თემა: ერესი,  სასწაულები,  ცხოველები,  წმინდანები


მადლი ღვთისა და ძლევის გვირგვინი უხილავ მტერზე.

წმინდა დიდმოწამე ირინე (ხსენება 5/V) I საუკუნეში ცხოვრობდა და ნათლობამდე პენელოპას სახელს ატარებდა. იგი იყო ასული წარმართი ლიკინიუსისა, რომელიც ქალაქ მიგდონიის განმგებელი იყო. ლიკინიუსმა თავის ერთადერთ ასულს მდიდრული სასახლე აუგო, სადაც იგი აღმზრდელ კარიასთან ერთდ და მრავალრიცხოვანი მხევლებისა და თანატოლების გარემოცვაში ცხოვრობდა. სასახლეში პენელოპასთან ყოველდღე მოდიოდა მისი დამრიგებელი მოძღვარი, სახელად აპელიანე, რომელიც მეცნიერებებს ასწავლიდა მას. აპელიანე ქრისტიანი იყო; იგი ბევრს მოუთხრობდა განმგებლის ასულს ქრისტე-მაცხოვრის შესახებ და ქრისტიანული მოძღვრებისა და ქრისტიანული სათნოების სულისკვეთებით ზრდიდა. როცა პენელოპა წამოიზარდა, მშობლებმა ქალწულის გათხოვებაზე დაიწყეს ფიქრი.
    ცხოვრების ამ ხანაში უფალი სასწაულებრივად შეაგონებდა გოგონას: მასთან სარკმელში მოფრინდებნენ ხოლმე მტრედი ზეთისხილის რტოთი, არწივი ყვავილთაგან წნული გვირგვინით და ყვავი გველით ნისკარტში. მოძღვარმა აპელიანემ ასე განუმართა პენელოპას ამ სასწაულის მნიშვნელობა: მტრედმა, რომელიც განასახიერებს ქალწულის სათნოებას - სიმდაბლეს, სიმშვიდესა და კეთილკრძალულებას, მოიტანა ზეთისხილის რტო, მადლი ღვთისა, ნათლობით რომ მიიღება; არწივმა, ამ სიმბოლომ სულიერი ამაღლებულობისა, რაც გონებითი ზრახვით მიიღწევა ღვთის დიდებულებისა, მოიტანა ძლევის გვირგვინი უხილავ მტერზე, როგორც მისაგებელი ნიჭი უფლისა; ყვავმა კი გველი მოიტანა ნიშნად იმისა, რომ ეშმაკი აღიჭურვება მის წინააღმდეგ საბრძოლველად, რითაც მრავალ მწუხარებას, ურვასა და დევნილებას სწევს. საუბრის დასასრულს აპელიანემ დასძინა, რომ უფალს სურს დაწინდოს პენელოპა და რომ იგი მრავალ სატანჯველს გადაიტანს თავისი ზეციური საქმროსთვის. ამის შემდეგ პენელოპამ უარი განაცხადა გათხოვებაზე, ნათელ-იღო წმინდა პავლე მოციქულის მოწაფის, მოციქულ ტიმოთეს ხელიდან და ირინედ იწოდა. ქალწულმა თვის მშობლებსაც დაუწყო დარწმუნება, რათა მათაც ქრისტიანული რწმენა მიეღოთ. დედამისი სიხარულით აღივსო, როცა თვისი ასულის ქრისტეს სჯულზე მოქცევის შესახებ შეიტყო; მამაც თავდაპირველად წინ არ აღდგომია მას, მაგრამ შემდეგ კი წარმართული ღვთაებებისადმი თაყვანისცემა მოსთხოვა. წმინდა ირინემ მტკიცედ განუცხადა მას ამაზე უარი, და განრისხებულმა ლიკინიუსმა ბრძანა შეეკრათ ასული და ფიცხელ ცხენთათვის მიეგდოთ გასათელად. მაგრამ ცხენები უმალ დამშვიდნენ და ადგილიდან არც კი დაძრულან. მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი მოსწყდა ადგილს, ლიკინიუსს მიეჭრა, მარჯვენა ხელზე უტაცა პირი და მხრიდან ამოუგდო იგი, შემდეგ წააქცია და გათელვა დაუწყო. როცა წმინდა ქალწული გაათავისუფლეს საკრველთაგან, იგი ლოცვად დაეცა უფლის წინაშე, და მრავალი მუნმყოფი გახდა მოწმე სასწაულისა: მისი ვედრების მეოხებით ლიკინიუსი სრულიად უვნებელი წამოდგა და ამოგდებული ხელიც გაუმთელდა. ამ საკვირველების ძალით ლიკინიუსი თავის მეუღლესა და მრავალ თანამოქალაქესთან ერთდ, რომელთა რიცხვი სამი ათასამდე კაცს შეადგენდა, ჭეშმარიტ რწმენაზე მოექცა და განუდგა წარმართულ "ღმერთებს"
image
 
თემატური კითხვები