ღმერთმა გულისხმისყოფით, ნებელობით, მძლე გონებით აღჭურვა სული, დაამკვიდრა მასში სხვა დიდი სინატიფეც, შექმნა იგი შემძლედ ადვილად გადაადგილებისა, თითქოსდა მსუბუქი ფრთებით აღჭურვილი; მიანიჭა მას ძალა ერთ წამზედ ყველგან გადაადგილებისა და აზრით ღმერთის მსახურებისა, როცა ამას თვით სული ისურვებს. ერთი სიტყვით, იმგვარი შეჰქმნა ღმერთმა სული, რომ სძლად და თანამზრახველად ჰყოლოდა და თვითონაც ერთობაში ყოფილიყო მასთან და რათა სულიც ღმერთის მიმართ მარადის ყოფილიყო ერთ სულ, როგორც ეს პავლე მოციქულს უთქვამს: „რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ მისა არს“ (კორ. 6, 17).
მარადის ეწყალის უფალს ნათესავი ჩვენი და თავისი აურაცხელი სიბრძნით არავინ დატოვა უქმად სათნოებათაგან, არამედ თითოეულს მისცა საქმე მისი გულმოდგინების ძალისაებრ, რათა ყოველი ადამიანი სათნოებისაკენ მიიზიდოს. რადგან იტყვის: „რომელმან ასუას სასუმელი გრილისა წყლისა სახელისა ჩემისათვის, ამენ გეტყვი თქუენ, არა წარიწყმიდოს მან მადლი თვისი“. ნახე, როგორ გააადვილა ღმერთმა თავისი ცნებები, რათა არავინ დარჩეს მცნების გარეშე, თუნდაც უძლური და უსუსური იყოს გონებით, რადგან კვლავ იტყვის: „რომელიცა ჰქმენით ერთისა ამის მცირეთაგანსა თანა, ჩემ თანა ჰქმენით“.
არ არსებობს სხვა ისეთი სიახლოვე და თანაზიარობა, როგორიც ჩვენს უკვდავ სულს აქვს ღმერთთან და ღმერთს – სულთან. ღმერთმა სხვადასხვა ქმნილებანი შექმნა, ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მიწა და წყალნი, ნაყოფიერი ხენი და პირუტყვთა მრავალგვარი სახეობა დაჰბადა. მაგრამ, უფალი ღმერთი არც ერთ მათგანში არ დაიმკივდრებს, არც ერთში არ შესახლდება თავის ამ ქმნილებათაგან და არ მოისვენებს. ყოველი ქმნილება ღმერთის ხელმწიფებას ექვემდებარება, მაგრამ არც ერთ მათგანში არ დაუმყარებია მას თავისი წმიდა საყდარი და არც ერთ ქმნილების – თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანის გულისთვის ინება ღმერთმა ყოველივე ამის აღსრულება: მასთან შევიდა თანაზიარობაში და მასში დაიმკვიდრა მოსასვენებლად.
ოთხი ცხოველი, რომელთაც ეტვირთათ ეტლი, არის სახე სულის ოთხ მთავარ გულისთქმათა. და როგორც არწივი ფრინველებში უმთავრესია, ლომი – ველის მხეცთა, ხარი – შინაურ პირუტყვთა და კაცი ყოველთა მთავართა, ასევეა მეუფენი სულის გულისთქმათა: ნება, სინდისი, გონება და შემყვარებელი ძალა სულისა, რომლისაგან წარმოიშობა სიყვარული და ამათით დადის სული და ამათზე განისვენებს ღმერთი.
როგორადაც ჩვენს გარეგან, ხილულ სხეულებს ვიცავთ ცოდვათაგან, რამეთუ ღმერთის სამკვიდრებელი ტაძარნი არიან და მოციქულის სიტვით „რომელმან ტაძარი ღმრთისა განხრწნეს, განხრწნას იგიცა ღმერთმან“ (1 კორ. 3.17). – აი, ამგვარადვე აუცილებელია ჩვენი შინაგანი კაციც – ჩვენი სულიც – დავიცვათ ყოველგვარი შეგინებისაგან უჯერო ფიქრით თუ ბილწი სურვილით, რადგან იგი ქრისტეს სძალია და სწორედ მისთვის გვეუბნება საღმრთო წერილი: „ყოველი საცო დაიმარხე გულსა შინა, რომლისაგან არიან გამოსავალნი ცხოვრებისანი“ (იგავ. 4.23).
ცხადზე უცხადესია, რომ სწორედ ქრისტეს გამო გვაწევს ჩვენ ამ მწუხარებას მტერი, შურით შეპყრობილი ჩვენდამი იმ სიკეთეთა გამო, რომელიც ჩვენთვისაა განმზადებული; იგი ცდილობს ჩვენი სულები უძლურებასა და სასოწარკვეთაში შთააგდოს, რათა არ მოვიღოთ აღთქმული ჯილდოები ღმერთის სათნო–მყოფელობით განვლილი ცხოვრებისათვის.