თემა: სასწაულები,  ცხოველები,  წმინდანები


მწყემსი მგელი.

წმინდა შიო მღვიმელს, თავის მონასტერში ძმათა რიცხვის გამრავლებასთან ერთად, საზრუნავიც მოემატა - მხეცები თავს ესხმოდნენ მათ სახედრებს, რამდენიმეჯერ დაუჭამეს, და შეწუხებული ბერები მამა შიოს შესჩიოდნენ. მამა შიომ ილოცა უფლისადმი, რათა ყოველი იქ მობინადრე გარეული ოთხფეხი შემოკრებილიყო. დაასრულა თუ არა ლოცვა, მართლაც, ერთად მოგროვდნენ მხეცები მღვიმესთან. მათ, როგორც ადამიანს, ისე აუხსნა ნეტარმა შიომ, რომ რადგან უდაბნო პირმეტყველთა მიერ იყო დაკავებული, აწ მათ, პირუტყვთ, თავიანთი ველური ბუნების შესაბამისად მართებდათ სხვა ადგილის ძებნა, თანაც ისე, რომ წასვლისას არავითარი ზიანი არ მიეყენებინათ და მხოლოდ ერთი მათგანი, წარსულში ჩადენილი საქციელის ზღვევისათვის დარჩენილიყო სახედრების მწყემსად.
    შიოს სიტყვის დამთვრებისთანავე მხეცნი მყის მიმოიფანტნენ და მხოლოდ ერთი მგელი დარჩა, რომელსაც მამა შიომ დაავალა დილაობით სახედრების საძოვარზე გარეკვა და საღამოს უკან მოყვანა. მგელიც ყოველ დილა-ცისმარე სახედრებს ყმუილით ამცნობდა საბალახოდ წასვლას და საღამოს იმავე ხმით აუწყებდა ბერებს მათ მოყვანას. ამ სასწაულის მხილველნი ადიდებდნენ ღმერთს, რომელმაც მასზე მსასოებელ ადამიანს ისეთი დიდი მადლი მიანიჭა, რომ მხეცებიც კი მორჩილებდნენ და აღასრულებდნენ მის ნებას. საკვებადაც მგელს ჰქონდა საკუთარი ჯიშის არაბუნებითი საზრდელი - ადამიანების მსგავსად პურითა და წყლით იკვებებოდა.
    ექვსი წელი დაჰყო მგელმა ამ მწყემსობაში. ერთხელაც, საძოვარზე გაყვანილი სახედრებიდან ერთი, კონონ ბერის ვირი კლდეზე გადაიჩეხა და მობრუნებულს სათვალავში დააკლდა. კონონ ბერი წყრომით მიადგა მამაშიოს - მგელს სახედრის შეჭმას აბრალებდა და შიოს მტაცებლისადმი მინდობილობისთვის საყვედურობდა. მგელი წკმუილით იმართლებდა თავს, მერე კვერთხზე მოუვლო პირი და თავისკენ ეწეოდა. გაჰყევიო, - ანიშნა მამა შიომ, მაგრამ კონონ ბერი უარესად განაწყენდა - სახედარი რომ შემიჭამა, ახლა მეც მომითვოსო ხელი. მამა შიომ უხმოდ მოისმინა საყვედურები, შემდეგ სხვა ორი ბერიც გააყოლა კონონს მგელთან ერთად და ყველამ იხილა კლდეზე გადაჩეხილი სახედარი. კონონმა შენდობა სთხოვა მამა შიოს თავისი ფიცხელი სიტყვებისთვის. მამა შიომ კი მიმართა მგელს: "მხეცო, კმა არს მსახურება შენი და მადლიერ ვარ შენდა, აწ უკვე თავისუფალ ხარ შენ ამიერითგან, წარვედ მსგავსადვე შენდა და ნუ ოდეს იკადრებ ვნებად ძმათა ჩემთა!"
    წავიდა მგელი, მამა შიოს ბრძანებით განთავისუფლებული. ბერებს კი წმიდა მამამ მოუწოდა, თავად აერჩიათ მწყემსი საკუთარი სახედრებისთვის, რომ არავის აღარაფერი დაებრალებინათ
image
 
თემატური კითხვები
17 სექტემბერს არის ხსენება: