image
ავტორი: ილია II

თემა: აღდგომა


სააღდგომო ეპისტოლე - 1979

ღვთივრჩეულთა ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა, მოძღვართა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, პატიოსან ბერ-მონოზონთა და ყოველთა კურთხეულთა შვილთა მიმართ საქართველოს წმიდა ავტოკეფალური მართლმადიდებელი და სამოციქულო ეკლესიისათა, მკვიდრთა საქართველოისა და მცხოვრებთა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ

მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და
    ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა (მათე 28,20)

ძვირფასნო და ქრისტე იესოს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელთმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ამა სოფლის ამაოებათა დამტევებელნო პატიოსანნო ბერ-მონოზონნო, ხორციელნო და სულიერნო ძმანო და დანო, შვილნო საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიისანო, მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი კურთხეული ივერიისა და მცხოვრებნო ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ!
    ჩვენ ვქადაგებთ და აღვიარებთ ქრისტეს, ჯვარცმულსა და აღდგომილს, რომელიც დღეს განსაკუთრებული ძალით მოგვმართავს თითოეულ ჩვენთაგანს, "იქმენ მორწმუნე ვიდრე სიკვდილადმდე და მოგცე შენ გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ" (გამ. 2,10). მაინც რომელ რწმენაზე, რის ერთგულებაზეა აქ ლაპარაკი? უპირველეს ყოვლისა, ღვთიური საწყისის, ქვეყნიერებისა და სამყაროს მმართველი და მფარველი უმაღლესი გონების რწმენაზე, ქრისტიანის სახელის ერთგულებაზე, მშობელი ხალხის და მამულის ერთგულებაზე, იმ ჰუმანური პრინციპების ერთგულებაზე, რომელთაც წმიდა ეკლესია ქადაგებს.
    ყველას, ვინც ამ მაღალი იდეალების ერთგულნი ხართ და რომელნიც მიილტვით მათკენ, გულითადად გილოცავთ აღდგომას დაუსაბამო ლოგოსისას, რომელიც მორწმუნეთ "ცხოვრების გვირგვინით" ამკობს:

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ამ სიტყვებშია ჭეშმარიტების გამარჯვება! ამ სიტყვებშია საიდუმლო ზეშთაგონება და სასიხარულო მოწოდება, სიყვარულის მისალმება და მშვიდობის წადილი!

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ეს ორი სიტყვა მოიცავს ორთავე სიცოცხლეს, აერთებს ორივე სოფელს, აკავშირებს მიწას ზეცასთან, ქმნილებას - შემოქმედთან; ადამიანს - ღმერთთან!

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ამ სასიხარულო და მადლიან სიტყვებს იმეორებდნენ ჩვენი დიდებული წინაპრები; ეს სიტყვები გადაეცემოდა ბაგიდან ბაგეს, თაობიდან - თაობას და ავსებდა ადამიანებს იმ სიხარულით, რომელიც მარადიული სიყვარულის წიაღიდან მომდინარეობს!
    პასექი ქრისტესი - ეს ის დღეა, როდესაც მორწმუნე ადამიანის უკვდავ სულს თვალთახედვა მიენიჭება და მის წინაშე წარმოჩინდება მანამდე უხილავი, მაგრამ მუდმივად საგრძნობი დაუსაბამო საწყისი, ესაა შეხვედრა ორი სამყაროსი - გარეგანისა და შინაგანისა, ამ სულიერი გაცისკროვნების დროს ადამიანის წინაშე თითქოსდა უსასრულობა გადაიშლება და მატერიალური სამყაროს მიღმა ის იწყებს სხვაგვარი სამყაროს ხილვას. ამ დღეს ადამიანი სრულად შეერწყმის მისთვის უჩვეულო სულიერ სამყაროს და შეიგრძნობს სრულ ჰარმონიას ღმერთთან!
    ღვთაებრივი ენერგიით მადლმოსილთ შესწევთ უნარი, გარდა მატერიალურისა, სხვა სამყაროც დაინახონ. ისინი ცხადად ხედავენ სიკვდილზე ქრისტეს გამარჯვების კანონზომიერებას. აღდგომილი ქრისტე არის განმათავისუფლებელი, მან იმისათვის დასდო თავი სასიკვდილოდ, იმისათვის დაჰყვა უხეში მატერიის ძალას, რომ ეს მრისხანე გამანადგურებელი სტიქია თავისი ღვთიური ძალით დაემარცხებინა! დიახ, ჩვენ გვწამს და აღვიარებთ ქრისტეს აღდგომილს! ანდა როგორ შეიძლება არ გვჯეროდეს ქრისტეს აღდგომა, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა მოციქული ქრისტეს აღდგომის ქადაგებისათვის ეწამა და არცერთ მათგანს სასიკვდილო წამების დროსაც კი არ შეუწყვეტია აღდგომილი ქრისტეს ქადაგება! აღდგომილი მაცხოვრისადმი რწმენისა და სიყვარულისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის დაათხიეს სისხლი ჩვენმა სახელოვანმა წამებულებმა, წმიდა დიდმოწამე გიორგიმ, არგვეთელმა თავადებმა დავითმა და კონსტანტინემ, ქართველმა მეფეებმა - არჩილმა, ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა და მრავალთა სხვათა.
    მთავარი, რაც ქრისტიანობამ ჩვენს ხალხს მოუტანა, არის ადამიანის შინაგანი გარდაქმნა, ახალი ქრისტესმიერი ცხოვრება, იესო ქრისტემ თავისი პიროვნებით ჩვენ დაგვანახა ღმერთი, ღმერთი, რომელიც ადამიანისთვის მახლობელი და ძვირფასი შეიქმნა და ამით მან ჩვენი ცხოვრება აზრით, სიხარულითა და სილამაზით აავსო!
    აღდგომილმა მაცხოვარმა განმაკურნებელი ბალზამით მოუშუშა რა ძველ სამყაროს ზნეობრივი ჭრილობები, იმედი მოუტანა გამოფიტულთ და სასოწარკვეთილთ. ქრისტეს აღდგომის ღვთაებრივი საიდუმლოს აღქმას ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ შინაგანი, სულიერი გამოცდილების მეშვეობით, სადაც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება რწმენასაც და ცოდნასაც. ცოდნა და რწმენა განუყრელადაა დაკავშირებული და ავსებს ურთიერთს. როგორც ამბობს ეკლესიის ცნობილი მასწავლებელი და ფილოსოფოსი კლიმენტი ალექსანდრიელი ( 215 წ.), "არ არსებობს ცოდნა, რომელიც დაკავშირებული არ იყოს რწმენასთან, ისევე როგორც არ არსებობს რწმენა, რომელიც დამოკიდებული არ იქნება ცოდნაზე" (კლიმენტი ალექსანდრიელი, "სტრომატა", წ.V, თ.I). ყოველი მეცნიერება, ამბობს ის, - დაფუძნებულია პირველსაწყისებზე, რომელნიც წარმოადგენენ თვალნათლივ ცხად ჭეშმარიტებებს - აქსიომებს. მათი დამტკიცება შეუძლებელია და ისინი მიიღებიან მხოლოდ რწმენით. უკეთუ ხილულ საგნებზე მეცნიერებას და ცოდნას საფუძვლად უდევს რწმენაზე დამყარებული დებულებები, მით უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რწმენას იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უშუალო კავშირი აქვს უხილავთან და ღვთაებრივთან, რადგანაც მხოლოდ წმინდათა გულით შეუძლიათ იხილონ ღმერთი (მათე 5,8), და ზნეობრივი სრულყოფა კი თავისუფალი ნებისყოფის შედეგია, ამდენად, რელიგიური რწმენაც თავისუფლების შედეგად ჩაითვლება, მეორე მხრივ, თუ ცოდნა დაფუძნებულია რწმენაზე, რწმენაც, თავის მხრივ, მტკიცდება ცოდნით, რომლის გარეშე ის შეიძლება მყარი არ აღმოჩნდეს. კლიმენტი ალექსანდრიელი დაასკვნის: "უბრალო რწმენა ადამიანს ჰყოფს მონად, ხოლო რწმენა გააზრებული - მეგობრად ღვთისა".
    მთავარია, ჩვენ არ დავკარგოთ კავშირი მასთან, ვინც წარმოადგენს რწმენისა და ცოდნის წყაროს. როგორც III საუკუნის მეცნიერი ორიგენე წერს, "ღმერთი არის უმაღლესი გონება და, ამავე დროს, საწყისი ყოველი გონიერი ბუნებისა და აზრისა".
    ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რელიგიური გრძნობა ერთნაირად დამახასიათებელია როგორც გაუნათლებელი ადამიანებისათვის, ასევე თანამედროვე ცოდნის მწვერვალებზე მდგომი დიდი მეცნიერებისათვისაც. ეს შესაძლებელი ხდება იმიტომ, რომ რელიგიური გრძნობა ადამიანის უკვდავი სულის ნიჭის ნაყოფია. ცნობილმა ასტრონომმა კამილ ფლამარიონმა პარაფსიქოლოგიური მოვლენების გამოკვლევის შედეგად ოთხი მნიშვნელოვანი თეზისი ჩამოაყალიბ:
    1) სული არსებობს სხეულისგან დამოუკიდებლად.
    2) მას ახასიათებს მეცნიერების მიერ ჯერაც შეუცნობელი თვისებები.
    3) მას აქვს მანძილზე მოქმედებისა და აღქმის უნარი.
    4) მომავალი მზადდება წარსულით და სულს აქვს წინასწარგანჭვრეტის უნარი (კ. ფლამარიონი. "უცნობი ფსიქიური მოვლენები", ს. პ. ბ. 1852 წ.).
    ამგვარად, წარმოიშვა ცოდნის ისეთი ახალი სფერო, როგორიცაა პარაფსიქოლოგია, რომელიც მეცნიერებას უხილავ რეალობას უკავშირებს და მატერიალური სამყაროს მიღმა ხედვის შესაძლებლობას გვაძლევს. ვაცნობიერებთ რა ყოველივე ამას, მივდივართ დასკვნამდე, რომ ქრისტიანობა იყო და რჩება ჩვენთვის ერთადერთ ჭეშმარიტ ძალად. "ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა" (პირველშეწირულის წირვა).
    რა იქნებოდა საქართველო ქრისტიანობის გარეშე?! ჩვენ ვიცავდით ქრისტიანობას და ქრისტიანობამ გადაგვარჩინა ჩვენ! როგორც ამბობს ტერტულიანე, სული ჩვენი ბუნებით ქრისტიანია. დღეს ჩვენი მოზეიმე სულები ერთხმად უგალობენ და შესთხოვენ მკვდრეთით აღდგომილ მაცხოვარს, მოგვმადლე ჩვენ, ზეციერო მოძღვარო, ჩვენი დიდი წინაპრების რწმენის ძალა, სასოების შეურყევლობა და მხურვალება მათი სიყვარულისა!
    მოგვმადლე ნიჭი, რომ ამქვეყნიურ ხმაურში გავიგონოთ მარადიულობის სიჩუმე და სიმშვიდე, რომ სამარადისოდ შეგიერთდეთ და ვიხაროთ შენთან!
    როდესაც წუთისოფლის ბნელ გზაზე დაღლილნი და გზააბნეულნი შევჩერდებით და აღარ გვეცოდინება საით წავიდეთ, მოგვმადლე ცხოვრებისეულ ქარიშხალში შენი ნათელი სახის ხილვა და შენი მშვიდი გამამხნევებელი ხმის გაგონება.
    "მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა"!
    დიახ, ჩვენთან, ჩვენს ხალხთანაა მაცხოვარი სამარადისოდ! გიხაროდეთ, რამეთუ
    ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
    აღდგომა ქრისტესი,
    თბილისი, 1979 წელი
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
 
17 ოქტომბერს არის ხსენება: