ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
image
1
2
3
4
image
image
დალაგება: ზომა დამატების დრო
Loading..
image
თემა: ფსალმუნები

440. ფსალმუნების გალობისას გონება მებნევა და აზრებით სადღაც დავხეტიალობ; როგორ უნდა მოვიქცე ამ დროს?როდესაც აზრი გვერდზე გადაიხრება, მაშინ დაბრუნდი უკან და წინამდებარე ფსალმუნის იმ სიტყვებიდან დაიწყე, რომლებიც მახსოვრობაში შემოგრჩა. და თუ ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ დაბრუნების შემდეგ, გიჭირს იმ სიტყვების გახსენება, რომლებზეც შენი კითხვა შეწყდა, ანდა თუ გაიხსენებ, მაგრამ ვერ პოულობ იმ ადგილს, საიდანაც კითხვა უნდა გააგრძელო, მაშინ იგივე ფსალმუნი თავიდან დაიწყე. მტრის მიზანი ისაა, რომ დავიწყება დიდებისმეტყველებას დაუპირისპიროს. წინამდებარე ფსალმუნების თანმიმდევრული კითხვა დიდებისმეტყველებაა, ხოლო ამ დროს გონების გაუბნევლობა მხოლოდ იმათ ხელეწიფებათ, რომელთაც წმინდა გრძნობები აქვთ, მაგრამ ჩვენ ჯერაც უძლურები ვართ. როდესაც გაბნევას შევამჩნევთ, წაკითხულის გასააზრებლად სიფხიზლეს მოვუხმოთ, იმიტომ, რომ სხვაგვარად ის ჩვენს განკითხვას მოემსახურება.

link
image
თემა: ფსალმუნები

477. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: „დადგა დედუფალი მარჯვენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად–პირადად“ (ფსალმ. 44, 9)?ამჯერად წინასწარმეტყველი ეკლესიაზე საუბრობს, რომლის შესახებაც ქება–ქებათა გვატყობინებს, რომ „ერთ არს ტრედი სრული“ (ქებ. 6.8) ქრისტესი, რომელიც კეთილი საქმეებით განთქმულებს ქრისტეს მარჯვნივ მიიღებს და ვითარცა მწყემსი ცხოვარს თხისაგან, მათ უკეთურთაგან გამოარჩევს. ამგვარად წარდგება დედოფალი ე.ი. უცოდველი სული, სიძე – სიტყვასთან შეუღლებული და ნაზიარები ქრისტეს სამწყსოსთან, წარდგება მარჯვნით მაცხოვრისა სამოსლითა ოქროქსოვილითა ანუ სულიერი მოძღვრებების მრავალფეროვანი ქსოვილით დიდებულად და წმინდად მოკაზმული. რამდენადაც დოგმატები ერთგვარნი როდია, არამედ ნაირ–ნაირი და მრავალსახოვანი, თავის თავში მოიცავენ რა ზნეობრივ, ბუნებისმეტყველურსა და დაფარულ სწავლებებს, ამიტომაც როგორც ფსალმუნი ამბობს: ფერად–ფერადია სამოსელი პატარძლისა.

link
image
თემა: ფსალმუნები

805. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „მწუხრსა განისუენოს ტირილმან და ცისკარსა სიხარულმან“ (ფსალმ. 29,5)?გაიხსენე დრო, როცა უფალი ეწამა და ამ სიტყვების მნიშვნელობასაც აღმოაჩენ. საღამოს, როცა იგი ჯვარზე გაკრული დაინახეს, უფლის მოწაფეთა შორის ტირილმა დაისადგურა, ხოლო ცისკარზე – სიხარულმა, როცა აღდგომის შემდეგ ერთმანეთისაკენ გარბოდნენ, რათა ერთმანეთისთვის ეხარებინათ, რომ უფალი იხილეს. ისიც შესაძლებელია, რომ საღამო საერთოდ ამ საუკუნეს ეწოდებოდეს, რომელშიც ის, ვინც ნეტარად ტირის, ცისკრის დადგომასთან ერთად ნუგეშინისცემულ იქნება. „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის–ცემულ იქმნენ“ (მათ. 5.4). „ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით“ (ლუკ. 6.21). ამიტომ, ვინც უკვე აღსასრულისკენაა მიდრეკილი და დღეებს ამ საუკუნისა საკუთარ შეცოდებათა დატირებაში ატარებს, იგი ამ ჭეშმარიტი ცისკრის დადგომისას გაიხარებს, რადგანაც, რომელნიც ახლა „თესვიდენ ცრემლით“, „სიხარულით მოიმკიან“ (ფსალმ. 25,5), ოღონდ ცხადია მომდევნო საუკუნეში.

link
image
თემა: ფსალმუნები

871. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „მთა ღმერთისა, მთა პოხილი, მთა შეყოფილი, და მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო, მთა ესე რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა, და რაეთუ უფალმანცა დაიმკვიდროს იგი სრულიად“ (ფსალმ. 67, 15,16)?“მთა ღმრთისა, მთა პოხილი“. მთად სახელდებს ეკლესიას, ხოლო პოხილს იმიტომ უწოდებს, რომ თავის კუთვნილ სულებს გამოკვებავს და ნელსურნელებით ავსებს. „მთა შეყოფილი, მთა პოხილი. რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო?“ შეყოფილი აღნიშნავს რძით, ანუ უბრალო მოძღვრებით გამოკვებილს, როგორც ნათქვამია: „???????????სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (1 კორ. 3,2). ამგვარად იმათ ჰყვედრის, ვინც უშვებს, რომ მწვალებლური ეკლესიებიც შეიძლება იყვნენ შეყოფილნი; მათში არაფერია ისეთი, რაც ადამიანის სულიერ წარმატებას შეუწყობდა ხელს, ამიტომაც „რასამე ჰგონებთ“, თითქოს არის სხვა შეყოფილი მთები გარეშე ეკლესიისა და არა ეს ერთი მთა, „რომელ სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად მას ზედა“; და რომ უფალი ცხოვრობს ეკლესიაში, ეს ცხადია მის მიერ თქმულიდან „ამას დავემკვიდრო, რამეთუ მთნავს ესე“ (ფსალმ. 131.14).

link
image
თემა: ფსალმუნები

549. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „ნეტარ არს ნათესავი, რომლისა არს უფალი ღმერთი მათი, ერი, რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“ (ფსალმ. 32.12)?არავინ ჩათვლის ნეტარად იუდეველთა ერს, არამედ ხალხს, რომელიც უპირატესად სხვა ერებისგანაა ამორჩეული, რადგანაც ჩვენ ვართ ნათესავი, ვისთვისაც უფალი ღმერთია, ჩვენ ვართ ხალხი, „რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“; ნათესავი იმდენად, რამდენადაც მრავალი წარმართისაგან შევიკრიბეთ, ხოლო ხალხი, რამდენადაც, გაკიცხული ხალხის ნაცვლად ვართ მოწოდებული. ხოლო რადგანაც „მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ“ (მათ. 20, 16), ნეტარებას მიანიჭებს არა მოწვეულებს, არამედ რჩეულებს. „ნეტარ არს რომელ გამოირჩია“ და რა არის მიზეზი ნეტარებისა? მემკვიდრეობა მარადიულ სიკეთეთა, რომელიც გველის, ან მოციქულის მიხედვით „ვიდრემდე სავსება იგი წარმართთა შემოხდეს. და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხონდეს“ (რომ. 11, 25–26). პირველად ნეტარებას წარმართებს მიანიჭებს, ხოლო შემდეგ ბოლოსდაბოლოს გადარჩენილ ისრაელიანებსაც, მაგრამ არა ყველას, არამედ ნეშტს, ანუ იმას, ვისაც მადლი ამოარჩევს. ამიტომაცაა ნათქვამი „ერი რომელ გამოირჩია სამკვიდრებელად თვისა“.

link
image
თემა: ფსალმუნები

285. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: „მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა“ (ფსალმ. 44. 8)?მური რომ საფლავის სიმბოლოა, ამას ჩვენ იოანე მახარებელი გვასწავლის, როცა ამბობს, რომ იოსებ არიმათიელმა დასაფლავებისას მური და ალოე გამოიყენა (იოან. 19.39). შტახსი კი მურის სახეა. სურნელოვანი ნივთიერების გამოწურვისას გამოოფილი სითხე შტახსია, ხოლო დარჩენილ სქელ მასას მური ეწოდება. ამიტომაც კეთილსურნელობა ქრისტესი მისი ტანჯვის მიზეზით იფრქვევა, ვითარცა მური და ვითარცა შტახსი, რადგანაც იგი სამი დღისა და ღამის განმავლობაში უძრავად და უმოქმედოდ კი არ დარჩენილა, არამედ ჯოჯოხეთში შთახდა აღდგომის განგებულებისათვის, რათა ყოველივე, რაც საჭირო იყო, აღესრულებინა. სურნელებას აფრქვევს კასიაც, რადგანაც კასია ფრიად თხელი და სურნელოვანი ქერქია, რომლითაც ხის ტანია დაფარული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ კასიას მოხსენიებით ფსალმუნმა ღრმააზროვნად და ბრძნულად მიგვითითა ჯვარზე ტანჯვაზე, რომელიც მან თავსიდო ყოველი ქმნილების სასიკეთოდ. ამიტომაც ხედავ მურს, რადგანაც იგი დაასაფლავეს, შტახსი, რადგანაც იგი ჯოჯოხეთში შთახდა (რამდენადაც ყოველი წვეთი ქვემოთ მიექანება) და კასიას, იმ განგებულების გამო, რომელიც მან ჯვარზე ხორცით აღასრულა.

link
image
თემა: ფსალმუნები

442. როდესაც ძმა ფსალმუნებს კითხულობს, გონება ზოგჯერ მშვიდადაა, ზოგჯერ კი ერთობა. როგორ უნდა მოვიქცე?როდესაც გონება მშვიდადაა და ხედავ, რომ ძმის კითხვისაგან ლმობიერებას იძენ, მაშინ მისდიე ამ საქმეს. მაგრამ, როგორც კი დაინახავ, რომ გონება სხვა აზრებით ერთობა, უსაყვედურე მას და აიძულე ძმის დიდებისმეტყველებას მოუსმინოს. 443. ზოგჯერ ისეც ხდება, როდესაც ძმის წაკითხულის აზრის ჩაწვდომა მსურს, მის მიმართ ძლიერი ლტოლვა მებრძვის.ესეც დატყვევებაა, რამეთუ მტერს გონება ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს. ამიტომ, როდესაც ბრძოლის დაწყებას დაინახავ, კვლავ უსაყვედურე საკუთარ თავს და უთხარი: „რით ერთობი შეჩვენებულო?! გაიხსენე რა ტანჯვა მოგელის. ისინი ხომ იმათთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ამას სჩადიან და ფიქრობენ. განა იობი ტყუილუბრალოდ და უდროოდ სწირავდა მსხვერპლს თავის შვილებისთვის, როცა ამბობდა: „იქნებ მათ ღვთის წინააღმდეგ როდესმე ცუდი რამ გაიფიქრეს თავის გულებშიო“ (იობ. 1, 5). და, იტყვი რა ამას, გონება ფსალმუნთგალობის სიტყვებში მოამწყვდიე; და თუ დაინახავ, რომ ის ისევ ერთობა, აუკრძალე მას; და ასე სამამდე გააკეთე. ხოლო, თუ მაინც თავისას გაიტანს, მაშინ გონება კითხვას მოსწყვიტე, მაგრამ უქმად არ დატოვო, არამედ გაიხსენე სამსჯავრო და საუკუნო სატანჯველები და შეევედრე ღვთის წმიდა სახელს და თქვი: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე!“.

link
image
თემა: ფსალმუნები

729. როგორ უნდა გავიგოთ ფსალმუნის სიტყვები: „ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უშჯულოთასა არა დაჯდა“ (ფსალმ. 1,1)?რომელ საჯდომელზე ამბობს, იმაზე, რომელზედაც სხეულს ვასვენებთ ხოლმე? და რა დამოკიდებულება აქვს ხეს ცოდვასთან, რომ სკამს, რომელზეც ადრე ცოდვილი იჯდა, ვითარცა ვნების მომტანს, გავექცეთ? თუ უნდა მივიჩნიოთ, რომ სკამში აქ ცოდვისა და ბოროტების ჯიუტი და მყარი მხარდაჭერა იგულისხმება? ამას კი მართლა ვერიდოთ, რადგანაც ცოდვილთან ხანგრძლივი ყოფნით სულში რაღაც გამოუსწორებელი ჩვევანი ყალიბდება, ხოლო როცა ეს ჩვევანი, რაც ხშირად ხდება, კაცის ბუნებად იქცევა, დაძველებული ვნება სულისა და დროით განმტკიცებული ფიქრები ბოროტებაზე ან ძნელად განიკურნება, ან კიდევ სრულიად განუკურნებელია. ამიტომაც უნდა გვქონდეს სურვილი, რომ ბოროტებას არც კი შევეხოთ. არის მეორე გზაც, მყისვე გავექცეთ მას, ვითარცა ნატყორცნს მშვილდოსნისას. სოლომონიც ხომ ამასვე ამბობს ბოროტ ქალზე: „ბოროტ ქალზე მზერას ნუ შეაჩერებ, არამედ განერიდე და ნუ გაუჩერდები“ (იგავ. 9, 18). ახლაც ვიცი ისეთები, რომელთაც სიჭაბუკეში წარიწყმიდეს ხორციელი ვნებებით თავი და ჭაღარით შემოსილნიც კი ბოროტი ჩვევის გამო ცოდვას ჩადიან... ამგვარად, ნეტარია ის, ვინც ბოროტებაზე არც კი ფიქრობს. უკუეთუ მტრისგან შეპყრობილ სულში ბოროტ ზრახვებს შეიწყნარებ, ცოდვაზე ნუ დადგები, ხოლო თუ მაინც დაემორჩილე, ბოროტებაში ნუ განმტკიცდები. ამიტომაც ნუ დაჯდები „საჯდომელსა უშჯულოთასა“.

link
image
თემა: ფსალმუნები

338. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: "სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა" (ფსალმ. 61.10)?თუ დაინახე, რომ ვინმეს გარდამეტებული სიმდიდრე აქვს, მის სიცოცხლეს ნეტარებად ნუ მიიჩნევ. უკეთუ შენთან ფული ყოველი მხრიდან და უხვი წყაროებიდან მოედინება, მის სიჭარბეს შენამდე ნუ მოუშვებ. „სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის!“ – გაგაოცოს ამ სიტყვებმა. სიმდიდრის თვისება მდინარებაა. უსწრაფესად ნიაღვრისა მიედინება იგი მის მფლობელთა შორიახლოს და ჩვეულებრივ ხან ერთთან მიდის და ხან მეორესთან. ვითარცა მდინარე, სიღრმიდან დაქანებული, ნაპირზე მდგომს მიუახლოვდება და შეეხება თუ არა, მყისვე განშორდება, ასევე ტკბობაც, სიმდიდრისაგან გამოწვეული, ფრიად სწრაფად ჩნდება და ქრება, რადგან ჩვევად აქვს ერთიდან მეორესთან გადავიდეს. ეს მინდორი დღეს ერთს ეკუთვნის, ხვალ მეორეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი უკვე სხვისია. შეხედე ქალაქში სახლებს! თავიანთი არსებობის დღიდან უკვე რამდენი სახელი გამოუცვალეს, იხსენიებენ რა ხან ერთი და ხან მეორე პატრონის სახელით. ოქროც მუდმივად მიედინება მისი მფლობელის ხელიდან მეორის ხელში, ხოლო მეორიდან კიდევ მესამისაში და ასე განუწყვეტლივ. უფრო ადვილად შეიძლება წყლის ხელში დაჭერა, ვიდრე ის, რომ სიმდიდრე შენთან ხანგრძლივად გააჩერო. ამიტომაც მშვენივრადაა თქმული: „სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა“. ნუ გაგიტაცებს იგი შენ სულით, არამედ მისგან სარგებლობა მიიღე; ნუ შეიყვარებ მას ზომაზე მეტად და როგორც ერთი სიკეთეთაგანი, ნუ გაგაკვირვებს, არამედ გამოიყენე იგი ვითარცა იარაღი, რომელიც შენ უნდა გემსახუროს.

link
image
თემა: ფსალმუნები

421. როდესაც ფსალმუნთა გალობისას ან მათ გარეშე აზრები მამძიმებენ, დახმარებისთვის ღვთის სახელს ვუხმობ, და ამ დროს რადგან ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ კარგად იქცევა, ამიტომ მტერი ჩამაგონებს: ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა ამპარტავნებამდე მიგიყვანსო. როგორ ვიფიქრო ამ შემთხვევაში?ჩვენ ვიცით, რომ ავადმყოფები ექიმს და მკურნალობას ყოველთვის საჭიროებენ, და ზღვის ღელვაში მყოფნი ნავთსაყუდელისკენ ისწრაფვიან. ამიტომაც მოუხმობს წინასწარმეტყველი და ამბობს: „უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე“ (ფს. 89, 1). და კიდევ: „ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად“ (ფსალ. 45, 1). თუკი ის ჩვენი მფარველია, მაშინ გავიხსენოთ, რას ამბობს თავად: „მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე“ (ფსალ. 49, 15). ამრიგად, მოწყალე ღმერთის განუწყვეტელი მოხმობა ჭირში უნდა ვისწავლოთ. და თუ ღმერთს მოვუხმობთ, ამან არ უნდა გაგვაამაყოს. განა გაამაყდება ვინმე, როდესაც მას ეხმარებიან, თუ ის უგუნური არაა? ჩვენ კი, რომლებიც ღმერთს ვსაჭიროებთ, მოვუხმობთ რა მტრის წინააღმდეგ მის სახელს, თუ უგუნურნი არა ვართ, არ უნდა ვიამპარტავნოთ, იმიტომ რომ საჭიროების გამო მოვუხმობთ და წუხილის გამო მივმართავთ მას. უფრო მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა გვკურნავს და ის არა მარტო ვნებებს, არამედ მათ მოქმედებასაც კლავს. როგორც ექიმი ეძებს შესაფერის მკურნალობას და სალბუნს დაზარალებულის ჭრილობისათვის, და ისიც მოქმედებს, მაგრამ ავადმყოფმა არც იცის, ეს როგორ ხდება, ზუსტად ასევე, ღვთის მოხმობილი სახელი ყველა ვნებებს კლავს, თუმცა ჩვენ არც კი ვიცით როგორ აღესრულება ეს.

link
image
image
1
2
3
4
image
image
 
0_28