image
ავტორი: ილია II

თემა: პატრიოტიზმი,  აღდგომა


სააღდგომო ეპისტოლე - 2005

სახელმწიფოებრივი აზროვნება მაღალი კულტურის მაჩვენებელია

გევედრებით ქრისტეს სახელით: "შეურიგდით ღმერთს" (II კორ. 5,20).

სახელმწიფოებრივი აზროვნება მაღალი კულტურის მაჩვენებელია
    გვ: 73
    გევედრებით ქრისტეს სახელით: "შეურიგდით ღმერთს" (II კორ. 5,20).
    ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, ყოველნო ერთგულნო და თავდადებულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ წმინდა პასექს
    ქრისტე აღდგა!
    რა მშვენიერია და დიდებული ეს საოცარი ზეიმი! ამ დღეს თითქოს ახლდება ჩვენი რწმენა და სიყვარული, რადგან თვით უფალი იდგამს ტახტს ჩვენს გულებში და ღვთის ამ უსაზღვრო წყალობით დაჯილდოვებულნი ჩვენც უშურველად ვუნაწილებთ სიყვარულს ყველას და ერთმანეთს ყველაფერს ვპატიობთ.
    ხორციელი აღდგომით მაცხოვარმა დაამტკიცა თავისი ღვთაებრივი ძალმოსილება, მაგრამ მარტო ეს არ არის მთავარი. ამ სასწაულით მან აღდგომის შესაძლებლობა მიანიჭა მთელ კაცობრიობას. იმიტომაც მიიღო კაცობრივი ბუნება, შეიმოსა ჩვენი მსგავსი სხეულით და ეზიარა ჩვენს ყოფას (გარდა ცოდვისა), იმიტომ ქადაგებდა და ითმენდა განსაცდელს, რომ ყველასთვის ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა, რათა დათრგუნოს ცოდვა და გაიმარჯვოს სიკვდილზე (რომელიც მხოლოდ დროებით განაშორებს ჩვენს სხეულსა და სულს) და ასევე ეჩვენებინა ისიც, თუ როგორ აღდგება მკვდრეთით ფერნაცვალი და უკვდავებას ნაზიარები ჩვენი სხეული და სულთან ერთად ამაღლდება მეორედ მოსვლის ჟამს.
    ამიტომაცაა თავისი არსით ეს დღესასწაული ყოველი მართლმორწმუნისთვის ჯოჯოხეთსა და სიკვდილზე პირადი გამარჯვების იმედის მიმნიჭებელი.
    აი, რას წერს წმ. პავლე მოციქული: "ქრისტე აღდგა მკვდრეთით და იქმნა დასაბამ შესვენებულთა... ვიღაც იტყვის, როგორ აღდგებიან მკვდრები? ან როგორი სხეულით მოვლენ? ... უგუნურო, რასაც შენ თესავ, (ხომ) ვერ იცოცხლებს, თუ არ მოკვდა, ასევე მკვდრეთით აღდგომისასაც: (სხეული) ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელებით, ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით, ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი" (I კორ. 15,20, 35-42,47), რადგან ვიცით, რომ ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოს მიერ" (II კორ. 4,14).
    მას შემდეგ, რაც უფალმა ცოდვის ტყვეობისაგან გამოგვიხსნა, ჯოჯოხეთსა და სიკვდილს ძალაუფლება მხოლოდ მათზე აქვს, რომელნიც ქრისტეს გარეშე არიან დაშთენილნი. მათი მრავალრიცხოვანება ბნელეთის ძალებთან ერთადაც კი არაფერია ყოვლისშემოქმედი და ყოვლისმომცველი ღვთისა და მის ანგელოზთა წინაშე. ამიტომაც მოგვმართავს მოციქული: "ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან უფალმა კეთილ ინება თქვენთვის სასუფევლის მოცემა"...
    ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ აღდგომას წინ უსწრებდა მაცხოვრის ტანჯვა და ჯვარცმა. ასეთივეა ღვთის სასუფეველში დამკვიდრების მოსურნე თითოეული ადამიანის ხვედრიც. ყველამ ჩვენ ჩვენი გოლგოთა უნდა გავიაროთ, რათა სულის ცხონება მოვიპოვოთ.
    წმ. გრიგოლ ნოსელი განმარტავს: ღვთისაგან ადამიანმა მხოლოდ სიკეთე მიიღო თვისებად, მაგრამ უფლის მცნების დარღვევის შემდეგ ცოდვა შევიდა მასში და დაიმონა იგი. ამიტომაც თავის ჭეშმარიტ ბუნებასა და პირველსახეს ესა თუ ის პიროვნება მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, თუ კვლავ სრულიად განეშორება ცოდვას, რაც ყოველთვის მტკივნეული პროცესი იყო და არის, რადგან ბოროტი ადვილად არ თმობს ადამიანს და ათას საცდურსა და დაბრკოლებას უქმნის; მაგრამ განსაცდელს არ უნდა შევუშინდეთ, რადგან განსაცდელში იწრთობა და იწმინდება ჩვენი შინაგანი სამყარო. პავლე მოციქული წერს: "ყოველნაირად გვავიწროვებენ, მაგრამ შევიწროვებულად არ ვგრძნობთ თავს, გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს, დევნილნი ვართ, მაგრამ მაინც არა მიუსაფარნი, დავრდომილნი ვართ, მაგრამ არა წარწყმედულნი. არ ვეცემით სულით, ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა (იგულისხმება წუთისოფლის განსაცდელები) უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის, როცა ხილულს კი არ მივაპყრობთ მზერას, არამედ უხილავს" (II კორ. 4,8,9,16).
    შევძლებთ კი ჩვენ სწორი არჩევანის გაკეთებას?
    გოლგოთაზე მაცხოვართან ერთად ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს. ერთი მათგანი განიკითხავდა იესოს, მეორე კი გულწრფელად ნანობდა თავის დანაშაულს და სთხოვდა ძეს ღვთისას: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა". და უთხრა იესომ: "ჭეშმარიტად, გეუბნები შენ, დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში" (ლკ. 23,43).
    ორივე ავაზაკი სიმბოლური სახეა კაცობრიობისა, რომლის ერთი ნაწილი ისე ამთავრებს ამქვეყნიურ ყოფას, რომ არ ცნობს არ აღიარებს ჭეშმარიტ ღმერთს. ალბათ იმიტომ, რომ "სახარება წარწყმედულთათვის დაფარულია" (II კორ. 4,3). მეორე ავაზაკი კი, ცოდვით დაცემული, მაგრამ სინანულით განწმენდილი ადამის მოდგმაა, რომელიც მარადიული ნეტარებით განიხარებს უფალთან ერთად.
    ისეც ხდება, რომ ის, ვინც ეზიარება მაცხოვრის ჭეშმარიტებას და აღვსილია მისი წყალობით, ხშირად საბედისწერო შეცდომას უშვებს და თავისი ნებით სცილდება უფალს. აქაც ორ ძირითად სახეს ვხვდებით, რომელთა სიმბოლოებად პეტრე მოციქული და იუდა ისკარიოტელი შეიძლება ვიგულისხმოთ.
    უფლის მოწაფეთა შორის პეტრე ყველაზე გულმხურვალე იყო და მთელი არსებით უყვარდა იესო, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმის წინ ადამიანური სისუსტის გამო, სიკვდილის შიშით უარყო იგი, რასაც შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე მწარედ განიცდიდა და გულით სთხოვდა უფალს პატიებას. მაცხოვარმა არათუ შეუნდო მას და მოწაფის ხარისხში აღადგინა, არამედ წმ. პავლესთან ერთად მოციქულთა თავადაც დაადგინა. იუდას ქმედების მიზეზი ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რადგან ის ეძებდა მარჯვე დროს, რათა გაეცა მოძღვარი. თანაც, ამ დროს იგი უკვე მოციქული იყო და უშუალოდ მაცხოვრისგან ისმენდა ღვთის სიტყვას. ამასთან, მას მიცემული ჰქონდა ძალა სასწაულთქმედებისა, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც დაეცა საშინელი დაცემით, რადგან ღვთის დიდებას მიწიერი პატივი და ფული არჩია.
    როგორც უმადური იუდა, ისე მისი ხვედრი, - თვითმკვლელობა, სიმბოლური სახეა ყველა იმ ადამიანისა და მათი აღსასრულისა, რომელნიც, მიუხედავად უფლის მადლთან ზიარებისა, მაინც განუდგებიან ჭეშმარიტებას და მას ამქვეყნიური სიკეთით ანაცვლებენ.
    სიმბოლურია ებრაელთა დამოკიდებულებაც ისკარიოტელისა და მისგან დაბრუნებული ვერცხლისადმი. "შევცოდე, მართალი რომ გავეცი", - ამბობს სასოწარკვეთილი მოციქულყოფილი. "ჩვენ რა? შენ იცი", - იყო გულგრილი პასუხი. იუდას მიერ დაბრუნებული ფული, როგორც უწმინდური თანხა, მღვდელმთავრებმა ტაძარში არც კი შეიტანეს და იმით უცხოთათვის სასაფლაო იყიდეს.
    იუდა ყოველთვის საჭირო იყო და იქნება ავისმზრახველთათვის, მაგრამ მას (ღვთის საშინელ სამსჯავროზე რომ აღარაფერი ვთქვათ) თვით ასეთ საქმეთა შემკვეთთაგანაც კი დაფასება არასოდეს ექნება.
    საყვარელნო ძმანო და დანო, ვემსაგვსოთ პეტრე მოციქულს, რომელიც შეცდა, მაგრამ დაცემული დიდი სინანულის და სიყვარულის წყალობით აღდგა და უწინდელზე მეტი მადლით შეიმოსა; ვემსგავსოთ იმ ავაზაკს, რომელმაც სიკვდილის წინ მთელი გულით შესთხოვა უფალს შეწყალება და ცხონდა.
    ჩვენ გაცილებით უფრო სუსტები ვართ და ცოდვით სავსენი, ამიტომაც ხშირად ვეცემით, მაგრამ დაცემას არასოდეს არ უნდა შევეგუოთ, უნდა ვძლიოთ ცოდვას და სინანულით განვიბანოთ, რათა უფლის სიყვარული არ მოგვაკლდეს. როგორც ამბობს ხალხური სიბრძნე: სცოდავ? – შეინანე და სასუფევლისაკენ ისწრაფე.
    ბევრნი ბედნიერებას მატერიალურ კეთილდღეობაში ეძებენ. თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, თუ იგი გონივრულად იქნება გამოყენებული და თანაც არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის.
    ერთ მდიდარს იმდენად უყვარდა ოქრო, რომ დასახარჯადაც ვერ იმეტებდა; შინ იკეტებოდა, ოქროს ფულს იატაკზე ფენდა, ტანზე იხდიდა და მასზე წვებოდა, რადგან ამით დიდ სიამოვნებას იღებდა.
    ამის საპირისპირო მაგალითია ალექსანდრე მაკედონელი. მან მრავალი ქვეყანა დაიპყრო და მისმა ჯარმა დიდი ალაფი იგდო ხელთ. როცა მხედართმთავრებს მასთან ეს სიმდიდრე მიჰქონდათ, იგი თავისთვის არაფერს იტოვებდა და მას ხალხს, ჯარისკაცებს ურიგებდა. როცა ეკითხებოდნენ: შენ რაღა დაგრჩაო? პასუხობდა, ჩემთვის იმედი დავიტოვეო.
    სიკვდილის წინ კი დაიბარა: საკაცეზე ხელჩამოშვებული დაესვენებინათ, რათა ყველას დაენახა, რომ იმქვეყნად არაფერი მიჰქონდა.
    გიკითხავთ კი ოდესმე თქვენი თავისთვის, რას აკეთებთ იმისთვის, რომ სცხონდეთ?
    თანამედროვე ადამიანის ტრაგედია იმაშია, რომ კულტურა და მეცნიერება (განსაკუთრებით ფილოსოფია) დიდად დასცილდა ეკლესიას.
    ბევრს ეჩვენება, რომ მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევები დადასტურებაა ადამიანური გონების სრულყოფილებისა და ჰგონიათ, რომ მეცნიერებას დროთა ვითარებაში მთელი სამყაროს საიდუმლოებათა ახსნა შეუძლია. ამიტომაც შემოქმედის რწმენა ან ნაკლებად განცობიერებული ადამიანების დამახასიათებლად და დღეისათვის სრულიად ზედმეტად მიაჩნიათ, ანდა იმდენად მისაღებად, რამდენადაც შეიძლება იგი გამოადგეთ მოსახლეობის დაბალი ფენების მართვის საშუალებად. ისინი უარყოფენ სასწაულს, რადგან ნებისმიერ სასწაულში არის ის, რასაც ლოგიკითა და მიწიერი კანონებით ვერ ახსნი.
    მორწმუნეთათვის კი ცხოვრება ღვთისა და სამყაროში მისი სასწაულების აღიარების გარეშე წარმოუდგენელია. მშვენივრად თქვა გოეთემ: როგორადაც არ უნდა მოინდომოს ადამიანმა, ბუნება და მასში მიმდინარე პროცესები გონებაზე უნაშთოდ არ იყოფა, ანუ ყველგან და ყველაფერში რჩება ადგილი ირაციონალურისათვის, რწმენისათვის.
    რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღწვის (XIX-XX საუკუნეებში არაერთი გამოგონება უკავშირდება მორწმუნე მეცნიერთა და მკვლევარ სასულიერო პირთა სახელებს). მისთვის გასაგებია, რომ ესა თუ ის თეორია ან ჰიპოთეზა შეიძლება ხვალ საერთოდ მიუღებელი აღმოჩნდეს, ან უკეთესით შეიცვალოს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ადამიანის გონება და მისი შესაძლებლობები შეზღუდულია და სრულყოფილებისაგან დაშორებული. მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლება ისეთივეა, როგორიც იყო პირველ საუკუნეებში, მაცხოვრისა და მისი მოწაფეების მიერ გადმოცემული და წმინდა ეკლესიის მიერ აღიარებული. ეს იმიტომ, რომ იესო ქრისტე არა მარტო სრულყოფილი ადამიანია, არამედ – ჭეშმარიტი ღმერთიც და მისი სწავლება უცდომელია.
    რწმენის გარეშე სიცოცხლე ძალიან ძნელი, შიშისმომგვრელი და გაუმართლებელია. სიკვდილი უაზროს ხდის მას და აუხსნელ, მტანჯველ გამოცანად აქცევს. ხშირად მხოლოდ ახლობლის გარდაცვალება, მძიმე ავადმყოფობა, ან სხვა რაიმე დიდი ტკივილი იხსნის ხოლმე თავდაჯერებულ ურწმუნოებს სულიერი სიბრმავისაგან.
    ჩვენს საზოგადოებაში არის კიდევ ერთი კატეგორია ადამიანებისა, რომელნიც თავს ქრისტიანებად მიიჩნევენ, მაგრამ არ სწამთ ეკლესიისა და მის გარეშე ცხოვრობენ. მაგალითად, მათი ნაწილი თავს ვერ აღწევს გარკვეულ ფსიქოლოგიურ ბარიერს. ზოგიერთს არ უყვარს ხალხთან ერთად ლოცვაზე დგომა და ამას თავის გამოჩენად მიიჩნევს, ზოგს არ მოსწონს ერთი კოვზიდან ზიარების მიღება, ანდა ვერ ხვდება, რატომ უნდა აღიაროს თავისი ცოდვები მოძღვრის წინაშე და არა ხატის წინაშე და ა. შ. ისეთებიც არიან, რომელნიც ფიქრობენ, რომ ეკლესია მხოლოდ სამაგალითო, წმინდა ადამიანებისაგან უნდა შედგებოდეს და რაკი აქ ჩვეულებრივ ცოდვილთაც და ზოგჯერ დამნაშავეთაც ხედავენ, აღარ სურთ ტაძარში სიარული. ამგვარი დამოკიდებულება ჯერ კიდევ პირველი საუკუნეებიდან მოდის და ამ სექტანტურ მიმდინარეობას მონტანიზმი ეწოდება.
    საერთოდ, ასეთი აზროვნება რელიგიაში სრული გაუცნობიერებლობის შედეგია, რადგან ეკლესიური ცხოვრების გარეშე ქრისტიანობა იგივეა, რაც ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე, ხოლო ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, მათთვისაა, ვინც ცოდვილია და დაღუპვისაკენ მიექანება; ეკლესიის განკითხვა ამგვარი ადამიანების თავის წიაღში მიღებისათვის ფარისეველთა ქრისტიანობაა, რადგან ქრისტეს, რომელიც ხშირად იყო მეზვერეებთან და ცოდვილებთან, ამის გამო სწორედ ფარისეველნი განიკითხავდნენ; უფლის პასუხი კი ასეთი იყო: " არ უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა".
    რა თქმა უნდა, ეკლესიაში რჩეული და სიწმინდით მცხოვრები ადამიანებიც არიან, მაგრამ მისი კარები ასევე ღიაა გადარჩენის მოსურნე ნებისმიერი ცოდვილისთვისაც. ეკლესიას ეკუთვნის კაცთა მთელი მოდგმა – დაწყებული სრულყოფისაკენ მიმავალი გზის პირველ უმდაბლეს საფეხურზე მდგომთაგან იმათით დამთავრებული, რომელნიც უფრო მაღალ საფეხურებზე დგანან.
    როგორც ყოველ ადამიანს, ერსაც ამქვეყნად თავისი მისია აქვს. საამაყოა, რომ მთელი ისტორიის მანძილზე ვინარჩუნებდით ჩვენს ფუნქციას, - მტრის აურაცხელი შემოსევების მიუხედავად საუკუნეთა განმავლობაში აღმოსავლეთში ქრისტიანული კულტურული სამყაროს ფორპოსტი, ხოლო ჯვაროსნული ომების დროს, - მთელი ევროპული კოალიციის ანგარიშგასაწევი მოკავშირე ძალა ვიყავით.
    დღეს მსოფლიო პროცესები ახალ გამოწვევას სთავაზობს ყველას, ჩვენმა ერმაც პასუხი უნდა გასცეს გლობალიზაციის მიერ შემოთავაზებულ მოთხოვნებს და თანამედროვე მსოფლიოში თავისი ადგილი და ფუნქცია იპოვოს, რაც აუცილებლად მოითხოვს სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებას. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე საზოგადოების არსებობა კი ქვეყნის წარმატების საწინდარია.
    მამულის მსახურება ჭეშმარიტი რწმენით ერთ-ერთი უმთავრესი ღვაწლია; ეკლესიისაგან სწორედ ამ ნიშნით არიან წმინდანებად შერაცხილნი: ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სხვანი.
    სახელმწიფოებრივი აზროვნება, უპირველეს ყოვლისა, ღირსების, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა. შეუძლებელია, საზოგადოებას შინაგანად არ სურდეს თავისუფლება და სხვაზე დამოკიდებულებას ამჯობინებდეს; შეუძლებელია, საზოგადოებას არ ჰქონდეს პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე და მან შექმნას რაიმე ღირებული; შეუძლებელია, ერს არ ჰქონდეს საკუთარი ღირსების გრძნობა და სრულფასოვანი სახელმწიფო ააშენოს.
    უცხო სახელმწიფოს პოლიტიკური და კულტურული გავლენის ქვეშ ცხოვრებამ ჩვენს საზოგადოებას ეს სამი ძირითადი საყრდენი გამოაცალა. პოსტიმპერიულ საზოგადოებებს კი ხშირ შემთხვევაში არასრულფასოვნების განცდა უჩნდებათ, რაც მათ დამოუკიდებლობის მოპოვების ნაცვლად ხშირად ახალი "კეთილი" ბატონის ძიებისაკენ უბიძგებს. ამას შეიძლება პირობითად პროვინციალიზმი ეწოდოს. როცა არასრულფასოვნების განცდის გამო ხდება უპირობო აღიარება სხვისი პრიმატისა, მცდელობა მაქსიმალური დამსგავსებისა და მონური ლტოლვა მისდამი, საკუთარი ფასეულობების უგულვებელყოფის ხარჯზე.
    ამის საპირისპირო მოვლენაა ე.წ. მესიანიზმი, რომლის გამოვლინებაა ფუნდამენტალიზმი და ფაშიზმი. ეს იდეოლოგია ამკვიდრებს თვალსაზრისს საკუთარ განსაკუთრებულობაზე და, აქედან გამომდინარე, სხვებზე მბრძანებლობის და ბატონობის უფლებას. ორივე ეს მიმართულება უკიდურესობაა და სახელმწიფოსა და საზოგადოების კრიზისსა და სრულ კრახს იწვევს; ამიტომაც იშლებოდნენ იმპერიები.
    ქრისტიანული სწავლებით ჭეშმარიტია მხოლოდ სამეუფო გზა, რომელიც გამიჯნულია უკიდურესობებისაგან და წარმოადგენს ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების ერთადერთ სწორ ორიენტირს. დღესაც ასე ვითარდება ყველა წარმატებული სახელმწიფო, ეყრდნობა რა საკუთარ ტრადიციას და კულტურათა ურთიერთგამდიდრების პრინციპს.
    სახელმწიფოებრივად ის საზოგადოება აზროვნებს, რომელსაც გააზრებული აქვს "ჩვენის" საჭიროების უპირატესობა "მეს" და "ჩემის" საჭიროებაზე. ეგოისტური ინტერესების მქონე ადამიანი ზურგშექცევით დგას საზოგადოებისა და სახელმწიფოს პრობლემებისადმი. მას მხოლოდ საკუთარი სახლი აქვს დალაგებული, ზღურბლს მიღმა კი ყურადღებას არაფერს აქცევს.
    სახელმწიფოებრივი აზროვნება დიდი მონაპოვარია და იგი მაღალგანვითარებული კულტურის მაჩვენებელია. ჩვენი ერისთვის ტრადიციული ეს თვისება, ბოლო 200 წლის მანძილზე ქვეყნის პოლიტიკური, შემდეგ კი ეკლესიური დამოუკიდებლობის დაკარგვის გამო მეტად დაეცა. ეს პერიოდი ერთ-ერთი უმძიმესია ჩვენს ისტორიაში, რადგან მტრისგან იავარქმნილ საქართველოშიც კი, ავტოკეფალური ეკლესია ერს არა მარტო სახელმწიფოებრივ აზროვნებას უნარჩუნებდა, არამედ მაქსიმალურად უწყობდა ხელს პოლიტიკური დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების პროცესს.
    ეროვნული ცნობიერების აღორძინებას ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და გარკვეული დრო სჭირდება. პროცესი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს, რადგან ყოველ სახელმწიფოში იგი ქმნის იმ გარემოს, რომელმაც საზოგადოება აქტიური ქმედებებისათვის უნდა განაწყოს.
    საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიუხედავად, ამ საკითხს სათანადო ყურადღება დღემდე არ დათმობია, მაშინ, როცა ამის გარეშე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროექტების წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც კი, ძლიერი სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელია.
    უნდა შეიკრას ჯაჭვი, - მე, შენ, ჩვენ ერთმანეთისა და საქართველოსთვის. ამ მიმართულებით ნაბიჯები, უპირველეს ყოვლისა, უნდა გადაიდგას ჯარში და განათლების სფეროში. ასევე აუცილებელია მოსახლეობის დასაქმება, - მცირე და საშუალო ეროვნული ბიზნესის განვითარება, სოფლის მეურნეობის აღორძინება, ადგილობრივი პროდუქტით ჩვენი ბაზრის შევსება და სამამულო წარმოებისათვის პრიორიტეტის მინიჭება; აუცილებელია მეცნიერების, კულტურის და სპორტის განვითარებისათვის ხელშეწყობა და, ბუნებრივია, ქვეყნის მთლიანობის აღდგენისათვის ზრუნვა. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ხელისუფლებას გაცნობიერებული აქვს და სასიკეთო პროცესებიც დაწყებულია.
    საქართველოს ეკლესია ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ხელისუფლებას და ცდილობდა, თავისი წვლილი შეეტანა ქვეყნის აღმშენებლობაში. ეს დღესაც ასეა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდი, რომლის დევიზია: სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინება და განვითარება.
    მართალია, ცხოვრება მეტად რთულია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გული არ უნდა გავიტეხოთ. ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ და ასე აღვასრულოთ სჯული იგი ქრისტესი". ერთ-ერთი რეალური საშუალება, რითიც შეგვიძლია ურთიერთს დავეხმაროთ, არის დალოცვა.
    წერილობითი ან სიტყვიერი დალოცვა შეიძლება როგორც ოჯახის წევრის, შვილის, ახლობლისა, ისე ნაცნობის თუ უცნობისა. მორწმუნე ადამიანი უნდა ლოცავდეს თავის მტრებსაც: და ხდება საოცრება, ჩვენი მოძულე ნელ-ნელა მოყვარედ იქცევა.
    დალოცვა არსებობს მრავალი სახის: "ღმერთმა დაგლოცოს, გაგახაროს, გაგაძლიეროს", "ღმერთმა მოგანიჭოს ჯანმრთელობა და მრავალჟამიერი სიცოცხლე", "უფალმა არ მოგაკლოს თვისი წყალობა და მშვიდობა", "ღმერთს ებარებოდეთ, "უფალმა დალოცოს მთელი საქართველო და მკვიდრნი მას შინა", "მაცხოვარმა დაგლოცოს და მტერი მოყვრად გიქციოს", "წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული სუფევდეს შენ თანა" და მრავალი სხვა.
    მთავარია, დალოცვა გულიდან მომდინარეობდეს, მხოლოდ მაშინ შეიტანთ სხვის ოჯახში სიხარულსა და მშვიდობას, სანაცვლოდ კი თქვენი სახლიც ბარაქით, სიყვარულითა და სიხარულით აივსება.
    დადგა ჟამი, როდესაც მე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უნდა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო:
    ღმერთო ძლიერო, მრავალმოწყალეო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო უფალო, დიდება და მადლობა შენდა! გევედრები, შეისმინე ლოცვისა ჩემისა და მოანიჭე მადლი და ძალა შენი ჩვენს ხალხს; შეცვალე მწუხარება ქართველთა ერისა სიხარულად, შფოთი და მტრობა – მშვიდობად და სიყვარულად.
    სნეულნი განკურნე, უცხოეთში მყოფი თანამემამულენი მშვიდობით დააბრუნე, დალოცე და გააძლიერე ხელისუფალნი და მხედრობა ჩვენი, ერი და ეკლესია შენი და მოგვანიჭე მტკიცე და ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება, სიბრძნე და თავმდაბლობა. შეგვმოსე შენი მადლით და წარსდევნე ჩვენგან და ჩვენი ქვეყნიდან ყოველი მტერი და მბრძოლი ჩვენი და აცხოვნე სული ჩვენი, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე.
    ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრო მამულო ჩვენო, უფლის კვართის მადლით სვეტად ცხოველად გამოჩინებულო.
    ჰე, ერო ჩემო, ანდრია პირველწოდებულისა და სხვათა მოციქულთა მიერ კურთხეულო და წმინდა ნინოს ქადაგებითა და ვაზის ჯვრის ძალით მოქცეულო და მადლმოსილო.
    მრავალტანჯულო საქართველოვ, ურიცხვ მოწამეთა ცრემლითა და სისხლით განბანილო.
    გმირთა სამკვიდროვ, არ იყო შენთვის უცხო ღალატიც. ვიყავით და ვართ ბრძენნიც და უგუნურნიც, შეურაცხყოფილნიც და განლაღებულნიც, ცოდვით დამძიმებულნიც და სინანულით დამდაბლებულნიც. მამულს მოწყვეტილნი შვილნი შენნი ხმობენ ფერეიდნიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ლაზეთიდან, ჰერეთიდან და ქვეყნის სხვა კიდეთაგან, მონატრულნი ერთიანი საქართველოს ხილვისა.
    უფალო, საკვირველად მწყალობელო ჩვენო, შენ გვაძლევ ძალას, რომ დანგრეული კვლავ აღვადგინოთ, უიმედოს ნუგეში ვსცეთ, მტირალს ცრემლი მოვსწმინდოთ, არ დავემონოთ ბოროტს და მიუხედავად ათასი საცდურისა, მაინც გვახსოვდეს, რომ მხოლოდ შენა ხარ "გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე".
    ჰე, უფალო, გევედრებით, კვლავაც აღხოცე ცოდვანი ჩვენნი მეწამულნი და განგვასპეტაკე, ვითარცა თოვლი; შენია ცანი და ქვეყანა, შენა ხარ ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული ყოვლისა. შეგივრდებით და გთხოვთ, გაგვხადე ღირსი შენი მეუფებისა, რათა ერთგულნი მადიდებელნი შენნი მარად ვიყოთ ღვთაებრივი სიყვარულით გარემოცულნი.
    შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ, ამინ!
    ქრისტე აღდგა!
    აღდგომა ქრისტესი
    თბილისი, 2005 წ.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები