უდანაშაულოს სასიკვდილო განაჩენისგან თავისუფლება.

მას შემდეგ, რაც წმიდა ნიკოლოზმა მოქალაქეებსა და მეომრებს შორის ამბოხი ჩაახშო, მის წინაშე წარდგა რამდენიმე ცნობილი ადამიანი მირონ-ლუკიიდან, სადაც ის ეპისკოპოსი იყო. ცრემლიანი წუწუნით აცნობეს, რომ მათი ქალაქის თავმა (რომელიც უკანონო ქრთამის აღებას იყო მიჩვეული) სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა სამ უდანაშაულო მოქალაქეს, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ შური და მრისხანება გამოიწვიეს ზოგიერთ ბოროტ მდიდარში. მთელი ქალაქი მათ თანაუგრძნობდა, მაგრამ, შუამდგომლობის გარდა, მათი ხსნის სხვა საშუალება არ გააჩნდათ. უფრო მეტიც, ეს ბოროტი მსაჯული მისი არყოფნით სარგებლობდა და ძალაუფლებას მუდმივად ბოროტად იყენებდა. ღვთის მოსაგრეს გული მწუხარებით აევსო. ის სასწრაფოდ დაბრუნდა თავის სატახტო ქალაქში და შეიტყო, რომ ბედკრულნი სასჯელის ადგილისკენ მიჰყავდათ. მრისხანებამ და თანაგრძნობამ ბერს ფრთები შეასხა. ხალხი მის წინაშე ხმაურით იწეოდა და გზას აძლევდა.
    ბედკრულებს ხელები შეკრული ჰქონდათ; მიწაზე დახრილი თავები დაფარული ჰქონდათ. ჯალათმა უკვე მკაცრი მზერით აღმართა მახვილი დასარტყმელად. სწორედ ამ წამს წარდგა იქ ღვთის მოსაგრე, მრისხანებითა და, იმავდროულად, მოკრძალებით გამოსტაცა უსამართლობის მახვილი, მიწაზე დააგდო და კადნიერად შეწყვიტა უდანაშაულოთა პყრობილება. მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედა, რამეთუ მისი სიტყვა მბრძალებლური იყო, საქციელი კი - ღვთაებრივი ძალის მანიშნებელი.
    გადარჩენილი მოქალაქეები მას ფეხებში ჩაუცვივდნენ, ცრემლებით დაალტეს და ღვთისმოშიშებით ემთხვივნენ. მთელი ხალხი ლოცავდა წმიდა კაცს, რომ ზეციურმა მსაჯულმა მასზე წყალობა გამოავლინა. უსამართლო ქალაქის თავი ცდილობდა, მის წინაშე საკუთარი სამსჯავრო გაემართლებინა, არწმუნებდა, რომ მისი მსჯავრი მეფის მსჯავრია; მაგრამ ღვთის კაცმა ბოროტმოქმედი შეხედვის ღირსადაც არ ჩათვალა. მან მხოლოდ ეს უთხრა:
    -მე ვიცნობ ჩემი მეფის გულს: ის მართალია და შენს უსამართლობაზე შურს იძიებს...
    თუკი თუნდაც მცირეოდენი შესაძლებლობა გაქვს, უდანაშაულო ადამიანი დაღუპვისგან იხსნა, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში მწარე ხვედრი შეუმსუბუქო მაინც, ნუ დააყოვნებ კეთილი საქმის აღსრულებას. თუკი ამაში ვერ წარემატები, უფალი შენს კეთილ განზრახვას დააჯილდოვებს
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები