image
ავტორი: ილია II

თემა: კალენდარი,  ახალი წელი

I მსოფლიო საეკლესიო კრების განჩინებით, აღდგომა იდღესასწაულება გაზაფხულის ბუნიობის და იუდეველთა პასექის შემდეგ. ძველი სტილი მტკიცედ იცავს ამ დადგენილებას, მაშინ, როდესაც გრიგორიანული კალენდრით ეს დღესასწაული ზოგჯერ იუდეველთა პასექს ემთხვევა, ან წინ უსწრებს მას, რაც დაუშვებელია და მსოფლიო კრების გადაწყვეტილების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
    საერთოდ, კალენდრის საკითხი ადვილად განსასჯელი არ არის. კარგად წერს ნეტარი ავგუსტინე: "მე ვიცი, რა არის დრო, როდესაც ამის შესახებ არ მეკითხებიან, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიძნელდება ზუსტი პასუხის გაცემა".
    რა თქმა უნდა, დამცველები მრავლად ეყოლება როგორც ახალი, ისე ძველი სტილის მიმდევართ და ისინი შეეცდებიან, დაამტკიცონ საკუთარი პოზიციის მართებულობა, მაგრამ არის რამდენიმე ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც, ვფიქრობთ, ყველასთვის მრავლისმთქმელია:
    ა) ყოველ წელს იერუსალიმში, ძველი სტილით აღდგომის წინადღეს, მაცხოვრის საფლავზე, მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვით, ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რაც ნათელი დადასტურებაა როგორც იულიუსის კალენდრის, ისე მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა.
    ბ) ყოველ 19 აგვისტოს (ძვ. სტილით 6 აგვისტოს) ღამით, ფერისცვალების დღესასწაულზე, იერუსალიმში, თაბორის მთაზე, ზაფხულის ყველაზე ცხელ დროს, ჩნდება ღრუბელი, რომელიც წირვის დამთავრებამდე ფარავს მორწმუნეთ და ახსენებს მათ I საუკუნეში აქ აღსრულებულ ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს.
    გ) ყოველ 19 იანვარს (ძვ. სტილით 6 იანვარი), იესო ქრისტეს ნათლისღებისა და წყალკურთხევის დღესასწაულზე, წმინდა მდინარე იორდანეში იერუსალიმის პატრიარქის მიერ წარმოთქმული ლოცვისას: "და მართლუკუნ იქცა იორდანე", მდინარე წუთიერად, მართლაც, უკუსვლას იწყებს. ამ სასწაულის სანახავად მრავალი მორწმუნე ჩადის სხვადასხვა ქვეყნიდან.
    დ) ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ წმინდა მამას, არც XVI ს-მდე (ანუ ახალი სტილის შემოღებამდე) და არც მის შემდეგ, იულიუსის კალენდრის უნივერსალურობის გამო, მისი შეცვლის აუცილებლობის შესახებ საკითხი არასდრის დაუყენებია.
    რაც შეეხება საერო ახალი წლის თარიღს, იგი ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ხელისუფალთაგან დგინდებოდა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. რამდენიმე საუკუნეა, რაც ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამ თარიღს 1 იანვარს დღესასწაულობს, მათ შორის საქართველოც, რასაც რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს. ამდენად, ბუნებრივია, რომ 1 იანვარი ეკლესიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია და მისი დაკავშირება შობის დღესასწაულთან ან სხვა რელიგიურ ზეიმთან შეცდომაა.