image

თემა: ამპარტავნება,  განუწყვეტელი ლოცვა,  სიამაყე,  ფსალმუნები

421. როდესაც ფსალმუნთა გალობისას ან მათ გარეშე აზრები მამძიმებენ, დახმარებისთვის ღვთის სახელს ვუხმობ, და ამ დროს რადგან ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ კარგად იქცევა, ამიტომ მტერი ჩამაგონებს: ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა ამპარტავნებამდე მიგიყვანსო. როგორ ვიფიქრო ამ შემთხვევაში?
ჩვენ ვიცით, რომ ავადმყოფები ექიმს და მკურნალობას ყოველთვის საჭიროებენ, და ზღვის ღელვაში მყოფნი ნავთსაყუდელისკენ ისწრაფვიან. ამიტომაც მოუხმობს წინასწარმეტყველი და ამბობს: „უფალო, შესავედრებელ მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე“ (ფს. 89, 1). და კიდევ: „ღმერთი ჩუენი შესავედრებელ და ძალ, შემწე ჭირთა შინა, რომელთა მპოვნეს ჩუენ ფრიად“ (ფსალ. 45, 1). თუკი ის ჩვენი მფარველია, მაშინ გავიხსენოთ, რას ამბობს თავად: „მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე“ (ფსალ. 49, 15). ამრიგად, მოწყალე ღმერთის განუწყვეტელი მოხმობა ჭირში უნდა ვისწავლოთ. და თუ ღმერთს მოვუხმობთ, ამან არ უნდა გაგვაამაყოს. განა გაამაყდება ვინმე, როდესაც მას ეხმარებიან, თუ ის უგუნური არაა? ჩვენ კი, რომლებიც ღმერთს ვსაჭიროებთ, მოვუხმობთ რა მტრის წინააღმდეგ მის სახელს, თუ უგუნურნი არა ვართ, არ უნდა ვიამპარტავნოთ, იმიტომ რომ საჭიროების გამო მოვუხმობთ და წუხილის გამო მივმართავთ მას. უფრო მეტიც, უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთის სახელის განუწყვეტელი მოხმობა გვკურნავს და ის არა მარტო ვნებებს, არამედ მათ მოქმედებასაც კლავს. როგორც ექიმი ეძებს შესაფერის მკურნალობას და სალბუნს დაზარალებულის ჭრილობისათვის, და ისიც მოქმედებს, მაგრამ ავადმყოფმა არც იცის, ეს როგორ ხდება, ზუსტად ასევე, ღვთის მოხმობილი სახელი ყველა ვნებებს კლავს, თუმცა ჩვენ არც კი ვიცით როგორ აღესრულება ეს.
image image
 
თემატური კითხვები