image

თემა: მონაზვნობა,  მონაზონთათვის

494. ჩემო წმინდა მამაო! რადგან უძლური და ცოდვილი ვარ, არა მაქვს კადნიერება, რომ ღმერთს რაიმე ვთხოვო, და ამიტომ მოგმართავ, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის. დაე, მან მისი მსახურების ღირსი გამხადოს და ძალა და გონიერება მომანიჭოს. რადგან ყოველმხრივ არარაობას წარმოვადგენ და ამ ყველაფერს (როგორც ეს შენმა გულმაც იცის) ვსაჭიროებ. მრწამს კეთილო მამაო, შენს ძლიერ ლოცვებს შეუძლიათ ღმერთი დაითანხმონ, რომ მან ჩემი ცოდვები არად ჩააგდოს, და რომ მისი კურთხეული გზის დაწყების ღირსად ჩამთვალოს, რათა შენი წყალობით დარიგებული, გონივრულად შევუდგე მას, ჩემო კურთხეულო მამაო, და შესაფერისი მადლიერება შევწირო კაცთმოყვარე ღმერთს, რომელმაც შენი მეშვეობით ყველანაირი სიკეთე მაღირსა. შემინდე მე უგუნურს და კადნიერს, და ილოცე ჩემთვის.
ძმაო, ან უფრო კარგად ვთქვათ, შვილო! ცისა და მიწის ღმერთმა, დაე, თავის წმიდა მხედრობაში გაგაძლიეროს (რომელშიც მან მოგიწოდა) და შვილობის ღირსი გყოს, რისი ღირსნიც მცირედნი ხდებიან; დაე, შენი გული ანას გულივით გააძლიეროს, შენც სამოელის მსგავსად ღმერთს კეთილსურნელოვანი ნაყოფი შესწირო, და მასთან ერთად ახალი სიმღერა იმღერო; რათა წინამდებარე გზაზე შენც წარემატო კეთილ საქმეებში და როგორც გამოცდილმა მეომარმა გულწრფელად იშრომო ღვთისათვის. ნუ მოიწყენ და ნუ დაუძლურდები, არამედ გულმოდგინედ ისწრაფე წმინდანთა და რჩეულთა ქალაქის დასამკვიდრებლად. რწმენა, იმედი და სიყვარული მოიპოვე და ისინი წმიდა სიმდაბლემდე მიგიყვანენ, რომელიც ყველა სათნოებათა დედაა, და ცხონდები უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
image
 
თემატური კითხვები