თემა: მოწყალება


ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ (მათ. 5, 7).

დიდად აფასებს მაცხოვარი ჩვენი გლახაკების შეწყნარებას; საწყლებს, ღარიბებს ის უწოდებს თავის უმცროსს ძმებს და ვინც მათ შეიწყნარებს, შემწეობას აღმოუჩენს, ვითომც თვით მისთვის, მაცხოვრისათვის აღმოეჩინოს ეს შემწეობა და დროებითი, ქვეყნიური მოწყალების მაგიერ მისცემს საუკუნო მოწყალებას. "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო! და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი, დასაბამითგან სოფლისათ" (მათ. 25, 34), ეტყვის მათ განსჯის დღეს. რისთვის აფასებს, ძმაო ჩემო საყვარელო, უფალი ასე გლახაკების შეწყნარებას? მისთვის, რომ როდესაც ჩვენ უმწეოს, შიშველს, ტიტველს, მშიერს, მწყურვალს ვეწევით, ამით ვემსგავსებით თვით ღმერთს ყოვლად მოწყალეს; მეორე მხრივ ასეთი ქველმოქმედება საჭიროა უბედურთა მძიმე ტვირთის გასამსუბუქებლად. ყოველი კაცი წარმოიდგენს, თუ პირადად არ გამოუცდია, თუ როგორ გაჭირვებაში უნდა იყვნენ, ვისაც სახლი - ბინა არ აქვს, ან თავშესაფარი აქვს, მაგრამ ტანს არ აცვიათ და ხშირად სასმელ-საჭმელს მოკლებულნი არიან, შიმშილისაგან კუჭი ეწვით. ამისთანა ღარიბ-ღატაკნი კი ბევრი მოიპოვებიან ქვეყანაზე. მართალია, სიმდიდრესაც შეხვდება კაცი, მაგრამ მდიდრებთან ერთად უკიდურეს გაჭირვებაში მყოფთაც ბევრს ნახავთ. მართალია, თვით სიღარიბე ცოდვა არ არის, მაგრამ ხშირად ცოდვას ჩაადენინებს კაცს. ბევრი ვერ შესძლებს მოთმინებით გადიტანოს, სიკვდილამდინ სიღარიბეში, გაჭირვებაში გაატაროს თვისი დღენი და მიმართავს ხოლმე ქურდობას, სხვა და სხვა სამარცხვინო, ადამიანის ღირსების დამამცირებელ და საზოგადოებისათვის დამღუპველ, საზარალო ხელობებს. თავის დროზე რომ გაუწვდინონ მათ ხელი შემწეობისა, შეაძენინონ მათ სწავლა, ხელობა, განავითარონ იმოდენად, რომ თვითონ შესძლონ მუშაობა და პატიოსანი შრომით ჩაიცვან და დაიხურონ, დაიცვან ისინი ზნეობით დაცემისაგან, გარყვნილობისაგან, ისინი შეიქნებიან სასარგებლო წევრნი საზოგადოებისა. რასაკვირველია, ასეთი მოწყალების მოღება ვისმეზე, დიდად დასაფასებელია, ღმერთიც მას უყურადღებოდ არ დასტოვებს და სამაგიეროს მიუზღავს. ამასთან დიდად საჭიროა, ვიმეორებ, შემწეობის აღმოჩენა თავის დროზე. ხელი გაუმართე, მიეშველე, ძმაო ჩემო საყვარელო, ობოლს, საწყალს, სანამ დროა, სანამ ის სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდეს, სანამ მას დაებადებოდეს გაჭირვების გამო სხვა და სხვა ცუდი - მავნე აზრები; შეეწიე ობოლს, გასათხოვარ ქალს, სანამ შიმშილისაგან და სიცივისაგან იძულებული შეიქნებოდეს დაადგეს სამარცხვინო გარყვნილ ცხოვრებას. რა დიდს სიხარულს, ნუგეშს იგრძნობს შენი სული და გული, როცა დაინახავ, რომ თუნდაც ერთი ადამიანი გადაარჩინე დაღუპვისაგან. ამასთან ეცადე, ძმაო ჩემო საყვარელო, რომ ძალდატანებითი, უგულო არ იქნეს შენგან გაღებული მოწყალება, არ უნდა გენანებოდეს, როცა ვისმეს ეწევი: "ნუ მწუხარებით, ნუცა უნებლებით, რამეთუ მხიარულებით მისაცემელი უყვარს უფალს" (2 კორ. 9, 7). "ყოველსა მისაცემელსა შინა მხიარულ ჰყავ პირი შენი", გვეუბნება ისო ზირაქი. თუ რამოდენი უნდა შეეწიო ვისმეს, ეს დამოკიდებულია ერთი მხრივ შენს შეძლებაზე, მეორე მხრივ იმაზე, თუ ვის როგორ უჭირს; თუ ღმერთს შენთვის ბევრი მოუცია, ბევრი გრჩება, გეჭარბება, რასაკვირველია, ღმერთს მისთვის მოუჭარბებია შენთვის, რომ სხვებსაც არგუნო; მეორე მხრივ, ზოგს ცოტა შემწეობაც ეყოფა, ზოგისათვის კი ცოტაოდენი მოწყალება ისე არაფერია, როგორც გვალვისაგან დახეთქილ მიწის გასალბობად რამოდენიმე წყლის წვეთი. თუ მაინცა და ამინც იმოდენს ვერ შეეწევი, რაც შეგიძლია, ან რაც საჭიროა, ცოტა შემწეობას მაინც ნუ დაინანებ; თუ არ გემეტება იმოდენი დახარჯო, რომ აღზარდო ობოლი, მიაღებინო სწავლა-განათლება, ეს სიკეთე მაინც უყავი, შემოსო ის და დაიცვა სიცივისაგან, დაიხსნა შიმშილისაგან; ავად არის, უყიდე მას წამალი, დაჭრილია, შეუხვიე ჭრილობა, შედი მის მდგომარეობაში, ანუგეშე იგი. ეპისკოპოზი ავგუსტინი სწერს: ბევრნი ამბობენ: გლახაკებს კაცმა შემწეობა არ უნდა აღმოუჩინოს, ისინი მუქთად პურის ჭამას არიან დაჩვეულნი, მუშაობაზე ხელი აქვთ აღებული, მათხოვრობა უფრო საადვილოდ მიაჩნიათ. მაგრამ განა ყველა მათხოვარზე, გლახაკზე შეიძლება სთქვას ეს კაცმა? ეკითხება მათ მღვდელმთავარი. ზოგიერთნი კი მუქთა ჭამას არიან შეჩვეულნი, მუშაობას გაურბიან, მაგრამ ზოგიერთებზე კი არ შეგვიძლია ესა ვსთქვათ, - განაგრძობს იგი, - განა ვერ ვხედავთ მათ ხელებს, ფეხებს, თვალებს, რომლებიც დაკრუნჩხული, დამსხვრეული, დავსებული აქვთ. მათ პატრონს განა მუშაობა, რისიმე გაკეთება შეუძლიან? მაგრამ შეიძლება გვითხრან: უმეტეს ნაწილად თვითონ არიან დამნაშავენი, რომ ხელი, ფეხი, თვალი აქვთ გაფუჭებული; ცუდათ ცხოვრებისაგან, გარყვნილობისაგან არიან დაგლახაკებულნი. თუ იტანჯებიან, თავის თავს დააბრალონ. მართალია, ზოგიერთნი თვითონ არიან დამნაშავენი, მაგრამ იმოდენათ გულგრილნი და შეუბრალებელნი არ უნდა ვიყვნეთ. ჩვენს თავს რომ დავუკვირდეთ, მაშინ ამას არ ვიტყვით. რამოდენია ჩვენგანი, რომ იმნაირივე ცოდვები მიუძღვით ღვთისა და კაცის წინაშე, რანაირ ცოდვებმაც დაღუპეს გლახაკები, მაგრამ სხვა და სხვა მიზეზთა გამო და უფრო ღვთის განგებით გადარჩნენ და ისეთი შედეგი არა ხვდათ წილად, როგორიც ამ საწყლებს. ჩვენ რომ დედ-მამა ცოწა წინ დაგვხოცოდა, ჩვენ რომ განათლება არ მიგვეღო, ჩვენ რომ კეთილი აღმზრდელები არ გვყოლოდნენ და არ გადავერჩინეთ ათასნაირ ხიფათს, შემთხვევას, ვინ იცის, ეგებ ჩვენც, როგორც ეს მათხოვრები, დავადგებოდით გარყვნილ ცხოვრების გზას, გავღატაკდებოდით, დავსნეულდებოდით და ზურგზე გუდა-მოკიდებულ მათხოვრებივით კარი-კარს გვევლო. რისთვის უნდა დაისაჯოს ეს საწყალი, რომელსაც მოკლებული ჰქონდა ყოველივე საშვალება კაცად ქცევის? რითია დამნაშავე, რომ არ შეხვდა ადამიანი ყურამგდებელი, დარჩა უპატრონო, უსწავლელი, დაადგა სამარცხვინო გზას და მიახწია ამ მდგომარეობამდისინ? უჩვენოდაც ძლიერ დასჯილნი არიან საწყლები, თვითონაც ძლიერ სწუხან, რომ გვიან მიხვდნენ, თავშივე ვერ დაადგნენ სწორ გზას, დაიღუპეს თავი; თვითონვე რცხვენიათ, თავის თავს დამნაშავეთ სთვლიან, სწორეთ ვერავისთვის შეუხედნიათ, მაგრამ გვიანღაა. ათასი იწუხონ, იჯავრონ, ვეღარ გააწყობენ. ჩვენთვის რა კარგია ძველ ჭრილობებს ახალი ჭრილობები მივუმატოთ? შებრალება, მხოლოდ ერთად-ერთი - შებრალება დაგვრჩენია და არა ნიშნის მოგება. ზოგნი იტყვიან, ჩვენ სიხარულით მივსცემდით მათხოვარს რასმეს, მაგრამ რა გამოვიდა, წაიღებს და სადმე დათვრება, ან რაიმე სამარცხვინო საქმეს მოახმარს, რომელიც მისთვის უფრო საზარალოა და არა სასარგებლო. მაგრამ ასეთი გამართლება თავის თავისა საფუძვლიანია? ხშირად ისეთ მათხოვარზე იტყვიან ხოლმე ამას, რომელსაც პირველად ხედავენ და მაშასადამე არ იციან, რაში მოიხმარს ის მიცემულს ფულს. ჩვენ კი ჩვენი მოვალეობა უნდა ავასრულოთ და იმან თავისი იცის. ზოგიერთნი კიდევ ამას ამბობენ: რისთვის უნდა მივსცეთ მათხოვრებს, როდესაც ჩვენი ნაწყალობევით ისინი არ გამდიდრდებიან, ჩვენ კი დაგვაკლდება; გლახაკები ისევ გლახაკებად დარჩებიან, ისევ მათხოვრობას განაგრძობენ; დღეს მისცემ, ხვალ ისევ კარზე მოგვადგებიან, უმჯობესია, სულ არაფერი მისცეს მათ კაცმა. უსაფუძვლოა ასეთი მოსაზრება. ეს შეიძლება სთქვას ისეთმა ადამიანმა, რომელიც უხვად ურიგებს გლახაკებს. ჩვენ კი უმეტეს წილად ძლიერ მცირე გასაცემს ვიმეტებთ ხოლმე. ხოლო ორივეს, როგორც მცირედ, ისე უხვად მიმცემლებს, მივუთითებ საღმრთო წერილის სიტყვებზე, რომ კაცი რამდენსაც გასცემს მოწყალებას, იმდენს სამაგიეროდ ღვთისაგან მიიღებს. მაგრამ თუ ჩვენ ერთსა და იმავე მათხოვრებს ვეწევით, ვიცით მათი გაჭირვება, ვაძლევთ ხანდისხან, როცა ჩვენ გუნებაზე ვართ, ვაძლევთ მცირეოდენს რასმეს, ან გროშს, ან გაცვეთილ ტანისამოსს, ფეხსაცმელს, არა მგონია ზემო მოყვანილი მოსაზრება თავის გასამართლებლად გამოგვადგეს, პირიქით ჩვენს გულცივობას, ბოროტებას უფრო ამოწმებს. ამბობენ: ჩვენ ცოლ-შვილის პატრონნი ვართ, ბევრი გვჭირდება შვილების მოსავლელად, თუ სხვა ნათესავების ხელის გასამართავად. ჭეშმარიტებას მოკლებულია ასეთი თავის გამართლება. არ არის ისეთი ადამიანი, რომ არ შეეძლოს რაიმე, თუნდაც ძლიერ მცირედი შემწეობა აღმოუჩინოს აღმოუჩინოს ულუკმაპუროს, შიშველ-ტიტველს; ჩვენ ერთმანეთის წაბაძვით ზოგჯერ ისეთ რამეებს ვყიდულობთ, ურომლისოთაც კარგად შეგვეძლო გვეცხოვრნა; ჩვენ რომ გამოანგარიშებული გვქონდეს, რაში რა დავხარჯოთ, რა შევიძინოთ, დარწმუნებული იყავით, ყოველთვის დაგვრჩება იმოდენი, ცოტაოდენი მაინც რომ ვარგუნოთ უბედურებს. ეგებ მართლა იმოდენი გვაქვს, რამოდენიც ჩვენს უსაჭიროეს მოთხოვნილებას აკმაყოფილებს, მაგრამ ნაჭერი პური ხომ მაინც დაგვრჩება სადილის შემდეგ, ძველი გამონაცვალი ტანისამოსი, ფეხსაცმელი მაინც გვექნება, ესენი მაინც უნდა მივსცეთ დაზარალებულთ, მშივრებს და ტიტვლებს, და თუ ესეც არ მოგვეძებნება, სიტყვით მაინც უნდა ვანუგეშოთ ისინი, თორემ ხშირად გინებით და ლანძღვით ვერეკებით ამ უბედურთ, ცივი წყალიც კი გვენანება მივსცეთ დასალევად. ჰე! ბევრს რასმეს იტყვის კაცი თავის თავის გასამართლებლად, როდესაც არ უნდა სხვას ხელი გაუმართოს, გაჭირვებისაგან დაიხსნას, როდესაც მას არ უღვივის გულში მოყვსის სიყვარული, მაგრამ განმეორებით მოვაგონებთ მას, რომ მხოლოდ მაშინ შეიწყალებს მას ყოვლადმოწყალე ღმერთი, როცა თვითონ იქნება მოწყალე. "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". ამინ.
image
 
თემატური კითხვები