შორის არჩევანის გაკეთების უფლება არ გვქონდა. განა ზნეობრივია, დედამ განასხვავოს შვილები ერთმანეთისგან, თუ ყველა ღონე უნდა იხმაროს ძმათა შორის შუღლის დასაცხრობად? ეკლესიამაც, ვიდრე იყო ამის შესაძლებლობა, არაერთხელ სცადა დაპირისპირებულ მხარეთა შერიგება და მათ შორის არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოში გამართულმა ადრინდელმა შეხვედრებმა ნაყოფი არ გამოიღო, ეკლესია მზად იყო და გამოთქვა სურვილი, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში, 21 დეკემბერს კვლავ მოლაპარაკებისთვის ეხმო ორივე მხარის წარმომადგენლებისთვის, მაგრამ ეს წინადადება არ იქნა მიღებული... და ჩვენ დაგვრჩა ერთადერთი საშუალება მოქმედებისა - ლოცვა; რაც დიდი სასოებით აღევლინებოდა ჩვენს ტაძრებში. ლოცვას რომ უდიდესი ძალა აქვს, იცის ყველა ჭეშმარიტმა მორწმუნემ; რწმენით აღვლენილი სავედრებელი ყოვლისშემძლეა. თვით უფალი ბრძანებს: "უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ... ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! - იყოს ეგრე. და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოს თქუენ" (მათე 21,21). ამ განსაცდელის ჟამს ჩვენმა ხალხმა სწორედ ლოცვა დაივიწყა, აუმღვრეველი გულით ლოცვა. დაივიწყა, რომ ღვთის ხელშია ყოველი, რომ "არა ცხონდების მეფე მრავლითა ძალითა თუისითა და გმირი არა განერეს სიმრავლითა ძალისა მისისათა" (ფსალმუნი 32,16) და რომ მხოლოდ "უფალი არს ძალ ერისა თვისისა". "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქვენ" - ბრძანებს მაცხოვარი. ახლახანს მომხდარი მოვლენები მიგვანიშნებენ, რომ იწყება ჩვენი განწმენდა მწუხარებისა და ტანჯვის გზით. მაგრამ ეს პროცესი ხალხში ჯერ კიდევ გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. საჭიროა მეტი სულიერება, მეტი გულისხმისყოფა. ადამიანები იბადებიან, კვდებიან, მათი სიცოცხლე ქრება ჩვენს თვალწინ... ჩვენი შინაგანი სამყარო კი უგრძნობი რჩება, თითქოს ეს ყველაფერი სხვაგან ხდებოდეს. არასწორად ვფიქრობთ წუთისოფელზე, მარადიულ ცხოვრებაზე; გვავიწყდება, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სულის სიკვდილს, არამედ - მის მეორედ დაბადებას, სულის განთავისუფლებას გვამის სიმძიმისაგან. და ვიდრე ჩამოკრავს საბედისწერო წუთი გარდაცვალებისა, უნდა ვიზრუნოთ განწმენდაზე, შინაგან ფერისცვალებაზე. მძიმეა ჩვენი ცხოვრება. უღმრთოების მრავალწლიანმა უღელმა უკიდურესად გამოფიტა ერის სასიცოცხლო ძალები. ხალხის ზნეობრივი დაუძლურების მიზეზი ღვთის მადლისა და ეკლესიური ცხოვრებისაგან დაცილებაა, ანუ მოშორება იმ საყრდენისა, რომლის დახმარებითაც სწორად უნდა გვეცხოვრა. სამოცდაათწლიანმა ბატონობამ თავისი დაღი დაასვა ჩვენს სულს; მაგრამ მართალნი არ ვიქნებით, თუ პასუხისმგებლობას მოვიხსნით და ქრისტიანობისაგან ჩვენს განდგომას მხოლოდ ძალმომრეობით ავხსნით. რატომ იყო, რომ წარსულში, არანაკლები შეჭირვების ჟამს, სარწმუნოების შეცვლა იშვიათობას წარმოადგენდა, ახლა კი მოწამეობრივი ღვაწლის მტვირთველნი ერთეულებიღა დარჩნენ. რა არის მიზეზი ამისა? - ისევ და ისევ ეკლესიისაგან განდგომა. ეს სენი საერთო საკაცობრიოა. მეოცე საუკუნეში მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფმა აღმავლობამ ადამიანი აღავსო ამპარტავნებით და გაუჩინა ცრუ ილუზია იმისა, რომ იგი საკუთარი გონებითა და ძალით შეძლებდა ნამდვილად ბედნიერი ცხოვრების მოწყობას. ღვთისა და ეკლესიის მორჩილება "უმწიფარი" კაცობრიობის ისტორიულ ეტაპად იქნა განხილული, მაგრამ მოჩვენებითი "სრულწლოვანება" საბედისწერო აღმოჩნდა. საკუთარ თავს მინდობილი კაციბრიობა მოსწყდა ღმერთს და ბოროტის ბადეში გაეხვია. უტყუარი ნიშანი ამისა თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი დაცემა და გადაგვარებაა. დღეს ბგვრს ჰგონია, რომ იგი მორწმუნე ქრისტიანია, მაგრამ სცდება. პიროვნებისათვის დამახასიათებელ რელიგიურ გრძნობას ისინი ხშირად რწმენად მიიჩნევენ. სინამდვილეში კი, რელიგიური გრძნობა არის მხოლოდ ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ღვთის შემეცნებისა. ნამდვილი რწმენა კი შედეგია ამა თუ იმ პიროვნებაში ღვთის განცხადებისა და მისი სრულყოფა სარწმუნოებრივი ცხოვრებით ხდება. ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზაზე ცალკეულ ადამიანს თუ ერს თვით ღმერთმა დაუდგინა მეგზურად და მასწავლებლად ეკლესია, - "სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა", უძლურება ბოროტისა, რამეთუ იგია შეურყვნელი დამცველი ღვთის სიბრძნისა. უფალი ბრძანებს: "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას" (მათე 15,9). სამწუხაროდ, არაეკლესიური სულისკვეთების სენი ჯერ კიდევ ძალიან ღრმად ყოფილა ჩვენში ფესვგამდგარი. უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა გააცნობიეროს ინტელიგენციამ, რადგან იგია ერის მოაზროვნე და წარმმართველი ძალა. ინტელიგენცია ჭეშმარიტების შეცნობაში უნდა დაეხმაროს ხალხს, მაგრამ როგორ შეძლებს იგი ამას, თუ თავად იქნება მოწყვეტილი ღვთაებრივი სიბრძნის წყაროს - ეკლესიას? ეკლესიის გარეშე იგი მხოლოდ კაცობრივი გონების ნაყოფს გამოიღებს და ამით გაუცნობიერებლად ზიანს მოუტანს ხალხს. მათ მსგავსთა მიმართ ბრძანებს უფალი: "ამაოდ მმსახურებენ მე. რამეთუ ასწავებენ მოძღურებასა და მცნებასა კაცთასა" (მათე 15,9). ინტელიგენცია უნდა იქცეს მრევლის იმ რჩეულ ნაწილად, რომელიც, ვითარცა ანთებული სანთელი, წყვდიადში მყოფ ერს ღვთისაკენ მიმავალ გზას გაუნათებს. ხალხი სულიერად დასაპურებელია და პურის მიმწოდებელი ხელი არ გვყოფნის. "სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი - მცირედ". შევსთხოვთ უფალს, რათა "გამოავლინნეს მოქმედნი სამკალსა თჳსსა" (მათე 9,37-38). მთავარი მიზეზი ეკლესიისგან ხალხის მოწყვეტისა მაინც ამპარტავნება იყო. დღესაც ეს ცოდვა გვღუპავს. ამპარტავნების გამო ვისჯებით. უფალი გვწვრთნის, რათა დამდაბლებულნი ღვთისსათნო გზაზე დავდგეთ და მოვიპოვოთ მადლი წინაშე მისსა. სიმდაბლის საოცარი მაგალითი თვით იესო ქრისტემ მოგვცა. უფალი, რომელსაც ელოდა მთელი კაცობრიობა და რომლის შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველნი, ყოვლად შეუმჩნეველი საოცარი სიმდაბლით მოევლინა ამ ქვეყანას. "იმ დროის გავლენიანი საზოგადოება ფუფუნებითა და სიმდიდრით იყო გალაღებული. ქრისტეს შობისთვის კი მრავალრიცხოვან სასახლეებსა და შენობათა შორის ერთი ებრალო ღარიბული სახლიც კი არ მოიძებნა, იგი დაიბადა ბეთლემის გამოქვაბულში, იქ, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. ამ დიდი საიდუმლოს აღსრულებისათვის ეს გამოქვაბული და ბაგა უფრო სასურველი და წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე მსოფლიოს ყველა სასახლე და სამეფო პალატი. საოცარია, პირველმხილველნიც განხორციელებული მაცხოვრისა იყვნენ უბრალო მწყემსები და არა განმგებელნი ქვეყნისა ანდა სხვა მაღალი თანამდებობის პირნი; მწყემსები, რომელთა ყველაზე დიდი სიმდიდრე მათი სუფთა, წრფელი გული იყო. იესო ქრისტეს განმაცვიფრებელ თავმდაბლობაშია სწორედ მისი ღვთაებრივი სიდიადე. მშვენივრად სწერს წმინდა იოანე დამასკელი: "კურთხევითა ღვთისა და მამისა მხოლოდშობილმა ძემ - სიტყვამ ღვთისა და თავად ღმერთმა... ერთარსმა მამისა და სულისა წმიდისა, მარადიულმან და დაუსაბამომან მოდრიკნა ცანი და გარდამოხდა; მიუწვდომელი სიდიადე თვისი მიუწვდომლად დაამდაბლა და მიეახლა თავის მონებს გამოუთქმელი და გასაოცარი მოწყალებით. სრული ღმერთი იქმნა სრულ კაცად, რათა ეწამლა ჩვენი ურჩობის ცოდვისათვის და ქცეულიყო მაგალითად მორჩილებისა, მორჩილებისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია გადარჩენა". ქრისტეს შობა არის ადამიანის ხელახალი დაბადება არა ყოვლისშემძლეობით, არამედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით (სერგი ბულგაკოვი). შობა ქრისტესი არის საიდუმლო ღვთის განხორციელებისა. ძე ღვთისა მოგვევლინა ძედ კაცისა, რათა დაცემულნი ცამდე ავემაღლებინეთ. ყოვლის შემოქმედმა თავი დაუმორჩილა სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას, გამოგვისყიდა კანონით გასამართლებულნი, მოგვიხსნა ბეჭედი განდევნილისა და გვქმნა შვილად ღვთისა. მან არასწორი განვითარება კაცობრიობისა შეცვალა ახლით. სამყაროს მიზიდულობის ცენტრი, ცოდვის შედეგად ღმერთს მოწყვეტილი, თავის ძველ ადგილს დაუბრუნდა და მოდგმა ყოველი და ჟამი ყოველი მოიცვა, რათა მსოფლიოსათვის მოეტანა ნამდვილი თავისუფლება და ჭეშმარიტი სიყვარული და ეჩვენებინა გზა განღმრთობისა. დღეს უფალი თვითეულ ჩვენგანს მიმართავს წმინდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვებით: "განიბანეთ, განიწმინდეთ, ავი საქმეები თვალთაგან განმარიდეთ, შეწყვიტეთ ბოროტის ქმნა. სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ. მერე მოდით და ცილობა ვყოთ, ამბობს უფალი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით განსპეტაკდება, ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით გახდება. თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ; თუ განდგებით და გაურჩდებით, მახვილი შეგჭამთ!" (ესაია 1,16-20). ძმანო და დანო ჩემნო, შევსთხოვოთ ახლადშობილ უფალს, იესო ქრისტეს, მოამზადოს ჩვენი გულები სულიერი ფერისცვალებისათვის, მოგვცეს მადლი სიმდაბლისა და მორჩილებისა, ცოდვათა მიტევებისა, მადლი სიყვარულისა და მშვიდობისა, სული ერთობისა, რათა ვიყოთ ღვთის ნების აღმსრულებელნი, ძედ მისად ვიწოდოთ და ურცხვენელად ვთქვათ "მამაო ჩვენო... იყავნ ნება შენი..." კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ჭრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელს. გიხაროდეთ, უფალი ჩვენთან არს. ქრისტეს შობა, თბილისი. 1992 წელი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
 |
|
|
|
|
თემა: აღდგომა
დამატების დრო: 24.01.2014
|
ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის ღვთივკურთხეულნო შვილნო: "აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ხართ სიმართლესა" (რომ. 6,18) ყოვლადუსამღვდელოესნო მწყემსმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ძენო და ასულნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ივერიის წმიდა მიწის მკვიდრნო და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გ ი ხ ა რ ო დ ე თ ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! აღდგა დაკარგული ერთობა ღმერთთან, აღდგა სასოება და იმედი კაცთა, აღმობრწყინდა მზე სიმართლისა და გამოჩნდა გზა მარადიული ნეტარებისა; მდიდართ და გლახაკთ, ბრძენთ და უსწავლელთ, ხანდაზმულთა და ყრმათ, - ყველას უხმობს უფალი სიხარულის ტრაპეზზე, რათა მიაგოს თითოეულს ღირსებისაებრ მათისა. "ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი" (რომ. 4,7). ვინ არის ღირსი ამ მადლისა, ასეთი მოწყალებისა? - ის, ვისაც ესმის ამქვეყნიური ცხოვრების არსი, ვინც სიტყვით და საქმით შეძლებისამებრ ადიდებს ჭეშმარიტ ღმერთს და აცნობიერებს თვის მისიას ამ წუთისოფელში. ყოველ ადამიანს საკუთარი იდეა, საკუთარი მისწრაფება აქვს, რომლის განხორციელებისთვისაც იგი იღვწის, მაგრამ არსებობს ყველასათვის საერთო იდეაც - ეს არის სწრაფვა ამაღლებისაკენ, ღვთის მსგავსებისაკენ. რა საქმიანობასაც არ უნდა ეწეოდეს კაცი, უმთავრესი მისთვის შემოქმედთან მიახლების სურვილი უნდა იყოს. ბიბლიაში ვკითხულობთ, ყოვლადწმიდა სამებამ ადამიანის შექმნა რომ გადაწყვიტა, ბრძანა: "ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბადება 1,26). მაშასადამე, რადგანაც ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა, სწრაფვა სრულყოფისაკენ, პირველსახის ანუ ღვთისაკენ იმთავითვე მის თანდაყოლილ ბუნებრივ თვისებად იქცა. ამიტომაც სურვილი განვითარებისა და წინსვლისა თითოეულ ჩვენთაგანში არსებობს, ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რას გულისხმობს ჭეშმარიტი ამაღლება და ჩვენი ყოველი მოქმედებაც აქედან გამომდინარე უნდა შეფასდეს. იდეა უნდა ჰქონდეს ერსაც: მას ცხადად და გარკვეულად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული საუკუნეთა მანძილზე უპირველესად რას ემსახურა. ჩვენი ხალხის ისტორია გვაფიქრებინებს, რომ ღვთისკენ სწრაფვის ძირითად იდეას, უპირველეს ყოვლისა, მოყვასის სიყვარულით ვახორციელებდით და მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც ვახორციელებთ. ეს სიყვარული ადუღაბებს და ამთლიანებს სრულიად საქართველოს. ალბათ ესაა უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ წარსულშიც და ახლაც შინაური თუ გარეშე მტერი არ მოგვკლებია - ბოროტი ძალა ებრძვის სიყვარულის მატარებელ ერს, რათა ეს ნიჭი დააკარგვინოს, რადგან იცის, მიზნის მიღწევის შემთხვევაში, უფალს განგვაშორებს; ამიტომაც ამ მადლს განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ და ღმერთთან და ერთმანეთთან სიყვარულის წყალობით გავერთიანდეთ. უფალი ადამიანს თავისუფალი არჩევნის უფლებას აძლევს: პიროვნება თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რას ემსახუროს: ცოდვას თუ სიკეთეს, ბოროტებას თუ სიყვარულს. სასუფეველი ღვთისა იძულებით მოიპოვება, რადგან ცოდვასთან ბრძოლით და მასზე გამარჯვებით ხდება ადამიანისა და ღვთის ნების შეერთება - სინერგია, რაც არის საფუძველი პიროვნების გადარჩენისა. გზის არჩევისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება გულს, რადგან აქ იბადება როგორც ბოროტი ისე კეთილი ზრახვანი. თუ გული სუფთაა და სავსეა რწმენით, სასოებითა და სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ მას შეუძლია სხვისი სიხარულისა და ტკივილის გაზიარება, იქ მადლი განმრავლდება და იგი სულიწმიდის სავანედ იქცევა; ასეთი გული ადვილად სძლევს მიწიერ საცდურს, რომელიც ყოველდღიურად ცდილობს ბიწიერების ჭაობში ჩვენს დანთქმას. მაგრამ როგორ განვიწმინდოთ გული ცოდვათაგან? უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისწავლოთ სამართლიანი განსჯა საკუთარი თავისა. ჩვენს სულში ორი "მე" უნდა განვასხვავოთ და ყოველ ჩვენს საქციელსა და გულისმიერ ზრახვას სხვისი თვალითაც შევხედოთ. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს: "ჩვენში ორი გონია. ერთი კეთილია და შედეგია ყოველივე მშვენიერისა, მეორე კი - დაცემული და მდაბალ ვნებათა მსახური. ერთი გონება ნათლისაკენ ისწრაფვის და სურს თაყვანი სცეს ქრისტეს, ხოლო მეორე, ხორცის და სისხლის გონება, ჰქრის ბნელსა შინა და მზად არის ტყვე იქმნას ბელიარისა". ხოლო წმ. ისააკ ასური ბრძანებს: "ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს თვის უძლურებას, რამეთუ ამის ცოდნა ხდება საწინდარი კეთილწარმატებისა". ასეთი ადამიანი განკითხვის ცოდვისაგან თავისუფლდება, თავმდაბლობით იმოსება და ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ივსება. ხოლო "სიყვარულმან მოყვასსა თვისსა ბოროტი არა უყვის" (რომ. 13,10). მაგრამ არიან პიროვნებანი, რომელნიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და თავის მდაბალ "მეს" ეგოისტურ მოთხოვნილებებს ემონებიან. მათთვის გაუგებარია შეგონება: "იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს". ასევე არიან პიროვნებანი, ბოროტის ქმნის სურვილით შეპყრობილნი, ღვარძლით აღვსილნი, რომელნიც ირგვლივ სიძულვილს თესენ, და სხვაშიც მხოლოდ ბოროტებას ხედავენ. გავიხსენოთ ერთდროს კეთილი მეფე საული, შურის და ეჭვის ნიადაგზე ისე დაეცა, წმ. დავით წინასწარმეტყველის მოკვლა სურდა, თუმც მხოლოდ მისი ფსალმუნები კურნავდა მის სულს. ასეთი ადამიანები სიყვარულის ნაკლულევანების გამო იტანჯებიან. მათ, მართალია, ხშირად მწუხარება მოაქვთ მოყვასისათვის, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს მტრობენ, რადგან სულიერი სიხარულისთვის სიცოცხლეშივე მკვდარნი არიან, იმქვეყნად კი უცილობელ სატანჯველს იმზადებენ. ბოროტთა სიბოროტე უნდა გვძულდეს, მაგრამ ქმნილება ღვთისა უნდა გვიყვარდეს და გვებრალებოდეს. უცოდველი არავინ არის, დაცემის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ აუცილებელია, სურვილი გვქონდეს გამოსწორებისა, ღვთის გზით სვლისა. ჩვენს სხეულს სიცოცხლეს სული ანიჭებს, სულს - ღმერთი. და როგორც სულს გაყრილი სხეული კვდება, კვდება ღმერთს დაშორებული სულიც. ამიტომაც ჭეშმარიტებასთან წილნაყარ კაცზე დიადი არაფერია და არც უფალს მოწყვეტილ ადამიანზე მდაბალი და საცოდავი. ბოლო დროს მრავალი უარყოფითი თვისებისა და ემოციის გამოვლენის მოწმენი გავხდით. ეკონომიკურმა გაჭირვებამ ცხოვრება კიდევ უფრო დაამძიმა და ზოგიერთში მომავლის სერიოზული შიში დაბადა. ხშირად გვესმის სიტყვები: "კატასტროფული მდგომარეობა", "რა გვეშველება?" არადა ვუწყით, "რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ - სასოებასა" (რომ. 5,3-4). ამასთან სიტუაციას სწორად ვერ ვაფასებთ. გვეგონა იმპერიიდან გამოსვლისას ხალიჩებს დაგვიფენდნენ. მოსალოდნელი კი, ახლანდელთან შედარებით, უფრო უარესი მდგომარეობა იყო. "რა გვეშველება?" - ურწმუნოთა კითხვაა. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ მომავლის იმედი ადამიანის იდეის ნაწილია და ქრისტიანულ სათნოებათაგან ერთ-ერთი პირველთაგანი. პიროვნება თუ ერი თვითონ ქმნის თავის ხვედრს. თუ ჩვენ ღვთის მცნებათა დაცვით ვიცხოვრებთ და ღვთის შიში და სიყვარული იქნება ჩვენი თანამდევი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა. ვინ გადაარჩენს მას, ვის წინააღმდეგაც ღმერთია აღმდგარი? ვინ სძლევს მას, ვისი შემწეც უფალია? ერის ზნეობრივ სახეს ყოველთვის რჩეულნი წარმოაჩენდნენ. მადლობა ღმერთს, ასეთი შვილები ჰყავს ჩვენს სამშობლოს. ჩვენ ამასთან მოწმენი ვართ იმისა, თუ რამდენი ახალგაზრდა უანგაროდ ეწირება საქართველოს მიწა-წყალის დაცვას აფხაზეთში, რაც ერის სულიერი პოტენციალის გამოვლინებაა. ორასი წელია საქართველოსთვის არ გვიბრძოლია. ამ ომმა გაგვახსენა, რომ სამშობლო მხოლოდ კი არ გვაძლევს, მსხვერპლსაც ითხოვს ჩვენგან. დღეს მრავალი ჭაბუკი რწმენითა და მამულის წინაშე ზნეობრივი ვალის კარნახით იბრძვის. მართალია, დიდია ქვეყნის მთლიანობისათვის თავდადებულთა რიცხვი, მაგრამ გვჯერა, ღვთისა და ერის წინაშე დამსახურებისთვის ისინი სასუფევლის ღირსნი გახდებიან და ქართველთა ზეციურ მხედრიონს შეუერთდებიან. ჩვენ პატივს მივაგებთ იმ აფხაზ ახალგაზრდებსაც, რომელნიც, თითქოს სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის რწმენით დაეცნენ, სინამდვილეში კი გარეშე ძალების ბოროტი ზრახვების მსხვერპლნი გახდნენ. დრო კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს მტყუანს და მართალს. ისტორია, კაცობრიობის გამოცდილება ადამიანებს ბევრს ასწავლის, მხოლოდ უგუნურნი ქმნიან აწმყოს წარსულის გაუთვალისწინებლად. რა სამწუხაროა, რომ ზოგჯერ ასეთი პიროვნებები თავისი მიწიერი ვერაგი მიზნების განხორციელებისათვის ასეულობით ადამიანის დაღუპვას ახერხებენ. ჩვენ საქართველოს ხვალინდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა კავშირი გვექნება მეზობელ ქვეყნებთან, საერთოდ გარე სამყაროსთან. ურთიერთობები ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული, რაც მაღალ დიპლომატიასა და სულიერობას მოითხოვს. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხშირად ვინც კამათში იმარჯვებს, მეგობრებს კარგავს. ამიტომ სხვა ქვეყნებთან შეხებისას წონასწორობის დაცვა გვმართებს. რაც შეეხება ჩვენი ცხოვრების წესს, ვფიქრობთ, ვიდრე ადამიანები არ მოიპოვებენ შინაგან თავისუფლებას, ანუ არ განშორდებიან ცოდვას, დემოკრატიის ცხოვრებაში განხორციელება არ მოხერხდება და იგი მხოლოდ ლოზუნგად დარჩება. ერის სულიერი ამაღლების საქმეში დიდი როლი ეკისრება ინტელიგენციას. ჩვენ ამ მხრივ ნამდვილად გვყავს ისეთი ძალა, რომელიც შეძლებს ხალხს გაუძღვეს, ოღონდ აუცილებელია ეკლესიასთან მისი დაკავშირება, რათა ამპარტავნებამ და თვითდაჯერებამ არ იმძლავროს მასში. დღეს გვიკვირს მათი, ვინც ადრე კერპებს სცემდა თაყვანს; და განა უფრო მეტად საწყალობელი არ არის ის "ბრძენი", რომელიც თავის შემოსაზღვრულ გონებას კერპად აქცევს და მხოლოდ მისგან ისმენს "ჭეშმარიტებას". გონიერება რწმენის გარეშე სუსტი ხელჯოხია, რომელიც აუცილებლად გადატყდება. ინტელიგენციამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენს ხელოვნებას, პრესას, ლიტერატურას, განსაკუთრებით კი რადიოსა და ტელევიზიას. უნდა აიკრძალოს ამორალური და ე.წ. ძალადობის ფილმების ჩვენება. საზოგადოებაში ისედაც დიდი უარყოფითი მუხტია დაგროვილი, ეს კი უფრო აძლიერებს ამგვარ ემოციებს და ადამიანურ ურთიერთობებს ძაბავს. ჩვენი გული და აზროვნება სიკეთისაკენ უნდა მივმართოთ, რათა დავიბრუნოთ ნამდვილი სარწმუნოება, და ამპარტავნებისაგან განთავისუფლებულებმა ავაღორძინოთ ჭეშმარიტი სიყვარული. სათნოებათა შორის ყველაზე ადვილად განსახორციელებელი მოწყალების გაცემაა. დღეს როდესაც ძალიან ბევრს უჭირს, მრავალი შესაძლებლობაა სიკეთის ქმნისა. მწყურვალისათვის ერთი ჭიქა წყლის მიწოდებაც უფლის წინაშე დიდად შერაცხილია. შეეწიე გაჭირვებულს, თუ გსურს, ღმერთი შენც შეგეწიოს, მიანიჭე მოყვასს დროებითი სიხარული, თუ გსურს მარადიული ნეტარების ღირსი გახდე, გაუნაწილე ქვეყნიური სიკეთე სხვებს, თუ გინდა რომ ზეციურ მადლს ეზიარო. შევსთხოვ ღმერთს, ღვთაებრივი სიყვარულის უშრეტი წყაროდან გარდამოიღვაროს ჩვენს გაციებულ გულებში რწმენა, სასოება, მშვიდობა და სიყვარული, რათა შეურცხვენლად შევხვდეთ დღეს მსოფლიო სიხარულის დღესასწაულს სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებისა. "სადა არს ძლევაჲ შენი, სიკვდილო, სადა არს საწერტელი შენი, ჯოჯოხეთო" (ოსია 13,14)?! სიკვდილი დაემხო, ჯოჯოხეთი შეიმუსრა. ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა ! გ ი ხ ა რ ო დ ე თ. აღდგომა ქრისტესი, თბილისი. 1993 წ. |
 |
|
|
|
|
თემა: შობა
დამატების დრო: 12.12.2012
|
წმიდა სინოდის წევრებს - ღვთივგანბრძნობილ ყოვლად-სამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს და ეპისკოპოსებს, მოძღვრებს, ბერ-მონოზვნებს და საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ყველა ღვთივკურთხეულ შვილს, მცხოვრებს დედასამშობლოში და მის საზღვრებს გარეთ
რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაითა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაი საუკუნოი (იოანე 3,16). სიხარულისა და სიყვარულის სიტყვებით კვლავ მოგმართავთ ყოვლადსამღვდელონო, მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, ბერნო და მონოზონნო, ძვირფასნო ძმანო და დანო - საქართველოს საპატრიარქოს კურთხეულნო შვილნო - მცხოვრებნო დედასამშობლოში და ჩვენი ძვირფასი მამულის საზღვრებს გარეთ! ღვთივდაცულ სამწყსოს გულითადად გილოცავთ ქრისტეს დაბადების დიდებულ დღესასწაულს და გისურვებთ სრულ მშვიდობას და მარადიულ სიხარულს, რამეთუ დედამიწაზე იესო ქრისტეს მობრძანებით ზეცა შეერწყა მიწას და ყოველი ჩვენგანისათვის გაიღო საუკუნო ნეტარების კარი. განვლო საუკუნეებმა, მიდის წლები, ქრისტიანული სამყარო კი, როგორც ყოველთვის, ზეიმით ხვდება ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს - ქრისტეს შობას. დღეს ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ შორეული დროისაკენ, ბეთლემის იმ კურთხეული გამოქვაბულისაკენ, რომელმაც შეიფარა ახალშობილი იესო - გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება მთელი კაცობრიობისა. ის იშვა, როდესაც ეძინა ბეთლემს, ეძინა იერუსალიმს, ეძინა იუდეველთა ქვეყანას, ეძინა მთელს კაცობრიობას. პირველნი, რომელთაც შემოესმათ ანგელოსთა გალობა - დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება და რომელნიც ღირს იქმნენ თაყვანი ეცათ ახალშობილი იესოსათვის - იყვნენ უბრალო, წმიდა გულის პალესტინელი მწყემსები. ეს იყო დასაწყისი ახალი აღთქმისა, დასაწყისი ახალი, ქრისტიანული რწმენისა, რომელსაც უნდა გარდაექმნა მთელი კაცობრიობა. "სიტყვა განკაცნა, რათა ჩვენ ღმერთ-ვიქმნეთ", - სთქვა წმიდა ათანასე დიდმა. წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, რომ ქრისტეს დაბადება შეუძლებელია გააზრებულ იქნას ადამიანური ლოგიკით. ეს არის სასწაული, რომელიც აღემატება ადამიანის გონებას. "ნუ შემეკითხები, როგორ მოხდა ეს სასწაული? რამეთუ, როდესაც ბრძანებს უფალი, ბუნება მხოლოდ მორჩილებს. მან ინება და შეძლო, მოვიდა და გვიხსნა! ღვთის ნებამ არ იცის რა არის წინააღმდეგობა და არსებული უწინარეს ყოველთა საუკუნეთა - დღეს ხორციელდება!" მაგრამ ღვთის განხორციელების საიდუმლო გასაგები ხდება მისთვის, ვისი გულიც გამთბარია რწმენითა და სიყვარულით, იმიტომ, რომ ეს სიყვარულის საიდუმლოა. სიყვარულის საიდუმლო გაუგებარია იმათთვის, ვისაც არ ძალუძს რწმენა და სიყვარული, მაგრამ გასაგებია მათთვის, ვისაც ძალუძს თავისი სიყვარულით უპასუხოს ჩვენს მოყვარულ უფალს. სიყვარულითა საუკუნოჲთა შეგიყუარე შენ (იერემია 31,3), - ეუბნება ღმერთი მის მიერ შექმნილ ადამიანს, და ამ გამოუთქმელმა მარადიულმა სიყვარულმა განაწყო შემოქმედი გაღებად ენით გამოუთქმელი მსხვერპლისა. მსხვერპლი შეწირულია. საიდუმლო აღსრულდა, ახლა უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვიხმობს, მაგრამ ყველას არ ესმის ეს ხმა, ერთნი შეიტკბობენ მას და იმყოფებიან მასთან, სხვანი უარყოფენ მას. უფლის მიღება ანუ მისი რწმენა თავისუფალი, ჭეშმარიტად საოცარი აქტია, მსგავსი ხელახალი დაბადებისა. ადამიანი იმდენადაა გარემოცული მიწიერი გრძნობებითა და ფიქრებით, რომ მას ხშირად უძნელდება ღვთიური ნათელის აღქმა. მაგრამ დგება ჟამი, როდესაც ყველა ეს გრძნობა და ფიქრი სადღაც ქრება, ადამიანი გადადის სხვა სამყაროში და იბადება ახალი შეგრძნება, შეგრძნება არაამქვეყნიურისა, შეგრძნება რაღაც მშობლიურისა და ამავე დროს შორეულისა და მიუწვდომელისა - შეგრძნება ღვთისა. წმიდა მამათა აზრით: ღმერთი ძლიერ ახლოსაა ჩვენთან, ის განუშორებელია ადამიანისაგან. ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "როგორ შემიძლია მოვიხმო ჩემში ღმერთი? არის კი ჩემში ადგილი, სადაც შეეძლება ღმერთს მოსვლა? მე არ ვიარსებებდი, ღმერთო ჩემო, შენ რომ არ იყო ჩემში, ანუ არ ვიარსებებდი, მე რომ არ ვიყო შენში, რამეთუ ყოველი არსება იმყოფება შენში და შენით არსებობს. სად მოგიწოდო შენ, როდესაც მე ვიმყოფები შენში და საიდანღა შეძლებ შენ ჩემში მოსვლას?" ადამიანს შეუძლია, უსაზღვროდ ამაღლდეს სულიერად და შეუძლია შთავარდეს ვნებათა უსასრულო, უპირო უფსკრულში, ორივე შემთხვევაში ის მაინც ადამიანად რჩება, მასში არ ქრება "ხატი ღვთისა". ხშირად ადამიანში ვხედავთ წინააღმდეგობას, კეთილი საწყისის გვერდით ვხვდებით სრულიად სხვა ხასიათის ენერგიას, დემონურ ძალას, ბოროტსა და საშიშს; საშიშს უპირველესად თავად ამ ძალის მატარებლისათვის, ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს ბოროტების წინააღმდეგ. ვინ უნდა იყოს ჩვენი დასაყრდენი ამ ბრძოლაში? - ღმერთი, ქრისტე, ჭეშმარიტება, სიმართლე. "ნათელი ქრისტესი განგუანათლებს ყოველთა" - ეს ნათელი იმდენად ძლიერია და ცხოველმყოფელი, რომ იგი აცისკროვნებს ხილულსა და უხილავ სამყაროს, აღწევს ადამიანის სულისა და სხეულის ყველა ნაწილში, იგი ანათებს, უხმობს ქვეყანას, გარდაქმნის მას, განსაკუთრებით ბრწყინვალედ ანათებს სიბნელეში, რომელიც ცდილობს მის შთანთქმას, მაგრამ სიბნელე, თუმცა დიდია თავისი მოცულობით, უძლურია ნათელის წინაშე. ნათელი, რომელიც გვინათებს ცხოვრებას და რომლის მეოხებითაც ჩვენ საშუალება გვეძლევა გავარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი, გვინათებს ჩვენ არა გარედან, არამედ შიგნიდან, ჩვენი ზნეობრივი არსების, ჩვენი გულის სიღრმიდან. ამიტომ ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ნათელთან, ღვთიურ ენერგიასთან. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როდესაც მექანიზმის გენიას სურს მოაშთოს ადამიანი, როდესაც ამ მექანიზმს სურს გამოაძევოს ჩვენგან სული და დატოვოს მხოლოდ მკვდარი მატერია. ამან გამოიწვია ის, რომ კაცობრიობამ განიცადა მერყეობა სულიერ ფასეულობათა აღქმაში. ეს ჩვენი დროის დამახასიათებელი თავისებურებაა. ამის თაობაზე გვაფრთხილებდა წმიდა მოციქული პავლე, როდესაც სწერდა: და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა (რომ. 12,2). მაგრამ ადამიანმა პოვა ძალა თავის თავში, რათა წინაღუდგეს ამ ცთუნებას. დღევანდელ ადამიანს აინტერესებს სულიერი და საღვთისმეტყველო საკითხები. იმისათვის, რომ ღრმად ჩავწვდეთ სულიერი პრობლემების არსს, გავხდეთ ღვთისმეტყველი, საჭიროა ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრება და არა მხოლოდ ეკლესიური დოგმატების შესწავლა. თანამედროვე ახალგაზრდობას არ შეიძლება დავწამოთ ინდიფერენტიზმი. ეს არის მოაზროვნე, მაძიებელი, ნიჭიერი ახალგაზრდობა, ძიება ახალგაზრდობისა, მისი უნარი მსხვერპლის გაღებისა, სწრაფვა მეცნიერებისაკენ - ყოველივე ეს მისი სულის ძალასა და სიდიადეზე მეტყველებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ახალგაზრდობა იმას, რაც გაყინული, უძრავი, უსიცოცხლო და უსულოა, არ იწყნარებს. ბევრს გაუჩნდა წყურვილი ნამდვილი სახარებისეული ცხოვრებისა, დღეს ბევრს უფრო სულიერი სიმდიდრე აინტერესებს, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა, ადამიანმა გაიგო რა არის სიმდიდრე. ვის აკურთხევს იგი, ვის აბედნიერებს, ვის ალამაზებს, ვის ჰმატებს სიკეთეს და გონიერებას? დღემდე - არავის. ქრისტიანობა თავისი უბრალოებით და უჩვეულობით სუსტი და უძლური ჩანდა, მაგრამ მან ბრძოლაში გამოიწვია ძველი სამყარო. ქრისტიანობამ უშუალოდ ადამიანის გულს მიმართა და იგი ისეთ სულიერ და ზნეობრივ სიმაღლეზე აიყვანა, რომლის მსგავსი ძველ რელიგიებს და ფილოსოფიას ვერც კი წარმოედგინათ. ადამიანთა გულების დაპყრობისათვის საჭირო იყო არა მტკიცებანი, არამედ მადლიან ცხოვრებასთან ზიარება, არა დარწმუნება, არამედ ქრისტიანობის ჩვენება, რამეთუ მოციქული პავლეს სიტყვებით: არა სიტყვითა არს სასუფეველი ღმრთისაი, არამედ ძალითა (I კორ. 4,20). ჩვენს დროში სამყარო სწრაფად იცვლის სახეს. ახლა წელიწადი მთელი ეპოქაა. ეს ჩვენი ეკლესიის ცხოვრებაშიც შეიმჩნევა. იგრძნობა მისწრაფება მთელი მსოფლიოს ქრისტიანთა ურთიერთგაგებისა და დაახლოებისაკენ, რაც ხელს უწყობს ხალხთა და სახელმწიფოთა ურთიერთგაგებას, ქრისტიანთა დაახლოება იწვევს იმას, რომ მტრობა და უნდობლობა წარსულს ბარდება, ისპობა ფსიქოლოგიური და სხვა წინააღმდეგობანი. ჩვენი მიზანია ადამიანური ურთიერთობების - პირადი, ოჯახური, საზოგადოებრივი, საერთაშორისო ურთიერთობების ქრისტიანულ პრინციპებზე დაფუძნება დამყარება. ეს საერთო ქრისტიანული საქმე, ქრისტიანთა გამაერთიანებელი და დედამიწაზე მშვიდობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის დამყარების განმაპირობებელი საქმე უნდა გახდეს. რაი-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული (2 კორ. 5,17) - ამბობს მოციქული პავლე. აღდგენა ადამიანში "ხატისა ღვთისა", გარდაქმნა ადამიანისა ნამდვილ ღვთისნიერ ქმნილებად - ესაა მიზანი ქრისტეს შობისა, ესაა მიზანი ახალი აღთქმისა. დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). რა შეიძლება იყოს კაცთათვის უფრო სანატრელი, ვიდრე "ქუეყანასა ზედა მშვდობაჲ" და სათნოება კაცთა? მხოლოდ განხორციელებული უფლის დედამიწაზე მობრძანებას შეეძლო ადამიანებისათვის მოენიჭებინა ეს სიკეთე. იესო ქრისტე ბეთლემში იშვა. მაგრამ ეს საკმარისი არაა. ის უნდა იშვას ყოველი ადამიანის გულში, და არა მარტო იშვას, არამედ მუდამ იმყოფებოდეს მასთან. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ჩვენთვის მისაწვდომი ის ზეციური მადლი, რომელიც დედამიწაზე საუკუნეთუწინარესმა ლოგოსმა მოგვიტანა - მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან. იესო ქრისტემ გვიბოძა შინაგანი განახლების და სულიერი ზრდის უნარი. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მთელი ჩვენი ცხოვრება, ყოველი ჩვენი მოძრაობა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაზე, რომლითაც განმსჭვალულია ჩვენი გული და რომელიც წმიდას ყოფს ჩვენს გულს. გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა (ფს. 50). ქრისტეს დაბადებით სამყარო ზემიწიერს, ზექვეყნიურს ეზიარა. შენ ვერასდროს ვერ შეიტყობ ამას, თუ სასწაულთმოქმედი ბარძიმიდან თავად არ შესვი ის მაცოცხლებელი მადლი, რომელიც სულიერ წყურვილს კლავს. შესვი და აღარასდროს არ მოგწყურდება, შესვი და შენს წინაშე წარმოჩნდება მანამდე უხილავი და უცნობი ახალი სამყარო, სულიერი სამყარო, რომელიც თავისი მადლიანი სხივებით ათბობს და ანათებს დედამიწას. იესო ქრისტე და ქრისტიანობა სამყაროში არამიწიერი გზით შემოვიდა. მაცხოვარმა თავისი განკაცებით მიმართა არა მხოლოდ ადამიანის გულს, არამედ გონებასაც. სახარებამ დაიმორჩილა ადამიანის ნებისყოფა, მისცა კაცობრიობას ახალი სიცოცხლე. მოციქული პავლეს სიტყვებით, სახარებისეული ჭეშმარიტება კაცობრიობას წარუდგა არა ადამიანური სიბრძნის დამაჯერებელი სიტყვებით, არამედ "მოვლინებითა სულისა და ძალისა". სულმა და ძალამ დაიპყრო მსოფლიო. მოვედინ სუფევაი შენი! იყავნ ნებაი შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. ასეთია ჩვენი ლოცვა, ასეთია ჩვენი სურვილი. დღეს ჩვენ შევსთხოვთ უფალს ჩვენი რწმენისა და სიყვარულის გაძლიერებას, სულიერ და მატერიალურ ფასეულობათა სიუხვეს, სიკეთის გამრავლებას და ბოროტების აღმოფხვრას, ჩვენი სამოციქულო ეკლესიისა და ჩვენი ხალხის ნათელ მომავალს. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს, რომ მსოფლიოში აღარ იყოს ომი, შიმშილი და უსამართლობა. ლოცვითა და მფარველობითა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და ღვთისა და მამულისათვის თავდადებულ ყოველთა წმიდათა, უფალმან განწმიდოს და გარდაქმნას ჩვენი შინაგანი სამყარო, რათა ჩვენი გულები და აზრები წმიდა ძღვნის სახით მიმართულ იქნას ახალშობილი ყრმისადმი. განვლო ოცმა საუკუნემ, მაგრამ შობის ღამე მორწმუნე გულისათვის ისევე დაუვიწყარი და მომნუსხველია. ბაგა, ახალშობილი ყრმა დედასთან და მართალ იოსებთან ერთად, მწყემსები, მოგვები თავიანთი ძღვნით, გამოქვაბულს დაჰნათის ვარსკვლავი, ყოველივე ეს დღესაც მახლობელი და მშობლიურია ჩვენთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ბრწყინვალე დღესასწაულს, ჩევნი სულიერი დაბადების და განახლების დღესასწაულს - ქრისტეს შობას. მარად გვემახსოვრება ჩვენი დიდებული წინაპრები, რომელთაც ახასიათებდათ ღრმა რწმენა და სიყვარული, შთაგონებული და შემოქმედებითი აზროვნება და თავდავიწყებული ძიება. დაე, ეს წელი მთელი მსოფლიოსათვის, ყველა ჩვენგანისათვის, ჩვენი სამშობლოსა და ჩვენი ღვთივდაცული ერისათვის მშვიდობის, კეთილდღეობის და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს. აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესითა. მისი დიდებაჲ აწ და დღეთა მათ საუკუნეთაჲსა. ამინ (2 პეტრე 3,18). ქრისტეშობა 1979/1980 თბილისი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II |
 |
|
|
|
|
|