მატერიალისტების აზრით სიცოცხლე ჩაისახა ერთუჯრედიან ცოცხალ ორგანიზმში, ხოლო კითხვას: ვინ ჩაუნერგა სიცოცხლე იმ უჯრედს, ვერ პასუხობენ და საერთოდ ამ კითხვას იგნორირებასაც უკეთებენ. სამყაროში ადამიანი ვერ შეხვედრია ვერანაირ მინიშნებასაც კი, რომ ეღიარებინა სიცოცხლის თავისთავად ჩასახვა. დღემდე ვერავითარმა მეცნიერებამ ვერ გადალახა და ამოიცნო ის ზღვარი, რომელიც ღმერთმა გასდო სულიერ და უსულო ბუნებას შორის.
მეცნიერებები, რომლითაც ცრუ სიბრძნეს სურდა და სურს, ისარგებლოს ქრისტიანობის დასასუსტებლად, თავის ბავშვობაში (როდესაც ჯერ კიდევ ვერ აღწევენ საკუთარი საფუძვლების შეცნობას და არა აქვთ გამოცდილება თავისივე საწყისის გასარკვევად) შესაძლოა, მიმართული იყოს გამოცხადების ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ; მაგრამ როდესაც მომწიფდებიან და თითქოსდა მამაკაცურ ასაკს აღწევენ, მაშინ იწყებენ გამოცხადების ჭეშმარიტების დამტკიცებას.
როდესაც მეცნიერებაზე ვსაუბრობთ, უნებურად ისმის კითხვა: ეწინააღმდეგება თუ არა ერთმანეთს მეცნიერება და რწმენა?ბოლო ათწლეულების მანძილზე ბევრი ითქვა და დაიწერა ისეთი, რაც, ერთი შეხედვით, მათ დაპირისპირებას ამტკიცებს. ამტკიცებს იმასაც, თითქოს მეცნიერებით ყველაფრის ახსნა შეიძლებოდეს; მაგრამ, განა შეიძლება მეცნიერების საშუალებით გადაწყდეს სულიერი პრობლემები, როცა იგი უძლურია, გაარკვიოს ფიზიკური წესრიგის ესა თუ ის მოვლენაც კი?
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერებამ და ტექნიკამ ახალი გზები და საშუალებები გამოავლინეს ადამიანის განვითარებისათვის. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მეცნიერულ მიღწევებს კაცობრიობა სულიერად და მორალურად მოუმზადებელი შეხვდა და სიკეთის ნაცვლად იგი ზოგიერთმა ბოროტების სათავედ აქცია.
ყრმისთვის მხოლოდ გონების განვითარებაზე ზრუნვა და მისთვის შერყვნილი გულის გამოუსწორებლობა ნიშნავს იმას, რომ დახელოვნებულ ბოროტმოქმედს ხელში მჭრელი მახვილი მისცე. უმეცრებას რელიგიის გარეშე თავისი სიბრიყვით ნაკლები ბოროტების გაკეთება შეუძლია; ხოლო უღმერთოს მოქნილი, განვითარებული გონება ადამიანთა მოდგმის ჭირიცაა; მას ძალუძს, თავზარი დასცეს საზოგადოებას და გადმოაფრქვიოს დამღუპველი შხამი არა მხოლოდ დღევანდელ, არამედ - მომავალ თაობებსაც, რისი მაგალითიც, სამწუხაროდ, მრავლად არსებობს.
მეცნიერებას ასევე არ შუძლია გადალახოს ის ზღვარი, რომელიც ღვთისაგან არის გადებული მცენარეებსა და ცხოველებს შორის. ღმერთმა თითოეულ სახეობას დაუდგინა თავისი ჯიში და ამიტომაცაა, რომ არასოდეს არ მომხდარა, ხორბალი დაგვეთესოს და მუხა ამოსულიყო, ან ძროხას გოჭი მოეგოს ხბოს მაგიერ. სამყაროში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ ერთუჯრედიანი არსება მრავალუჯრედიანად გარდაქმნილიყო. ათეისტი მეცნიერები კი დღესაც თავგამოდებით იცავენ აზრს იმის შესახებ, რომ ადამიანი ერთუჯრედიანი ქსოვილიდან წარმოიშვა.
განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს.თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლოდ და არა მის დასათრგუნად.
სულიერ ფასეულობას ვერავითარი მეცნიერება, ტექნიკა და სხვა რამ მატერიალური ვერ შეცვლის. დღეს ადამიანის წინაშე გლობალური პრობლემა დგას. შეძლებს თუ არა დაიმორჩილოს თავისი თავი და მის მიერ შექმნილი ტექნიკა. აღმოჩნდება თუ არა დაგროვილი ტექნიკა ადამიანისათვის საბოლოოდ კეთილდღეობის მიმცემი. ამავე დროს უნდა ვაღიაროთ, რომ მეცნიერულად დასაბუთებულმა ტექნიკამ მოგვცა არნახული ძალაუფლება ბუნების ასათვისებლად და ეს ძალაუფლება უნდა იყოს გამოყენებული არა ადამიანის სულიერი დაუძლურების, არამედ მისი კეთილდღეობისათვის, ამ სიტყვის გლობალური გაგებით.
კლიმენტი ალექსანდრიელი, თანახმად სახარებისა, ქრისტიანებს ორ ჯგუფად ყოფს: I - მონანი ღვთისა. ესენი არიან რწმენის შესახებ პრიმიტიული ცოდნის მქონე მორწმუნენი, რომელნიც მარტივად განიხილავენ წმიდა წერილს, არ უღრმავდებიან მის საკრალურ აზრს და კმაყოფილდებიან იგავთა და სიმბოლოთა პირდაპირი გაგებით.მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან გნოსტიკოსები - მეცნიერები, რომელნიც რწმენითა და ცოდნის წყალობით ადიან მაღალი სულიერი და მისტიკური ჭვრეტის საფეხურებზე. მათ ეს ღირსეული მამა უფლის მეგობრებს უწოდებს. ასე რომ, ადამიანმა უნდა განვლოს სრულყოფის გზა ღვთის მონიდან ღვთის მეგობრამდე, თუ სურს გააცნობიეროს თავისი ნამდვილი ადგილი და დანიშნულება ამ ქვეყანაზე.
II საუკუნის ცნობილი მეცნიერი, კლიმენტი ალექსანდრიელი არის საუკეთესო მაგალითი ცოდნისა და რწმენის შერწყმისა. მას უწოდებდნენ "დაბადებიდანვე პროფესორს", "უპირატეს მისიონერს", "პირველ ქრისტიან მეცნიერს"... იგი მღვდელი იყო, მაგრამ მხოლოდ სამოძღვრო საქმიანობით არ იფარგლებოდა. გამორჩეულ სულიერ ცხოვრებასთან ერთად ის გულდასმით სწავლობდა სიბრძნეს, ჰქონდა მჭიდრო კავშირი ალექსანდრიის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ სკოლებთან.თუ ტერტულიანეს დევიზი იყო: "იერუსალიმი და არა ათენი", - ანუ განშორება მეცნიერებისაგან, კლიმენტი ალექსანდრიელი მთელი თავისი ცხოვრებით და ნაშრომებით აღიარებდა რწმენის და მეცნიერების სინთეზს - ანუ "იერუსალიმს და ათენს". ოღონდ უპირველეს მნიშვნელობას რწმენას ანიჭებდა, შემდეგ კი რწმენაზე აგებულ მეცნიერებას.