თემა: სიმდიდრე,  უპოვარება,  წუთისოფლის სიძულვილი


წმიდა მაკარი ალექსანდრიელი.

ერთხელ მაკარი ალექსანდრიელი მაკარი მეგვიპტელს შეხვდა. მათ განიზრახეს, ნილოსის მეორე მხარეს გადასულიყვნენ და ავიდნენ ერთ დიდ ტივზე, რომელზეც დაემგზავრნენ ვიღაც მაღალჩინოსანნი დიდი ამალით. მათი ეტლი ერთიანად სპილენძით იყო მოჭედილი, ცხენებს კი მოოქროვილი ლაგამი ეკეთათ; ძვირფასეულობით მორთული რამდენიმე მცველი და მსახურიც ახლდათ. მდიდრებმა კუთხეში მსხდომი ღარიბად შემოსილი ბერები შეამჩნიეს და მათ უპოვარებას ქება დაუწყეს. ერთმა მათგანმა ბერებს უთხრა:
    -ნეტარ ხართ თქვენ, ღვთის ხალხო, რამეთუ მოიძულეთ სოფელი.
    მაკარი ალექსანდრიელმა კი უპასუხა:
    -ნამდვილად, ჩვენ მოვიძულეთ სოფელი, ხოლო თქვენ კი სოფელმა მოგიძულათ. იცოდე, რომ ეს სიტყვები თავით შენით კი არ გითქვამს, არამედ იწინასწარმეტყველე. ჭეშმარიტად, ჩვენ ორივეს მაკარი გვქვია, ხოლო მაკარი ნეტარს ნიშნავს.
    ამ სიტყვებით გაოგნებულმა და შთაგონებულმა მდიდარმა შინ დაბრუნებისთანავე განიძარცვა საერო სამოსელი, ეს სოფელი დატოვა და ბერობას შეუდგა
image
 
თემატური კითხვები