image

თემა: გემოთმოყვარება

ასე ჭუჭყიანი სარკე ზედმიწევნით ვერ გადმოსცემს არეკლილ გამოსახულებას, ხოლო მიმაძღრით დასუსტებული აზროვნება კი იტევს თავის თავში ღვთიურ მეცნიერებას. დიდი ხნის დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდს აღმოაცენებს, გემოთმოყვარის გონება უშვერ ზრახვებს ბადებს. შეუძლებელია სიმყრალეში წააწყდე კეთილსურნელებას, და გემოთმოყვარეში - ჭვრეტის ნელსურნელებას, გემოთმოყვარის თვალი ღრეობებს ეძებს, ხოლო თავშეკავებულისა - ბრძენთა შეკრებას. გემოთმოყვარის სული მოწამეთა ხსენების დღეებს ანგარიშობს, თავშეკავებული კი მათ ცხოვრებას ბაძავს. მხდალი მხედარი ბრძოლის მაუწყებელ საყვირის ხმაზე თრთის, გემოთმოყვარე კი - თავშეკავების შესახებ ქადაგებაზე. გემოთმოყვარე მონოზონი თავისი მუცლის მევალეა და მათრახის ცემით იხდის თავის ყოველდღიურ გადასახადს. მოჩქარე მგზავრი მალე მიაღწევს ქალაქს, თავშეკავებული მონოზონი კი - აუმღვრეველ მდგომარეობას. ზანტი მგზავრი ღამისთევისთვის ღია ცისქვეშ უდაბნოში ჩერდება, მონოზონი გემოთმოყვარეც ვერ მიაღწევს უვნებელობის სადგურს. საკმევლის კმევა კეთილსურნელებით ავსებს ჰაერს, და თავშეკავებულის ლოცვა - ღმრთის საყნოსელს. თუკი ჭამადის გულისთქმას დაემონები, გემოთმოყვარებას ვერაფრით დაიცრობ, რამეთუ გულისთქმა საჭმელისადმი - ცეცხლია, მუდამ ითხოვს საწვავს და მუდამ ბრიალებს. გარკვეული სარწყული ავსებს ჭურჭელს, მუცელი კი, სულაც რომ გასივდეს, არ იტყვის: "საკმარისია!" ხელთა აღპყრობამ გააქცია ამალეკი, ამაღლებული მოღვაწეობა კი ხორციელ ვნებებს იმორჩილებს
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები