ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ "მე"-ს და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.
ცოლქმრული სიყვარული ფრიად მორალურია. მასზე ღვთის ლოცვა-კურთხევაა, იგი სულიერად ამაღლებს ცოლ-ქმარს, აძლიერებს მათში ურთიერთსწრაფვას. ცოლქმრული სიყვარული მშვენიერია სიჭაბუკის წლებში, მაგრამ არანაკლებ მშვენიერია და საინტერესო ხანდაზმულობაში. ასეთ სიყვარულს ახასიათებს თავგანწირვა. შეიძლება მოვიტანოთ უამრავი მაგალითი, როდესაც ადამიანები დღეებსა და ღამეებს ატარებენ ავადმყოფი ქმრების, ცოლების თუ შვილების სარეცელთან, როცა ისინი ოფლს ღვრიან საყვარელი ადამიანების ბედნიერებისა და კეთილდღეობისათვის. ამის საუკეთესო მაგალითი ჩვენი მშობლებია.