image
image
10
11
12
Loading..
image

თემა: მონაზონთათვის

წმიდაო მამაო, როდესაც მონასტერში რაიმე უწესობა, უწესრიგობა ხდება, აზრი აქვს დამნაშავის ძებას?პირველ რიგში ჯობს, ის გამოიკვლიო, თვითონ შენ ხომ არ ხარ დამნაშავე. ეს ყველაზე კარგი იქნება.მაგრამ, წმიდაო მამაო, თუ სხვები თვითონ მაძლევენ მიზეზს, რომ დამნაშავედ ისინი ჩავთვალო?შენ თვითონ რამდენჯერ მიგიცია მათთვი ასეთი მიზეზი? როდესაც კარგად გაიაზრებ, მიხვდები, რომ მომხდარისადმი ასეთი დამოკიდებულება შეცდომაა.ხოლო თუკი იფიქრებ: "როგორც ჩანს, მთელი ეს უწესრიგობა ამა და ამ დის გამო მოხდა". ეს იმას ნიშნავს, რომ "მემარცხენე" ზრახვებს იღებ?დარწმუნებული ხარ, რომ და ნამდვილად დამნაშავეა?არა, მაგრამ ასეთი რამ მას ადრეც გაუკეთებია.თუ დარწმუნებული არა ხარ, ჩანს ეს "მემარცხენე" ზრახვაა. გარდა ამისა, ეს და ნამდვილად დამნაშავე რომც იყოს, ვინ იცის როგორ და რატომ მოიქცა იგი სწორედ ამგვარად?!წმიდაო მამაო, მაგრამ, თუკი მე ვხედავ, რომ ესა თუ ის და გარკვეული სახის ვნებით არის შეპყრობილი?შენ რა იღუმენია ხარ?! ეს იღუმენია აგებს თქვენზე პასუხს და ამიტომ მოვალეა, თქვენს ვნებებს ადევნოს თვალყური.თქვენ კი რატომ აკვირდებით და იკვლევთ ერთმანეთის ვნებებს?! თქვენ საკუთარ თავზე მუშაობა ჯერაც ვერ ისწავლეთ: ხოლო, თუ გინდათ სწავლა, ნუღარ ეძიებთ, რას აკეთებენ სხვები და ყველაფერი, რასაც მათში დაინახავთ, კეთილი ზრახვების შესაბამისად მიიღეთ. კეთილი ზრახვა საკუთარ თავში სიყვარულს შეიცავს. ის განაიარაღებს ადამიანს და შენდამი კეთილად განაწყობს. გახსოვთ, ის მონაზვნები, ყაჩაღი წმიდა მამად მიიჩნიეს?! როდესაც ბოლოს და ბოლოს ის ყველაფერში გამოტყდა, მათ ჩათვალეს, რომ იგი ქრისტესთვის სულელი იყო და თავს ყაჩაღად ასაღებდა და ამის შემდეგ მისდამი პატივისცემა გააორმაგეს. საბოლოოდ კი მონაზვნებმა ეს ყაჩაღიც გადაარჩინეს და მისი თანამზრახველებიც.წმიდაო მამაო, მაშინ - თუ და მატყუებს?მაგრამ, თუ იგი შენი მიზეზით გახდა იძულებული, რომ ტყუილი ეთქვა?! ან იქნებ რაღაც დაავიწყდა და მისი ნათქვამი სულაც არ არის ტყუილი. მაგალითად, მესტუმრე ეკითხება მზარეულს, ცოტა სალათი ხომ არ გაქვსო, ის უარობს, მესტუმრემ კი დანამდვილებით იცის, რომ აქვს. თუკი მესტუმრეს კეთილი ზრახვები არ აქვს, იტყვის: "აი, ჩერჩეტი"! ხოლო თუ მას აქვს კეთილი ზრახვები, ასე იფიქრებს: "საწყალი, ამდენი საქმისაგან გადაიღალა და დაავიწყდა, რომ სალათი დარჩა". ან იქნებ ამგვარად გაამართლოს და: "შესაძლოა, გადაწყვიტა, სალათი რაიმე უფრო მნიშვნელოვანი შემთხვევისთვის შეინახოს". შენ კი ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სულიერ სისაღეს ხარ მოკლებული. ასე რომ არ იყოს, არაწმინდასაც კი წმინდად მიიჩნევდი. ერთნაირად შეხედავდი ხეების ნაყოფსაც და ნაკელსაც, რადგანაც ნაკელმა ხეების ნოყიერებას შეუწყო ხელი.

კეთილი ზრახვების მქონე სულიერად ჯანმრთელია და ბოროტებასაც სიკეთედ აღიქვამს. მახსოვს, ოკუპაციის დროს ძლიერი ორგანიზმის მქონე ბავშვებს ორივე ლოყა მჭადით ჰქონდათ გამოტენილი და ჯანმრთელობით გამოირჩეოდნენ, ხოლო მდიდარი ოჯახების ბავშვები ხორბლის პურს ჭამდნენ, ნაღების კარააქს ატანდნენ და მაინც ავადმყოფობდნენ, იმიტომ, რომ სუსტი ორგანიზმი ჰქონდათ. სულიერ ცხოვრებაშიც სწორედ ასეთი ვითარებაა. მაგალითად, ავიღოთ კეთილი ზრახვების მქონე ადამიანი. მას ვინმემ უსამართლოდაც რომ გაარტყას, იტყვის: "ღმერთმა ჩემი ძველი ცოდვების აღსახოცად დაუშვა, დიდება ღმერთს"! ხოლო თუკი ადამიანს კეთილი ზრახვა არ აქვს, მისი მოფერებაც რომ მოინდომო, იფიქრებს, რომ ხელი დასარტყმელად ასწიე. დააკვირდით მთვრალებს: ბოროტი ადამიანი სიმთვრალეში ყველაფერს ამტვრევს. ხოლო თუ მთვრალს კეთილი გული აქვს, ტირის და ყველას ყველაფერს შეუნდობს. ერთი ასეთი გულკეთილი რომ დათვრა, აბურტყუნდა: "შენ მე მეგობრულად არ მიყურებ... კარგი... მე კი შენ ოქროში ჩაგსვამ"!..
link
image

თემა: მონაზონთათვის

601. ზოგჯერ ჩვენთან მორწმუნე ქალები და ძმების დედები მოდიან, ჩვენ კი მათ მონასტრის იმ გარე სენაკში ვიღებთ, რომელსაც მონასტერთან ფანჯრები აკავშირებს. ვესაუბრო მათ ამ ფანჯრებიდან თუ არა? და კიდევ: რადგან ჩემმა ბებიამ არ მოისურვა ბიძაშვილებთან ცხოვრება და მთელი თავისი საკუთრება მე გადმომცა, დამრთავ თუ არა ნებას, რომ როდესაც ის დროგამოშვებით მოვა, ვესაუბრო და მივაწოდო რაც სჭირდება? თუ არა? როგორ მოვიქცე?როცა ქალები მარტო ადგილის მოსანახულებლად და სურვილის დასაკმაყოფილებლად არ მოდიან, არამედ ღვთის გულისთვის მოსვლის საბაბი აქვთ და სურთ რომ ღვთის სიტყვა მოისმინონ, ან რაიმე შეწირონ მონასტერს, მაშინ თუ მათთან საუბარი საჭიროა, ისაუბრე, მაგრამ საკუთარი თავი აიძულე და თვალებს გაუფრთხილდი, რამეთუ ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თვისსა (მათე 5, 28). ყოველ საქმეს, რომელიც ღვთის გულისთვის აღესრულება, ღმერთი იფარავს. კაცთმოთნეობით და შექების მიზნით კი ნუ ისაუბრებ, არამედ წმინდა გულით განფინე ღვთის წინაშე შენი აზრი და თუ რაიმე საჭიროებისთვის რომელიმე ძმის დედა მოვა, მაშინ, მოცემული მცნების თანახმად, ისაუბრე მასთან, ხოლო საჭიროების გარეშე არც ეს გააკეთო, რამეთუ მის შვილს შეუძლია თქვენი დახმარებით, მისცეს მას ის, რაც მას სჭირდება, მაგრამ არა ზედმეტი, არამედ საჭიროების მიხედვით. შენს ბებიას მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ხანგამოშვებით უნდა ესაუბრო და მიუხედავად იმისა, ქალაქში მოისურვებს ცხოვრებას, თუ ამ დასახლებაში, მისი მოთხოვნილებები დააკმაყოფილო. მისი ოჯახის წევრებს კი, სანამ კეთილი ცხოვრებისაკენ არ დამოძღვრავ, ნუ დათანხმდები, რომ თავის ნებაზე იცხოვრონ, არამედ ღვთისმოშიშებაში განამტკიცე და წინდახედულად კვებე და შემოსე ისინი, რათა თავშეუკავებლობის და სიძულვილის საბაბი არ მისცე; არც ის დაუშვა, რომ რაიმე ზედმეტი ეძიონ, არამედ ეს მოთხოვნილებებში გარკვევის მიხედვით გააკეთე და ამხილე: „თქვენ თავისუფლები ხართ და საკუთარი თავი მონებად არ მიიჩნიოთ, არამედ იმას დაუკვირდით, რომ თქვენ ადგილ-მამულის მფლობელებზე უფრო უზრუნველყოფილნი და დაწყნარებულნი ხართ“. ხოლო, როდესაც შენი ბებია აღესრულება, მაშინ გაათავისუფლე ისინი, თავის სარჩენად მიეცი მათ წილი ან აქ, ამ დასახლებაში, ან სადაც გსურს, ეს კანონს არ ექვემდებარება; ამასთანავე, ნება არ დართო, რომ ის, რაც შენია, თვითნებურად მიითვისონ.
link
image

თემა: მონაზონთათვის

494. ჩემო წმინდა მამაო! რადგან უძლური და ცოდვილი ვარ, არა მაქვს კადნიერება, რომ ღმერთს რაიმე ვთხოვო, და ამიტომ მოგმართავ, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის. დაე, მან მისი მსახურების ღირსი გამხადოს და ძალა და გონიერება მომანიჭოს. რადგან ყოველმხრივ არარაობას წარმოვადგენ და ამ ყველაფერს (როგორც ეს შენმა გულმაც იცის) ვსაჭიროებ. მრწამს კეთილო მამაო, შენს ძლიერ ლოცვებს შეუძლიათ ღმერთი დაითანხმონ, რომ მან ჩემი ცოდვები არად ჩააგდოს, და რომ მისი კურთხეული გზის დაწყების ღირსად ჩამთვალოს, რათა შენი წყალობით დარიგებული, გონივრულად შევუდგე მას, ჩემო კურთხეულო მამაო, და შესაფერისი მადლიერება შევწირო კაცთმოყვარე ღმერთს, რომელმაც შენი მეშვეობით ყველანაირი სიკეთე მაღირსა. შემინდე მე უგუნურს და კადნიერს, და ილოცე ჩემთვის.ძმაო, ან უფრო კარგად ვთქვათ, შვილო! ცისა და მიწის ღმერთმა, დაე, თავის წმიდა მხედრობაში გაგაძლიეროს (რომელშიც მან მოგიწოდა) და შვილობის ღირსი გყოს, რისი ღირსნიც მცირედნი ხდებიან; დაე, შენი გული ანას გულივით გააძლიეროს, შენც სამოელის მსგავსად ღმერთს კეთილსურნელოვანი ნაყოფი შესწირო, და მასთან ერთად ახალი სიმღერა იმღერო; რათა წინამდებარე გზაზე შენც წარემატო კეთილ საქმეებში და როგორც გამოცდილმა მეომარმა გულწრფელად იშრომო ღვთისათვის. ნუ მოიწყენ და ნუ დაუძლურდები, არამედ გულმოდგინედ ისწრაფე წმინდანთა და რჩეულთა ქალაქის დასამკვიდრებლად. რწმენა, იმედი და სიყვარული მოიპოვე და ისინი წმიდა სიმდაბლემდე მიგიყვანენ, რომელიც ყველა სათნოებათა დედაა, და ცხონდები უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
link
image

თემა: მონაზონთათვის

496. აბბა, ღვთის გულისათვის, ჩემი უსირცხვილობა და უგუნურება შემინდე და მრავალ ცოდვებში ჩავარდნილს შემეწიე. თუკი მას, ვისაც ღვთის წინაშე ერთი ცოდვა ჩაუდენია, დიდი სინანული მოეთხოვება, მაშინ მე რა ვიღონო, ცოდვებთან თანაშეზრდილმა? მე, ყველანაირი საშუალებით, განუწყვეტლივ ვარისხებდი ღმერთს; ეს რომ მან შემინდოს, ამისთვის თქვენს ლოცვებს ვსაჭიროებ. ვიცი, ამ გზის შესწავლა დაუცადებლად მომეთხოვება მე, რომელსაც მრავალი თავგადასავლების (ბრძოლებისა და მკვლელობების) და ბოროტების შემდეგ, ღვთის უდიდესი წყალობით აქ მოსვლა მეღირსა. ამიტომ, ჩემო ღირსო მამაო, გთხოვ, ჩემს მიმართ წყალობა გამოიჩინე, როგორც საჭიროდ მიგაჩნია, ისე დამარიგე და ილოცე ჩემთვის, რომ ის შენი წმინდა მცნებები დავიცვა, რომელთა აღსრულებასაც მიბრძანებ.ძმაო! რადგან შენ ჩვენთვის ჯვარცმულს მიეახლე, ამიტომ აიღე შენი ჯვარი და შეუდექი მას, და „მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი“ (ფსალ. 54, 23); „რომელი-იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ“ (ეფეს. 3, 20); „რამეთუ იგი იღუწის ჩვენთვის“ (1 პეტ. 5, 7). ასე რომ, ნუ შეშინდები და შეგეწევა ქრისტე. ოღონდ შვილო, გონებაში საღმრთო წერილის ის სიტყვა და მზადყოფნა ჩაიბეჭდე, რომელიც შემდეგ სიტყვებშია მითითებული: „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი“ (ზირ. 2, 1), და იცოდე, გამოუცდელი ადამიანი ყველაფერში უხმარია და „ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს“ (იაკ. 1, 12) და სხვ. ამას, ძმაო, შესაშინებლად არ გეუბნები, არამედ მსურს რომ ამ გზაზე შენი გული ღვთისადმი შიშში განმტკიცდეს. რამეთუ ყველა წმიდანიც მრავალი განსაცდელითა და ჭირით წარემატა და ღვთის მადლით სათნო ეყვნენ ღმერთს. არ შეშინდე და არ მოუძლურდე. გვრწამს, რომ წმინდანთა ლოცვებით ღმერთია შენი დამსხმელი, მომრწყველი და აღმაორძინებელი (1 კორ. 3, 7), ამინ.
link
image
image
10
11
12