image
image
37
38
39
Loading..
image

თემა: განსაცდელები

493. აბბა, შემიწყალე ღვთის გულისათვის. როდესაც მარტო ვარ და ვისვენებ, ოცნებები მიჯანყდებიან, თითქოს ვიღაც მესხმის თავს და სულიერად ცუდად ვხდები; ეს ძილის დროსაც გრძელდება და ვეღარ ვისვენებ. ამასთან, რადგან ბუნებით მშიშარა ვარ, ბრძოლა მიმძაფრდება და ვეღარ ვიძინებ. თუ ცოტა ხნით ჩამეძინა, და ისიც შფოთითა და შიშით, სხეული ისე მიუძლურდება, რომ განძრევა აღარ შემიძლია. მაგრამ, მეუფეო, ისე მომექეცი, როგორც შენ იცი, რომ ჩემთვის სასარგებლოა; ჩემო კეთილო მამაო! შემინდე მე ცოდვილს და ფრიად დატანჯულს.ძმაო! შენ ღმერთი იმისათვის უნდა ადიდო, რომ შენზე წერილის სიტყვები მართლდება: „სარწმუნო არს ღმერთი, რომელმან არა გიტევნეს თქუენ განცდად უფროის ძალისა თქუენისა“ (1 კორ. 10, 13). მან შენი ძალებისაებრ დაუშვა, რომ სულიერი ბრძოლები შეისწავლო. ხოლო დიდ მამებს დიდ განსაცდელში მათი ძალების შესატყვისად სცდის და მათ ეს უხარიათ, რამეთუ განსაცდელს ადამიანი წარმატებამდე მიჰყავს. სადაც სიკეთეა მოსალოდნელი, ბრძოლაც იქაა. ასე რომ, განსაცდელების ნუ გეშინია, არამედ გაიხარე მათ გამო, იმიტომ რომ, ისინი წარმატებისკენ მიგიძღვიან. არად ჩააგდო ეს განსაცდელი. ღმერთი გეხმარება და გიფარავს.
link
image

თემა: განსაცდელები

382. მამები, რომელთაც რომელიმე განსაცდელის თაობაზე ლოცვას სთხოვენ, რას ითხოვენ ლოცვაში ღვთისაგან: ვნებისაგან განთავისუფლებას, თუ (ზოგადად) ადამიანისთვის სიკეთეს? და როდესაც აბბა სისოი და სხვა მამები, მოწაფეებისთვის ლოცულობდნენ, როგორ ითხოვდნენ ღვთისაგან ვნებებისაგან მათ განთავისუფლებას? როგორ გავიაზროთ ნათქვამი: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა (მარკ.9,23)? და კიდევ: იმაზე მეტად თუ არავინ განიცდება, რისი დათმენაც შეუძლია (1კორ. 10,13), მაშინ ეს განსაცდელი ემსახურება თუ არა მის სარგებელს? და მოაქვს თუ არა სარგებელი წმიდათა ლოცვებს?ძმაო! ვინაიდან ჩვენ ორივე უსაქმურნი ვართ-მეც და შენც, ამიტომ ჩვენს ვნებებს უყურადღებოდ ვტოვებთ და ერთის ნაცვლად სხვას ვკითხულობთ. თუმცა, იმის თაობაზე, რაზეც მეკითხები ასე ვფიქრობ: რადგან სრულყოფილი მამები ღვთისაგან ადამიანისთვის სარგებლის მინიჭებას ითხოვენ, ამიტომ თუ ადამიანისთვის სასარგებლოა, ღმერთი ტოვებს მასში ვნებას მოთმინებისათვის; და თუ მისთვის ვნებისაგან გათავისუფლებაა სასარგებლო-ათავისუფლებს მას, და ამას ჩვენ ღვთის განჭვრეტას მივაწერთ. აბბა სისოი კი თავის მოწაფისათვის ასე იმიტომ ლოცულობდა, რომ ლოცვის უწყება მიიღო. და სხვა ბერიც, ან, უფრო კარგად თუ ვიტყვით, სხვებიც ასევე უწყების მიხედვით ლოცულობდნენ. ხოლო იმაში დასარწმუნებლად, რომ განსაცდელი ადამიანის სარგებელს ემსახურება, მოციქულის სიტყვები შეგვაგონებს, რომელიც ამბობს: ყოველსა შინა ჰმადლობდით. წერილის სიტყვები: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა, იმას გულისხმობს, რომ ჭირი, რომელსაც ვნებები წარმოშობს, სასოებით დავითმინოთ; სულგრძელად მოვითმინოთ და იობის მსგავსად მამაცურად გადავიტანოთ. ღმერთი კი ადამიანს იმაზე მეტად არ გამოსცდის, რის დათმენასაც ის ვერ შეძლებს; მაგრამ როდესაც მას წმიდათა ლოცვები არ ეხმარება, მაშინ ზოგჯერ, თავის სიზარმაცით, ის თვითონვე ხდება საკუთარი თავის გამყიდველი. დე ღმერთმა შეგინდოს ძმაო, ამაოდმეტყველება.
link
image

თემა: განსაცდელები

566. საერთო საცხოვრებლის მდუმარე მამების ვედრება დიდი ბერისადმი მშვიდობისათვის.
მშვიდობა დაკნინდა და ჩვენ ყველანი გთხოვთ, რომ კეთილ ღმერთს სთხოვო, უკან წაიღოს ხელი (1 ნეშტ. 21, 15-27) და თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგოს. შენი წმინდა საკმევლით დახოცილთა და ცოცხალთა შორის დადექი (რიცხ. 17, 12-13), და მიაღწიე იმას, რომ შეწყდეს საყოველთაო მუსრვა; აღმართე წმინდა საკურთხეველი ორნანის წმინდა კალოზე (1 ნეშტ. 21, 28), და შეწყდება ღვთის რისხვა. ძლიერ გევედრებით და გთხოვთ: შეიწყალე დაღუპვის პირას მყოფი ქვეყანა; გაიხსენე, რომ ჩვენ ყველანი შენი კიდურები ვართ; ახლაც გვიჩვენე შენი გულმოწყალება და სასწაულები ღვთისაგან, რამეთუ მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
ძმებო! მე ვტირივარ და მოვსთქვამ, ვხედავ რა ჩვენზე მოვლენილ რისხვას, რადგან ჩვენ ყველაფერს ღვთის წინააღმდეგ ვაკეთებთ. მან თქვა: „უკუეთუ არა აღემატოს სიმართლე თქუენი უფროის მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათე 5, 20), ხოლო თქვენი უკეთურება გაცილებით მეტია, ვიდრე წარმართებისა. მრავალნი ევედრებიან ღმერთს, რათა მან სოფლისადმი რისხვა შეწყვიტოს. არავინაა ღმერთზე უფრო კაცთმოყვარე, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მას არ სურს ჩვენი შეწყალება, ვინაიდან ამას იმ ცოდვების სიმრავლე ეწინააღმდეგება, რომლებიც ამ სოფელში ხდება. მაგრამ ღვთის წინაშე არის სამი სრულყოფილი მამა, რომლებიც ადამიანურობის საზომს გასცდნენ და გახსნის და შეკვრის, ცოდვების მიტევების და შეკავების ხელმწიფება მიიღეს. სწორედ ისინი დგანან დაღუპვასა და მშვიდობას შორის, რათა უფალმა უცებ არ გაანადგუროს მთელი ქვეყანა; მათი ლოცვით, ის საჯელს წყალობაში აზავებს. მათ ეუწყათ, რომ ეს რისხვა მცირედ ხანს გასტანს. ასე რომ, მათთან ერთად ილოცეთ. ამ სამი მამის ლოცვები სამყაროთა მამის ზეციური სამსხვერპლოს შესასვლელთან ერთმანეთს ერწყმიან, მხიარულობენ და ერთმანეთს ზეცაში შეჰხარიან. ხოლო, როდესაც დედამიწას დაჰყურებენ, ერთად ტირიან, ცრემლებს ღვრიან და იმ ბოროტეულთა გამო მოსთქვამენ, რომლებიც ღვთის განრისხებას იწვევენ. ეს სამი მამაა: იოანე - რომში, ილია - კორინთოში და ვინმე - იერუსალიმის ეპარქიაში. მე მრწამს, რომ ისინი დიდ წყალობას იჩენენ სოფლისადმი, ჭეშმარიტად იჩენენ, ამინ. ჩემმა ღმერთმა დაე გაგაძლიეროთ, რათა მოისმინოთ და დაიტიოთ ის, რაც მიუხვედრელთათვის მიუწვდომელია.
link
image

თემა: განსაცდელები

383. თუ მე, წმიდანების ლოცვა-კურთხევით განსაკუთრებული საჭიროების, ან რაიმე სასიკეთო საქმის, ან წმინდა მამებთან წასვლის გამო, იმ გზაზე მომიწევს გავლა, რომელზეც ავაზაკთა თავდასხმის საშიშროებაა: მითხარი, ჩემო მამაო, როგორ გავიარო ის? სიფრთხილის გარეშე და წმიდათა ლოცვა-კურთხევის იმედით, თუ რაღაც სხვაგვარად? და თუ შემთხვევით მაინც ავაზაკთა ხელში აღმოვჩნდი, რა ვიფიქრო მაშინ საკუთარ თავზე და ჩემთან მყოფებზე, და ასევე ჩემს ხელთ არსებულ ნივთებზე? ხოლო თუ ავაზაკების შესახებ წინასწარ არ ვეტყვი აბბას, მაშინ დავბრუნდე და ვუთხრა მათ შესახებ თუ არა?თუ ჩვენ სადმე გაგვაგზავნიან და რომელიმე წმინდანისაგან ლოცვა კურთხევას მივიღებთ, მაშინ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ღმერთი ყოველმხრივ შეგვეწევა. ერშიც, როდესაც ვინმე თავის სახლს ძლიერ ადამიანს აბარებს, ეს უკანასკნელი მისი პატრონის პატივისცემის გამო, არც თუ მცირე ყურადღებას იჩენს სახლისადმი: და მით უმეტეს სრულად მიიღებს ღმერთი წმინდანთა ლოცვა-კურთხევას იმ ადამიანის დასაცავად, ვისაც ისინი მიაბარებენ; რამეთუ მასზეა ნათქვამი: "ნებაი მოშიშთა მისთაი ჰყოს და ვედრებისა მათისაი შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი" (ფსალმ. 144,19). ამრიგად, ყველა შემთხვევაში უნდა გვრწამდეს, რომ წმინდანთა ლოცვა-კურთხევას სრულყოფილი ძალა აქვს ადამიანის შეწევნისა და ხსნისათვის. და თუ, ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ, რაიმე ჭირი შეგვემთხვა, ან ნივთები დავკარგეთ, ან ღვთის დაშვებით გზაზე განსაცდელში აღმოვჩნდით, ამან არ უნდა დაგვანაღვლიანოს და არ უნდა ჩავთვალოთ, რომ უძლურია ის, ვინც ღმერთს მიგვაბარა; კი არ უნდა დავბრკოლდეთ მისი ნათქვამის გამო, რადგან მის ლოცვა-კურთხევას ნივთების დაკარგვა ან სხეულის დასახიჩრება მოჰყვა, არამედ გავიხსენოთ, რომ თავად ღვთაებრივი მოციქული, უკვე ძლიერი, სრულყოფილი და წმინდა, ყველაფერ ამას ექვემდებარებოდა და იქადოდა, როდესაც ამბობდა: "ესევითარისა მის სიკუდილისაგან მიხსნნა ჩუენ, და მიხსნის, რომელსა-იგი ვესავთ"(2კორ.1,10), რომ "მრავალ არიან ჭირნი მართალთანი და ყოვლისავე მისგან იხსნნეს იგინი უფალმან"(ფსალ.33,20), და რომ "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა (საქმე მოც.14,22),და კიდევ: "ვინც გამოუცდელია მცირედმცოდნეცაა"(ზირ.34,10) და უხმარია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არცერთი კეთილი საქმე მწუხარების გარეშე არ აღესრულება, რამეთუ მას ეშმაკის შური უპირისპირდება. და თუ გზას მწუხარების გარეშე გავივლით, ნუ დავიწყებთ მაღალბრძნობას, რომ თითქოს ჭირს ღირსეულად დავაღწიეთ თავი, არამედ დაე გვახსოვდეს, რომ ღმერთმა, იცის ჩვენი უძლურება და რადგან ჭირის დათმენა არ შეგვიძლია, ამიტომ წმიდათა შუამდგომლობით მწუხარებისაგან დაგვიფარა; რამეთუ ჭირსა და განსაცდელში მყოფზე დაწერილია: "ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს და მოიღოს გვირგვინი ცხორებისაი"(იაკ.1,12). მაშ დაუკვირდი, როცა წმინდანებისაგან ლოცვა-კურთხევას აიღებ სიფრთხილის გარეშე არ გაიარო შენი გზა; და თუ გზაზე ავაზაკების, ან რაიმე საფრთხის შესახებ შეიტყობ, მტკიცედ დადექი და ეცადე მთელი ძალებით თავი დააღწიო მათ და ღვთისადმი ლოცვით და წმინდანთა ლოცვა-კურთხევის ხსოვნით, სხვებთან ერთად ის გზა ან სიფრთხილით გაიარე, ან იკითხე, რომელი გზითაა შესაძლებელი უსაფრთხო სვლა. და თუ რაიმე სასიკეთო საქმეზე, ან რომელიმე წმინდა მამასთან წახვალ და ავაზაკების ან სხვა საშიშროების შესახებ გზაზე შეიტყობ, მაშინაც ნუ გაკადნიერდები და ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე ნუ დაადგები იმ გზას, რომ ასე მაინც გაექცე ქედმაღლობას და საშიშროებას. ყველამ მადლიერებით უნდა დაითმინოს ის, რაც ღვთის დაშვებით მასზე მოიწევა და თვითნებურადაც არ უნდა ჩაიგდოს თავი განსაცდელში. ისეთი შემთხვევებიც ვიცით, რომ როდესაც ზოგიერთი წმინდანი, რომელიმე სხვა მეუდაბნოე მამასთან წასვლას განიზრახავდა, შეიტყობდა რა ავაზაკების ან სხვა რაიმე ჭირის შესახებ, განზრახვას გადადებდა. ეს ჩვენს დამდაბლებას ემსახურება. ხოლო თუ შეიტყობ ან მოიმენ, რომ გზა სახიფათოა, ეცადე ჰკითხო აბბას: რას მირჩევ, როგორ მოვიქცე? და როგორც ის გეტყვის, ისე მოიქეცი. და თუ თქმა დაგავიწყდა, მაგრამ, ლოცვა-კურთხევით წასულს გზაზე გაგახსენდება, მაშინ დაბრუნება არაა საჭირო, არამედ ილოცე ღვთისადმი და თქვი: მეუფეო! შემინდე ჩემი დაუდევრობა და შენი წმიდანის ლოცვით და შენი გულმოწყალებით, შენი ნებისაებრ წარმართე გზა, მიხსენი და დამიფარე ყოველგვარი ბოროტი და სამწუხარო შემთხვევისაგან, რამეთუ საუკუნოდ იდიდება შენი სახელი, ამინ.
link
image

თემა: განსაცდელები

496. აბბა, ღვთის გულისათვის, ჩემი უსირცხვილობა და უგუნურება შემინდე და მრავალ ცოდვებში ჩავარდნილს შემეწიე. თუკი მას, ვისაც ღვთის წინაშე ერთი ცოდვა ჩაუდენია, დიდი სინანული მოეთხოვება, მაშინ მე რა ვიღონო, ცოდვებთან თანაშეზრდილმა? მე, ყველანაირი საშუალებით, განუწყვეტლივ ვარისხებდი ღმერთს; ეს რომ მან შემინდოს, ამისთვის თქვენს ლოცვებს ვსაჭიროებ. ვიცი, ამ გზის შესწავლა დაუცადებლად მომეთხოვება მე, რომელსაც მრავალი თავგადასავლების (ბრძოლებისა და მკვლელობების) და ბოროტების შემდეგ, ღვთის უდიდესი წყალობით აქ მოსვლა მეღირსა. ამიტომ, ჩემო ღირსო მამაო, გთხოვ, ჩემს მიმართ წყალობა გამოიჩინე, როგორც საჭიროდ მიგაჩნია, ისე დამარიგე და ილოცე ჩემთვის, რომ ის შენი წმინდა მცნებები დავიცვა, რომელთა აღსრულებასაც მიბრძანებ.ძმაო! რადგან შენ ჩვენთვის ჯვარცმულს მიეახლე, ამიტომ აიღე შენი ჯვარი და შეუდექი მას, და „მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი“ (ფსალ. 54, 23); „რომელი-იგი შემძლებელ არს უფროის ყოვლისა ყოფად უმეტეს, რომელსა-იგი ვითხოვთ, გინა თუ ვსცნობთ“ (ეფეს. 3, 20); „რამეთუ იგი იღუწის ჩვენთვის“ (1 პეტ. 5, 7). ასე რომ, ნუ შეშინდები და შეგეწევა ქრისტე. ოღონდ შვილო, გონებაში საღმრთო წერილის ის სიტყვა და მზადყოფნა ჩაიბეჭდე, რომელიც შემდეგ სიტყვებშია მითითებული: „შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისთვის გაამზადე თავი“ (ზირ. 2, 1), და იცოდე, გამოუცდელი ადამიანი ყველაფერში უხმარია და „ნეტარ არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნეს“ (იაკ. 1, 12) და სხვ. ამას, ძმაო, შესაშინებლად არ გეუბნები, არამედ მსურს რომ ამ გზაზე შენი გული ღვთისადმი შიშში განმტკიცდეს. რამეთუ ყველა წმიდანიც მრავალი განსაცდელითა და ჭირით წარემატა და ღვთის მადლით სათნო ეყვნენ ღმერთს. არ შეშინდე და არ მოუძლურდე. გვრწამს, რომ წმინდანთა ლოცვებით ღმერთია შენი დამსხმელი, მომრწყველი და აღმაორძინებელი (1 კორ. 3, 7), ამინ.
link
image
image
37
38
39