image

თემა: მადლი,  მორჩილება


ფიქრები უძღები შვილის იგავზე

იფიქრე, საყვარელო, იმაზე, რომ მამისეული სახლიდან წასვლით უძღები შვილი ძალიან უგუნურად მოიქცა. რა შეემთხვა მას, როდესაც მამამ შეწყვიტა მისი ხელმძღვანელობა?! მანამდე იგი მუდმივად მამის უბეში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ის გააკეთა, რაც თავად მოისურვა. ადრე მას მამის ყველა მსახური ემსახურებოდა, ისინი მასთან ალერსიანები იყვნენ, პატივს სცემდნენ, როგორც მამისეული ქონების მემკვიდრეს. ის, როგორც მამამისი, ბატონად ითვლებოდა სახლში და ნებისმიერ საგანზე ჰქონდა ძალაუფლება.
    მაგრამ მცდარი თავისუფლების მოპოვების სურვილმა იგი მონად და მოჯამაგირედ აქცია, მაშინ, როცა ადრე იგი ძე და მემკვიდრე იყო. იგი იმ მეფურმა ცხოვრებამ დაამძიმა, რომელსაც მამის მორჩილებაში ყოფნისას ეწეოდა და ამ ცხოვრებით დაღლილობამ და თავისუფლების სურვილმა უბიძგა მას იქითკენ, რომ გადაწყვიტა, მიეღო მემკვიდრეობისგან კუთვნილი ნაწილი და მამისეული სახლიდან წასულიყო: "მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკვიდრებელისაი" (ლუკ. 15, 12). მამამ არ მოინდომა, წინ აღდგომოდა მის მისწრაფებას და გაუშვა, რათა თავად გამოეცადა, რას ნიშნავს მადლის ჩამორთმევა, რომელიც მას შინ ჰქონდა და რომელიც მას შესძულდა, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი განმარტავს: "მამა იმიტომ უშვებს და არ ეღობება წინ მის უცხო ქვეყანაში წასვლას, რომ საკუთარი მაგალითით კარგად გაიგოს, როგორ მადლს ანიჭებდა მას შინ ყოფნა" (სიტყვა I, სინანულისათვის). და რამდენადაც, მამამ ვერ შეძლო მისი სიტყვებით დარწმუნება, ამიტომ უშვებს, რომ ცხოვრებამ და შეჭირვებებმა ასწავლოს მას. იგივე წმიდა მამა ასე ამბობს ამის შესახებ: "უფალი ხშირად ანებებს სიტყვებით სწავლებას თავს, რათა ადამიანს თავად ცხოვრებამ ასწავლოს". როგორც დაწერილია: "ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხილებს შენ" (იერ. 2, 19). რამეთუ სამოთხეში ყოფნისას ვერც ადამი აფასებდა თავის ბედნიერებას, მან მხოლოდ განდევნის შემდეგ გაიგო მისი ფასი. ასე რომ, მამა უნაწილებს შვილებს მამულს: "და განუყო მათ საცხოვრებელი იგი და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან: და წარვიდა შორსა სოფელსა: (ლუკ. 15, 12-13).
    საყვარელო, ეს გულისამაჩუყებელი იგავი ცოდვის საკმაოდ აშკარა სახეს გვიცხადებს, რომელსაც შენ უფლის მორჩილებაზე უარის თქმით ჩადიხარ. ნუთუ ის ძე შენზე მდიდარი იყო, ვიდრე შენს უმანკოებას გაფლანგავდი? ნუთუ ის შენზე მადლიერი, ლამაზი და დიადი იყო? შენთვის სამკვიდროდ იყო გამზადებული მთელი სამოთხე. მოცემული გქონდა ძეობის მადლი; იმ სილამაზით იყავი დაჯილდოებული, რომელსაც სულიწმიდის მადლით უმანკოება და უცოდველობა ანიჭებს; სათნო იყავი ანგელოზებისათვის, წმიდანებთან ერთად აღიზრდებოდი, იყავი უფლის სულიერი ტაძარი, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა" (ეფ. 2, 19). ეს მადლი სულ შენთან იყო, იგი წარგმართავდა შენ; როგორც მოსიყვარულე დედა, ზეციური სიტკბოებებითა და ღვთიური საიდუმლოებებით გამშვიდებდა. მას ხშირად ჰყავდი გულში ჩაკრული, როგორც მხოლოდშობილი ძე, მაგრამ შენ ამ უგუნური ახალგაზრდის მსგავსად, შეიძულე ეს ყველაფერი და დაუდევრად გადაწყვიტე, ბოროტად გამოგეყენებინა უფლისგან ბოძებული თავისუფლება, რათა საკუთარი ახირებებით გეცხოვრა. იმის ნაცვლად, რომ ზეციური მამის მორჩილი ყოფილიყავი და მომავალში მემკვიდრეობა მიგეღო, შენ დაშორდი მას და უბედური გახდი.
    როგორი ქვისგულა ხარ მაშინ, როდესაც შემოქმედს შექმნილს ამჯობინებ! შენ მძიმედ გეჩვენება უფლის მსუბუქი ტვირთი ("რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მათ. 11, 30). შენი ტყვეობა თავისუფლება გგონია. მოიცილე გონებიდან სიბნელისა და სიცრუის ეს უმძიმესი საფარველი და შეიცანი, რომ არ არსებობს სხვა თავისუფლება, გარდა იმისა, როცა შენ ემორჩილები უფალს და ზეციური მამის ნებას ხარ მინდობილი, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: "აწ განთავისუფლებულ ხართ ცოდვისაგან და დამონებულ ღმრთისა და გაქუს ნაყოფი თქუენი სიწმიდედ, და აღსასრულსა – ცხოვრებაი საუკუნოი" (რომ. 6, 22). დაე, საზიზღარი გახდეს შენთვის გაუფრთხილებლობა, რომლის ხელმძღვანელობითაც გაიქეცი სამეფო პალატებიდან; შეინანე მამის წინაშე შენი შეცდომები და დაჰპირდი, რომ არასდროს დატოვებ მის ღვთიურ სახლს. მაგრამ იმდენად, რამდენადაც მამისეული სახლისთვის დამახასიათებელია მხოლოდ ჭეშმარიტი ძის ყოლა და არა – მონისა, როგორც შენ ხარ, ამიტომ ილოცე მხოლოდშობილი ძის წინაშე, რათა მან შენც მამის ძედ გაქციოს, გაგათავისუფლოს ცოდვის მონობისგან, და შენც, როგორც ძემ, შეძლო ზეციური ოჯახის სახლში ყოფნა, როგორც ამას დაგვპირდა: "მონამან არა დაიმკვიდროს სახლსა შინა უკუნისამდე, ხოლო ძემან დაიმკვიდროს უკუნისამდე. უკუეთუ ძემან განგათავისუფლეს, ჭეშმარიტად თავისუფალ იყვნეთ" (იოან. 8, 35-36).
    იფიქრე, საყვარელო, იმ უბედურ ცხოვრებაზე, რომელსაც მამისეული სახლის მიღმა ეწეოდა საწყალი და უცნობი ახალგაზრდა, და იმაზეც, რაც მან დაკარგა. მან ოთხი რამ დაკარგა. პირველი – გაფლანგა მთელი თავისი ქონება; მეორე – ცხოვრება დაიწყო საკმაოდ მკაცრ ბატონთან; მესამე – მიიღო ყველაზე ბინძური სამუშაო, ღორების მოვლა; და მეოთხე – ისე შიმშილობდა, რომ ღორების სალაფავის ჭამა ენატრებოდა, მაგრამ იმასაც არ აძლევდნენ. ასევე განიცდის ყოველი ცოდვილი მსგავს უპოვარებას და უფრო მეტსაც. მათი უპოვარება შემდეგში მდგომარეობს: პირველი – ასეთი უბედური ადამიანი ფლანგავს უფალთან მეგობრობას, ამასთან ერთად – ზეციურ მადლსაც, რადგან თავის გონებას ხორციელ საქმეებს ახმარს; მეორე – იგი თავს უმორჩილებს უბოროტეს მტერს – ეშმაკს; მესამე – მას ავიწყდება ნათლობით მინიჭებული თავისი ღირსება. იგი აბუჩად იგდებს ეკლესიის მიერ მიცემულ აღზრდას, რომელიც თავისი ღვთაებრვი საიდუმლოებებით ასაზრდოებს მას. იგი ხელს იღებს თავის ღვთის ძეობაზე და ამქვეყნიურ სამარცხვინო საქმეებში აბამს საკუთარ თავს – პირუტყვულ სიამოვნებებში და ხორციელ ავხორცობებში; და ღორის მსგავსად ამ ვნებების ტბაში ბანაობს. მეოთხე და უკანასკნელი – ამ საძაგელ ვნებებში ჩაფლულს, ამ უბედურს არ შეუძლია, არც გაძღომა თავისი ავხორცობებით, პირიქით – რაც უფრო მეტად იკვებება სამარცხვინო საქმეებით, მით უფრო მშიერი რჩება. ამის შესახებ ძალიან მართებულად ბრძანა ნეტარმა თეოფილაქტემ: "ბოროტების ჩამდენს არ შეუძლია მათით გაძღეს, რამეთუ სიამოვნება არაა მუდმივი, იგი მოდის და მიდის, ეს უბედური კი კვალავ განადგურებული რჩება" (უძღები შვილის იგავის განმარტება). ეს მდგომარეობა კი ცრემლების ღირსია.
    ახლა კი, როდესაც შეიტყვე, თუ როგორ დაზარალდი ცოდვისაგან, რატომ არ თაკილობ ყველა ბოროტებას, რაც უფალს გაშორებს? გამოფხიზლებული რატომ არ გაიქცევი შენი სასტიკი და კაცთმოძულე ბატონის სახლიდან, რომელსაც არაფერი ისე არ ახარებს, როგორც შენი დაცემა?! თუ ფიქრობ, ცოდვაში ყოფნით და მტრებთან ურთიერთობით იპოვო სიმშვიდე, მაშინ იცოდე – უფალი და შენი სინდისი არ შეწყვეტენ შენს მხილებას და შერცხვენას. მაშ, როგორღა გინდა, თან სცოდო და თან ამქვეყნად სინდისიერი დარჩე?
    ასე რომ, გაბედე მამაშენის ზეციურ სახლში დაბრუნება. გააცნობიერე, რომ მისგან მოშორებით მხოლოდ ავადმყოფობის, უპოვარებისა და გაჭირვების პოვნა შეიძლება. უფალთან სიშორით ღვთაებრივი წყალობით მონიჭებული მადლი გერთმევა. თუ შენ არ მიიღებ ზიარების საიდუმლოს, მაშ იცოდე, რომ უგრძნობ მდგომარეობაში იმყოფები. მაგრამ სულიერი შიმშილით რომ არ იშიმშილო და მარადიულად დანაყრდე ანგელოზების პურით, რომელიც არის ღვთის სიტყვა, ამიტომ ყოველთვის უფალთან დარჩი. მასთან დარჩენით არ იშიმშილებ. შენ შეგეძლება, ყველა სახის ცოდვას გადაურჩე – ბოროტ ზრახვებს, ქურდობას, ცრუმორწმუნეობას, ღვთისგმობას და ზეციურ მეუფესთან ერთად მეფურად იცხოვრო. მაშ, ნუღარ გეშინია! ადექი ჭუჭყიდან და გაიქეცი ტკბილი იესოსკენ, რადგან სხვაგან ვერაფერში იპოვნი ცხონებას (საქმ. მოც. 4, 12).
image image
 
თემატური კითხვები