ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მარხვა
სწავლა ჲვ. მახვისათვისვე.
საყვარელნო! მარხვა და ლოცვაი კაცსა ანგელოს ჰყოფენ და ზეცისა მხედრობათა მობაძავად გამოაჩენენ. აწ უკვე, რომელსა ენებოს ჭეშმარიტისა ლოცვის და მარხვისა მოგებად და წარმართნეს ესე სათნოებანი, სანატრელ არს იგი. რამეთუ ესე ვითარსა მას არა უხმს მრავალი საფასე, და რომელსა არა უხმს მრავალი საფასე, არა იქმნების ანგაჰარ; რომელი განეშოროს ანგაჰარებასა, იგი შემძლებელ იქმნების წარმართებად მოწყალებისა. კაცი მმარხველი მსუბუქად მდგომარე არნ ლოცვისა, გულის-თქმათა ბოროტთა დაშრეტს, ზვაობასა სა სილაღესა გულისასა დაამდაბლებს, ლმობიერად შეუვრდების ღმერთსა, და ითხოვს წყალობასა. ამისთვისცა მოციქულნი მარადის მარხვათა და ლოცვათა აღასრულებდენ დღეთა მათთა. რომელილოცვიდეს მარხვითურთ, ფრთოვან არს ლოცვა მისი, და უმხურვალეს ცეცხლისა საშინელ არს იგი ეშმაკთა და შემწველ ძალისა მათისა. და რაიმცა იყო უძლიერეს კაცისა, ჭეშმარიტთა ლოცვათა აღმასრულებელისა? უკეთუ ქვრივმან მოწყალე ჰყო მსაჯული იგი, "რომელსა არცა ღვთისა ეშონოდა, არცა კაცთაგან რცხვენოდა". უწყინოდ ვედრებითა თვისითა. რავდენ უმეტესად მოწყალე ჰყოს კაცმან სახიერი იგი მოწყალე ღმერთი, უკეთუ მარხვითა შემზადოს თვისი იგი ვედრებაი და ლმობიერებითა სიწმიდისათა განაგდოს თავისაგან თვისისა ნაყროვანეობაი და სიმთვრალე, ხოლო უკეთუ მარხვა ფრიადი ვერ ძალგიძს, კაცო, უძლურებისათვის ხორცთასა, მოიწყვიდენ შვებანი და სანოვაგენი, და ყოველივე სახე უზომოისა ნაყროვანებისა, და ესეცა არა შორს არს წესისა მისგან მარხვისა, და ესეცა შემძლებელ არს დახსნად საბორგილეთა ეშმაკისასა. რამეთუ არაფერი არს საყვარელ და საწადელ ეშმაკისა, ვითარ ნაყროვანებაი და მთვრალობაი. და არა რაი არს ესრეთ სანატრელ და სწორ ანგელოსთა მყოფელ, ვითარ მარხვა და სიწმიდე, და მიმაახლებელ ანგელოსთა და მეუფისა. აწ უკვე შევიტკბოთ, საყვარელნო, მარხვა და სიწმიდე და ვაჩვენოთ სინანული, რათა მოგვიტევნეს ცოდვანი ჩვენნი და ესრეთ ღირს ვიქმნნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი