Loading..
image
თემა: სიმდაბლე

452. ვიღაცამ ერთ-ერთ მამას სთხოვა რომ მას ტრაპეზი ეხმია მასთან, მან კი უარი უთხრა. ხოლო სხვამ კი, მხოლოდ იმაზე დაითანხმა, რომ ლოცვა აღესრულებინათ მის სენაკში; ხოლო როდესაც ბერი მასთან მივიდა, მან აიძულა, რომ დარჩენილიყო და საჭმელი ეჭამა. ბერი დაჰყვა ძლიერ თხოვნას და დარჩა. გაიგო რა ეს იმან, ვინც პირველად სთხოვა ბერს, ფრიად დამწუხრდა. ღვთისნიერია თუ არა ეს წუხილი?როდესაც ვინმე თითქოსდა კეთილი და სულის სარგო საქმისთვის შფოთავს ან მწუხარებს, და თავის მოყვასზე მრისხანებს, ცხადია მისი საქციელი ღვთისნიერი არაა, რამეთუ ყველაფერი რაც ღვთისგანაა, მშვიდია და სასარგებლო და მას ადამიანი სიმდაბლემდე და საკუთარი თავის განკითხვამდე მიჰყავს. წერილი ამბობს: „პირველი მართალია დავაში, ვიდრე მისი მოსარჩელე მოვიდოდეს და გაჩხრეკდეს მას“ (იგავ. 18, 17). თუ ვინმე თვლის, რომ რაღაც ღვთისნიერად სურს, მაშინ მან არ უნდა განიკითხოს და გაკიცხოს ის, ვინც მის სურვილს არ აღასრულებს, რადგან ამით მჟღავნდება, რომ მისი განზრახვა ღვთისნიერი არ იყო, რამეთუ წერილი ამბობს: „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათე 7, 16). ხოლო ის, ვისი განზრახვაც ღვთისნიერია, როდესაც მას ვინმე აბრკოლებს, სწრაფად მდაბლდება, საკუთარ თავს უღირსად მიიჩნევს და თავის დამაბრკოლებელს წინასწარმეტყველად მიიჩნევს. რამეთუ თვლის, რომ ის, თითქოსდა მისი უღირსების ჭვრეტის გამო, შეეწინააღმდეგა მას. თუ შენ ვიღაცას ღვთის სიყვარულით შენს სენაკში მიიწვევ, ან ვინმეს, თუნდაც (მისდამი) შენი რწმენიდან გამომდინარე, რაიმეს სთხოვ, რომელსაც ის არ მოგცემს, ხოლო სხვას, რომელიც სთხოვს მას, არ შეეწინააღმდეგება და მისცემს, მაშინ არ დაუშვა, რომ მრისხანების დემონმა გული შეგიშფოთოს; რამეთუ ყოველი საქმე, რომელსაც შფოთი მოჰყვება, ღვთისგან არაა, არამედ სჯობს დამდაბლდე და თქვა: „მე უღირსი აღმოვჩნდი და ამიტომ ღმერთმა მამებს ჩემი ცოდვები და უღირსება გაუმხილა“. და ის მოგცემს თავის მადლს, რომელსაც მდაბლებს ანიჭებს (იაკ. 4, 6). რამეთუ, ვისაც სიმდაბლე აქვს, ის არ დაეძებს იმას, რომ ყველაფერი მისი სურვილისამებრ აღასრულონ, არამედ მუდმივად ქვემოთ ისწრაფვის - სიმდაბლისაკენ. გაიხსენე სახარებისეული ასისთავი, რომელმაც იესოს თავის მონაზე სთხოვა. როდესაც გაიგონა: „მე მოვიდე და განვკურნო იგი“, ესწრაფვოდა რა სიმდაბლეს, უპასუხა: „უფალო, არა ღირს ვარ მე, რაითამცა სართულსა ჩემსა ქუეშე შემოხუედ“ (მათე 8, 7-8). ვინ არ ისურვებდა ამას რომ ღირსებოდა? მაგრამ სიმდაბლე ამასაც არ ეძებდა, თვლიდა რა თავს უღირსად. ხოლო გულთამხილავმა ღმერთმა, რომელიც ადამიანთა ზრახვებს ხედავს, შეაქო ასისთავის რწმენა და უთხრა: „არცაღა ისრაელსა შორის ესოდენი სარწმუნოებაი ვპოვე“ (მათე 8, 10). ასეთმა სიმდაბლემ მის დიდად შექებას უშუამდგომლა და მის მონას სიმრთელე მიანიჭა. საერთოდ მრავალი ნიჭი ეგზავნება სიმდაბლეს. ამიტომაც მისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ მისი მადლი და იესო ქრისტეს ქება დავიმსახუროთ, „რომელმან დაიმდაბლა თავი თვისი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე“ (ფილიპ. 2, 8), რითაც სიმდაბლის მაგალითი გვიჩვენა. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.

link
image
თემა: სიმდაბლე

454. რადგან ცოდვილი ვარ და არც ის ჭეშმარიტი და გულწრფელი სიმდაბლე მაქვს, რისთვისაც ასისთავმა ქება დაიმსახურა და არც ის სტუმართმოყვარეობა, რომლისთვისაც აბრაამი ღვთის სტუმრობის ღირსი გახდა, მე როგორ მოვიქცე? ვხედავ რა საკუთარ უღირსებას, უარი უნდა ვთქვა წმინდანთა მიღებაზე და არ მივმართო მათ, არამედ ვითარცა სულით უძლურმა, მათგან მკურნალობა ვეძიო? რამეთუ ექიმთა სტუმრობის გულმოდგინე ძიება უძლურებს შეჰფერით და ეს მათ სტუმართმოყვარეობაში არ ეთვლებათ. ხოლო, თუკი ისინი ექიმებს არ მოიწვევენ, ამის გამო მათ სიმდაბლის არმქონე ადამიანებად კი არ მიიჩნევენ, არამედ - უგუნურებად. ამრიგად, მასწავლე, ჩემო მამაო, რადგანაც მე ეს ძალინ მჭირდება. დავარწმუნო წმინდანები, რომ მეწვიონ, თუ როგორც უღირსმა უარი ვთქვა მათ მიღებაზე?დაარწმუნე, როგორც ავადმყოფმა, რომელსაც ექიმი სჭირდება; მაგრამ ისიც გახსოვდეს, ახალშობილი ყრმა სრულყოფილი კაცი უცებ არ ხდება და თანმიმდევრულად იკვებება რა სხვადასხვა სახის ნაზი საკვებით, ბოლოს მყარი საკვების მიღების უნარსაც აღწევს, რამეთუ მყარი საკვები სრულყოფილთა კუთვნილებაა (ებრ. 5, 14). ამიტომაც თქვა მოციქულმა: „სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი“ (1 კორ. 3, 2). მაშასადამე, თუ სტუმართმოყვარეობას ვესწრაფით, ნუ ვიტყვით, რომ ამით მცნებას ვასრულებთ, არამედ ვაღიაროთ, რომ იმ ავადმყოფივით ვიქცევით, რომელსაც ექიმი სჭირდება და იყავი ჯერ ასე, სანამ ღმერთი სრულყოფილ საქმიანობამდე მიგიყვანს.

link
image
თემა: სიმდაბლე

453. ჩემო მამაო, აისისთავმა, როცა ის საკვირველი სიმდაბლე გამოიჩინა, საკუთარი თავი მეუფის სტუმრობისათვის უღირსად მიიჩნია და მისმა რწმენამ ქება დაიმსახურა; აბრაამი კი, პირიქით, არწმუნებდა და ჩაუვარდა რა მეუფეს ფეხებში, ევედრებოდა კარავში შესულიყო, თუმცა როგორც ადამიანს ისე მიეახლა მას და არ იცოდა, რომ ის თავად მეუფე იყო. განა აბრაამს არ ჰქონდა სიმდაბლე? ასისთავის სათნოება ნუთუ პატრიარქის სათნოებას აღემატება? რამეთუ სიმდაბლეს (როგორც ამას თქვენ ყოველთვის გვასწავლით), სათნოებებს შორის პირველი ადგილი უკავია. ამიხსენი თითოეული მათგანის სათნოების ძალა და განსხვავება, იმიტომ რომ ერთმა დაიმდაბლა რა თავი, უფალი სტუმრად არ მიიღო და ქება დაიმსახურა, ხოლო მეორემ სიყვარულით მიიღო ის და ასევე ქება დაიმსახურა.ისინი ორივე ღვთის რწმენაში სრულყოფილნი იყვნენ და რწმენა და სიმდაბლე დროის შესაფერისად გამოიყენეს, რამეთუ პატრიარქმა აბრაამმაც თქვა: „გავბედე უფალთან ლაპარაკი მე მტვერმა და ნაცარმა“ (დაბ. 18, 27), და რადგან ის საკუთარ თავზე ასე ფიქრობდა, განა ეს იმას არ გვიჩვენებს, რომ ის თავის თავს მისი სტუმრობის ღირსადაც არ თვლიდა, მაგრამ როგორც სრულყოფილი მამა, ყველა ადამიანს თანაბრად იღებდა, არ ანსხვავებდა რა ცოდვილებს წმინდანებისაგან. სწორედ მასზე და ლოთის შესახებ იყო ნათქვამი: „სტუმრისმოყუარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ამისგან ვიეთმე რეცა არა უწყოდეს და ანგელოზნი ისტუმრნეს“ (ებრ. 13, 2). ხოლო აბრაამს მასში თავად მეუფე რომ შეეცნო, ის უეჭველად ასისთავის სიტყვებს გამოიყენებდა, რამეთუ არავინაა იმაზე უფრო მდაბალი, ვინც საკუთარ თავს მიწად და ნაცრად მიიჩნევს. ასისთავმაც ასევე შესაფერის დროს გამოიყენა სიმდაბლე, შეიცნო რა, რომ ის ჩვენი მაცხოვარი იყო. ჩვენ კი ვამბობთ, რომ მას სტუმართმოყვარეობის სათნოებაც ჰქონდა, რამეთუ საქმეებით ვლინდებოდა მისი რწმენა. ქრისტეს უქმი რწმენა არ შეუქია, ანუ ვამტკიცებთ, რომ მის რწმენას საქმეები ახლდა თან, და რომ სტუმრის მიღების შემთხვევაში ისიც პატრიარქ აბრაამის მსგავსად ყველას გულმოდგინედ მიიწვევდა. მაშასადამე, როგორც ვხედავთ, ისინი ორივე სრულყოფილნი იყვნენ.

link