თემა: სასწაულები,  ცხოველები,  წმინდანები


მხეცებისგან დანდობილი დანიელ წინასწარმეტყველი .

ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო ისრაელის სამეფო. მან მრავალი ებრაელი წაიყვანა ტყვედ, ხოლო დიდგვაროვანთა ოჯახების ზნეკეთილსა და თვალტანადობით გამორჩეულ ყმაწვილებს თავის სასახლეში მიუჩინა ბინა - მას სურდა გარკვეული დროის შემდეგ ეხილა თავისი მწყალობლობის კეთილი ნაყოფი.
    ყმაწვილებს საუკეთესო საჭმელ-სასმელი მიერთმეოდათ სამეფო სუფრიდან. მაგრამ, რადგანაც ამ საკვების მიღებას სჯული უკრძალავდა ისრაელელებს, ბავშვების ნაწილი მას არ იღებდა და მხოლოდ მცენარეულობით კმაყოფილდებოდნენ. ბიჭუნებს შორის იყო დანიელი. ღვის კანონებისადმი ერთგულების გამო უფალმა მას ნათელი გონება და წინასწარმეტყველების ნიჭი უბოძა.
    როდესაც მეფემ თვისთან დაიბარა ყმაწვილები და, ამავე დროს, ისიც შეიტყო, რომ ისინი მცენარეულის გარდა სხვა საჭმელს არ ეკარებოდნენ, ძალიან გაიკვირვა, რადგან თანატოლებზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ; ხოლო, როდესაც გამოსცადა მათი განსწავლულობა სხვადასხვა მეცნიერებებში, მათი ცოდნით განცვიფრებულს აღმოხდა:
    -ახლამე ვხედავ, რომ თქვენი ღმერთი ყველა სხვა ღმერთზე აღმატებულია და მეფეა სხვა მეფეებზე.
    მან ყველა ბავშვი დაასაჩუქრა, განსაკუთრებით დანიელი, რომელიც ხილვებისა და სიზმრების ახსნის გასაოცარ უნარს ამჟღავნებდა.
    მრავალი წლის შემდეგ, როდესაც ნაბუქოდონოსორის სამეფო ხელთ იპყრა მიდიელმა მეფემ დარიოსმა, მანაც ძლიერ შეიყვარა დანიელი და იგი თავის უახლოეს მრჩეველად გაიხადა.
    მეფის კარის დიდებულებსა და სატრაპებს დანიელის შური ჰკლავდათ და ეძებდნენ საბაბს, რათა რაიმეში დაედანაშაულებინათ, მაგრამ ვერას პოულობნდნენ, რადგან იგი ალალმართლად და კეთილსინდისიერად მსახურობდა. მაშინ მათ გადაწყვიტეს, საბაბად დანიელის რწმენა გამოეყენებინათ, რაკიღა იცოდნენ, რომ იგი ყოველდღიურად სამჯერ ლოცულობდა თავისი ღმერთის წინაშე. შეთქმულებმა დაითანხმეს მეფე ისეთი დადგენილების მიღებაზე, რომლის ძალითაც ერთ თვის მანძილზე არავის ექნებოდა უფლება ვინმესთვის რაიმეს თხოვნისა, თუ არა მეფისათვის. ვინც ამ დადგენილებას დაარღვევდა, იგი ლომებთან უნდა ჩაეგდოთ ორმოში.
    ამ დროს დანიელი კვლავ აგრძელებდა სამგზის ლოცვას და ყოველივეს მხოლოდ თავის ღმერთს შესთხოვდა. დიდებულებმა და სატრაპებმა დაასმინეს დანიელი მეფესთან, რომ მისი ბრძანების საწინააღმდეგოდ იგი მეფეს კი არა, თავის ღმერთს სთხოვდა შემწეობას. შეწუხებული დარიოსი ყველანაირად ცდილობდა სასჯელი აეცილებინა თავისი მრჩევლისთვის, მაგრამ დამსმენებმა აიძულეს მეფური სიტყვის შესრულება და ბრძანების სისრულეში მოყვანა: დანიელს გადაუწყვიტეს ლომებით სავსე ორმოში ჩაგდება.
    მეფემ ისღა შეძლო, კეთილი სიტყვით დამშვიდობებოდა დანიელს და უთხრა:
    -ღმერთი, რომელსაც შენ ესავ, გადაგარჩენს შენ! - თვითონ კი თვალები ცრემლით ქონდა სავსე. იმ ღამეს არ უძინია მეფეს, უთენია გაეშურა ორმოსაკენ და ჩამწყდარი ხმით ჩასძახა:
    -დანიელ, ღმერთმა, რომელსაც შენ ემსახურები, შეძლო თუ არა შენი გადარჩენა ლომებისგან?
    პასუხად დანიელმა ამოსძახა: - მეფეო, ჩემმა ღმერთმა გამომიგზავნა ანგელოზები და მათ მომიტანეს საკვები. მათვე ხახა ამოუკერეს ლომებს, რათა ზიანი არ მოეყენებინათ ჩემთვის, რადგან მართალი ვიყავი ღმერთის წინაშეც და შენს წინაშეც არა მიმიძღვის რა ბრალი!
    მეფემ გაიხარა და უბრძანა დანიელის ამოყვანა ორმოდან, ბოლო იმ ორმოში მისი ცილისმწამებლების ჩაგდება. ისინი მყისიერად დაგლიჯეს ლომებმა.
    დარიოსმა განადიდა დანიელის ღმერთი, ხოლო დანიელი კიდევ უფრო შეიყვარა
image
 
თემატური კითხვები