ჩვენი წინაპრების განწყობამ რწმენის ერთგულებისა და ქვეყნის დაცვისადმი შეგვაძლებინა (ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ), არა მარტო ის, რომ ფიზიკურად გადავრჩენილიყავით, არამედ ისიც, რომ თვითმყოფადი ქართული სამყარო შეგვენარჩუნებინა.ამ წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი კი დაუღალავი შრომაც იყო.
საქართველოს ეკლესია, ისევე როგორც საქართველო, ყოველთვის იყო და იქნება მართლმადიდებელი, რადგან მასშია ჭეშმარიტება. ღმერთი ერთია, ჭეშმარიტებაც ერთია, ისევე როგორც ერთია ეკლესია, რომელიც არის "ჭეშმარიტების სვეტი და სიმტკიცე" (I ტიმ. 3,15). შევთხოვ შემოქმედს, ყველანი ერთად ვიყოთ უფალში და ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში.
საქართველო კვლავაც აუცილებლად გადარჩება და განბრწყინდება, მაგრამ ამას განახორციელებს ის თაობა, რომელიც ღვთის მცნების დამცველი და მისი ნების აღმსრულებელი იქნება. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მაშ, გავხდეთ უფლის ნების თანაზიარნი და დიდი საქართველოს თანაშემოქმედნი!უპირველესად, უნდა ვიცოდეთ ჟამი როგორც შრომისა, ისე ლოცვისა, აღსარებისა და ზიარებისა.
ქრისტიანობის მადლით ძალმოსილი შვილები ჩვენი ერისა იღვწოდნენ ჩვენი ენის, ჩვენი მწერლობის, ჩვენი ფილოსოფიური აზროვნებისა და მეცნიერების წინსვლისა და აყვავებისათვის. ჩვენი ერის დიდი შვილები უპირველესად იღვწოდნენ თავიანთი სულიერი ამაღლებისა და განწმენდისათვის, რათა ამის შემდეგ ქრისტეს მადლით ძალმოსილნი უდიდეს მეცნიერულ, ფილოსოფიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას შესდგომოდნენ.
ვინც იოლი გზების ძიების სურვილით დღეს საქართველოს ტოვებს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდის, თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ, რადგან იქ უკეთესი ხვედრი არ გელოდებათ. მიუხედავად ყველაფრისა, უცხო გარემოში თქვენ მაინც უფრო ნაკლებად იქნებით დაცულნი, რადგან სამშობლოში ახლობლები, ნათესავები, მეგობრები გყავთ, რომელნიც განსაცდელის ჟამს გვერდში დაგიდგებიან, იქ კი ვინ იქნება თქვენი გულშემატკივარი?
ბედნიერია საქართველო, რომ ქრისტეშობის სიხარული პირველი საუკუნიდანვე ეუწყა მოციქულთაგან და ამ დროიდანვე გახდა იგი ღვთისმშობლის წილხვედრი. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაცაა. ამიტომაც სწორი წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ პროცესებზე, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში და, საერთოდ, მსოფლიოში მიმდინარეობს, რათა პასუხი გავცეთ მათ და შევინარჩუნოთ წინაპრების თავგანწირვის ფასად დღემდე მოტანილი ჩვენი მეობა.
"არა გეცრუვნეთ შენ, სიწმინდით მშობელო ჩვენი კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო", - ასეთი იყო დავით აღმაშენებლის საქართველოს სულისკვეთება; სულისკვეთება იმ მეფისა, რომელმაც ღმრთის შემწეობით შეძლო ჩვენი სამშობლო ყველა დროის ქართველისათვის საოცნებო სახელმწიფოდ ექცია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ დავითის საქართველოში მშვიდობიანად ეცხოვრათ მუსულმანებს, ებრაელებს, სომხებს და სხვა ეთნიკურ თუ რელიგიურ უმცირესობებს.
სამშობლოს არა აქვს ოდენ მიწიერი, მატერიალური სახე. მის განსაკუთრებულობას დიდად განაპირობებს ისიც, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი წმინდანთა დასი ჰყავს ერს სულიერ მეოხად ღვთის წინაშე. ამ მხრივ, საქართველოს თითქმის ვერავინ შეედრება. სამშობლოსათვის გულანთებული გმირები საქართველოს არასოდეს დაელევა.
ქართველი ერი, უძველესი ქართული ენა, სათავეს პრეისტორიული ხანიდან იღებს.ის, რომ ჩვენ დღემდე მოვაღწიეთ ჩვენი ცხოვრების წესითა და ტრადიციებით, ჩვენი წინაპრების ღვთისსათნო არჩევანის შედეგია.მოციქულთა მიერ ნაქადაგები ქრისტიანობის აღიარებამ სხვადასხვა ქართველური ტომი ერთი რწმენით, ერთი ენით, ერთი კულტურით ერთიან ქართველ ერად შეადუღაბა და უნიკალური, თვითმყოფადი და მრავალფეროვანი ქართული ცივილიზაცია შექმნა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ზოგადქრისტიანული კულტურის განვითარებაში;
ქრისტიანობა სხვისთვის ცხოვრებაა, საკუთარ მოთხოვნილებებზე, ზოგჯერ ელემენტარულზეც კი, უარის თქმაა. ჩვენს ქვეყანას კი არა მარტო ეს, არამედ ყველა დროში სჭირდებოდა თავგანწირვაც. ამიტომაც გვყავს ამდენი წმიდანი. სწორედ მათი წყალობით გადავრჩით. ახლანდელი ჩვენი ყოფა კი თითოეული ოჯახისგან, უპირველეს ყოვლისა, ითხოვს იმ ღვაწლს, რასაც მრავალშვილიანობით ქვეყნის მსახურება ჰქვია.დღევანდელ პირობებში ამის განხორციელება რომ ძალიან ძნელია, ვიცით, მაგრამ იგი ერის გადარჩენის გარანტიაა და საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი.