თემა: ერესი,  მართლმადიდებლობა,  ქრისტიანობა,  რწმენა,  ლოცვა


როგორ გადაადგილდა მთა მორწმუნეთა ლოცვით.

ალექსანდრიაში ყოველი სათნოებით შემკული ერთი ცნობილი ოქრომჭედელი ცხოვრობდა. ერთხელ მასთან ქალი მივიდა და სამკაულის გაკეთება სთხოვა. საუბრის დროს იგი მეძავივით იქცეოდა და ოქრომჭედელს აბრკოლებდა. როცა მან იგრძნო, რომ ვნებიანად უყურებდა ქალს, უცებ გაახსენდა წმიდა სახარების სიტყვები: „უკუეეთუ თუალი შენი მარჯვენეი გაცდუნებდეს, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან; რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რათა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე არა ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა“ (მათე 5, 29). ეს რომ მოაგონდა, ქალს უთხრა, ცოტა ხნით განზე გადექი, მინდა, რომ აღვასრულო, რაც ნაბრძანები მაქვსო. ამოიღო დანა, მარჯვენა თვალი ამოითხარა, თან უფალს შეჰღაღადა, ხომ ხედავ, შეწევნა რომ მეჭირვება, ნუ განეშორები შენს მონასო. ქალმა რომ ეს ყველაფერი იხილა, შეშინებული გაიქცა სახლში. მას შემდეგ იგი მოექცა და ყოველგვარ ცოდვას განერიდა.
    იმ დროს ალექსანდრიის მბრძანებელი სასტიკად აწამებდა ქრისტიანებს. ღვთის დაშვებით ეგვიპტე სარკინოზებს ეკავათ. ისინი ყველანაირად ტანჯავდნენ ქრისტიანებს, ქრისტეზე უარის თქმას და მაჰმადიანური სარწმუნოების აღიარებას აიძულებდნენ. ერთხელ სასტიკმა მბრძანებელმა თავისთან იხმო ეპისკოპოსი ქრისტიან მოძღვრებთან ერთად და უთხრა:
    -მისმინე, ეპისკოპოსო, შენი ქრისტე ამბობს: „უკეთუ გაქუნდეს სარწმუნოება მართალი და ჩემ მიერ ჰრქუათ მთასა ამას აღიფხუარ და შთავარდი ზღუასა, იყოს ეგრეთ“ (მათე 21, 21) ჰოდა, აქვეა მთა ადარი. თუ ქრისტე, რომელსაც ემონებით, ჭეშმარიტი ღმერთია და თქვენი სარწმუნოება, რომელიც ყველაზე უკეთესი გგონიათ, მართლაც სხვებზე უკეთესია, მიდით ადარის მთასთან და თქვენი უფლის სახელით მიმართეთ. თუ ისმენს თქვენსას, ადგილიდან დაიძვრება და ნილოსის მდინარეში ჩაიძირება, მაშინ გაგათავისუფლებთ და როგორც გინდათ, ისე ემსახურეთ თქვენს ღმერთს - ქრისტეს. ამ სასწაულით ჩვენც ვიწამებთ მას, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მთელი თქვენი სიმდიდრე მეფის საგანძურში შევა, თქვენ კი ქალაქის გარეთ სიმყრალეში გაგყრითო.
    ეპისკოპოსმა უპასუხა, რაც შენ თქვი, ჭეშმარიტებაა. თუმცა, ჩვენნაირ უღირსთა მიერ ასეთი სასწაულის მოხდენა შეუძლებელია, მაგრამ იმ გმობის გამო, რომელსაც შენ ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე ამბობ, გაგვიშვი რამდენიმე დღით, რომ ვილოცოთ ჩვენი უფალი ღმერთის წინაშე. მწამს, რომ თავის მონათა ვედრებას არ უგულებელყოფს, რადგან წერია: „ნება მოშიშთა მისთა ჰყოს და ვედრებისა მათისა ისმინოს და აცხოვნეს იგინი, ვითარცა ესუენ მას“.
    ეს რომ ურჯულო ბარბაროსმა მოისმინა, სიცილით მიუგო, მე კი მეგონა, შემევედრებოდით, ამ საქმეზე უარს იტყოდით და თქვენი შემოსავლის ნაწილს ახლავე საკუთარი ნებით ჩააბარებდით მეფის საგანძურის მცველს. თქვენ კი კადნიერებას იჩენთ და ისეთი რამის შესრულება გინდათ, რაც თვით მაჰმადსაც კი არ შეუძლია, თუმც მთელი არაბეთი და ბარბაროსები სარწმუნოებით ერთხმად სცემენ თაყვანსო. მან განრისხებულმა გაუშვა ისინი და ჩაიწერა, რამდენი დღე ითხოვეს.
    ეპისკოპოსმა შემოიკრიბა ქალაქისა და მის შემოგარენში მყოფი ყველა ქრისტიანი - ბავშვებისა და დედების გარდა სამი ათას კაცამდე, უამბო მათ მოძალადის ძლევამოსილებისა და ვერაგი განზრახვის შესახებ, შემდეგ დაიწყო გამუდმებული ლოცვა იმ მთასთან და სხვებსაც უბრძანა, ყველანი ერთხმად მხურვალედ შევედრებოდნენ ღმერთს და ლოცვაში ეთიათ ღამე.
    ამის შემდეგ ეპისკოპოსთან მივიდა ის ქალი და უამბო ოქრომჭედლის ამბავი. მან აღიარა ღვთისმსახურის წინაშე თავისი თავდაპირველი ცოდვიანი ზრახვა და უთხრა, რომ ოქრომჭედლის ქცევის შედეგად, იმის გამო, რომ იგი არ შეცდა ქალის მეძაობით და მაცდუნებელი სიტყვებით, არ დაინდო თავი და მარჯვენა თვალი ამოითხარა, მან ქრისტეს მიმართ მტკიცე სარწმუნოება შეიძინა.
    ეს რომ მოისმინა, ეპისკოპოსი გაკვირდა, მოიკითხა ოქრომჭედელი და იქ შეკრებილთა შორის რომ ვერ ნახა, ხალხი გაგზავნა მასთან. როცა იგი მოიყვანეს, ეპისკოპოსმა უთხრა: ძმაო, დიდი განსაცდელი აზვირთებულა ჩვენს თავს; ჩვენი, ყველას ვალია, რომ ვილოცოთ და ვევედროთ უფალს, რაც შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთის მიერ ყოველივე შესაძლებელიაო.
    მესამე დღეს ადარის მთასთან მივიდნენ, სამჯერ ლიტანიობით შემოუარეს და შემდეგ მის წინ შედგნენ. ეპისკოპოსმა იხმო ოქრომჭედელი და უთხრა:
    -შვილო, ახლა კი დროა, რომ გვაჩვენო სარწმუნოების ძალა, რათა შერცხვეს მოძალადე, რომელიც მაჰმადის იქადის, განმტკიცდეს ქრისტეს ეკლესიის სვეტები და შეწყდეს ქრისტიანთა გლოვა.
    ოქრომჭედელმა მდაბლად სცა თაყვანი წმინდა ეპისკოპოსს და მივიდა მთასთან. იგი ევედრებოდა ღმერთს:
    -იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, ისმინე შენი მონების ვედრება და ნუ დააღუპინებ შენს მტრებს შენსავე სამწყსოს. ნუ გამართლდებიან ჩვენი მოძულენი, რომელნიც გვეუბნებიან, სად არის თქვენი ღმერთიო, რადგან შენ ხარ ჩვენი ღმერთი, რომელმაც აღუთქვი შენს მოციქულებს: „უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოება, არა შეორგულდეთ... და ჰრქუათ თუ მთასა ამას: აღიფხვარ ამიერ და შთავარდი ზღვასა - იყოს ეგრე“ (მათე 21, 21). ჰოი, უფალო, არა ჩვენთვის, არამედ რათა იდიდოს სახელი შენი!
    როცა ამას ამბობდა, აღსრულდა სასწაული... გარემო შეიძრა და ადგილიდან აღიფხვრა ადარის მთა. ხალხი დაემხო და ქალაქში ყვირილი და მოთქმა ატყდა, ინგრეოდა სასახლეები და გალავნები. გარეთ გამორბოდნენ ბარბაროსები და ხედავდნენ ამ საშინელ სასწაულს - როგორ გადაადგილდებოდა მთა თავისი ადგილიდან ნილოსის მდინარისაკენ. ყველანი ძირს ემხობოდნენ და ევედრებოდნენ ქრისტიანებს, რომ გაეჩერებინათ იგი და სხვა ქალაქები და სასახლეები გადაერჩინათ დანგრევისაგან.
    ეპისკოპოსმა უპასუხა:
    -არა ძმებო, რაც ხდება, ეს ჩვენი ნება არ ყოფილა, ეს თქვენს გამო ხდება - სიცოცხლის მიმნიჭებელი ღმერთის გმობას რომ ამბობდით და გვამცირებდით. თქვენგან დამდაბლებულებს გვისმინა უფალმა და ისეთი რისხვა მოავლინა, რომ შეიძლება არა მარტო ქალაქები დაანგრიოს, არამედ ყველანი ამოგვწყვიტოს. მაშინ მათ ერთხმად აღუთქვეს, რომ მოინათლებოდნენ. მთა თითქმის მისული იყო მდინარე ნილოსთან, როცა ეპისკოპოსი შეევედრა ღმერთს და გააჩერა იგი. ქალაქში შეწყდა მიწისძვრა და მრავალმა ბარბაროსმა ირწმუნა იესო ქრისტე. ისინი მოინათლნენ და ცრუ წინასწარმეტყველი მუჰამედი შეაჩვენეს. მოქცეულმა მაჰმადიანებმა კი პირობა დადეს, რომ აღარ დატანჯავდნენ ქრისტიანებს, არამედ ადიდებდნენ ქრისტე ღმერთს უკუნითი უკუნისამდე.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები